როგორ მიაღწია დიდ წარმატებებს ამერიკაში ქართველმა დიზაინერმა ტატა ლებანიძემ და ვინ გააკეთა ობამას ინაუგურაციაზე დიზაინი
„ჩემთვის ოცნება იყო მოგზაურობა, სწავლა, მოდის სფეროში მოხვედრა და, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკა აღმოჩნდა ოცნებების ასრულების ქვეყანა. აქ, შეიძლება, რაღაც პერიოდი სულ დაბლა-დაბლა მიდიოდე, მაგრამ, მერე ძალიან კარგი რამ მოხდეს. თუმცა, „ამერიკული ოცნება“, რომელსაც ფილმებში აჩვენებენ, ცოტა გაზვიადებულია. ყველაფერი, რაც გავაკეთე, ჩემით გავაკეთე; ყველაფერს ჩემით მივაღწიე, თუმცა, ალბათ, ამას საქართველოში ვერ შევძლებდი და ოცნებად დამრჩებოდა. თავისით არსად არაფერი ხდება – ამას მივხვდი, მაგრამ აქ მუშობა მეტად გიფასდება და მეტი შესაძლებლობები გეძლევა,“ – ეს სიტყვები ამერიკაში მოღვაწე ქართველ დიზაინერს, ტატა ლებანიძეს ეკუთვნის. ტატა უკვე ათი წელია, ამერიკაში ცხოვრობს, სწავლობდა და მოღვაწეობს. ამ წლების განმავლობაში ბევრ მნიშვნელოვან კომპანიასა თუ დიზაინერთან მოასწო მუშაობა. მათ შორისაა: Betsey Johnson, Laundry by Shelli Segal, NAUTICA, Aeropostale და Under Gear men`s underwear company.
ტატა ლებანიძე: 20 წლის ვხდებოდი, ამერიკაში რომ ჩამოვედი და, უკვე ათი წელია, აქ ვარ. თბილისში სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი. ექვსი თვის ჩამოსული ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე Apollo Jean-ის მთავარ დიზაინერად. ეს იყო ყოველდღიური ტანსაცმლის, მაისურებისა და საცურაო კოსტიუმების კომპანია. მათ დიზაინს ვაკეთებდი. სხვათა შორის, მაისურებს ქართულ წარწერებს ვუკეთებდი და ეს მაისურები Macy’s-ის მაღაზიებში იყიდებოდა. ამის შემდეგ კიდევ ბევრ კომპანიაში ვმუშაობდი და ვმუშაობ. გარდა ამისა, ვთანამშრომლობ საკმაოდ წარმატებულ დიზაინერებთან. პარალელურად, მაქვს იაპონური ტექნოლოგიის – შიბორის ვორქშოფები Sacred Art Foundation-ში და ამ ტექნოლოგიით გაკეთებულ შარფებს ვყიდი Volang-ის მაღაზიებში, რომლებიც მდებარეობს მანჰეტენზე და ვილიამსბურგში. ახლა ნახატებს ვაგროვებ და საკუთარი გამოფენის გაკეთებას ვაპირებ. ჩემი ნახატები და შარფები, ასევე, იყიდება საიტზე – Etsy. პროფესიით მხატვარ-დიზაინერი ვარ. რომ ჩამოვედი, ორი წელი ვსწავლობდი Parsons School-ში, ყველაზე მაგარი მოდის სკოლაა და არა მხოლოდ ამერიკის მასშტაბით. მარკ ჯეიკობსიც აქ სწავლობდა. ცოტა ძვირი ჯდება იქ სწავლა, მაგრამ, ძალიან დიდი სახელი აქვს. პირველი სამსახური რომ მარტო აკადემიის დიპლომით ვიპოვე, გამიმართლა. აქ არავინ არაფერი იცის საქართველოს შესახებ, რომ ეუბნები, ვერ ხვდებიან. არადა სახელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, მერჩივნა, ცოტა მეტი გადამეხადა და კარგ სასწავლებელში წავსულიყავი. ახლა ჩემს რეზიუმეში რომ ხედავენ, Parsons School მაქვს დამთავრებული, მეტს აღარაფერს უყურებენ.
– რთული არ იყო ასეთი დონის სასწავლებელში მოხვედრა და სწავლა?
– არ გამჭირვებია. ისეთი საგნები ავირჩიე, რომლებიც ბიზნესის მხრივ მომცემდა განათლებას, რადგან, ხატვა სამხატვრო აკადემიაში კარგად მქონდა ნასწავლი. მე ვიჯექი მიქელანჯელოს კლასში (იცინის). აქ როცა ხარ მხატვარ-დიზაინერი, მარტო სკეჩებს ხატავ, მხატვარი არ ხარ, ძალიან კონკრეტული განხრით არის ყველაფერი. ჩვენთან, პირიქით, ხატვას ექცევა ძალიან დიდი ყურადღება – ჯერ მხატვარი ხარ და მერე დიზაინერი. ამიტომ, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სტუდენტი ვიყავი და, ხატვის მხრივ, თვითონ ლექტორების დონემდე მივდიოდი. ძალიან სერიოზული ხალხი სწავლობდა და ლექტორებიც უმაღლესი დონის იყვნენ. ჩემმა ერთმა ლექტორმა გაუკეთა ობამას ინაუგურაციაზე დიზაინი. ბევრი ცნობილი ადამიანი ასწავლის აქ; თან, სამსახურის ძებნაშიც გეხმარებიან და პორტფოლიოს მომზადებაშიც.
– შენც ხომ არ აპირებ საკუთარი ხაზის გაკეთებას?
– საკუთარი ხაზის გაკეთებას ვაპირებ, უბრალოდ, ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში უკვე ყველაფერი ვიცი და ყველას ვიცნობ, მაინც დიდი თანხებია საჭირო. მაგრამ, გეგმაში მაქვს და ჩემი ოცნებაც ეს არის, რომლისკენაც ნელ-ნელა მივდივარ და, იმედია, ოდესმე ამიხდება.
– 20 წლის რომ ჩახვედი ამერიკაში, როგორი იყო შენი პირველი ემოციები და პირველი ნაბიჯები, არ გაგიჭირდა იმ სხვაობასთან შეგუება, რაც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს?
– გამიმართლა, რომ თავიდანვე ჩემი პროფესიით ვიპოვე სამსახური. ბევრი სირთულე გამოვიარე. აბსოლუტურად სხვა ადამიანი ჩამოვედი და აბსოლუტურად სხვა ვარ ახლა. მართალია, ჩემი ძმა აქ იყო, მაგრამ, მაინც ძალიან მიჭირდა. ბოლო რამდენიმე წელია, რაც აზრზე მოვედი და ალღო ავუღე აქაურ ცხოვრებას. ჩვენი მენტალიტეტი სულ სხვაა, თუმცა, წლების შემდეგ ეჩვევი. თავიდან ძმასთან დასასვენებლად ჩამოვედი, ძალიან მომეწონა და, გადავწყვიტე, რომ კიდევ ჩამოვსულიყავი და აქ მესწავლა. ამ პერიოდში გარდაიცვალა დედაჩემი. ძმასთან ჩამოვედი და დავრჩი. პირველი ექვსი თვე აგონიაში ვიყავი. ერთ დღეს, ამოვბეჭდე სამოცდაათი რეზიუმე და ყველა დავარიგე სხვადასხვა კომპანიაში. Apollo Jean-დან დამირეკეს და დავიწყე მუშაობა. იქ ყველაფერი კომპიუტერით კეთდებოდა და, მახსოვს, ძალიან სასაცილო იყო, მე რომ ჩემი ფუნჯებით დატვირთული მივედი. იფიქრეს, კედლის მოსახატად მოვიდაო (იცინის). იქ ვისწავლე ფოტოშოპი, ილუსტრაცია და კიდევ ძალიან ბევრი რამ. ჩვენს სფეროში მრავალწლიანი სამსახური თითქმის არაა, სააგენტოები გზავნიან და დროებით მუშაობ კონკრეტულ კომპანიაში, სხვადასხვა ხანგძლივობით. ეს დიდ გამოცდილებას გძენს და ბევრსაც სწავლობ, მაგრამ, ბევრი მუშაობაც გიწევს და ეს ყველაფერი საკმაოდ სტრესულია. საქართველოსთან შედარებით, სხვა პლანეტაა, ყოველდღე გიწევს ცხოვრებასთან ბრძოლა, თუმცა, ეს უფრო გაძლიერებს.
– მანდ იმდენად რეალიზებული ხარ, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ, მაინც გკითხავ: სამომავლოდ თუ გეგმავ საქართველოში დაბრუნებას, ან, საკუთარი შემოქმედების დაკავშირებას ხომ არ აპირებ სამშობლოსთან?
– ვერც „კის” გეტყვი, ვერც „არას”. რაღაც პერიოდის მერე, ალბათ, დავბრუნდები. ახლა იმდენად დაკავებული ვარ, ხშირად ჩამოსვლასაც ვერ ვახერხებ. ამ დროის განმავლობაში სულ სამჯერ ვიყავი, თუმცა წელს აუცილებლად ვაპირებ ჩამოსვლას. ისე, როცა მხოლოდ ორი კვირა მაქვს, მირჩევნია, სხვაგან წავიდე, თან, მანდ ჩამოსვლა საკმაოდ ძვირი ჯდება, მაგ ფასად ჰავაიზეც წახვალ (იცინის). რაც შეეხება შემოქმედების საქართველოსთვის დაკავშირებას, ამას ჯერჯერობით არ ვგეგმავ, რადგან, მანდ ნაკლები შესაძლებლობაა განვითარებისთვის, ერთადერთი, ხალხი თუ გაიგებს შენ შესახებ, მეტი არაფერი. ახლა ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში ვაპირებ გადასვლას. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ იქ უფრო მეტი კომპანია და შესაძლებლობაა და, გარდა ამისა, ნიუ-იორკში სულ ცუდი ამინდებია და სულ ცივა, ზაფხულში კი აუტანელი სიცხეა და ამიტომაც მინდა გადასვლა (იცინის). ჩამოსვლის დღიდან მინდა ლოს-ანჯელესში ცხოვრება, მაგრამ, მარტოს მაინც მეშინოდა. ახლა მზად ვარ ამისთვის.
– როგორც ვიცი, ცეკვავ კიდეც და, თანაც, პროფესიონალურ დონეზე.
– 4 წლიდან მოყოლებული, 16 წელი ვცეკვავდი. აკადემიაში ჩასაბარებლად რომ ვემზადებოდი, ძალიან გადატვირთული გრაფიკი მქონდა და, ამიტომ, თავი დავანებე. 13 წლის, როგორც სოლისტი, პრეზიდენტის სტიპენდიანტი ვიყავი. დედაჩემიც მოცეკვავე იყო – ის 25 წელი ცეკვავდა, ამიტომ, ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი ცეკვას უკავშირდება. სხვათა შორის, აქ, ამ ყველაფერთან ერთად, იოგაზე დავდივარ და მას ცეკვას ვუთავსებ. ახლა მე და ჩემი მეგობარი ცეკვის მედიტაციის გაკეთებას ვაპირებთ. არსებობს ისეთი ცეკვის მედიტაცია, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში. წელიწად-ნახევარია, მანდ დავდივარ და ახლა მე და ჩემს მეგობარსაც გვინდა მსგავსი რამის გაკეთება. ეს არ არის კონკრეტული მიმდინარეობის ცეკვა, აქ არის ხუთი რიტმი და შენ, უბრალოდ, მას მიჰყვები. არავინ გასწავლის, რა მოძრაობა უნდა გააკეთო – უსმენ მუსიკას, შენს ტანს და ისე აკეთებ მოძრაობებს. როცა სიცოცხლეზე ხარ შეყვარებული, მაშინ ნამდვილად ბედნიერად და წარმატებულად ცხოვრობ.