ინდოეთის ნაგას ტომმა სახელი გაითქვა როგორც თავებზე მონადირემ
ბრაჰმანიზმმა, რომელმაც ჩვენს ერამდე პირველი ათასწლეულის პირველ საუკუნეებში ინდოეთის ძველი რელიგია – ვედიზმი შეცვალა, უარი თქვა ადამიანის მსხვერპლშეწირვის ტრადიციაზე; ხოლო, მეფე აშოკამ (ჩვენს ერამდე მესამე საუკუნე), რომელმაც თავის მბრძანებლობას დაუქვემდებარა ინდოეთის დიდი ნაწილი, აკრძალა ნებისმიერი ცოცხალი არსების მსხვერპლად შეწირვა, რადგან იგი ბუდიზმის აქტიური მქადაგებელი იყო. თუმცა, თავისი მმართველობის პირველ წლებში, მეფე ხასიათის სიმშვიდით არ გამოირჩეოდა, მაგალითად, როდესაც მან ომი გამოუცხადა კალინგის სახელმწიფოს, მისი წარმატებით დასრულების შემდეგ სპეციალურ ედიქტში განაცხადა, რომ 100 ათასი ადამიანი გაანადგურა, 150 ათასი კი ტყვედ აიყვანა. მაგრამ, როდესაც ბრძოლის ველი დაათვალიერა და თავისი თვალით იხილა საკუთარი საგარეო პოლიტიკის შედეგები, მეფემ დაიმორცხვა. რის შემდეგაც მისი მმართველობა მართლაც უაღრესად ჰუმანური გახდა.
აშოკამ არა მარტო აკრძალა სისხლიანი მსხვერპლშეწირვები, არამედ, დასაცავი ცხოველების სიაც კი შეადგინა. გარდა ამისა, მან აკრძალა ტყის უმიზნოდ გამოწვა და ნადირობა სიამოვნების მიზნით. მეფემ დიდი ძალა და საშუალებები მოახმარა მედიცინისა და ვეტერინარიის განვითარებას და ცდილობდა, თავისი ქვეშევრდომები ჰუმანიზმის გზაზე დაეყენებინა. იგი აშენებდა საავადმყოფოებს, უფასო სასტუმროებსა და სკოლებს; აკრძალა ადამიანების იძულებით მუშაობა. მან შექმნა ერთგვარი უფლებადამცველთა – „მაჰამატრების“ ინსტიტუტი, რომლებიც თვალყურს ადევნებდნენ ჰუმანური პრინციპების დაცვას მთელ ქვეყანაში, კერძოდ, ისინი ინსპექტირებას ეწეოდნენ ციხეებში. აშოკა წერდა: „... ისინი თვალყურს ადევნებენ პატიმართა ღირსეულ პირობებში ყოფნას და საჭიროებისამებრ მათ გათავისუფლებას. და თუ მაჰამატრები მიიჩნევენ, რომ „რომელიმე მათგანს ოჯახი ჰყავს სარჩენი“, ან „რომელიღაცას ცილი დასწამეს“, ანდა „სხვა, რომელიმე უკვე მოხუცებულია“, მაშინ ისინი აყენებენ საკითხს, რომ ეს პატიმრები დროულად გაათავისუფლონ“.
ნაგას ტომებმა, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის მთებში ბინადრობდნენ, სახელი გაითქვეს როგორც თავებზე მონადირეებმა. ნაგას საკულტო ცხოვრებაში თავები დიდ როლს თამაშობდა. ამიტომ, ნაგა არა მარტო ომებს აწარმოებდა, არამედ, მუდმივად ტეხდა სოფლებს შორის შეტაკებებს. ყველა ამ შინაომების მიზანს, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენდა თავები და, არა აუცილებლად მტრის თავები. თავი იყო მაგიური ავგაროზი და „მუშაობდა“ სრულიად დამოუკიდებლად იმისგან, მეომარს ეკუთვნოდა ის თუ ქალს; პატიოსან ბრძოლაში იყო მოპოვებული თუ მძინარე ბავშვზე თავდასხმის შედეგად. თითოეული თავი უზრუნველყოფდა მეომრისთვის ღმერთების წყალობას, თანატომელთაგან პატივისცემასა და ქალიშვილებისგან ყურადღებას; იგი იცავდა მას ავადმყოფობისგან, იფარავდა უბედურებისგან, მოჰქონდა სიმდიდრე. ამიტომ თავებს საგულდაგულოდ უვლიდნენ: მათ საზეიმო ვითარებაში ათავსებდნენ სპეციალურ სათავსში, ან საკერპო ხის ტოტებზე აცვამდნენ.
კიდევ ერთ რიტუალურ მკვლელობას აღწერს ფრეიზერი თავის წიგნში – „ოქროს რტოები“:
„ერთი ძველი მოგზაურის ცნობით, კუჩლაკარის პროვინციაში არის წარმართული ტაძარი. მასში დგას ღრმად სათაყვანებელი კერპი, რომლის პატივსაცემად 12 წელიწადში ერთხელ იმართება მდიდრული ნადიმი, მსგავსი საიუბილეო ზეიმისა, რომელზეც ყველა იქაურ კერპთაყვანისმცემელს იწვევენ. ადგილობრივი „მეფუკა“ მხოლოდ 12 წელი მართავს პროვინციას, ესე იგი, ერთი დღესასწაულიდან მეორემდე. როდესაც ეს პერიოდი დასასრულს უახლოვდება, დღესასწაულზე ადამიანთა დიდი ბრბო იყრის თავს და დიდძალი ფული იხარჯება ბრაჰმანების (ბრაჰმანი – ძველი ინდური რელიგიის – ბრაჰმანიზმის ქურუმი) გასამასპინძლებლად. მეფუკასთვის იგება აბრეშუმის ქსოვილით მოფარდაგებული ხის ფიცარნაგი. ზეიმის დღეს, მუსიკის ჰანგების ქვეშ, ის დიდებული პროცესიის თანხლებით მიემართება წყალსატევისაკენ, რათა ჩაიტაროს განბანა, რის შემდეგაც ტაძარში გადაინაცვლებს და კერპის წინაშე ლოცულობს. შემდეგ ადის ფიცარნაგზე, ყველას თვალწინ ხელში იღებს ძალზე ბასრ დანას და იწყებს თავისი ცხვირის, ტუჩების, ყურებისა და სხვა დანარჩენი რბილი ნაწილების მოჭრას, თან, მალიმალ; ხორცის მოჭრილ ნაჭრებს აქეთ-იქით ისვრის მანამ, სანამ გონებას დაკარგავს ძლიერი სისხლდენის გამო; ბოლოს კი იგი... ყელს იღადრავს! ასეთი წეს-ჩვეულებით ხდება მსხვერპლის გაღება ადგილობრივი კერპის პატივსაცემად. მომავალი მმართველი ამ დროს მაყურებელთა ბრბოში იმყოფება და იქიდან ადის ტახტზე.
ხონდებში (ინდოელთა ერთ-ერთი ტომი) დიდხანს არსებობდა ნებაყოფლობით მსხვერპლად შეწირვის წეს-ჩვეულება, რომელიც მოსავლიანობას ემსახურებოდა. თემი ყიდულობდა ადამიანის თანხმობას, მომკვდარიყო ამ მიზნით; ზოგჯერ მშობლები შვილს ყიდდნენ ამ დანიშნულებით, რის შემდეგაც მას შეეძლო წლების განმავლობაში ეცოცხლა, დაქორწინებულიყო კიდეც და ბავშვებიც ჰყოლოდა. მაგრამ, როდესაც მოსავლიანობის გაუმჯობესების აუცილებლობა წამოიჭრებოდა, მსხვერპლს აკურთხებდნენ, ღვთაებასთან აიგივებდნენ, შემდეგ კი ოპიუმით ათრობდნენ და გუდავდნენ. მსხვერპლის სხეულს მრავალ ცალკეულ ნაწილად ჭრიდნენ და მთელი შემოგარენის მინდვრებში (ყანებში) ფლავდნენ.