კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აარჩიეს ცხრა მოდელს შორის რომის „ფეშენ-ვიქის“ დახურვის ჩვენებისთვის თამთა შედანია და რა თემაა დღეს მის პირად ცხოვრებაში დახურული

გარკვეული პაუზის შემდეგ თამთა შედანია სამოდელო კარიერას დაუბრუნდა. ის ცოტა ხნის წინ რომის „ფეშენ-ვიქზე“ გამოდიოდა და საკმაოდ წარმატებულადაც. გარდა ამისა, თამთა 11 თვის მიას გაზრდასაც დიდ დროს უთმობს, რომელიც დღითი დღე სულ უფრო ლამაზი და საყვარელი ხდება.

თამთა შედანია: სანამ რომში წავიდოდი, ცოტა დეპრესიული პერიოდი მქონდა, უფრო სწორად, მომბეზრდა ერთი და იგივე, რადგან აქტიურ ცხოვრებასა და მუშობას ვიყავი მიჩვეული. რაღაც ახალი მჭირდებოდა და უცბად გამოჩნდა შემოთავაზება რომის „ფეშენ-ვიქიდან“. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. არ ვიცოდი, რომის ბაზარი ჩემზე როგორ იმუშავებდა, თან, ცოტა მეშინოდა კიდეც, რადგან, მიას ვტოვებდი და არ ვიცოდი, რა იქნებოდა. რთული იყო იმის განსაზღვრა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მაგრამ, თუ არ გარისკავ, არაფერი გამოვა. ასე რომ, მე და ერთი გოგონა ჩვენი სააგენტოდან – „იმიჯ-ცენტრიდან,“ რომში გავემგზავრეთ. მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, მაგრამ ასეთი საოცარი ემოციებით არსად დავტვირთულვარ – როგორც კი ჩავფრინდი აეროპორტში, უკვე ბედნიერი ვიყავი. ისეთი პოზიტიური ხალხია, ჰაერიც კი პოზიტივით არის გაჟღენთილი, ეს შენზეც გადმოდის და ყველაფერი გავიწყდება. კი იღლები, მაგრამ, გიხარია და ყველაფერს სიხარულით აკეთებ. შეიძლება, დიდხნიანი შესვენება რომ მქონდა, ამიტომ უფრო მეტად დავაფასე ეს ყველაფერი. ადრე ერთი კვირით თუ მოვახერხებდი საქართველოში ჩამოსვლას, ახლა კი, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ უცხოეთში და ყველაფერი კარგად შევირგე, დადებითი ემოციებით დავიტვირთე. თან, ეს იყო კარგი საშუალება იმისთვის, რომ ბევრ რამეზე დავფიქრებულიყავი და გამეანალიზებინა. საკუთარ თავთან მომიწია მარტო დარჩენა და დაფიქრება – რა როგორ მინდა გავაკეთო მომავალში.
– მომიყევი, რამდენად წარმატებული იყო შენთვის რომში მუშაობა, მოდის კვირეულზე გამოსვლა?
– „ალტარომ ფეშენ-ვიქი“ იტალიაში ერთ-ერთი ცნობილი მოდის კვირეულია და ძირითადად გამოტანილია ძვირად ღირებული ცნობილი იტალიური ბრენდები. ყველა „ჰაი კუტიურია“, შესაბამისად, კლიენტებიც ძალიან პრეტენზიულები არიან. ძალიან ბევრ ნიუანსსა და დეტალს აქცევენ ყურადღებას, განსაკუთრებით – პოდიუმზე სიარულს. თუ გოგოს „ჰაი კუტიური“ სიარული არ აქვს, შანსი არ არის, პოდიუმზე გამოიყვანონ და თავიანთ ჩვენებაში მიაღებინონ მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, როდესაც რომში ჩვენს სააგენტოში მივედით, უპირველეს ყოვლისა, სიარული შეგვიმოწმეს. სულ 12 გოგონა ვიყავით სხვადასხვა ქვეყნიდან, სააგენტოს მენეჯერს ძალიან მოეწონა ჩემი სიარულის მანერა – ისე კარგად დადიხარ, „ჰაი კუტიურ“ სიარული გაქვსო და მერე სხვა გოგონებს ვასწავლიდი, მასტერკალსებს ვუტარებდი. მენეჯერი ეუბნებოდა გოგონებს: ასე გაიარეთ, ნახეთ, სახე როგორ უჭირავს, როგორ დადის, ამას უყურეთო... ყველაზე მეტად ის მიხაროდა, რუსი გოგონები რომ მწარდებოდნენ – „გრუზიამ“ როგორ უნდა გვასწავლოს ჩვენ სიარულიო. ეს ისეთი რამ არის, ან გაქვს შინაგანად, ან არ გაქვს. ქასთინგებზე რომ მივდიოდი, ყოველთვის იყო 70-იდან 150-მდე გოგონა და ისეთ ლამაზ გოგონებს არ ირჩევდნენ ხოლმე, მიკვირდა. ყველა ქასთინგი ისე შორს იყო, რომ დღეში 9-10 კილომეტრი მიწევდა ფეხით სიარული. მაგრამ, ამ ყველაფერში ყველაზე პოზიტიური ის იყო, რომ ტურისტად რომ წავსულიყავი, ვერ ვნახავდი ასეთ ადგილებს, ამ ხეტიალ-ხეტიალში კი უამრავი რამ ვნახე. თან, მთელი ქალაქი მუზეუმია, ყველა ქუჩაზე რაღაც ხდება, რაღაცას აღმოაჩენ, შოკში ხარ – სულ დაშოკილი დავდიოდი. იმდენად ლამაზია ყველაფერი, სულ რომანტიზმში ხარ, მუდმივად რომანტიკულ განწყობაზე და ამაში ხალხიც გიწყობს ხელს. ქუჩაში რომ დადიხარ, ბიჭები, ქალები, ბავშვები, გოგონები თავიანთ ემოციებს გამოხატავენ და ამდენ კომპლიმენტს გეუბნებიან – რა ლამაზი ხაო, რა კარგი ხარო, თავი „ჰოლივუდის სთარი“ მეგონა. ძალიან სასიამოვნო იყო.
– მომიყევი მოდის კვირეულის შესახებ – როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა და მოგეწონა თუ არა?
– როგორც კი ჩავედი, მაშინვე ყველა გაგვაფრთხილეს: რომის ბაზარი ცოტა რთულია; კლიენტებს ურჩევნიათ, ის გოგონები აიყვანონ, ვისთანაც ადრე მუშაობდნენ, ანუ, მათთან მუშაობის გამოცდილება აქვთ. ამიტომ, არ ინერვიულოთ, თუ არ აგიყვანენო. ამის ფონზე ჩემთვის საოცარი იყო, რომ, სიტყვაზე, თუ 7 ქასთინგი მქონდა, 6-ზე ამიყვანეს. ბევრი ცნობილი ბრენდის „ფეშენ-შოუ“ გავაკეთე, ერთ-ერთი არის ცნობილი იტალიური ბრენდი – „გატენონი.“ ისეთი კოლექცია ჰქონდა, ვფიქრობდი, როგორ შეიძლება ადამიანის ხელმა ეს შექმნას-მეთქი. თან, ერთს რომ ქმნის, იმას არასდროს იმეორებს, უნიკალურია ყველა კოსტიუმი. რომ გაცვია, იმდენად ძვირფასია, ფიქრობ, როგორ მოექცე, როგორ მოუფრთხილდე. გარდა ამისა, გავაკეთე ცნობილი იტალიელი დიზაინერების რენატო ბალესტრასა და თეოდორა ბექის ჩვენებები, რომელმაც დახურა რომის „ფეშენ-ვიქი“ –კოქტეილ ფართი იყო. თითო ჩვენებაზე 22-25 გოგონა გამოდიოდა და მისი ჩვენებისთვის მხოლოდ 9 გოგონა აგვარჩიეს, მათ შორის მეც და საბოლოოდ ჩვენ დავხურეთ რომის „ფეშენ-ვიქი“. საკმაოდ წარმატებული წასვლა მქონდა, გამორჩეული. ბევრ „ფეშენ-ვიქზე“ ვარ ნამყოფი, მაგრამ, რომის „ფეშენ-ვიქი“ სულ სხვაა, დიდი გამოცდილება მივიღე, თან, საკუთარი სხვა ამპლუაში აღმოვაჩინე. ყველა კოლექცია „ჰაი კუტიური“ იყო, „ჰაი კლასის“ და იმას მთხოვდნენ, რასაც „ჰაი კლასის“ ტოპ-მოდელებს სთხოვენ ხოლმე. მაღალი საზოგადოება ესწრებოდა – რომის ფეშენ-ელიტა, სულ გადატენილი იყო დარბაზები. ბევრი შემოთავაზება წამოვიდა, მათ შორის – მილანიდან, ფოტოგრაფებისგან. ვნახოთ, რა იქნება. მიხარია, რომ ამხელა ბრეიქის შემდეგ ასე კარგად ჩაიარა ყველაფერმა. თან, როცა ბავშვი გყავს გაჩენილი, გგონია, ისეთ ფორმაში აღარ ხარ. მაგრამ, სააგენტოში რომ დაგვიბარეს შესამოწმებლად, მენეჯერმა მკითხა: დედა ხარო? დიახ, 11 თვის შვილი მყავს-მეთქი. გადაიარია: როგორ მაგარ ფორმაში ხარ, აქ რომ არიან გოგონები, იმათზე კარგად გამოიყურები, როგორ ახერხებო. ისე გამიხარდა... ანაზღაურების მხრივაც კარგი იყო. კოლოსალური ჰონორარი არ მოუციათ, მაგრამ, იმდენი ავიღე, რომ ავტომობილი ვიყიდე – საჩუქარი გავუკეთე საკუთარ თავს. გარდა ამისა, ისე მიხაროდა რომში ყოფნა, რომ, საღამოს, როგორი დაღლილიც არ უნდა ვყოფილიყავი, გავდიოდი ქალაქში და, რომის ტალღაზე აწყობილი, „კაპუჩინოთი“ ხელში, ფეხით დავდიოდი, ვათვალიერებდი... იმდენი პოზიტივით დავბრუნდი სახლში, არანაირ ნეგატიურს აღარ ვიკარებ, ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩა. იმდენად კარგი ხანა დამიდგა, ისე კარგად მიდის ყველაფერი, რომ მიხარია.
– მიას გარეშე გაგიჭირდებოდა.
– ძალიან გამიჭირდა, ეს 12 დღე მიას გარეშე – კატასტროფა იყო. ამდენი ხნით არასდროს დამიტოვებია. სკაიპით კი ველაპარაკებოდი, მაგრამ, ეს როგორ იქნებოდა საკმარისი! რომ ჩამოვედი, ისეთი გაზრდილი დამხვდა, ისე გაუხარდა ჩემი დანახვა... თან, დედაჩემთან იყო და მშვიდად ვიყავი – სანდო ხელში დავტოვე. ადრე თუ ყველაფერს ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ვყიდულობდი, ახლა სულ მიას ვუყიდე. ისეთი გაზრდილია, ექიმს უკვირს: ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, ასე სწრაფად რომ იზრდებოდეს ბავშვიო – 11 თვის არის და 92 სანტიმეტრია. ახლა იწყებს სიარულს, ლაპარაკს, „დედას” მეძახის.
– და, რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– არაფერი და, ჯერ კიდევ არ მოხდება – ეს თემა ჩემთვის დახურულია. დიდი ხანია, ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ მორალურად, სულიერად, ყველანაირად. იმდენი რაღაც მოხდა, იმდენი რამ გადავიტანე, რომ ახლა მინდა ვთქვა: ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე. იქ ვარ, სადაც სიმშვიდე და კომფორტი გვექნება მე და ჩემს შვილს, ასეთ გარემოში ყოფნა მირჩევნია. როცა ადამიანი ბედნიერი ხარ, ყველაფერი გამოგდის. პირადში არაფერი არ ხდება, ბედნიერი ვარ ჩემი შვილით, ის არის ჩემი ბედნიერების წყარო და, შესაბამისად, ბედნიერების წყარო მამაკაცი ვერ იქნება.

скачать dle 11.3