რა აფერა ჩაატარა ცნობილმა ქართველმა თაღლითმა, რისთვისაც ის „კაგებემ“ დააპატიმრა
უჩვეულო პროცესი
1962 წლის 14 მაისს მოსკოვის საქალაქო სასამართლოში უჩვეულო პროცესი გაიმართა. სხდომა დახურული იყო და პროცესში მონაწილე პირების გარდა, მას ბრალდებულის მეუღლე ესწრებოდა. საბრალდებო სკამზე 27 წლის თენგიზ კარტოზია იჯდა. მას თაღლითობისთვის ასამართლებდნენ. პროცესის უჩვეულობა კი ის იყო, რომ კარტოზიას ბრალად ედებოდა ორი საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაციის დაწერა და გაყიდვა... საკანდიდატო დისერტაციები ინგლისურ და რუსულ ფილოლოგიას, სადოქტორო კი თანამედროვე საერთაშორისო სამართალს შეეხებოდა. პროცესს ესწრებოდა ის სამი პიროვნებაც, რომლებმაც ეს დისერტაციები იყიდეს. თუმცა, მათ აღმკვეთი ზომები არ ჰქონდათ მისჯილი და მხოლოდ პლაგიატის ბრალდება წაუყენეს, რაც არ ითვალისწინებდა პატიმრობას. აგრეთვე, ჩამოართვეს, სამეცნიერო ხარისხი და სახლებში გაუშვეს... თენგიზ კარტოზიას კი ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და საერთო რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში გაამწესეს. სხდომის შემდეგ, პროცესში მონაწილე, მოწმის სტატუსით დაბარებული აკადემიკოსები თავიანთ აღშფოთებას ვერ მალავდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო. მათ მიაჩნდათ, რომ ციხეში პლაგიატორები უნდა გაეშვათ. კარტოზიას კი სამეცნიერო მოღვაწეობა განეხორციელებინა.
– ის ხომ გენიოსია, ნამდვილი გენიოსი. თქვენ კი მას ციხეში ამწესებთ! – უთხრა ბრალმდებელ პროკურორს დარბაზიდან გამოსულმა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოტორმა, ცნობილმა აკადემიკოსმა მოისეი ვაისმანმა.
– ის ბოროტმოქმედია. თაღლითი. მისი ადგილი ციხეშია, – მშრალად მიუგო პროკურორმა ღვაწლმოსილ მეცნიერს და წავიდა...
„ნიუტონი“
თენგიზ კარტოზია 1935 წელს იყო დაბადებული სამეგრელოს ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში. ის ადრე დაობლდა და ბებია ზრდიდა. პატარა თენგიზის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ცოტნე ანდრონიკაშვილმა. ის 1921 წლის საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა წითლების წინააღმდეგ და რეპრესირებული იყო. პროფესიით პედაგოგი, მრავალმხრივ განათლებული ადამიანი, თენგიზის სოფელში სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. კარტოზიებთან ცხოვრობდა და თენგიზს ბავშვობიდანვე შეაყვარა წიგნები. მრავალი რამ ასწავლა. მათ შორის, რუსული, ინგლისური და ფრანგული ენები. მოგვიანებით, მანვე შეარქვა თენგიზს მეტსახელი – „ნიუტონი“, რადგან ბიჭი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ფიზიკისადმი. ცოტნე ანდრონიკაშვილი ამაყობდა თავისი შეგირდით და დარწმუნებული იყო, რომ თენგიზი დიდი ადამიანი გამოვიდოდა. 1949 წელს თენგიზს ბებია გარდაეცვალა. ორი წლის შემდეგ, ანონიმური დაბეზღების გამო, 70 წლის ცოტნე ანდრონიკაშვილი „ჩეკამ“ დააპატიმრა, ერთ თვეში კი გარდაიცვალა. თენგიზი სრულიად მარტო დარჩა. სწორედ ამის შემდეგ გაუმრუდდა ნიჭიერ ჭაბუკს გზა და კრიმინალურ საქმიანობას მოჰკიდა ხელი. პირველი დანაშაული მან შურისძიების მოტივით ჩაიდინა, როდესაც ანონიმი დამბეზღებლის ვინაობა შეიტყო. თენგიზი დღისით-მზისით შეიპარა კარლო შაფათავას ეზოში. მის ოდასა და სხვა დამხმარე ნაგებობებს ცეცხლი წაუკიდა და გადაბუგა. ეჭვი თენგიზზე მიიტანეს და დააკავეს. თუმცა, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. 16 წლის რომ შესრულდა, თენგიზ კარტოზია სოფლიდან წამოვიდა, ქალაქს მიაშურა და ჯერ ქუთაისში ცხოვრობდა, შემდეგ კი თბილისში ჩამოვიდა და საცხოვრებელი რომ ჰქონოდა, კულინარიულ სასწავლებელში დაიწყო სწავლა. სასწავლებელს საკუთარი საერთო საცხოვრებელი ჰქონდა და თენგიზს იქ ერთი ოთახი გამოუყვეს. ნიუტონმა, სასწავლებელი ორი წლის შემდეგ წარჩინებით დაამთავრა, პარალელურად კი, პატარ-პატარა თაღლითობებითაც იყო დაკავებული – ვითომდა ფინინსპექტორის სახელით, მაღაზიის გამგეებს პატარ-პატარა თანხას სძალავდა. პარალელურად კი, სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში ამზადებდა. საკმაოდ მსხვილი თანხა შეაგროვა. ამ ფულით 20 წლის ახალგაზრდამ ოროთახიანი ბინა შეიძინა სოლოლაკში, დაქორწინდა და 1856 წელს ვაჟი შეეძინა, რომელსაც თავისი მასწავლებლის პატივსაცემად, ცოტნე დაარქვა.
პირველი პატიმრობა
თენგიზ კარტოზია პირველად 1959 წელს დააპატიმრეს და ორი წლით პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს. საქმე კი ის იყო, რომ ნიუტონმა ყალბი დიპლომი გააკეთა და 23 წლის ახალგაზრდა თბილისის უნივერსიტეტში მოეწყო ინგლისური ენის ლექტორად. კარტოზია თავს ასაღებდა მოსკოვის უცხო ენების ინსტიტუტის კურსდამთავრებულად. იმდენად კარგად უძღვებოდა თავის საქმეს, რომ დააწინაურეს და კათედრაზე ერთ-ერთი მიმართულებაც კი ჩააბარეს. თუმცა, მისი ლექტორული საუნივერსიტეტო კარიერა ერთ წელიწადში დასრულდა. თბილისში შექსპიროლოგთა სემინარი გაიმართა, რომელსაც მოსკოველი პროფესორები დაესწრნენ. მათ შორის იყო უცხო ენათა ინსტიტუტის შექსპიროლოგიის კათედრის გამგეც. სწორედ მას წარუდგინეს მისი „ყოფილი სტუდენტი“. სიმართლე რომ გამჟღავნდა, ვინმე უშანგი კოდალაშვილის მოთხოვნით, რომელიც, ასევე, უცხო ენების სპეციალისტი და თენგიზის მოშურნე იყო, პროკურატურამ ნიუტონის საქმის შესწავლა დაიწყო. დადგინდა, რომ მას ყალბი დიპლომი ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის რექტორს კარტოზიას გაშვება არ უნდოდა, მას მაინც მოუხდა მისი გათავისუფლება. ნიუტონს დიპლომი ჩამოართვეს. გაასამართლეს და ორწლიანი პირობით მსჯავრი დაადეს.
ანტირასისტული რაზმი
დისერტაციების საქმისთვის გასამართლებული ნიუტონი ციხიდან 1966 წელს გათავისუფლდა და მას მერე მხოლოდ თაღლითობით იყო დაკავებული. ორჯერ, 3-3 წლით კვლავ ციხეში მოხვდა და ინტელექტუალ თაღლით ნიუტონს უკვე მთელი შავი სამყარო იცნობდა. მას პატივს სცემდნენ, როგორც ბოროტმოქმედები, ასევე სამართალდამცავები.
ყველაზე მსხვილი თაღლითობა თენგიზ კარტოზიამ 1987 წელს, გაგანია „პერესტროიკის“ დროს განახორციელა. ნიუტონი ნიგერიელ ნუამი კვანგოს დაუახლოვდა. 26 წლის შავკანიანი ახალგაზრდა პატრის ლულუმბას სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა და გულანთებული პატრიოტი, ანტირასისტი იყო. თენგიზმა მას თავი გააცნო, როგორც რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა რუსმა პარტიზანმა და ისე გააბრუა ნიგერიელი, რომ ნუამი კვანგო მზად იყო, მის ნებისმიერ სიტყვას დამორჩილებოდა.
– ერთ თვეში სამხრეთ აფრიკაში პარტიზანთა რაზმი უნდა წავიყვანო, რომ იქაური რეჟიმი დავამხოთ. ასი ათასი დოლარი და ოცდაათიოდე ვაჟკაცი გვჭირდება. შეძლებ ხალხისა და თანხის მობილიზებას? – ჰკითხა ნიუტონმა ნიგერიელს.
– შევძლებ, – მოკლედ მიუგო კვანგომ თაღლითს.
ორი კვირის შემდეგ ნიგერიელმა კარტოზიას 100 ათასი დოლარი მიუტანა, რომელიც მოსკოვის შავკანიან სტუდენტობაში საიდუმლოდ შეაგროვა.
– ამით იარაღს შევიძენთ და მგზავრობის ხარჯებს დავფარავთ. სამი კვირის მერე კი, მოხალისეებთან ერთად, სოჭის პორტში გელოდები, – უთხრა ნიუტონმა ნიგერიელს. ფული ჯიბეში ჩაიდო და გაუჩინარდა.
1987 წლის 27 ოქტომბერს სოჭის პორტში შეკრებილი ოცდათხუთმეტი გულანთებული ანტირასისტი ამაოდ ელოდა „პარტიზანს“. როდესაც ყველაფერი გამჟღავნდა, საქმეში „კაგებე“ ჩაერთო და ნიუტონი 1987 წლის 30 დეკემბერს დააპატიმრეს. გაასამართლეს და რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ნიუტონი 1992 წელს, დროზე ადრე გაათავისუფლეს ციხიდან და მას მერე აღარ დაუპატიმრებიათ. ცნობილი თაღლითი 2004 წელს გარდაიცვალა მოსკოვში გულის შეტევით.
P. S. თენგიზ კარტოზიას ერთადერთი ვაჟი, ცოტნე დღესდღეობით რუსეთის დიპლომატიურ სამსახურშია და ერთ-ერთ საელჩოში მაღალი თანამდებობა უკავია.