ფლორის სამყაროში
კითხვა: მაქვს ზოლიანი აჰავას ორწლიანი 10 ცალი ნერგი. მსურს გაყიდვა, ვის მივმართო და რა ღირს?
პასუხი: დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გამოიყურება ნერგი. შეიძლება, ნერგი ორწლიანი იყოს, მაგრამ, არაჯანსაღი; ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა ზომისაა ისინი. თუ თქვენი ნერგები ჯანმრთელია, თითოს ფასი დაახლოებით ოცდაათ ლარამდე იქნება. მიმართეთ ყვავილების მაღაზიებს – შესაძლებელია, მათ სჭირდებოდეთ აჰავას ნერგები და შეიძინონ.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა ბინაში ზამიოკულკასის გახარება და აყვავება?
პასუხი: ეს აფრიკული მცენარე ჩრდილში ყოფნას კარგად იტანს და ამიტომ ოთახის პირობებს ადვილად ეგუება. ის იოლად გასაზრდელი მცენარეა და არც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. დროდადრო სიმშრალესაც იტანს, მაგრამ, შეიძლება ფოთლები დასცვივდეს. თუმცა, თუ ჩამოვარდნილ ფოთოლს ტენიან მიწაზე დადებთ, დაფესვიანდება და ორ წელიწადში ახალი მცენარე გექნებათ. ის გაბნეულ შუქზე უკეთ იზრდება. ამ მცენარეს ბუნებრივ გარემოში მწვანე და თეთრი ყვავილები ამოსდის, მაგრამ, ოთახის პირობებში იშვიათად ყვავის.
კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ მივაწოდო ტილანზიას სასუქი?
პასუხი: მცენარეს ზრდის პერიოდში მეოთხედად გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქი თვეში ერთხელ, დანამვისას ან წყალში ჩაშვებისას შეასხურეთ. შეუქმენით მაქსიმალურად ტენიანი გარემო, მაგრამ ზედმეტი წყალი მის დაღუპვას იწვევს. ამიტომ, აუცილებელია კარგი დრენაჟის მქონე მიწა. ზაფხულში ან ხშირად დანამეთ, რათა მიწა წყლით გაიჟღინთოს, ან, თუ მიწა თითქმის მშრალია, ოთახის ტემპერატურის მქონე რბილ წყალში ჩაუშვით და შემდეგ კარგად დაწრიტეთ. ზამთარში იშვიათად მორწყეთ.
კითხვა: როგორ პირობებში ხარობს უკეთ მადაგასკარული ჟასმინი?
პასუხი: მას კაშკაშა სინათლეზე ყოფნა მოსწონს, მაგრამ მზის გულს მოარიდეთ. იდეალურია სტაბილური ტემპერატურა, დაახლოებით 30 გრადუსი, უფრო მაღალ ტემპერატურაზე კი მეტი ტენი სჭირდება. ეს მცენარე ვერ იტანს ტემპერატურის ცვლილებას და დაბალ ტენიანობას, ამიტომ, უმჯობესია, მუდმივად ერთნაირ პირობებში ამყოფოთ. დანამეთ რეგულარულად. აქტიური ზრდის პერიოდში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთრის თვეებში მორწყვა შეამცირეთ და მიწას შეშრობა აცალეთ, ოღონდ, მთლიანად ნუ გამოაშრობთ.
კითხვა: როგორ უნდა შევარჩიოთ მცენარისთვის ქოთანი?
პასუხი: სწორად შერჩეული ქოთანი სილამაზეს შეჰმატებს მცენარეს. ჭურჭელი ძირითადად ორი სახისაა: ქოთანი, რომელშიც მცენარეს ჩარგავთ და, კაშპო, რომელშიც მცენარეს ქოთნიანად ჩადგამთ. ქოთნის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ: მოყვავილე მცენარეებს ფერადდეტალებიანი ქოთნები უხდება, ხოლო მკვეთრი, კონსტრუქციული ფორმის მქონე მცენარეები უბრალო, მარტივი ფორმის ქოთნებში უფრო ეფექტურია. დეკორატიული კაშპო, რომელიც პლასტმასის უღიმღამო ქოთანს მალავს, წყალგაუმტარი უნდა იყოს, რათა მორწყვის შემდეგ ზედმეტი წყალი შიგ ჩაგროვდეს. ფსკერზე ნახვრეტიან ქოთანში მცენარე პირდაპირ უნდა ჩარგოთ. როგორც წესი, ასეთი ქოთანი ლამბაქთან ერთად იყიდება. ლამბაქი ავეჯს მორწყვის შემდეგ გაჟონილი წყლისგან იცავს.