სიყვარული ნისიად
ვერიკოს გაოცებისგან ენა ჩაუვარდა. მიუხედავად იმისა, რომ დედასთან ძალიან ახლოს იყო, შეიძლება ითქვას, დაქალობდნენ და ერთმანეთს ყველაფერს უყვებოდნენ, მაინც ძალიან გაუკვირდა ასეთი გულახდილობა. რამდენიმე წამში გადახარშა გონებაში მისი სიტყვები და უცებ გული აეწვა – მიხვდა, რომ, დედა, რომელიც მისთვის მთელი ცხოვრება მისაბაძი მაგალითი იყო და ყოველთვის უბედნიერეს ქალად მიაჩნდა იმ დღემდე, სანამ მამა სახლიდან წავიდოდა, სინამდვილეში არასდროს ყოფილა ბედნიერი ცოლი... იმასაც მიხვდა, რომ, რატომღაც, სწორედ დღეს მოინდომა დედამ თავისი, შეიძლება ითქვას, საკრალური საიდუმლოს შვილისთვის გამხელა, მაგრამ, ვერ გაუბედა თუ ვერ აკადრა ამ ძალიან პირადულ და ძალიან ინტიმურ თემაზე კითხვების დასმა, თუმცა, იმასაც გრძნობდა, რომ დედა ამ კითხვებს მოუთმენლად ელოდა, რომ მერე უფრო თავისუფლად გადაეშალა გული. ვერიკოს შეეშინდა, ზედმეტი ცნობისმოყვარეობით არ დაეფრთხო ისედაც დაბნეული და აფორიაქებული ქალი და შორიდან მოვლა არჩია:
– წეღან რომ მკითხე, ხომ არავის უყვარხარო...
– ჰო, მერე? – უცებ გამოცოცხლდა დედა.
– სიყვარულის რა მოგახსენო, მაგრამ, ორ კაცს ნამდვილად მოვწონვარ, ზუსტად ვიცი.
– ვინ არიან? – ქალის ხმაში ერთდროულად გაჟღერდა სიხარული, მოუთმენლობა და ცნობისმოყვარეობა.
– ერთი – ჩვენი ფირმის დირექტორია, მეორე კი – ელექტრიკოსი.
– ანუ, მონტიორი? – ცხვირი აიბზუა დედამ.
– ჰო, – გაეცინა ვერიკოს, – მაგრამ, ძალიან კარგი ბიჭია. გაგიკვირდება, ისეთი დახვეწილი და განათლებულია. ნებისმიერ თემაზე შეუძლია საუბარი, თან, ისეთი დახვეწილია...
– ეგ უკვე თქვი, – უკმაყოფილოდ აიქნია ხელი ქალმა, – ის დირექტორი ვინ არის და რას წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ დირექტორია?
– მაცადე, ჯერ ერთის დახასიათება დამამთავრებინე, – გაეცინა ვერიკოს.
– ჰო, კარგი, დაასრულე, ოღონდ, დროზე; მე ის მეორე უფრო მაინტერესებს.
– ამ ჩვენს ახალ ელექტრიკოსს, – ღიმილით განაგრძო ვერიკომ, – ილია ჰქვია. არის 40 წლის. ცოლი არასდროს ჰყოლია; ჰყავს მშობლები, გათხოვილი და და ცოლშვილიანი ძმა. თვითონ ცალკე ცხოვრობს, ოღონდ, სად და რა პირობებში, არ ვიცი. ორი უმაღლესი აქვს დამთავრებული, მაგრამ, სამსახური ვერ იშოვა და ელექტრიკოსობა დაიწყო – ეს საქმე ბავშვობიდან ეხერხებოდა. ყოფილი სპორტსმენია, მორაგბე. დაკუნთული და ნავარჯიშევი აღნაგობა აქვს – ეტყობა, ყურადღებას აქცევს თავის სხეულს. ყველასთან ძალიან ზრდილი და კორექტულია, განსაკუთრებით კი – ქალებთან, სხვათა შორის, ასაკის მიუხედავად. არის მხიარული და, თან, ძალიან მაგარი პროფესიონალი...
– შენ, რაღაც, ძალიან გატაცებით ლაპარაკობ იმ ვიღაც ელექტრიკოსზე, – ქალმა ბოლო სიტყვას ირონიულად გაუსვა ხაზი, – მაგრამ, რამდენიც არ უნდა გაწიო-გამოწიო, მონტიორი მაინც მონტიორია. ახლა კი იმ მეორეზეც მომიყევი, ვინ არის, რას წარმოადგენს, როგორ გეპყრობა...
– ჩვენს დირექტორს ჰქვია გენო, ანუ გენადი...
– გენადი რამ დაარქმევინათ მის მშობლებს? – შეწუხდა დედა.
– რუსი დედა ჰყავს და, ალბათ, იმან დაარქვა. აღარ შემაწყვეტინო, დამასრულებინე.
– ჰო, კარგი, გავჩუმდები, განაგრძე.
– არის 46 წლის, განქორწინებული. ჰყავს ორი სტუდენტი შვილი...
– ეტყობა, ძალიან ადრე შეირთო ცოლი, – ვერ მოითმინა და მაინც ჩაურთო კომენტარი ქალმა.
– ჰო, ალბათ. ჰყავს დედა და ერთი ძმა; აქვს ცალკე ბინა. ძმა სადღაც სხვა ქვეყანაში მუშაობს და, რადგან დედას მარტოს ვერ ტოვებს, გენო დედასთან ერთად ცხოვრობს. გარდა ამ ფირმისა, კიდევ ჰქონია რაღაც პატარ-პატარა ბიზნესები, მაგრამ, არ მახსოვს, რა. გარეგნობით არა უშავს – მაღალია, გამხდარი, სიმპათიური და ვერც საუბარს დაუწუნებ, თუმცა... – ვერიკო გაჩუმდა და თვალი სივრცეს გაუშტერა.
– რა – „თუმცა“?
– არ ვიცი, როგორ გითხრა...
– როგორც არის, ისე მითხარი.
– იცი, როგორი ტიპია? ქალს როცა მიმართავს – ახალგაზრდა ქალებს ვგულისხმობ, – თვალებში ჩასცქერის, თითქოს მონუსხვას ცდილობს; ტუჩებზე ღიმილს მიიხატავს და, რამე ოფიციალური საქმეც რომ ჰქონდეს, ისე ჩუმად და შემპარავი ხმით ელაპარაკება, თითქოს ამ მზერითა და ჩუმი საუბრით „აბამს“. ამ ქალებსაც ხომ მეტი არ უნდათ, თითოეულს ჰგონია, რომ ფირმის დირექტორი სწორედ მასზეა შეყვარებული და – მორჩა, თავიან-ფეხებიანად ებმებიან მახეში, უყვარდებათ ისე, როგორც ნებისმიერ უკაცო ქალს შეიძლება შეუყვარდეს უცოლო, შეძლებული, წარმატებული და სიმპათიური მამაკაცი; მისი ყურმოჭრილი მონები და, რაც მთავარია, მსტოვრები ხდებიან.
– ანუ?
– ანუ, სათითაოდ ყველა თანამშრომელზე შეაქვთ მასთან ენა: ვინ როგორ ცხოვრობს (პირადი ცხოვრების ჩათვლით), ვინ ვის რა ეუბნება და ასე შემდეგ. ასე ჰყავს ეს შტერი ქალები გამოჭერილი და, მათი წყალობით, მთლიანად აკონტროლებს სამსახურში სიტუაციას.
– მერე, ამით რას აღწევენ?
– მაგაზე აღარ დავფიქრებულვარ და, სიმართლე გითხრა, არც მაინტერესებს. ერთადერთი, ის ვიცი ზუსტად, რომ თითოეულ მათგანს გულში იმედი აქვს – ერთ დღესაც, სწორედ მას შეირთავს ცოლად და დანარჩენებს პირში ჩალას გამოავლებს.
– შენ?
– რა – მე?
– შენ როგორ გელაპარაკება ხოლმე?
– ჩემთან არ გასდის თავისი ნომრები და, ცოტა არ იყოს, გაოცებულია, თან – დაინტრიგებულიც.
– დაინტრიგებული რატომ?
– ალბათ, მთელ სამსახურში მე ვარ ერთადერთი ქალი, რომელიც არ წამოეგო მის ანკესზე და, მგონი, ინტერესშია ჩავარდნილი, – ვერიკო უცბად გაჩუმდა და მერე დაამატა: – არა, მართალს არ ვამბობ, ერთადერთი არ ვარ; მეორე, ვისაც თავის დაკრულზე ვერ ათამაშებს, თეაა.
– ვატყობ, რომ ეგ თეა კარგი კერკეტი კაკალი ჩანს.
– მაგარი. პრინციპში, თეა მამაკაცისთვის ყველანაირად საინტერესო ტიპაჟია, თან, სამჯერ განათხოვარი და, ხომ იცი, ასეთი გოგოების მიმართ კაცები უფრო თამამები არიან ხოლმე, მაგრამ თეას ისე უჭირავს თავი, რომ ვერცერთი ვერაფერს ვერ უბედავს. თუმცა...
– რა – „თუმცა“? – ისევ ვერ მოითმინა ქალმა.
– რა და, როგორც გავიგე, თეას თვითონ აქვს გენოზე თვალი დადგმული, მაგრამ, ისე იქცევა, რომ აქეთ შეეხვეწოს. მხოლოდ ერთი რამე ვერ გამიგია: თეასთან რომ ვიყავი, იქ ორი ახალგაზრდა კაცი იყო – ტატო და მამუკა, რომლებითაც, როგორც მივხვდი, თეაა დაინტერესუბლი; სამსახურში კი თავის დირექტორს ხვევს ბადეში ძალიან ტაქტიკურად... ეტყობა, ის ტატო და მამუკა „სათადარიგოდ“ ჰყავს, თუმცა შეიძლება, ვცდებოდე კიდეც.
– ერთი ეს გამაგებინე, ამ კაცებზე ასეთი დაწვრილებით მონაცემები საიდან გაქვს?
– დაინტერესებული ქალები მიდგნენ-მოდგნენ, გაქექ-გამოქექეს თითოეულის ცხოვრება და მერე ერთმანეთს გაანდეს „საიდუმლოდ“, ჰოდა, ისე გახმაურდა თითოეულის მოპოვებული ინფორმაცია, მეც კი გავიგე.
– მოკლედ, ქალმა არ მოინდომოს, თორემ... – თავი გააქნია დედამ.
ის იყო, ვერიკოს რაღაც უნდა ეთქვა, რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. ორივემ საათს შეხედა და გაოცდნენ – 9 საათი ხდებოდა.
– თავზე დაგვთენებია. ახლავე დაწექი და ცოტა გამოიძინე, – თქვა ქალმა და კარის გასაღებად წამოდგა.
– იყავი, მე გავაღებ, – ვერიკომ ხელით შეისწორა აბურდული თმა და ჰოლისკენ გაემართა.
– გამარჯობა, ვერიკო. მეგი ფეხზეა? – კარში მეზობელი იდგა, ვერიკოს მშობლების ბავშვობის მეგობარი.
– კი, ფეხზეა, არც კი დავწოლილვართ. შემობრძანდით, შოთა ბიძია.
– არა, მეჩქარება, სხვა დროს იყოს, ჩემო კარგო, ქვემოთ გოგოები მელოდებიან. მეგის უთხარი, თუ მოდის ჩვენთან ერთად კუს ტბაზე, დროზე ჩამოვიდეს, თორემ, ისედაც დაგვაგვიანდა გასვლა.
– კარგი, გადავცემ, – გაუღიმა ვერიკომ და, უკან რომ შემობრუნდა, გაუკვირდა: მეგი უკვე სპორტულად იყო გამოწყობილი, სარკესთან იდგა და კეპიან ქუდს იხურავდა.
– დედა, მთელი ღამე თვალი არ მოგიხუჭავს, რა ვარჯიში აგიტყდა?
– შენ გგონია, დავრბივართ და ყირაზე გადავდივართ? უბრალოდ, ვსეირნობთ – ავისეირნებთ კუს ტბამდე და მერე ისევ ნელი ნაბიჯით ჩამოვისეირნებთ.
– მეშინია, ცუდად არ გახდე.
– ნუ გეშინია, არ გავხდები. მაგრამ, იცოდე, ჩვენ საუბარი არ დაგვისრულებია.
– კარგი, ბატონო, საღამოსაც ვისაუბროთ, – ვერიკომ დედა თავიდან ფეხამდე შეათვალიერა და კმაყოფილმა უთხრა: – ნაშასავით გამოიყურები.
– მართლა? – აღფრთოვანდა მეგი, – ასეთი კომპლიმენტი კარგა ხანია, არავისგან მიმიღია. მაინტერესებს, შოთიკო და გოგოები რას მეტყვიან.
– გოგოები ვინ არიან, დედიკო? შოთა ბიძიამაც მითხრა, ქვემოთ გოგოები მელოდებიანო.
– ჩემი ხნის ქალები ჩვენი კორპუსიდან. ისე, ზოგი გაცილებით უფროსიც კია, მაგრამ, შოთიკოსთვის ჩვენ ისევ გოგოები ვართ, – მეგიმ კარი გამოაღო და გავიდა, მერე უკან მობრუნდა და შვილის მკაცრად უთხრა: – იცოდე, ახლა თუ არ დაწვები, რომ მოვალ, თავს მოვიკლავ!
– კარგი, წადი, გელოდება ის ხალხი, – სიცილი აუტყდა ვერიკოს და კარი მიხურა.
მაშინვე ლოგინს მიაშურა, საბანში კარგად გაეხვია და თვალები დახუჭა. თავისდა გასაკვირად, სერგის მონატრებით გამოწვეული სევდა გაუნელდა და გაიფიქრა, ალბათ, მართალია დედაჩემი, უნდა მოვასვენო ის ბიჭი იქ, სადაც არისო და მერე ფიქრებით თავის ორ თაყვანისმცემელზე გადაერთო, თუმცა, თაყვანისმცემლები არც ეთქმოდა, უბრალოდ, ორივე სხვადასხვანაირად გამოხატავდა მის მიმართ სიმპათიას. ვერიკომ უცებ იგრძნო, რომ სიამოვნებდა ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ორი მამაკაცის შეფარული არშიყობა, მაგრამ, ვერ გაერკვია, რომელი კანდიდატურა (ამ სიტყვაზე გაეცინა) იყო მისთვის უფრო მისაღები. თვითონ არცერთის მიმართ არ ჰქონდა გამოკვეთილად განსხვავებული დამოკიდებულება, მაგრამ, ორივეს საქციელი თავიდან ბოლომდე რომ გააანალიზა, უცებ იგრძნო, რომ გენო რაღაცნაირად აშინებდა, უფრო სწორად, მასთან ელემენტარული, თუნდაც სამსახურთან დაკავშირებული კონტაქტი, უცნაურად ძაბავდა და საშინელ დისკომფორტს უქმნიდა, რაც მერე მთელი დღის განმავლობაში მიჰყვებოდა; ილიას მიმართ კი, თავისდაუნებურად, უფრო კეთილგანწყობა ეუფლებოდა. ამ მხიარულ ახალგაზრდა კაცს, სადაც მიდიოდა, ყველგან ხალისი შეჰქონდა. გოგოები ყოველთვის ოვაციებით ხვდებოდნენ ილიას გამოჩენას და, როცა რამე გაუჭირდებოდათ, მაშინაც მასთან გარბოდნენ, მაგრამ, საკმარისი იყო, რომელიმეს მიმართ ცოტა მეტი ყურადღება გამოეჩინა, რომ მაშინვე აიმრიზებოდნენ და სასწრაფოდ თავის ადგილზე „მოსვამდნენ“ ხოლმე „გათამამებულ” ელექტრიკოსს, ანუ, მაშინვე აგრძნობინებდნენ, რადგან თავს გიყადრებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზედმეტის უფლება მისცე თავსო. ეს „ზედმეტი უფლება“ კი სხვა არაფერი იყო, თუ არა ილიას მიერ გულწრფელად ნათქვამი ქათინაური ან საღამოს კაფეში დაპატიჟება.
ვერიკოს ეცოდებოდა ილია, რადგან, იცოდა, რომ გოგოები მისი სოციალური სტატუსის გამო ექცეოდნენ ასე, ამიტომ (თუმცა, ვერიკო საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ არამარტო ამიტომ), თვითონ ყოველთვის ცდილობდა, არ ეგრძნობინებინა მისთვის, შენ უბრალო და ღარიბი ბიჭი ხარო და ყოველთვის სიამოვნებით გაუბამდა ხოლმე საუბარს, თუკი საამისო დრო ჰქონდა.
სამაგიეროდ, გენო იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, ქალების თავდასხმისა თუ შემოსევის ობიექტი, სხვათა შორის, მანამდეც, სანამ ცოლს გაშორდებოდა და თვითონაც შორის, არასდროს ამბობდა უარს სუსტი სქესის მხრიდან გამოვლენილ თაყვანისცემაზე; შესაბამისად, ხან ერთი მიჰყავდა საღამოს მანქანით „საქმეზე“, ხან მეორე და ხან მეათე.
ქალების აქტიურობა გასაგები იყო. სოლიდური ფირმის დირექტორი, წარმოსადეგი მამაკაცი საკმაოდ სერიოზული უძრავ-მოძრავი ქონებით, შეუძლებელია, არ გამხდარიყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა ინტერესის ობიექტი. ყველაზე სასაცილო კი ის იყო (ვერიკოს აზრით, რა თქმა უნდა), რომ თითოეულ მათგანს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ გენოს სწორედ ის უყვარს და სწორედ მასზე გააკეთებს საბოლოო არჩევანს; მაგრამ, როგორც კი პატივცემული დონჟუანი სხვა ქალზე „გადადიოდა“ (ეს კი დაახლოებით თვეში ერთხელ ხდებოდა, ანუ, ერთ თვეში ჰბეზრდებოდა ნებისმიერი სატრფო), მიტოვებული ქალი მაშინვე ხდებოდა გენოს ახალი რჩეულის მოსისხლე მტერი და, მდედრობითი სქესის წარმომადგენელთათვის ამ საკმაოდ სერიოზული მიზეზის გამო, შეიძლება ითქვას, სამსახურში სრული ქაოსი იყო ქალ თანამშრომელთა ურთიერთობების თვალსაზრისით, ანუ, ვინ ვის ებრძოდა, ვინ ვის უთხრიდა სამარეს ზურგსუკან და ვის ვისზე რა ენა შეჰქონდა დირექტორთან, ალბათ, უფალიც ვერ გაარკვევდა; ოღონდ, თითოეული მათგანი ამას ჩუმად აკეთებდა, გარეშე თვალისთვის კი გოგოები ერთმანეთთან დაქალობდნენ, ერთად დადიოდნენ კაფეებში, „ტუსოვკებზე“ და დასასვენებლადაც კი.
ამ „ალიაქოთში“ არ გარეულან მხოლოდ ვერიკო და თეა, თუმცა ვერიკო გუმანით გრძნობდა, რომ გენო უკვე იყო მოხვედრილი თეას ინტერესების სფეროში და, თითქოს ფიზიკურად ხედავდა კიდეც იმ რკინის ბადეს, რომელსაც ეს პატარა გოგო ნელ-ნელა და გულდაგულ ქსოვდა თავისი დირექტორის გარშემო.
თეას გახსენებაზე ვერიკოს უნებურად ტატოსა და მამუკას სახეები დაუდგა თვალწინ და გაიფიქრა, გენო თუ მოსწონს, ესენი რა შუაშია არიანო, მაგრამ, ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა, რადგან, უცბად ისე დაიღალა სხვების ცხოვრებაზე ფიქრით და ისე უცებ და ღრმად ჩაეძინა, რომ აწკრიალებული მობილურის ხმაც კი აღარ გაუგონია.
გაგრძელება შემდეგ ნომერში