ინტიმური საუბრები
მშობლები ჩემს უფლებებს ლახავენ
ვარ მეთერთმეტე კლასში. ვსწავლობ კარგად, კერძო მასწავლებლებთან დავდივარ თითქმის ყველა საგანში, იმ საგნებშიც კი, რომლებშიც საკუთარი ძალებითაც ადვილად ვიღებ უმაღლეს ქულებს. მშობლებს ყველგან დავყავარ – თეატრშიც, კინოშიც, უცხოეთშიც, საუკეთესო კურორტებზე დასასვენებლადაც და წვეულებებზეც, მაგრამ, არსად არ მიშვებენ მეგობრებთან ერად. არცერთი თანაკლასელის დაბადების დღეზეც კი არ ვყოფილვარ მხოლოდ იმის გამო, რომ იქ თვითონ ვერ წამომყვებოდნენ. სკოლაშიც დილით მამას მივყავარ კარამდე მანქანით, გაკვეთილების შემდეგ კი დედა მხვდება და ერთად მოვდივართ. ყველა კერძო მასწავლებელი თვითონ დადის ჩვენთან სახლში და ამ ყველაფრის გამო ისე ვარ დათრგუნული, საკუთარი თავის რწმენა დავკარგე. უფრო მეტსაც გეტყვით: პატარაობიდანვე შემაჩვიეს იმას, რომ ის წიგნები უნდა წავიკითხო, რომლებსაც თვითონ მირჩევენ და იმ ფილმებს უნდა ვუყურო, რომლებსაც თვითონ ჩათვლიან მიზანშეწონილად. ამის გამო ბავშვები დამცინიან, ამითვალწუნეს და გამინაპირეს – ჰგონიათ, რომ, რადგან შეძლებული მშობლები მყავს, ამიტომ ვუკადრისობ მათთან ერთად სიარულს. ისე ამომივიდა ყელში, ერთი სული მაქვს, როდის გავხდები სრულწლოვანი – მაშინვე გავიპარები სახლიდან და არავის ეცოდინება, სად ვიცხოვრებ.
ვერცერთი ვერ ხვდება, რომ ასეთი მოპყრობით ჩემს უფლებებს ლახავენ. რაც გავიზარდე, ვგრძნობ, რომ მარიონეტად ვიქეცი მათ ხელში და, მალე, ალბათ, ელემენტარული სურვილები და ინტერესებიც აღარ მექნება. მამაჩემი იურისტია და, ნუთუ არ იცის, რომ ეს ყველაფერი ჩემი უფლებების დარღვევაა? სხვებს ხომ კარგად ასწავლის ჭკუას? დედაც ისეა როლში შეჭრილი, სრულიად ახალგაზრდა, ლამაზ და ნიჭიერ ქალს პირადი ცხოვრება აღარ აქვს ამ მზრუნველობის გადამკიდეს. მამაჩემი ხომ, საერთოდ, შეპყრობილივით იქცევა. ეჭვიც არ მეპარება, რომ ორივეს ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ, აღარ მინდა ასეთი სიყვარული, დამანებონ თავი და სულ ცოტა თავისუფლება მაინც მომცენ.
ჩემი ბიძაშვილი სწავლობს ამერიკაში და, იმას რომ მოვუყევი სკაიპში ჩემი ამბები, მითხრა, აქაურ ბავშვებს ასე რომ მოექცეს მშობელი, მაშინვე სასამართლოში უჩივლებენ და არც არავინ გაამტყუნებსო. თავისთავად, საშინელებაა, შვილი რომ მშობელს უჩივის, მაგრამ, მეორე მხრივ, ალბათ, სწორია საკითხისადმი ასეთი მიდგომა. მე ამას ვერასდროს შევძლებ, თუმცა, ვამართლებ ყველას, ვისაც საკუთარი უფლებებისთვის სამართლებრივად ბრძოლა შეუძლია, თუნდაც ყველაზე ახლობელი ადამიანების წინააღმდეგ.
სოფიკო, 16 წლის.
ჩემს შვილს ოჯახი ენგრევა
მე მგონი, ჩემს შვილს ოჯახი ენგრევა და, არ ვიცი, როგორ ვუშველო. ძალიან განვიცდი, სულ ვფიქრობ, როგორ გამოვაფხიზლო ან შვილი და ან სიძე, მაგრამ გამოსავლისთვის ვერ მიმიგნია.
ცალ-ცალკე რომ ჰკითხო, უყვართ ერთმანეთი, მაგრამ, თვე ისე გადის, შეიძლება, სულ რამდენიმე წუთით შეხვდნენ სახლში ერთმანეთს და მაშინაც არაფერი აქვთ სალაპარაკო. არადა, ორი მოზარდი შვილი ჰყავთ და არც ბავშვების მიმართ იჩენენ ისეთ ყურადღებასა და მზრუნველობას, როგორც ნორმალურ მშობელს შეეფერება. არც ის აინტერესებთ, როგორ სწავლობენ ან როგორ იქცევიან სკოლაში; არც ის, ვისთან მეგობრობენ ან როდის შემოდიან სახლში... ჩემი გოგო დილიდან 6 საათამდე მუშაობს, მერე კი დაქალებთან ერთად დასეირნობს და, ისე გვიან ბრუნდება, ბავშვებს უკვე სძინავთ ხოლმე. დილითაც, წასვლის წინ თუ მოჰკრავენ ერთმანეთს თვალს და მაშინაც არაფერს ეკითხება შვილებს. ბავშვებიც გადაეჩვივნენ დედასთან ელემენტარულ კონტაქტს და აღარც მეკითხებიან, დედა როდის მოვაო. რა თქმა უნდა, უყვართ ერთმანეთი, მაგრამ, ჩემი აზრით, მათ შორის მხოლოდ ბიოლოგიური გრძნობაა დარჩენილი და მეტი არაფერი.
ჩემი სიძე კიდევ უარესად იქცევა იმ მხრივ, რომ ძალიან ხშირად ღამითაც არ მოდის სახლში და, როცა მოდის, თუ ცოლი შინ არ ხვდება, არც კი კითხულობს, სად არისო; არც შვილებზე ზრუნვით იკლავს თავს და უკვე ბავშვებსაც აღარ უჩნდებათ მასთან თუნდაც ელემენტარული ურთიერთობის სურვილი. მხოლოდ ერთხელ, როცა ჩემი უფროსი შვილიშვილი თანაკლასელის დაბადების დღიდან დაბრუნდა და მთელი ორი დღე მოწყენილი დადიოდა, მე რომ არაფერი მიკითხავს, ისე მითხრა თვითონ – ბებო, რატომ ვკიდივართ ფეხებზე მე და ბაჩო დედიკოს და მამიკოსო. გული მომიკვდა, ისე შემეცოდა საწყალი ბავშვები. როგორც არ უნდა გადაჰყვეს თან შვილიშვილებს ბებია, ვერც დედას და ვერც მამას ვერ შეუცვლის. მინდოდა, დამემშვიდებინა და ვუთხარი, შენი მშობლები ძალიან ბევრს მუშაობენ, რომ შენ და ბაჩოს არაფერი მოგაკლდეთ. უბრალოდ, დრო აღარ რჩებათ, თან, საშინლად დაღლილები მოდიან სახლში და ამიტომ ხდება ასე, თორემ, ორივეს ძალიან უყვარხართ-მეთქი. ბავშვმა უნდობლად შემომხედა და მიპასუხა: ერთი კვირაა, ბაჩო ჩალურჯებული თვალით და შეხვეული მუხლით დადის, ორივემ დაინახა, მაგრამ, არცერთს არ უკითხავს, რა დაგემართაო. ამას რა დრო სჭირდება? უბრალოდ, ფეხებზე ვკიდივართ. თანაც, დაბადების დღეზე რომ ვიყავი, იქ ნოდიკოს დედამ ჩემზე მიუთითა ვიღაც ქალს – ეს ის ბიჭია, იმ დღეს რომ გითხარი, მამამისი ყოველთვე საყვარლებს იცვლის, მის ცოლს კი არც აინტერესებსო.
კინაღამ მართლა ენა ჩამივარდა. კინაღამ მივუვარდი იმ ქალს, მაგრამ, რა აზრი ჰქონდა, ეს ყველაფერი ხომ მეც მქონდა გაგონილი?! მაშინ დავრწმუნდი, რომ ეს ჭორი კი არა, სიმართლე იყო. ისედაც ეტყობოდათ, რომ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ცოლ-ქმარს საწოლიც კი არ აკავშირებდა ერთმანეთთან. მართალია, არასდროს ჩხუბობდნენ (თუმცა, როდის უნდა ეჩხუბათ, როცა ერთმანეთს თითქმის ვერ ხედავდნენ), მაგრამ, მხოლოდ ეს არის მიზეზი, რომ ქმარს არ გაშორდე და, მთელი სიცოცხლე სიძულვილში თუ არა, გაუცხოებასა და გაღიზიანებულ მდგომარეობაში გაატარო?! ან შვილებს რა მაგალითს აძლევ ამით? მეც, განა რამდენ ხანს ვიცოცხლებ, უკვე ჯანმრთელობაშერყეული ადამიანი?! კიდევ კარგი, ჩემი ქმარი არ მოესწრო ამას, თორემ, საწყალი, გაგიჟდებოდა.
გული იმაზე მიკვდება, რომ, არც ბავშვებისთვის და არც მშობლებისთვის სახლი ოჯახი და კერა კი არ არის, ღამის გასათენებელი ადგილია, სადგომია, სადაც მხოლოდ იმისთვის მოდიან, რომ დაიძინონ, იბანაონ ან ტანსაცმელი გამოიცვალონ. ძალიან გული მტკივა, რომ უახლოესი ადამიანები, აგერ უკვე რამდენი წელია, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთისთვის აბსოლუტურად უცხოები არიან და, თან, რაც მთავარია, ერთმანეთს ტანჯავენ. მე მეტი აღარ შემიძლია ამის ყურება, ერთხელაც, დავსვამ ორივეს – ჩემს შვილსა და მის ქმარს, პირდაპირ ვეტყვი, რომ გაშორდნენ და ამით საკუთარი თავიც დაასვენონ და ერთმანეთიც, ეგებ, მერე უფრო მოიცალონ შვილებისთვის.
მაგდა, 65 წლის.