კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირში იყვნენ ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი დიმიტრი ყიფიანის მკვლელობასთან და რის საფუძველზე მისცა ისინი პოლიციამ პასუხისგებაში

ქართველ თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, რუსეთში ვერაგულად მოკლული დიმიტრი ყიფიანი, როგორც იცით, აქტიურად მონაწილეობდა ბატონყმობის გაუქმების გეგმის მომზადებაში; იყო სათავადაზნაურო ბანკისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი; სწორედ მისი დაარსებულია ახლანდელი თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა, რომლის პირველი დირექტორიც თავად გახლდათ.
დიმიტრი ყიფიანმა და ნინო ჭილაშვილმა ჯვარი 1845 წლის 22 იანვარს დაიწერეს. ცოლ-ქმარს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მათ ექვსი შვილი შეეძინათ, სამი მათგანი მცირეწლოვან ასაკში გამოეცალათ ხელიდან. ნინო 1902 წელს გარდაიცვალა. მათ დარჩათ შვილები: ნიკოლოზი, კონსტანტინე და ელენე. იმ ადამიანის შთამომავლები, რომლის ხსოვნასაც აკაკიმ ულამაზესი ლექსი – „განთიადი” უძღვნა, დღეს თბილისში, ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. თბილისელი ქალბატონი ლალი პატარაია დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილის, ნიკოლოზის ქალიშვილის – ელისაბედის შვილი გახლდათ. ჩვენ ქალბატონი ლალის ქალიშვილს, თამარ მიქაძეს ვესაუბრეთ.             
თამარ მიქაძე: ეროვნულ საკითხებში დიმიტრი ყიფიანისთვის ამოსავალი წერტილი იყო დებულება, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ის ერი შეიძლება დადგეს პროგრესის გზაზე, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე. ლიტერატურული მოღვაწეობა კი დიმიტრი ყიფიანმა თარგმნით დაიწყო: ქართულად თარგმნა შექსპირის „რომეო და ჯულიეტა”, რუსულ ენაზე თარგმნა გიორგი ერისთავის „გაყრა”... 1882 წელს პეტერბურგში გამოაქვეყნა „ახალი ქართული გრამატიკა”, რომლის გამოცემასაც  დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სკოლების დევნის პერიოდში. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის, ჩუდეცკის მკვლელობის გამო, საქართველოს ეგზარქოსმა პაველ ლებედევმა ქართველი ერი დაწყევლა. ეს ყიფიანმა ვერ აიტანა და მას საქართველოს დატოვება მოსთხოვა. „ამბობენ, რომ თქვენ დაწყევლეთ ის ქვეყანა, რომელშიც სამწყსოდ ხართ მოწოდებული და რომელიც მარტოოდენ სიყვარულსა და შეწყალებას მოელოდა თქვენგან. თუ ყოველივე ეს, უფალო, მართალია, თქვენი თანამდებობის ღირსების გადარჩენა მხოლოდ იმით შეიძლება, რომ შეურაცხმყოფელი დაუყოვნებლივ იქნას გაყვანილი შეურაცხყოფილი ქვეყნიდან”. ამის გამო ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც მეფის აგენტებმა ვერაგულად მოკლეს. გაზეთი „ივერია” იუწყებოდა, რომ დიმიტრი ყიფიანი თავის ოთახში თავში მძიმე და ბლაგვი საგნის ჩარტყმით მოკლეს. თავისა და პირსახის ძვლები სულ ჩამტვრეული ჰქონდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობა გაძარცვის მიზნით მოხდა, რაც სიმართლეს არ შეეფერება. როდესაც ილია მოკლეს, მასზეც ასეთივე ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. დიმიტრი ყიფიანის მკვლელობამ ხალხში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ვალერიან გუნიას გადმოცემით, თურმე ილია იმ პერიოდში პირმოკუმული და წარბშეკრული დადიოდა და ქვემო ტუჩმა დაუწყო თრთოლა, ვანო მაჩაბელს კი ნერვიული ტირილი ავარდნია. პოლიციამ მაშინ პასუხისგებაში მისაცემად შეადგინა ურჩ პირთა სია, რომელშიც შეყვანილი იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ანტონ ფურცელაძე, ვალერიან გუნია... 1887 წელს, დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვისას, ილია ჭავჭავაძისა  და აკაკი წერეთლის მეთაურობით ხალხმრავალი ყრილობა გაიმართა – სერიოზული, მძლავრი დემონსტრაცია. „დიმიტრი იყო ჩვენი ხუროთმოძღვარი, ჩვენ კი – მისი კალატოზები” – ასეთი იყო ილია ჭავჭავაძის აზრი...
დიმიტრის მამა, ქოჩო ყიფიანი, სააბაშიოდან გადმოსახლებული აზნაურიშვილი ყოფილა და ჩასიძებულა ქართლში მცხოვრები ფურცელაძეების ოჯახში. დიმიტრის ბებიებიც ქვიშხეთში გადასულან. ათი წლის დიმიტრი კეთილშობილთა სასწავლებელში მიაბარეს. არსებობს პატარა დიმიტრის ჩანაწერები, რომელშიც იმ წლებს სევდიანად იხსენებს. უფროსების მიერ შეგირდების ცემა-ტყეპა დაკანონებული იყო სასწავლებელში. პატარა დიმიტრი, მიუხედავად მორიდებული და თავდაჭერილი ყოფაქცევისა, ვერ ასცდა ყურების აწევასა და ხელების დალურჯებას. ერთხელ ვიღაცამ, თურმე, ზარი ჩამოკრა ეზოში, რაც დიმიტრის დაბრალდა და სკოლის დირექტორმა უდანაშაულო ბავშვი სცემა; მეორედ კი თათრული ენის მასწავლებელმა ადინა ცხვირიდან სისხლი, რის გამოც მასწავლებელი თვითონვე შეშინებულა და დირექტორთან გაქცეულა. დიმიტრის ბედად, კაბინეტში გენერალი ბაგრატიონ-მუხრანსკი შესულა და ძალიან გაბრაზებულა: კეთილშობილთა სასწავლებელში ხომ თავად-აზნაურთა შვილებს ზრდიან, თმის გლეჯა, ცემა-ტყეპა ამგვარი რამ შეუწყნარებელიაო, – უთქვამს.
მეცხამეტე საუკუნის თბილისში ლიტერატურული საღამოები იმართებოდა. სალონებს მშვენიერი ქალბატონები ამშვენებდნენ. მამაკაცები მაშინ სპარსეთის ომში იყვნენ გაწვეულნი. ამიტომ, მეტი რა გზა იყო და, საღამოებზე უფროსკლასელ შეგირდებს იწვევდნენ. ერთხელ დიმიტრი სხვა შეგირდებთან ერთად მიიწვიეს ორბელიანთა წარმოდგენაში. ეს ამბავი სასწავლებელში გაიგეს და, გადაწყვიტეს, სასტიკად დაესაჯათ ის ექვსი შეგირდი, რომლებმაც იმ წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა. დიმიტრი მოგვითხრობს: „ყველა, ვინც ვიყავით, უნდა გავეწკეპლეთ, თითოეული კლასი ცალ-ცალკე, რათა ყველა შეგირდისთვის დაენახვებინათ. თვითმკვლელობა სამარცხვინო დანაშაულად ითვლება ქართველებში, მაგრამ, ჩვენ მზად ვიყავით, თავი გაგვეწირა, ხოლო, მშვენიერ იმდროინდელ რომანტიკოსთა წყალობით, რომელნიც გამოგვესარჩლნენ, სიკვდილს გადავრჩით”.  
მე გახლავართ პირველი თაობის წარმომადგენელი, რომელსაც დღეს ხმამაღლა შუძლია, თქვას, რომ დიმიტრი ყიფიანის შთამომავალია, რისი თქმის უფლებაც არ ჰქონდა დედაჩემს – ლალი პატარაიას. როცა მასწავლებელი კლასს „განთიადს“ უხსნიდა, დედას უნდოდა, ეთქვა, რომ დიმიტრი ყიფიანი მისი ბაბუა იყო, მაგრამ, კომუნისტური რეჟიმის გამო, იძულებული იყო, ამაზე გაჩუმებულიყო და ძალიან განიცდიდა, რომ ამ ფაქტს მალავდა. ბებიების თაობას კიდევ უფრო მძიმე ხვედრი ხვდა წილად – მიწის წართმევები და პიროვნული ტრაგედიები. დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილს, ვეტას (ელისაბედს), თავის შვილებთან ერთად ქვიშხეთში შუფარებია თავი, მაგრამ, იქაც მიაგნეს. მის დასაცავად, რომ იტყვიან, ქუდზე კაცი გამოსულა და ვეტა ქვიშხეთელების წყალობით გადარჩენილა. ვეტას დისშვილი თამარი (ბაგრატიონი) კი ძონძებში გამოაწყვეს და სამშობლოდან გადახვეწეს.  ეს 8 წლის ულამაზესი გოგონა უსამართლოდ დაისაჯა იმის გამო, რომ დედის მხრიდან დიმიტრი ყიფიანის შთამომავალი იყო, მამამისი კი სამეფო გვარს ატარებდა. მას წლების განმავლობაში ელოდნენ ჩემი ბებიები. ელისაბედი ექვთიმე თაყაიშვილთანაც მისულა. თამარს ბიძაჩემი, კინორეჟსორი გურამ პატარაიაც ეძებდა უცხოეთში გადაღებების დროს. ბოლოს თამარს ერთ-ერთი გაზეთის მეშვეობით მივაკვლიეთ – 88 წლის თამარი შვეიცარიაში, ქალაქ ლოზანაში, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა (ამჟამად გარდაცვლილია). მას თავისი სახლი გაუყიდია და ცოლად ფრანგს, ვინმე ოროს გაჰყოლია. ქართული დავიწყებია, სტატიაში ამბობს, რუსული დავივიწყეო – ეს სიძულვილი მასში, რა თქმა უნდა, იმ რეჟიმმა გამოიწვია. ჩვენ მას ტელეფონით დავუკავშირდით და ერთი საათი ვსაუბრობდით ინგლისურად. ძალიან ემოციური საუბარი იყო. მეხსიერებას უჩიოდა. ერთადერთი, ვინც გაახსენდა, იყო ბებია ელისაბედი. ბუნდოვნად ახსოვდა, როგორ გააყოლეს 8 წლის ბავშვი ნათლიას და ცხოვრობდნენ ინგლისში, დედოფლის კარზე. მან მოიკითხა დედის საფლავი და სურვილი გამოთქვა, ენახა ქვიშხეთი, სადაც ბავშვობის ბედნიერი წლები გაატარა. განსაკუთრებით გული აუჩუყდა, როცა ვუხსენეთ სახელი ჯოია, რადგან ასე მას მხოლოდ ოჯახის წევრები ეძახდნენ. ჩვენ აქედან გავუგზავნეთ მისი და ოჯახის წევრების სურათების ასლები.
დიმიტრი ყიფიანის პირდაპირი შთამომავალი დღეს სამი ოჯახია: დედაჩემის – ლალი პატარაიას ოჯახი; აწ განსვენებული გურამ პატარაიას ოჯახი და სავანელების ოჯახი. მეორე კლასში ვიყავი, როცა ბებიამ სკივრიდან ამოიღო გადამალული, სათუთად გახვეული პორტრეტი დიმიტრი ყიფიანისა, მის სიცოცხლეში შესრულებული ცნობილი მხატვრის მიერ და დედას უთხრა: სურათი თამარს გადაეცი, თუ ოდესმე ნახავო. როცა წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ამით ბებიამ არა მარტო ეს უნიკალური მხატვრული ტილო გადმოგვცა, არამედ, ოჯახური ტრადიციების გაგრძელების ესტაფეტაც. ამჟამად ვაპირებთ წიგნის გამოცემას, პირობითი სათაურით – „ის, რაც ოჯახმა იცის”.

скачать dle 11.3