ადამი და ევა
თავისუფლება – ნიუანსებით...
თავისუფლება ჩვენ შიგნით არის და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, რა დოზით გამოვავლენთ მას. ყოველი ჩვენგანი მეტ-ნაკლებად არის შეზღუდული ტრადიციებით, წესებითა და სტერეოტიპებით. ხშირად მოუსმინეთ საკუთარ გულისთქმას და უკეთესად მიხვდებით, რაშია თქვენი ცხოვრების არსი, ცხოვრებისა, რომელიც რაღაც კონკრეტული მისიისთვის მოგეცათ.
უკეთ გაიცანით საკუთარი თავი. იპოვეთ საქმე, რომლის კეთებაც მართლა მოგწონთ და გიყვართ. შეიძლება, არც იცით, რომ ქსოვა ან ქარგვა მოგწონთ; ან – დეკორაციების შექმნა ან ხატვა. მოინდომეთ და აუცილებლად იპოვით სასარგებლო გასართობს, რომელიც სიამოვნებასაც მოგგვრით და სხვასაც მოუტანს სარგებელს.
ჭეშმარიტად თავისუფალი მაშინ იქნებით, როცა საკუთარი თავის, საკუთარი სურვილების მართვას ისწავლით. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების – ისინი საკუთარი თავის აღმოჩენაში დაგეხმარებათ. თითოეულ დღეს შეუძლია, ჩვენი შესაძლებლობის ახალი საზღვრები გვაჩვენოს და მაშინ ჩვენი ყველა სურვილი რეალიზებული იქნება, გეგმები კი – შესრულებული.
ნურც ნურაფრის შეგეშინდებათ. გახსოვდეთ, ხვალინდელი დღე ყოველთვის უფრო პოზიტიური და დადებითი იქნება. ცხოვრება ბევრჯერ მოგვცემს შანსს, ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ – ეს ხომ ჩვენს ხელშია!
ძვირფასი თუ პრაქტიკული
ვის არ უყვარს საჩუქარი... რომელი ქალი არ იქნება კმაყოფილი და ბედნიერი, თუკი საყვარელი მამაკაცი ძვირფასეულობით გაანებივრებს. მაგრამ, ყოველთვის ნიშნავს საჩუქარი იმას, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ? მაგალითად, მამაკაცმა გაჩუქათ ძვირფასი სამკაული, ექსკლუზიური ნამუშევარი, ან ხელოვნების ნიმუში... რას იფიქრებთ?!
ერთი შეხედვით, ის ადამიანი, რომელმაც ასეთი ძვირფასი საჩუქარი მოგიძღვნათ, ხელგაშლილია, კეთილი, მზრუნველი და ყურადღებიანი. მას ამით უნდოდა, თავისი დამოკიდებულება გამოეკვეთა თქვენ მიმართ. ეჩვენებინა, რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენი ურთიერთობა. მეორე მხრივ კი, თვალსაჩინოს ხდის თავის სტატუსს. შეიძლება იმიტომ, რომ დაბალი აქვს თვითშეფასება. აწუხებს კომპლექსები...
ამით ცდილობს, ყურადღება საჩუქრისკენ მიმართოთ და მას ნაკლებად დააკვირდეთ. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.
ძვირფასი საჩუქარი თითქოს რაღაც პასუხისმგებლობასაც გაკისრებთ. ასე არ არის?! ასეთი საჩუქრის გამჩუქებელი ხშირად ახდენს მანიპულირებას სხვაზე თავისი საჩუქრებით. ერთი სიტყვით, სიფრთხილე არ გაწყენთ. რა თქმა უნდა, ეს მარტო შეყვარებულს და თაყვანისმცემელს არ ეხება. ძვირფასი მეუღლეც შეიძლება, იყოს მანიპულატორი.
ძვირფასი კარგია, მაგრამ იყავით უფრო პრაქტიკული – ეს ნამდვილად არ იქნება ზედმეტი.
კეთილი სურვილები!
კეთილ ადამიანებს ბედი გაცილებით ხშირად უღიმით... ზღაპრები მაინც ხომ წაგიკითხავთ, ყველა ზღაპრის არსი სწორედ იმაშია, რომ თუ კეთილშობილი ხარ, ბოლოს აუცილებლად გაგიმართლებთ, მიზანსაც მიაღწევთ და ბედნიერიც იქნებით.
ასეთი „ზღაპარი“ რეალობად აუცილებლად იქცევა. უბრალოდ, ამის ძალიან, ძალიან უნდა გჯეროდეთ. რწმენაა ის სტიმული, რომელიც კეთილი საქმეების კეთებისკენ გიბიძგებთ. თუმცა, ყველაფერი ისე რომ მოხდეს, როგორც ჩვენ გვინდა, ატმოსფეროსაც აქვს მნიშვნელობა. თქვენ თავად მიხვდებით, რა განსაკუთრებული გარემოა თქვენთვის ხელისშემწყობი.
შეინარჩუნეთ და ხშირად გამოავლინეთ სითბო, სიხარული, იუმორის გრძნობა, ხალისი და ის სიყვარული, რომელიც გულში გაქვთ.
კიდევ ერთიც, გახსოვდეთ – სიცოცხლე ბედის ყველაზე დიდი საჩუქარია... ასი წლის წინაც კი ადამიანებს ისეთივე პრობლემები ჰქონდათ ურთიერთობებში, როგორიც ახლა აქვთ... ხვალ აღარც გემახსოვრებათ მიზეზი, რომლის გამოც საყვარელ ადამიანს წაეჩხუბეთ... ან უბრალოდ, გაგეცინებათ მასზე... ისწავლეთ, რომ რაღაც-რაღაცეებს ყურადღება არ მიაქციოთ და კეთილი სურვილები საჯაროდ გამოიტანოთ... ეს აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან, შეიძლება, ორმაგადაც კი.
ფლირტი ორისთვის!
ეფლირტავეთ საკუთარ ქმარს... აუცილებლად ეფლირტავეთ! ქორწინებაში ფლირტი, უბრალოდ, აუცილებელია. თუ არ იცით, ისწავლეთ.
ცხოვრობს ზოგიერთი ათი, ოცი, ოცდაათი წელი ერთ პარტნიორთან, ერთ სახლში, ერთ ჭერქვეშ... თითქოს მოსაწყენი უნდა იყოს ასეთი შეჩვეული ყოველდღიურობა, მაგრამ არა – მათ მაინც უხარიათ ერთმანეთი; მაინც იზიდავს და ხიბლავთ ერთად ყოფნა; ისევ უნდათ, ხელიხელჩაკიდებულებმა იარონ... როგორ მოვახერხოთ, რომ ჩვენც ვიყოთ ასეთი ბედნიერები?! ნუთუ, ფსიქოლოგიური განათლებაა აუცილებელი, რომ ოჯახურ ჰარმონიას მივაღწიოთ? „მეორე ნახევარი“ მითი არ არის, რეალობად ის ჩვენ უნდა ვაქციოთ, თან ისე, რომ საკუთარი მთლიანობაც არ დავარღვიოთ. თურმე, მთავარი ყოფილა, დავრჩეთ რომანტიკოსებად ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი. სიგიჟეა? პრინციპში, რატომაც არა?! ცოტა სიგიჟე აუცილებელიც კია. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ რომანტიკული პერიოდის შემდეგ, რომელიც მხოლოდ სამ წელიწადს გრძელდება, წყვილის ურთიერთობაში ისადგურებს მომაბეზრებელი რუტინა და ერთფეროვნება. მით უმეტეს, როცა პარტნიორი ძალიან შორს არის იდეალისგან. ასეთ დროს, უნდა ჰკითხოთ საკუთარ თავს, გინდა თუ არა ეს ადამიანი გვერდით და, თუ გინდათ, იდეალი თავად უნდა შექმნათ, პირადად თქვენთვის ანუ, თქვენს „თარგზე გამოჭრათ“, თქვენივე სიამოვნებისთვის ნურასდროს დაგავიწყდებათ, რომ ქალი ხართ, ამიტომ, იკეკლუცეთ სამზარეულოშიც კი – წინსაფარიც მოიხდინეთ, რათა მიხვდეს თქვენი ძლიერი მეორე ნახევარი, რომ გვერდით სასურველი ქალი ჰყავს – თქვენ ეს გამოგივათ. ბოლოს და ბოლოს, წარმოიდგინეთ, რომ ახლა აპირებთ მის მოხიბვლას. თუ შეძლებთ და ისევ დააბრუნებთ რომანტიზმს თქვენს ცხოვრებაში, მაშინ ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად იქნება.