რა არ უნდა გარისკოს ცოლ-ქმარმა და საჭიროა თუ არა მათ ურთიერთობაში სრული გულახდილობა
ცოლ-ქმარს შორის მყარი ურთიერთობის გარანტი ნდობააო – ასე მიიჩნევენ ფსიქოლოგები, მაგრამ, ვერ თანხმდებიან იმაზე, საჭიროა თუ არა სრული გულახდილობა, ანუ, უნდა ჰქონდეს თუ არა წყვილს ერთმანეთთან რამე დამალული. შეიძლება, ეს ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ, ზოგჯერ ისინი სტერეოტიპების ტყვეობაში იქცევიან და სერიოზულ შეცდომებსაც უშვებენ, რომელთა გამოსწორებაც შემდგომში საკმაოდ რთულდება.
ელზა (38 წლის): მე ძალიან ვიყავი შეყვარებული ჩემს ქმარზე, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ცოლად გავყვებოდი. როგორც კი ვიგრძენი, რომ გრძნობა გაჩნდა, იმ დღის მერე არც მიფიქრია, ჩემი საყვარელი ადამიანისთვის რამე დამემალა.
– დამალვაში რა იგულისხმება და, ზოგადად, რას ნიშნავს, იყო ბოლომდე გულახდილი? ბოლომდე გულახდილები საკუთარ თავთანაც კი არ ვართ.
– პრინციპში, გეთანხმებით. ზოგჯერ საკუთარ თავსაც არ ვუტყდები ხოლმე რაღაც-რაღაცეებში, მაგრამ, ეს სხვა რამეა, მე რაზეც ვსაუბრობ, იმასთან კავშირი ნაკლებად აქვს. მე მართლა სულ მჯეროდა, რომ ცოლ-ქმარს შორის გულახდილობა მთავარია. ეს ისე მქონდა გამჯდარი, რომ სხვანაირად ვერც წარმომედგინა.
– ანუ, საკუთარი სტერეოტიპის ტყვეობაში აღმოჩნდით?
– ტყვეობაში აღმოვჩნდი? დიახ, შეიძლება, ასეც ითქვას, მაგრამ, რთულია, გაექცე იმას, რისიც გჯერა და გწამს. იქნებ, ეს არის კიდეც სტერეოტიპი, მაგრამ, უფრო შინაგან რწმენას დავარქმევდი. რეალურად რომ შევხედოთ, შენს მეორე ნახევარზე ახლობელი ვინ უნდა იყოს ან რატომ უნდა იყოს? მაგრამ, ეს ყველაფერი ბევრად რთული ყოფილა. მე ფსიქოლოგი არ ვარ და ვერ ავხსნი იმას, რაც ადამიანის ტვინში ხდება, მაგრამ, ფაქტია, რომ, ფიქრობ ერთს და გამოდის მეორე, თავისით და მოულოდნელად! როცა მივხვდი, ეს ჩემი წარმოდგენები მთლად კოფორტში არ მამყოფებდა, რაღაცეების წაკითხვა დავიწყე. ძალიან ბევრი ფსიქოლოგი წერს, რომ ოჯახურ თანაცხოვრებაში ნდობაა მთავარი.
– მაგრამ, ნდობა არ ნიშნავს სრულ და უსაზღვრო გულახდილობას. პირიქითაც ამბობენ – ქმარს ყველაფერი არ უნდა მოუყვე, მთავარი შენთვის უნდა შეინახოო...
– მეც მსმენია ეგ, მაგრამ, რაღაცნაირად, სხვა აზრზე ვიყავი, სხვა რამის შინაგანი მოთხოვნილება მქონდა. სიყვარული შთამაგონებდა – ის შენი ყველაზე ახლობელი ადამიანია... ყველაზე, ყველაზე საყვარელი და ძვირფასი... როგორ შეიძლება, ყველაფერი არ მოუყვე-მეთქი.
– მაინც, რა უნდა მოუყვე ასეთი?
– მაგალითად, წარსულის შესახებაც საკმაოდ გულახდილი ვიყავი. მოვწონდი მამაკაცებს და ეს მისთვის არ დამიმალავს. ჩემს ქმართან შეხვედრამდე სერიოზული შეყვარებული, სერიოზული ურთიერთობა არ მქონია. ორი კაცი კი მომწონდა, მაგრამ, ზედაპირულად და მალევე დავემშვიდობე, არაფერი განსაკუთრებული.
– მაშ, რაღა იყო მოსაყოლი?
– არ ვიცი, რა გიპასუხოთ. ვიფიქრე, ჯობია, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყო-მეთქი. თვითონაც მომიყვა, ვის ხვდებოდა ჩემამდე და ამას ნორმალურად შევხვდი – მოვუსმინე და დავივიწყე. რატომ უნდა „ჩამეხვია“? არც ჩემი ქმარი ჩანდა ეჭვიანი და ღიმილით მისმენდა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ ამ ყველაფერს დაიმახსოვრებდა... და, კიდევ ბევრ რამეს ვერ წარმოვიდგენდი.
– მაინც, რას?
– ჩემი ქმრის ხასიათის ზოგიერთ ცუდ თვისებას. მე იმავე „რეჟიმში“ გავაგრძელე ურთიერთობა ქორწინებაშიც: ყოველი დღის შესახებ ვუყვებოდი, ჩემი განცდების შესახებაც მოვუთხრობდი... თუ ვინმე სოციალურ ქსელში მსუბუქად წამეფლირტავებოდა, სიცილით და ხუმრობით ვეუბნებოდი. მეგონა, ისიც ჩემსავით ერთობოდა, მაგრამ, მწარედ მოვტყუვდი. 38 წლის ქალისთვის მამაკაცის მხრიდან კომპლიმენტები, დამეთანხმებით, ძალიან სასიამოვნოა და ამას არც ვმალავდი. მერე რა მოხდა-მეთქი, ვფიქროდი, – პირიქით, ხომ უნდა ესიამოვნოს ქმარს, როცა ასეთი ცოლი ჰყავს-მეთქი. ეს კი, თურმე, ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ იბოღმებოდა.
– თვითონ არ გეუბნებოდათ, რომ არ სიამოვნებდა ამ ყველაფრის მოსმენა? არ ეტყობოდა მაინც გაღიზიანება?
– არა, პირიქით, მეუბნებოდა, კარგია, რომ ყველაფერს მიყვები და ასეთი გულახდილი ურთიერთობა გვაქვსო... მერე დამიწყო გამოკითხვა, – რას გრძნობ, როცა მამაკაცი დაჟინებით გიყურებს... როცა ფოტოს გიწონებს... როცა აღფრთოვანებით გწერს, რომ ძალიან მოსწონხარ და უნდიხარო... ვეუბნებოდი, მე არ ვეკონტაქტები ძალიან აჟიტირებულებს; კაცს რომ მოვწონვარ, ეს კი მსიამოვნებს-მეთქი. არც მიფიქრია, რომ სერიოზულ რისკზე მივდიოდი ასეთი გულახდილობით. საკმაოდ ყურადღებიანი და გულისხმიერი ქმარი იყო, ალერსსაც არ მაკლებდა. სისულელეა იმაზე ლაპარაკი, რომ, შეიძლებოდა, სხვა მამაკაცზე მეფიქრა, ამის მინიმალური შანსიც კი არ არსებობდა. თან, ერთი-ორჯერ ჩემმა ქმარმა თქვა, ვერ ვიტან „მოთამაშე“ ქალებს, ვერ ვიტან მათ ფარისევლობას... საშინელებაა, როცა ქალი შენთან სიამოვნებას ვერ იღებს და თავს ისე გაჩვენებს, თითქოს ბედნიერიაო. მე ასეთ ცოლს ერთი დღეც არ ავიტანო და ვეთანხმებოდი.
– დიდ რისკზე წასულხართ.
– სამწუხაროდ. ოღონდ, მე ამას ვერ მივხვდი და კინაღამ ოჯახი დამენგრა, კინაღამ ძალიან სერიოზული კონფლიქტი დავიტეხე თავზე. ძალიან გულუბრყვილო აღმოვჩნდი. არადა, საკმაოდ ზრდასრული და ჩამოყალიბებული გავთხოვდი – 32 წლის. სტაბილურად ბედნიერი ვიყავი მთელი ხუთი წელი და, როცა ვიფიქრე, ჩემს ოჯახურ სიმყუდროვეს არაფერი ემუქრება-მეთქი, მაშინ გართულდა ყველაფერი. თურმე საკუთარ თავთანაც არ უნდა იყო ბოლომდე გულახდილი, მით უმეტეს, ნდობა ხომ საკმაოდ საჩოთირო თემაა. მე ამდენი გულახდილობით ჩემი ქმრის ნდობა დავკარგე, უკურეაქცია გამოვიწვიე.
– რანაირად?
– გეტყვით. რადგან ყველაფერს ვუყვებოდი, იფიქრა, ეს იმიტომ ყვება ამ წვრილმანებს, მთავარის გადაფარვა უნდაო, ანუ, აშავებს რაღაცასო. წარმოგიდგენიათ? ეს იყო ჩემთვის სრული შოკი. ერთ დღეს, დამსვა და პირდაპირ მითხრა, თანაც ბოროტი გამომეტყველებით (მანამდე ჩემი ქმარი ასეთი არ მინახავს), მოყევი, რას მიმალავო. პირი დავაღე. გავგიჟდი, რას ამბობ-მეთქი. რას ვამბობ და, მე შენში ეჭვი მეპარება, თანაც, სერიოზულადო. მატყუებ, ვიღაც გყავსო. რამდენი მატირა და რამდენი მანერვიულა, ვერ გეტყვით. მთელი კვირა მაწამებდა. დაკითხვაზე მეგონა თავი. სიტყვებით ამის გადმოცემა ძალიან ძნელია. თავი შემძულდა. რა არ ვუთხარი, რა არ ვემუდარე და ვეფიცე, ვერაფრით გადავარწმუნე.
– ანუ, იეჭვიანა?
– დიახ. თუმცა, ამას ეჭვიანობა აღარ ჰქვია. სული ამომხადა და მხდის. აღარ დამთავრდა – დაიწყო და ასე მიდის ყოველდღიურად, გამწვავებებით და უმნიშვნელო ჩაცხრობებით. ძალიან გამირთულდა ცხოვრება. ისე ცუდად ვარ, გაღვიძებისა და ახალი დღის მეშინია. ჩემი ქმარი მთლიანად შეიცვალა. სულ შარზეა, სულ რაღაცაზე მეკიდება, სულ რაღაცას ქექავს და ეძებს. მობილურში მესიჯებს მიმოწმებს, კარადაში – ტანსაცმელს...
– კარადაში ტანსაცმლის შემოწმება რას ნიშნავს?
– არ მკითხოთ! რას ნიშნავს და, დილით ნახულობს, რა როგორ დევს ან კიდია... მერე საღამოს ისევ ნახულობს – აბა, სადმე ხომ არ გავედი. ნამდვილი ჯოჯოხეთია. არსად დავდივარ – მეშინია, რომ მეჩხუბება. ფანჯრიდან ვერ გადამიხედავს თამამად. სახლში მოულოდნელად დაბრუნებას დაეჩვია: რომ მგონია, წასულია და საღამომდე არ მოვა, უცებ შემომიღებს კარს. ასეთ რეჟიმში ცხოვრებამ ბოლო მომიღო.
– არ ცდილობთ, აუხსნათ, რომ მართალი არ არის?
– ვაიმე, ვცდილობდი, ვცდილობდი და ბოლოს დავიღალე. ყოველ ასეთ მცდელობას ისეთი ჩხუბი და სკანდალი მოჰყვება ხოლმე, რომ, აღარ მიღირს. სულ სკანდალი ხომ არ მექნება ოჯახში, დავანგრიო ჩემი დიდი სიყვარული?
– ისევ გიყვართ?
– რა თქმა უნდა, მიყვარს. როგორ შეიძლება, აღარ მიყვარდეს? ის ჩემი ყველაზე საყვარელი და ახლობელი ადამიანია, მიუხედავად ყველაფრისა. იქნებ გაუაროს, იქნებ დაწყნარდეს – ამის იმედიღა მასულდგმულებს და მაცოცხლებს. ეს რა დამემართა! აიკვიატა, ის შენი ძველი შეყვარებულებიც უნდა ვნახო, გავიგო, რა ურთიერთობა გქონდათ, რომელიმე მათგანს ხომ არ დაუბრუნდიო. როგორ დავაშავე, რომ ასეთი სისულელე ჩავიდინე. რა გულახდილობანა ამიტყდა! მეგონა, ქმართან მეტ სიახლოვეს მივაღაწევდი, შარში კი გავყავი თავი. არავის ვურჩევ, მომბაძოს. არაფრის მომცემი არ არის უსაზღვრო ნდობა და გულახდილობა, პირიქით, რაც მეტ გონიერებასა და სიფრთხილეს გამოიჩენ, უკეთესი ყოფილა. გვიან მივხვდი ამას და ძალიან ვნანობ.