როდის ხდება ადამიანი ბოროტი ძალების მსახური და რა კავშირშია ამასთან საკუთარი გემოვნებით მოწყობილი საცხოვრებელი
როდესაც ცხოვრებაში წარუმატებელი პერიოდი იწყება, მხოლოდ მაშინ ვიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ რა გავაკეთეთ არასწორად, როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება, როგორ უნდა შევიმსუბუქოთ ცხოვრება. ხშირად, გვინდა, ირგვლივ ყველაფერი მოვაწესრიგოთ, ისეთი გარემო შევიქმნათ, რომ თავი მშვიდად და კომფორტულად ვიგრძნოთ და, სწორედ ამ ცვლილებების დროს ვუშვებთ გაუაზრებელ შეცდომებს. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლია ამბობს, ამ საკითხს მეტად ფრთხილად და ცოდნით უნდა მივუდგეთ და ყველა დეტალი გავთვალოთ, რომ ყოველივე ამან მომავალში პრობლემების წინაშე კი არ დაგვაყენოს, არამედ, სიამოვნება მოგვანიჭოს და წარმატებისკენ გვიბიძგოს.
– ქალბატონო ლია, დღეს ბევრი ამჯობინებს, იყიდოს მიწა და საკუთარი დიზაინითა და გემოვნებით ააშენოს საცხოვრებელი სახლი. თუმცა, არ ინტერესდება იმ ადგილის ენერგეტიკით, რასაც ჩვენი წინაპარი დიდ ყურადღებას აქცევდა. ეს გამართლებულია?
– ძველად, იმ ადგილს, სადაც სახლის აშენება უნდოდათ, წინასწარ კარგად შეისწავლიდნენ და, თუ ენერგეტიკულად საშიში იყო, ახლოსაც აღარ ეკარებოდნენ. დღეს უამრავი ხელსაწყო არსებობს ამის დასადგენად. დამიჯერეთ, იმ ადგილას დაგროვილი ენერგიები, სადაც სახლის აშენებას გეგმავთ, დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი, უდიდეს გავლენას ახდენს იქ მცხოვრებ ადამიანებზე. საცხოვრებლის ყველა კუთხე-კუნჭული ენერგიის დაგროვებას იწყებს და ეს ენერგია მოდის როგორც მიწიდან, ასევე, ადამიანებისგანაც. ამიტომ არის, რომ დადებითი აურის მქონე ადამიანების ბინაში ყოფნა გსიამოვნებთ, უარყოფითი ენერგიის მქონე სახლში კი ფორიაქობთ და ეს ცუდი აურა შემდეგ დიდხანს გაგყვებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
– როგორ მივხვდეთ, დაგროვდა თუ არა ბინაში უარყოფითი ენერგია?
– ეს ძალიან მარტივია. კარგად დააკვირდით, სახლში ყოფნისას ხომ არ შფოთავთ, გეწყებათ თავის ტკივილი, ავეჯზე ხშირად ჩნდება თუ არა მოთეთრო ლაქები, ჭკნება ქოთნის ყვავილები და ასე შემდეგ. თუ შინაური ცხოველი გყავთ, კარგად დააკვირდით მის ქცევებსაც. მაგალითად, თუ ძაღლი ნერვიულად დადის ოთახიდან ოთახში, ყეფს და იღრინება, ესე იგი, ამ უარყოფით გავლენას განიცდის. ხოლო, თუ კატა ხშირად გარბის გარეთ და არ სურს სახლში შემოსვლა, ესეც იმის მანიშნებელია, რომ ის სახლში დაგროვილ ცუდ ენერგეტიკას არიდებს თავს.
ბინის ყიდვისას კარგად უნდა გაიმახვილოთ გრძნობითი ორგანოები. ჯერ ერთი, გირჩევთ, კარგად გაარკვიოთ, ვინ ცხოვრობდა იქ, რა იყო ამ სახლში გარდაცვლილთა სიკვდილის მიზეზი და რამდენად წარმატებულები იყვნენ ცხოვრებაში.
– ამის გარკვევა როგორ შევძლოთ უბრალო ადამიანებმა?
– შედით ბინაში, ცოტა ხანს დადექით და, თუ იგრძნობთ, რომ სახლის აურა დადებითად მოქმედებს თქვენზე, ესე იგი, შეგიძლიათ, ეს ბინა შეიძინოთ. სახლის მოსაწესრიგებლად, რემონტის ჩასატარებლად, კოსმეტიკური სამუშაოების ჩასატარებლად თუ საცხოვრებლის ასაშენებლად მხოლოდ ფინანსები და დრო როდია საკმარისი. გირჩევთ, მსგავს საკითხებში პროფესიონალები ჩართოთ, მათ შორის – პარაფსიქოლოგებიც, რომლებიც ისეთ საიდუმლოებებში გაგარკვევენ, უზრუნველი ცხოვრება რომ მოიწყოთ. მართალია, მეტყვით, ყველას თავისი გემოვნება აქვს და თავისი შეხედულებისამებრ თუ გემოვნებისამებრ იწყობს ბინასო, მაგრამ, მე სხვისი გემოვნების კი არა, სპეციალისტების და, კონკრეტულად, ამ სფეროში მომუშავე იმ ადამიანების აზრის გათვალისწინება ვიგულისხმე, რომელთა რჩევაც თქვენთვის კომპეტენტური იქნება, რათა მომავალში საცხოვრებელ გარემოში შეტანილმა არასწორმა შტრიხმა პრობლემა არ შეგიქმნათ. ეს, რასაკვირველია, აგარაკებსაც ეხება, სადაც შვებულების დროს ისვენებთ და გინდათ ძალებისა და ენერგიის მოკრება-აღდგენა. გაითვალისწინეთ, არ უნდა ააშენოთ სახლი ხეობის შესასვლელში ან გამოსასვლელში, რადგან, სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, წარმატების ნაცვლად, საწინააღმდეგო შედეგს მიიღებთ. ასევე, არ უნდა ააშენოთ ან იყიდოთ სახლი გზაჯვარედინზე, რადგან, ასეთ საცხოვრებელში წარუმატებლობის შანსი იზრდება და ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობები ვერ ლაგდება. კარგია, თუ სახლის კარი და ფანჯრები დასავლეთისკენაა მიმართული, იქ კი გზა გადის, რადგან, ასეთ გარემოში ადვილია სიმშვიდის, ჰარმონიისა და ბედნიერების მოპოვება, პირადი ცხოვრების ადვილად აწყობა და გარშემო მყოფების აგრესიისა და ავი თვალისგან თავდაცვა. პირადად მე, რამდენი კერძო სახლიც ვნახე, თითქმის არსად არ არის დაცული პარაფსიქოლოგიური კანონები და ბევრისგან მსმენია კიდეც, ასეთ წამოჭიმულ ფეშენ-სახლებში რაც ხდება. ამიტომ, როდესაც გადაწყვეტთ, აიშენოთ კერძო სახლი და ირგვლივ სხვა საცხოვრებელი სახლებიცაა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის რჩევები, რომლებიც მომავალში თქვენს კეთილდღეობაზე აგებს პასუხს. მოკლედ, თქვენი სახლი არ უნდა იყოს ირგვლივ მდებარე სახლებზე ძალიან მაღალი. როცა სახლი ყველა მხრიდან ღიაა და იზოლირება შეუძლებელია, ადამიანები მოუსვენრად გრძნობენ თავს. ამ დროს სახლიდან გაედინება დადებითი ენერგიები და მათი ეგრეთ წოდებული „შეკავება” და ცირკულაცია საცხოვრებელში ვერ ხერხდება. ასეთი დისჰარმონია კი უეცარი დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს. ყველა მსგავსი წესი, რომელიც წინაპრებისგან მოდის, სრული სიმართლეა. სახლი ის ადგილია, სადაც დღის დაძაბული რიტმისა და მომქანცველი მუშაობის შემდეგ ადამიანმა უნდა დაისვენოს და თავი კომფორტულად იგრძნოს. თუმცა, ბევრი ამბობს, რომ მათთვის მსგავსი იდილია და სიმშვიდე უცხოა. ალბათ, არც კი დაფიქრებულხართ იმაზე, ვის ეკუთვნოდა წინათ ბინა, რომელიც შეიძინეთ და ცხოვრობთ ოჯახთან ერთად, ან, რომელიც მემკვიდრეობით გერგოთ; რა ვნება და რა ძალა ტრიალებდა იქ თქვენს მისვლამდე. ფაქტებითაა დადასტურებული, რომ, იმ სახლში, სადაც ბოროტი ადამიანები ცხოვრობდნენ, უარყოფითი ენერგია დიდხანს ტრიალებს. ასეთი ბინის შეძენისა და იქ დასახლების შემდეგ კი, შესაძლოა, ბოროტი ძალების მსხვერპლი თავად გახდეთ და დიდი ხნის წინ მომხდარი ტრაგედია წლების შემდეგ კვლავ განმეორდეს. ხშირად ხდება, რომ, მოგეწონებათ სახლის დიზაინი, შეხვალთ შიგნით და – უმაღლეს დონეზეა რემონტი ჩატარებული, გამოტენილია ძვირფასი ავეჯით და ნივთებით, მაგრამ თქვენ მაინც უცნაური გრძნობა გეუფლებათ და გინდათ, მალე დატოვოთ იქაურობა, არასდროს გიფიქრიათ ამაზე? ჰოდა, დაფიქრდით და აუცილებლად გაითვალისწინეთ ის რჩევები, რაც მოგეცით, თუ გსურთ, ისედაც დაძაბულ ცხოვრებაში კიდევ მეტი დაძაბულობა და პრობლემა არ შეიქმნათ და საკუთარ თავს ზედმეტი სირთულეები არ შეუქმნათ.