მოძღვარი გირჩევთ
კითხვა: რამდენჯერ უნდა გადავიწეროთ პირჯვარი ტრანსპორტში ყოფნისას, როდესაც ეკლესიას ჩავუვლით?
პასუხი: პირჯვრის გადაწერა ერთხელაც საკმარისია, რომ უფლისადმი თქვენი მორჩილება, სიყვარული და ვედრება გამოხატოთ. მთავარია, პირჯვარი სწორად, გამართულად და გულწრფელად გადაიწეროთ.
კითხვა: ვართ უკვე ასაკოვანი ცოლ-ქმარი. მინდა ჯვარი დავიწეროთ, მაგრამ ჩემი მეუღლე თავს იკავებს. ვფიქრობ, ერიდება. როგორ მოვიქცე?
პასუხი: თუ გსურთ მეუღლეს უხერხულობა დააძლევინოთ, შეგიძლიათ, ერთ-ერთ ჩვეულებრივ კვირის დღეს, როცა ტაძარში სიხალვათეა, ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე დაიწეროთ ჯვარი. ტაძარში ყოველთვის არის მორიგე მღვდელი, რომელიც ამ საიდუმლოს შეასრულებს. ჯვრისწერა აუცილებელია, რათა თქვენი ცოლქმრობა ღვთისგან იყოს დალოცვილი.
კითხვა: შეიძლება თუ არა, გრიგორიანულ ეკლესიაში მეჯვარედ გავყვე მეგობარს, თუ თავად მართლმადიდებელი ვარ?
პასუხი: მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის არ შეიძლება მონოფიზიტურ ეკლესიაში მეჯვარეობა, რადგან თქვენ მათ საეკლესიო საიდუმლოებაში მონაწილეობით დაუპირისპირდებით მართლმადიდებლობას.
კითხვა: ვართ ერთი ბავშვის ნათლიები, გვინდა დაქორწინება, რაზეც ეკლესია უარს გვეუბნება. გთხოვთ, მიგვითითოთ კონკრეტული წყარო, სადაც აღნიშნულია, რომ ჯვრისწერა ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია?
პასუხი: ზოგადად, მართლმადიდებლური ეკლესია კურთხევას არ იძლევა ქორწინებისთვის, თუ საქმე სულიერ ნათესაობას ეხება. ეს საკითხი მხოლოდ იმიტომ არ არის დიდ სჯულის კანონში შეტანილი, რომ იქ იგულისხმება მხოლოდ ერთი ნათლია. თუმცა არსებობს ამის თაობაზე საეკლესიო გადმოცემები, რომლებიც შეტანილია ლიტურგიაში.