რატომ იზრდება ფობიების რიცხვი ცივილიზაციის მიღწევებთან ერთად და ვის მეტი შიშები აქვს – მდიდრებს თუ ღარიბებს
რა არის ფობია? საიდან ჩნდება? როგორ უნდა დავთრგუნოთ შიში, რომელიც ადამიანთა უმრავლესობას აწუხებს და რომელიც ხშირად ჩვენს ცხოვრებასა და ყოველდღიურობას ართულებს? ამის შესახებ ფსიქონევროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელს, პროფესორ ბაკურ კოტეტიშვილს ვესაუბრეთ.
ბაკურ კოტეტიშვილი: ტერმინი „ფობია” წარმოიქმნა ბერძნული სიტყვიდან – „ფობოს” და „შიშს” ნიშნავს. ცოტა ღრმად თუ გადავხედავთ ძველ ჰელადოსს, პანთეონში ყველა ღმერთან ერთად იყო ღმერთი ჰობოსიც, რომელიც გახლდათ ომის ღმერთის – არესისა და აფროდიტეს შვილი; ასე რომ, ფობოსი თავისი შთამომავლობითაც საკმაოდ კარგი გვარიშვილია (ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით), რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ფენომენი ადამიანის მოდგმას ყოველთვის თან სდევდა ყველა დროში. სხვადასხვა კულტურა, რელიგია და ცივილიზაცია სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევდა შიშს, თუმცა, ეს არის ადამიანის ჩვეულებრივი და აუცილებელი ატრიბუტი, რომლის გარეშეც არ შეიძლება ნორმალური არსებობა, შეგუება და გადარჩენა – ხომ წარმოუდგენელია, კურდღელს მგლის რომ არ ეშინოდეს?! წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად დაიღუპება. ადამიანი ნებისმიერ ასაკში განიცდის შიშს, რომლის გარეშეც ნორმალური არსებობა შეუძლებელია. შიშის უამრავი ფორმა ადაპტირებული ვარიანტია არსებობისთვის, მაგალითად, ხომ არ არსებობს ვინმე, ვისაც არ ეშინია მანქანის დაჯახების?! მთავარი ისაა, რა ფორმით არის გამოვლენილი შიში ადამიანში და რა ფორმით ცვლის ის მის ყოფიერებას, ყოველდღიურობას, ცხოვრების წესს. თუ შიში იმდენად გამოხატულია, რომ ის ცვლის ადამიანის ყოფიერებას, ეს უკვე არის ფობია, რომლის გამოხატულების უფრო რთული ფორმაა აკვიატებული შიში, რომელსაც შფოთვითი დარღვევები და პანიკა მოსდევს. მსოფლიოში ძალიან ბევრი სახეობის ფობია არსებობს – პრაქტიკულად, რაც კი რამ არსებობს ჩვენ ირგვლივ და მათი რაოდენობა ცივილიზაციის მიღწევებთან ერთად იზრდება. ადამიანს ყველაფრის მიმართ შეიძლება ჰქონდეს შიში, მათ შორის, ერთი შეხედვით უცნაურიც, მაგალითად, არსებობს ბალახის შიში, ობობის შიში, საკეტების შიში. თქვენ წარმოიდგენთ, რომ არსებობს აუროფობია – ოქროს შიში? ან ტეტრაფობია – შიში რიცხვი 4-ისა? ამ ფონზე ბევრად უფრო ბუნებრივად მოჩანს თანატოფობია – სიკვდილის შიში, ალგოფობია – შიში ტკივილის მიმართ.
– საიდან ჩნდება ფობია?
– შეუძლებელია, ვისაუბროთ ფობიაზე და არ ვისაუბროთ ტვინზე, რომელიც ყველანაირი – აზროვნებითი, შემეცნებითი, გონიერებითი, აღქმითი პროცესების სათავეა. დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ცნობილი, ტვინის რა ნაწილი, უბნები, რგოლები მონაწილეობენ შიშის ჩამოყალიბებაში, აღქმასა და ინტერპრეტაციაში. ღრმა ნევროლოგიური კვლევები დაიწყო ჯერ კიდევ ფროიდის დროიდან, ხოლო, ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ტვინი კიდევ უფრო ღრმად იქნა გამოკვლეული. შიშს თავისი ნეირობიოლოგიური სუბსტრატი აქვს, თუმცა, ეს ერთ კონკრეტულ წერტილში არ მდებარეობს, რადგან, ტვინს მონოფუნქციური უნარი აქვს, რაშიც ტვინის სხვადასხვა უბანი ერთად მონაწილეობს. არსებობს ტვინის ის ნაწილები, რომლებიც, მარტივად რომ ვთქვათ, შიშის ცენტრია; არსებობს ის ნაწილებიც, რომლებიც შიშის ცენტრს ამუხრუჭებს. თუ ეს მუხრუჭის ფენომენი ტვინში არასწორად მუშაობს, მაშინ ხდება განმუხრუჭება, შიში იმატებს და იმატებს და, შესაძლოა, გადავიდეს შფოთვით მდგომარეობაში. ამ მდგომარეობის პიკი არის პანიკა, რომელიც მკვეთრად ცვლის ადამიანის ცხოვრებას და მის ფიზიოლოგიასაც კი. ყველაფერს განსაზღვრავს ტვინი და, მათ შორის – ფობიასაც. შიშის წარმოქმნას ხელს უწყობს გარემოც, სადაც ხდება ადამიანის ჩამოყალიბება. არსებობს ფიქსირებული შიშები, რომლებიც სტრესული სიტუაციებიდან მოდის და შიშად იქცევა. მნიშვნელოვანი ფაქტორია გენეტიკაც, ანუ, არსებობს მემკვიდრეობითი ფობიებიც – თუ მშობელს რაიმე სახის შიში აწუხებს, არის ალბათობა, რომ ეს ფობია შვილსაც დაემართოს.
– ინგლისელი ფსიქოთერაპევტების მოსაზრებით, რაც უფრო მაღალინტელექტუალია ადამიანი, მით უფრო მეტი ფობია შეიძლება ჰქონდეს მას. თქვენ ეთანხმებით ამ აზრს?
– ვერ დავეთანხმები ინგლისელ ფსიქოთერაპევტებს. ინტელექტი განპირობებულია თავის ტვინის შუბლის წილთან: რაც უფრო განვითარებულია შუბლის წილი, მით მაღალია ადამიანის ინტელექტი. ფობიები, ჩემი აზრით, განპირობებულია რაც შეიძლება დაბალი დონით და არა მაღლით; ინტელექტუალური ტვინი ფობიას ამუხრუჭებს. დაბალგანვითარებულმა ბევრი რამ არ იცის და, შესაბამისად, მას უფრო იმპულსური ქმედებები აქვს, ვიდრე გააზრებული; მისი თავის ტვინის შუბლის წილი ტვინი ვერ ამუხრუჭებს საფეთქლის ტვინის ნაწილებს. ისიც მინდა გითხრათ, რომ დაბალგანვითრებულ ადამიანსა და საზოგადოებას უფრო მარტივი შიშები აქვთ. რაც უფრო მაღალია განვითარება, მით უფრო განყენებულია აზროვნება და, შესაბამისად, შიში თუ ფობია, შეიძლება ითქვას, უფრო გლობალურია. იგივე შეიძლება ითქვას მდიდარი და ღარიბი ადამიანების შიშებზე: მდიდარს, რა თქმა უნდა, უფრო მეტი და მრავალფეროვანი ფობია შეიძლება ჰქონდეს, ღარიბს კი ნაკლები, რადგან, მას მოქმედების მცირე არეალი და დიაპაზონი აქვს.
– პატარა ბავშვებში არსებობს საჭმლის შიში: ფიზიკურად მოსწონს ბავშვს საკვები, მაგრამ მიკარების ეშინია. საიდან შეიძლება გაჩნდეს ამ ტიპის ფობია?
– ძალიან მნიშვნელოვანია ის შიშები, რაც ბავშვთა ასაკს ახასიათებს. ეს, საბოლოო ჯამში, გარემოსთან ურთიერთობაში, მშობელთან, ძირითადად, მკვებავთან არის დაკავშირებული. მკვებავი არის ან დედა, ან აღმზრდელი. ძალიან ხშირად, ჩვენი არასწორი წარმოდგენებიდან გამომდინარე, გვაქვს მკვეთრი, აგრესიული და ზეწოლითი ქმედებები ბავშვის კვებასთან დაკავშირებით. ბევრი დედა ძალით უკეთებს და აჭმევს ბავშვს საჭმელს, და, ფრაზები?! „ბოლო ლუკმა რაღა დასატოვებელია?” ჩვენ, მოზრდილებს თუ გვაქვს უფლება, რესტორანში დავტოვოთ საჭმელი, რომელშიც ფულს ვიხდით, ბავშვს ბოლო ლუკმა რატომ უნდა ვაჭამოთ სხვადასახვა თემებზე სპეკულირებით? ფრაზები: „ნელა ჭამე, არ დაიხრჩო,” „არ გადაგცდეს,” „არ შეჭამო, მოიწამლები” – ბავშვს უფიქსირდება გონებაში, ეს საშინელი უარყოფითი ფენომენები ბავშვში გროვდება და მას საჭმლის მიმართ შიშად უყალიბდება. არსებობს კლაინისა და ლასტის სკალა, თუ რა ასაკში რა შიშია დასაშვები ბავშვებში. ძირითადი შიში, რომელიც ბავშვში ცხრა-ათი თვის ასაკში შემოდის, არის მშობელთან განშორების შიში და საკმაოდ დიდხანს გრძელდება. ბავშვში, ასევე, ბუნებრივია სიბნელის შიში; მოგვიანებით ბავშვში იწყება დიდი საგნების, ცხოველების შიში. მთავარია, ამ სკალის მიხედვით უნდა განისაზღვროს, ნორმალურია თუ არა ეს შიში. არსებობს ფობიების კლასიფიკაცია ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ასაკისთვის არსებობს მისთვის დამახასიათებელი შიშები. მოზრდილ ასაკში ადამიანს შეიძლება ეშინოდეს ეკონომიკური კრიზისის, ლარის ინფლაციის, ომის, მაგრამ, 2 წლის ბავშვმა რომ მითხრას, ტაივანის ეკონომიკის მდგომარეობის მეშინიაო ხომაა ეს არანორმალური და საშიში?! მე რომ გითხრათ, საკუთარი ჩრდილის მეშინია-მეთქი, ჩემს ასაკში ეს უკვე დამაფიქრებელი უნდა იყოს. ბავშვის შიში უნდა შეფასდეს სპეცილისტთან და დაიგეგმოს, რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად.
– როგორ უნდა დავძლიოთ ფობია?
– სხვადასხვა მეთოდიკით ყველანაირი შიშის დაძლევა შეიძლება. ადამიანთა უმეტესობა ცდილობს, თავი დააღწიოს ამა თუ იმ ფობიას იმ გზით, რომ, რაც შეიძლება ნაკლები „კონტაქტი” ჰქონდეს შიშის „ობიექტთან”. ტრანკვილიზატორების მიღება ანელებს შიშს, თუმცა, ვერ ახერხებს მის აღმოფხვრას. ძალიან ეფექტურია სპეციალისტების, ფსიქოანალიტიკოსების დახმარება. თუ შიში იმდენად მძლავრად არის გამოვლენილი, რომ ადამიანს ცხოვრებაში ხელი ეშლება, აქ უკვე მედიცინის ჩარევაა საჭირო. არის შიში, რომელიც დაიძლევა თვითტრენინგის, შიშის მართვის მეშვეობით, თუმცა, ისთი შემთხვეებიც ხშირია, როცა შიში არაფერს აფუჭებს შენს ყოფიერებაში და, უბრალოდ, მასთან ერთად გიწევს ცხოვრება.