ვინ გადაარჩინა გურამ შარაძის ქალიშვილი ჟენევაში და რა ახალი გარემოებები აღმოაჩინა მან მამის მკვლელობის საქმეში
გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე, თითქმის ათი წელია, ჟენევაში ცხოვრობს. იმის მიუხედავად, რომ მისი ცხოვრების გზა იოლი არ იყო და ძალიან ბევრი პირადი ტრაგედიის გადატანა მოუწია, რუსუდან შარაძე ძალიან გახსნილი და გულწრფელი ადამიანი აღმოჩნდა. საქართველოს მონატრებას უფრო და უფრო ხშირად ჩამოჰყავს სამშობლოში, აქ მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების საფლავებია და, ამიტომაცაა, რომ, როგორც თავად ამბობს, თბილისი-ჟენევის მარშრუტს ვერ გასცდა.
– რუსუდან, ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი გარემოებებია აღმოჩენილი და პროკურატურისგან ამ საქმის დაჩქარებული გამოძიება მოითხოვეთ. რა გარემოებებზე საუბრობთ?
– მამაჩემის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო 2014 წლის ივლისში. საქმეს იძიებს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი მთავარი პროკურორის მოადგილის, ირაკლი შოთაძის მეთვალყურეობის ქვეშ. ყველამ იცის, რომ გურამ შარაძის მკვლელობა გადაღებულია სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ვიდეოთვალის მიერ. პირველად ეს ვიდეო ვნახე 2007 წლის ივლისში, პოლიციაში. მიუხედავად ჩემი თხოვნისა, მაშინ არცერთი კადრი არ მომცეს. დეკემბერში მთავარი პროკურორის მოადგილეს, ირაკლი შოთაძეს ვთხოვე და გადმომცეს სრული მასალა. აგრეთვე, ვთხოვე ფირის ექსპერტიზაზე დასწრება. 28 იანვარს დავესწარი კიდეც ფირის ერთ-ერთ ექსპერტიზას შინაგან საქმეთა სამინისტროში. პარალელურად, ექსპერტიზა ჩატარდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშიც. ყოველდღე ველოდები, რომ ორივე უწყება შეჯერდება და დადებენ ერთ საერთო დასკვნას. თავიდანვე დიდ იმედს ვამყარებდი ამ ფირებზე, მიუხედავად იმისა, რომ ის საშინელი ხარისხისაა. ვფიქრობდი, რომ ამ კადრების მეშვეობით, სულ მცირე, შესაძლებელი გახდებოდა, მკვლელის, რომელიც მამაჩემს უკან მისდევდა, ზუსტი სიმაღლის დადგენა. ეს მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ცნობილი იქნებოდა, თუ რომელი ტიპის აპარატურა ჰქონდა დაყენებული „ალდაგს“ 2007 წლის 20 მაისს, ანუ, რა აპარატურამ გადაიღო ჩვენს ხელთ არსებული ფირები. „ალდაგი“, საეჭვოდ, არ თუ ვერ იძლევა ამ ინფორმაციას. პროკურატურის კითხვაზე, თუ რა კამერა ეყენათ იმ დღეს, პასუხობენ, რომ არ იციან. არც საქმის მასალებშია რამე ცნობა შემონახული. მაშინდელი გამომძიებელი ზაალ გურგენიძე ექსპერტ ყანდარელს ეკითხება, თუ რა ტიპის აპარატურამ გადაიღო ფირი, რაზეც ექსპერტი დუმს. არც ისე დიდი ხნის წინ, „ფეისბუქის” მეშვეობით გავავრცელე კადრების ნაწილი. მკვლელი, რომელიც მამაჩემს უკან მიჰყვება, არაა გიორგი ბარათელი და, ვინც მას იცნობს, ყველა დამეთანხმება, მაგრამ, ამას დამტკიცება სჭირდება. ეს ისედაც დამტკიცდება, მამაჩემის მკვლელობის საქმე ისედაც გაიხსნება.
11 თებერვალს ღია წერილით მივმართე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ვთხოვე, თანამდებობებიდან გაეთავისუფლებინა პოლიციაში დასაქმებული ის პირები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან, რომ, პირდაპირ ან ირიბად, მონაწილეობას იღებდნენ მამაჩემის მკვლელობაში. შსს მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, მიპასუხა, რომ ყველას ვერ მოხსნიან თანამდებობიდან, სანამ მათი ბრალეულობა არ დამტკიცდება. კარგად მესმის ბატონი არჩილის. ის იურისტია და კანონის შესაბამისად ლაპარაკობს, მაგრამ, საქართველოში რომ ყველაფერი კანონიერად ხდებოდეს, მოქმედი პოლიციელები არ ააფეთქებდნენ მამას შვილის საფლავზე; უდანაშაულო ხალხის წამებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადამიანები არ დაიკავებდნენ თანამდებობებს, არ ატარებდნენ იარაღს კანონიერად და მეც სათქმელი არაფერი მექნებოდა. რამე რომ მოხდეს, თუნდაც, მოწმეებზე ზეწოლა ან მკვლელობა, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ უწყებას, რომელსაც ბატონი არჩილ თალაკვაძე წარმოადგენს. ამასთან, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მთავრობას და მის მეთაურს, რომელსაც თხოვნით მივმართე. ეს ნამდვილად არ მსურს. მე ჩემი ვთქვი, დანარჩენი მათ იციან, იმედია, ჩემზე კარგად.
– რუსუდან, ბევრჯერ გითქვამთ, რომ მამამ მთლიანად განსაზღვრა თქვენი ცხოვრების გზა.
– მიჭირს კიდეც გადმოცემა, თუ რამხელა ადგილი უკავია მამაჩემს ჩემს ცხოვრებაში. ის იყო არაჩვეულებრივი მეუღლე, მამა და ბაბუა, მკაცრი ადამიანის იმიჯი ჰქონდა, მაგრამ, ვინც პირადად იცნობდა, დამეთანხმება, რომ ცხოვრებაში იყო დამთმობი, თბილი და მოსიყვარულე. შვილები ვაღმერთებდით და მისი რიდი გვქონდა. დედაჩემი უფრო მკაცრად გვზრდიდა, მამა კი ლოიალური იყო. მასთან ყოველთვის მეგობრული დამოკიდებულება მქონდა, ბავშვურ საიდუმლოებებსაც კი ვანდობდი. ბოლო წლებში კი, თითქოს, ასაკით დავეწიე, ტოლებივით ვიყავით. 1998 წელს, როცა ოჯახის შექმნა გადავწყვიტე, სახლში პირველს მას ვუთხარი. მაშინაც ჟენევაში ვიყავი და ვრცელი წერილი მივწერე (ახლაც მეღიმება იმ წერილზე). თუმცა, ურთიერთობაში ზღვარს არასდროს გადავსულვარ. არ ვიცი, რომელი გრძნობა უფრო ჭარბობდა ჩემში – მისდამი სიყვარულის თუ პატივისცემის. ზოგჯერ, მგონია, რომ, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდით ერთმანეთს და როცა ყველაზე მეტად ვხარობდით ერთმანეთით, მაშინ წამართვეს მამა.
– როგორ ცხოვრობთ დღეს ჟენევაში, რას საქმიანობთ?
– პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი მერიდება ხოლმე, მგონია, რომ უფრო საინტერესო რაღაცეები ხდება ქვეყანაში. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. ჟენევაში რთული გზა გავიარე. სასწავლებლად 2006 წლის ოქტომბერში წავედი. რამდენიმე თვეში, მოულოდნელად, მომიკლეს მამა და ცხოვრება თავზე დამენგრა. გარდა იმისა, რომ მორალურად და ფიზიკურად უნდა გადამერჩინა თავი, ლამის მომკლა პასუხისმგებლობამ. მანამდე არასდროს არაფერი მეხებოდა საკუთარი თავის გარდა და ზოგჯერ საკუთარი თავიც არ მეხებოდა. მთელი ცხოვრება მშობლებისა და ძმების ფრთებქვეშ ყოფნას მიჩვეული, მოულოდნელად თითქმის მარტო დავრჩი სახელმწიფო მანქანასთან. ჟენევაში თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. არაფერი არ მითაკილია, რაც ფიზიკურად შემეძლო და პატიოსანი შრომით თავს გამატანინებდა. უნივერსიტეტში დავხურავდი რაღაც ეტაპს, გამოვიქცეოდი თბილისში, მერე დავბრუნდებოდი და ასე გაგრძელდა 2011 წლამდე. სხვა ქვეყანაში, სულ მარტო, თითქმის უსახსრო, ზოგჯერ ვფიქრობდი, ღირს კი „ერთი – ყველას წინააღმდეგ“ ყოფნა? და, საერთოდ, ღირს ამ უსამართლო ქვეყანაზე სიარული?! ალბათ, როგორ სასაცილოდ არ ვყოფნიდი ძალაუფლებით გაყოყოჩებულ სააკაშვილსა და მისი მკვლელების ბანდას, მაგრამ, რაღაც ძალა მაძლებინებდა. ან, რა უნდა მექნა? უკან დასახევი გზა არ იყო – მამაჩემს ვერ ვუღალატებდი. ვერც იმას წარმოვიდგენდი ვერასდროს, რომ, შვეიცარიაში სასწავლებლად წასული, საბოლოოდ იქ პოლიტიკურ დევნილად დავრჩებოდი. პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვე 2010 წლის დეკემბერში, მაშინ, როდესაც არავითარი იმედი აღარ მქონდა, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას ოდესმე დათმობდა. მან შეცვალა კონსტიტუცია და უკვე როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე აპირებდა საქართველოს სათავეში ყოფნას. მისი მომრევი აღარავინ იყო: ნამდვილი ოპოზიცია გაანადგურა – ზოგი მიჩქმალა, ზოგს სახელი გაუტეხა, დანარჩენი მოისყიდა. სწორედ მაშინ მოვითხოვე პოლიტიკური თავშესაფარი. შვეიცარიაში დაინახეს, რომ ამდენ ხანს არ „მისარგებლია“ ჩემი ტრაგედიით, ვიარე ყველაზე რთული გზით, ვცადე ყველაფერი, რომ ჩემს ქვეყანაში სიმართლე დამემტკიცებინა და ერთ თვეში სახლში ფოსტით მომივიდა დადებითი პასუხი. ეს იყო ჩემთვის გამარჯვება და დასტური იმისა, რომ ქვეყანაზე, სადღაც, სამართალი მართლა არსებობს. უაღრესად მადლობელი ვარ შვეიცარიის, მიყვარს ეს ქვეყანა და ხალხი, მათ გადამარჩინეს და ოჯახიანად შემიფარეს. თავიდან ვსწავლობდი ჟენევის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტის მაგისტრატურაში; საბოლოოდ, დავამთავრე ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მაგისტრატურა. ჩემი სადიპლომო ნამუშევარი შეეხებოდა ანტიკომუნისტურ „საქართველოს დამხმარე საერთაშორისო კომიტეტს“, რომელიც ჟენევაში მოქმედებდა 1924-1939 წლებში და რომლის შემადგენლობაში შედიოდა ჟენევის პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეთა ელიტა. სამწუხაროდ, ჩემი მთავარი ოცნებისთვის, რაც თავიდანვე მქონდა ჩაფიქრებული, ჯერ კიდევ ვერ მოვიცალე. შვეიცარიაში კარგი ქართული საქმეების გაკეთება შეიძლება. აქ ცხოვრობდნენ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, აქ არის სრულიად უცნობი, მოსაძიებელი არქივები. ეს საქმე მამაჩემის დაწყებული და ჩემი ძმის, გიორგი შარაძის გაგრძელებულია. თითქოს სულ ვალად მაწევს მათ წინაშე ეს შეუსრულებელი საქმე და ძალიან ვწუხვარ. ვფიქრობდი, დამეცვა სადოქტორო დისერტაცია და დაწყებულიც მქონდა, ვაპირებდი ვრცელი ნარკვევი მომემზადებინა მეოცე საუკუნის ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა საქმიანობაზე ჟენევაში. მამაჩემისგან განსხვავებით, ბევრ რამეს ერთნაირი ენთუზიაზმით ვერ ვეკიდები. მას შეეძლო, ერთნაირი გულმოდგინებით, ერთდროულად ეწერა რამდენიმე წიგნი, მოეწყო საპროტესტო აქციები, მონაწილეობა მიეღო ქვეყნის საპარლამენტო, კულტურულ თუ სამეცნიერო ცხოვრებაში.
– რით არიან დაკავებული ჟენევაში თქვენი მეუღლე და ქალიშვილი, რომელიც თითქმის მანდ გაიზარდა?
– ყველა უბედურების დაძლევაში მეხმარებიან ჩემი მეუღლე და ქალიშვილი და მაძლიერებს ძმისშვილების სიყვარული. ჯერ ლაშა მოკლეს, მერე – მამაჩემი. მამაჩემის მერე ორი წელი გიორგიმ იცოცხლა, შვიდი წელი კი – დედაჩემმა. ეს წლებიც, მიუხედავად განცდილი ტანჯვისა, თურმე, რა ბედნიერი ვყოფილვარ. ჩემი მეუღლე ჩემი საუკეთესო მეგობარია. თითქოს ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ. ვიცი, ჩემი ტრაგედიებიდან გამომდინარე, ჩემთან ცხოვრება იოლი არაა, მაგრამ მან ყველანაირი ამიტანა, ყველანაირს გამიძლო და მადლობელი ვარ ამისთვის. ჩვენ თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ, სხვა ყველაფერი ვნახეთ – სიყვარული, განშორება, ზოგჯერ იმედგაცრუებაც... ორივეს გვქონდა შეცდომები, მაგრამ, უკვე 17 წელია ერთად ვართ. არც კი ვიცი, რამ უფრო შეგვაკავშირა – განცდილმა ბედნიერებამ თუ უბედურებამ. 2001-2002 წლებში ერთ წელიწადში გარდაეცვალა მასაც მამა და ძმა. ვცდილობთ, ჩვენი ქალიშვილი, რომელიც მალე 13 წლის გახდება, ქართველად გავზარდოთ. თავის ცხოვრებას ქართველს თუ დაუკავშირებს, უბედნიერესი ვიქნები, თუმცა, ეს არავინ იცის, სიყვარულს წინ ვერავინ დაუდგება. მთავარია, ბედნიერი იყოს და არ დაკარგოს სამშობლო.
- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, ჟენევა ჩემი სახლიაო. ემოციური ქართველისთვის ჟენევა „კონსერვატიული” და „ცივი” ქალაქი, სახლად იოლად იქცა?
– მიუხედავად ჩემი ემოციური ხასიათისა, სიმშვიდე და ხშირად მარტოობაც მიყვარს. კონსერვატიულ საზოგადოებაში დისკომფორტს არ ვგრძნობ, პირიქით. არც ის მგონია, რომ აქაურები ცივი ხალხია. თუ მიგიღეს, ისე იციან გულში ჩახუტება, რომ ბევრ ქართველს შეშურდება. მივეჩვიე აქაურობას და შევიყვარე. რაც მამაჩემის მკვლელები ხელისუფლებიდან წავიდნენ, საქართველოში უფრო ხშირად ჩამოვდივარ. ჟენეველი მეგობრები მეხუმრებიან, ჩვენ მთელი მსოფლიო შემოვიარეთ, შენ კი ჟენევასა და თბილისს ვერ გასცდიო (იცინის).
– თქვენი სამომავლო გეგმები ჟენევასთან არის დაკავშირებული თუ აპირებთ სამშობლოში დაბრუნებას?
– თბილისი ჩემთვის ერთადერთია, ისევე, როგორც მთლიანად ჩემი სამშობლო. აქ მეგულებიან ჩემი უსაყვარლესი ადამიანები, ვისთვისაც სიცოცხლესაც არ დავიშურებდი; აქ მეგულება უძვირფასესი ოთხი საფლავი... ამ წუთას არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ბოლომდე უნდა მივყვე მამაჩემის მკვლელობის საქმეს, მერე კი უკვე მისი მემკვიდრეობის სათანადოდ დაბინავებაზე ვიზრუნებ. სამომავლოდ ვაპირებ, ჩვენი სახლი ჭავჭავაძის გამზირზე დავუთმო გურამ შარაძის სახლ-მუზეუმს, სადაც გამოიფინება მისი არქივი, ნივთები და მკითხველის სარგებლობაში იქნება მისი უნიკალური ბიბლიოთეკა. საქართველოში სამუდამოდ დაბრუნებას არ ვგეგმავ. ერთი სული მაქვს, ჩემთვის, მშვიდად და განმარტოებით ვიცხოვრო. ერთ აგურს თუ მეც დავდებ მამაჩემის დაწყებულ საქმეში, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება.