კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ითხოვდა ემზარ კვიციანი თავის საკანში გიგი უგულავას შეყვანას და როგორ გამოაცილეს ის ციხიდან პატიმრებმა

პატიმრობიდან გათავისუფლებული  ემზარ კვიციანი  ყველაზე ახლობელი ადამიანების გარემოცვაში ტკბება თავისუფლებით.  უკან დარჩა ყველაზე რთული   – დევნილობისა  და  პატიმრობის  წლები, რამაც კოდორის ხეობის   ბოლო დამცველს  ძალიან  მძიმე მოგონებები დაუტოვა.  დაუკავშირებს თუ არა  ემზარ კვიციანი  ცხოვრებას კვლავ პოლიტიკას, ამას მომავალი გვიჩვენებს,  მანამდე კი მას სხვა გეგმები აქვს, რაზეც  კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული  ჩვენთან თავად საუბრობს.  

ემზარ კვიციანი: 
თავისუფლების განცდას ხომ არაფერი შეედრება, მაგრამ, იმაზე  კარგიც არაფერია, ამდენი ხნის უნახავ ოჯახს, შვილებს, ახლობლებს რომ  დაუბრუნდები.  თერთმეტი თვე გავატარე პატიმრობაში, მანამდე 7 წელი და 7 თვე – დევნილობაში და ეს ცოტა არ არის. ძებნაში მყოფ კაცს არც მიჭერდნენ და არც აქ ჩამოსვლის საშუალება მქონდა. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი, „ვა ბანკზე” წავედი – ყველაფერი გავაკეთე, რომ რუსებს ჩემი გამოძევება გადაეწყვიტათ, თუმცა, ორი დღით მაინც დამაკავეს. საქმეში რუსეთის „დუმის” დეპუტატი ქალი ჩაერია,  ჩემი მამიდაშვილის დაქალი და ბოლოს იმან გადააწყვეტინა ჩემი გამოშვება.  როცა თბილისში ჩამოვედი,  დამაკავეს და საკანში შემიყვანეს. ციხის თანამშრომლებს ვეუბნებოდი, ჩემზე ბედნიერი პატიმარი მსოფლიოში არ არის-მეთქი.  
– როცა ჩამოდიოდით, ყველა ფიქრობდა, რომ გარიგებული იყავით ამ ხელისუფლებასთან და გქონდათ გარანტია, რომ არ დაგაკავებდნენ.  
– არანაირი გარანტიები მე არ მქონია, პროკურორმა ისიც კი თქვა, ამან არ იცოდა, ამდენი მუხლი რომ ჰქონდა წაყენებული და გაიქცევაო. სად უნდა გავქცეულიყავი? ძლივს დავბრუნდი საქართველოში და სად წავიდოდი, მაგრამ, პროკურორი ცდილობდა, რომ სააკაშვილის ქმედება  გაემართლებინა. ფირებს სად წაიღებდა? ფირებზე კარგად  ჩანდა მთელი ტექნიკა და ის ძალები, რაც სააკაშვილს ჰყავდა შემოყვანილი და რასაც საგულდაგულოდ მალავდა.   ყველაფერი ისე გავაკეთე, რომ სისხლი არ დაღვრილიყო, სააკაშვილს კი, პირიქით, სისხლისღვრა სურდა. მე სიყვარულითა და სიკეთით მოვაბრუნე აფხაზები, რომლებიც ჩვენ გავხადეთ სეპარატისტები – სიმართლე ესაა. მწარეა ეს სიმართლე, მაგრამ, ასეა. იმიტომაა, მთელი მსოფლიო გიჟდებოდა, ვინაა ეს კვიციანი, სოფლელი ბიჭი, აფხაზები რომ თავისკენ მოაბრუნაო.  ჩვენ ვომობდით, მაგრამ მე არასდროს მძულდა აფხაზები; უფრო მეტიც, მე ჩემს მიწა-წყალს ვიცავდი, ვკლავდი, ვინც ამ მიწა-წყალზე მოდიოდა, მაგრამ, მაინც მიყვარდა. ამიტომ იყო, რომ ტყვედ ვინც ჩამივარდა, ყველა  ცოცხალი დაბუნდა ოჯახში. მე ომის ყველა დაწერილი თუ დაუწერელი კანონი მაქვს შესრულებული, სააკაშვილი კი მუშტებს უქნევდა აფხაზებს – აბა, თუ მაგრები ხართ, შემოდითო! ზუსტად ის უნდოდა, რაც მოხდა. მას   მზაკვრული გეგმა ჰქონდა. მე მეძახდა „ნომრიან” აგენტს, მაგრამ, თვითონ იყო „კაგებეს” აგენტი.  მას  ჯარის შემოყვანის  უფლება    არ ჰქონდა კონსტიტუციით, მან ჯარი პირადი შურისძიების საგნად  გამოიყენა.
– ბევრჯერ ითქვა, რომ თქვენ ერთმანეთთან პირადი ანგარიშებიც გქონდათ.
– მე არ მქონია მასთან ანგარიში. მას რა ანგარიში ჰქონდა, სიკვდილს რომ გადავარჩინე?!  მაშინ  პირველი მოწვევის დეპუტატი იყო,  როცა ჩემს მეგობარს, ვანო ონიანს დაუპირისპირდა. მაშინ მისი ოჯახი   პეკინის ქუჩაზე ცხოვრობდა. ვანო ონიანმა  იმ სახლებში რამდენიმე სარდაფი შეიძინა, გაარემონტა და მერე ბიზნესისთვის იყენებდა. ერთ-ერთი სარდაფი, თურმე, მიშას ბებიის იყო. იყიდა ვანომ ის სარდაფი – რა იცოდა, რომ საბუთები  გაყალბებული იყო?! მოკლედ, მიშა ჩავარდნია იქ მუშებს და ერთი ამბავი აუტეხავს, მაგრად დაულანძღია ყველა. ეს რომ ვანომ გაიგო, გაგიჟდა კაცი. უკრაინაში ვიყავი, ჩამოვედი და გავიგე, რომ ვანო ვიღაცას სდარაჯობს მოსაკლავად. ელოდება, როდის გამოჩნდება ვინმე მიშა, რომ მოკლას – იუკადრისა კაცმა, მისი მუშები რომ გალანძღეს. ჩავერიე მე ამ საქმეში: ნინო ბურჯანაძის ქმარს, ბადრის ვუთხარი, თუ ძმა ხარ, მაჩვენე ეგ კაცი, რომ გასროლის გარეშე მოვაგვაროთ პრობლემა-მეთქი. ეს იყო ჩემი პირველი შეხება მიშასთან, სულ გმირი მეძახა.  სხვათა შორის, კაცურად მითხრა, არაფერი მინდა მაგ კაცის, მრცხვენია, რომ ბებია ვერ დავიცავიო. ჩავერიე  ამ საქმეში და გადაწყდა, რომ ხუთასი დოლარი უნდა მიეცა ჩემს მეგობარს    სააკაშვილის ბებიიისთვის. ჩემი ფეხით მივედი სააკაშვილებთან და სანდრას გადავეცი. ბებიაც სახლში იყო, უუფ, სააკაშვილს ჰგავდა ძალიან. მალე ჩემი ბიჭის დაბადების დღე დადგა და იქ შევახვედრე მიშა და ვანო ონიანი ერთმანეთს. იქ ბევრი ხალხი იყო. მიშა მოვიდა, იმხიარულა, მერე კი გამოვიდა და თქვა: რესტორანში დამპატიჟეს და ფულს მთვაზობდნენო – აი, ასე იტყუებოდა სულ. ასე არ მოიტყუა კოდორშიც? ერთ მუშტად შეკრული, გამარჯვებული ხეობა ჩავაბარე ხელისუფლებას და რა გააკეთეს?!  ხალხი ერთმანეთს გადაკიდეს, ჩასაბარებლად ამზადებდნენ. მე, ივერი ჭელიძემ და ავთანდილ მარგიანმა ბევრი რამ გავაკეთეთ, რომ იქ სიტუაცია შეცვლილიყო.     ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის. როცა დევნილობაში ვიყავი, პირველი დღიდან ბოლო დღემდე  ჩემთვის  ყველაზე მძიმე მაინც ის იყო, როცა სააკაშვილის მეგობრებმა კოდორიდან  გამიტყუეს,   ჩამკეტეს და  ტელევიზორი ჩამირთეს.   საკუთარი თვალით მაყურებინეს და მასმენინეს, როგორი მოღალატე ვარ – ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი უბედურება.   უკვე სოჩაში ვიყავი, როცა ჩემი შვილები ჩემთან ერთად უყურებდნენ ტელევიზორს. გამოდის ნიკა გვარამია და ჩემზე ამბობს, ერის და ქვეყნის კლასიკური მოღალატეაო და ამას უსმენდნენ ჩემი შვილები, პატარა გოგონამ შემომხედა და მკითხა: მამიკო, მოღალატეს რატომ გეძახიანო. ნაჯახი ავიღე – ჩვენს სახლთან ტყე იყო და თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ, განგების ძალამ გადამარჩინა.  გაბრიელა ჩემზე სხვანაირად მოქმედებს. სასამართლოზე  რომ მოიყვანეს და დავინახე, ისე განვიცადე, საკანში რომ დავბრუნდი და ნარზე დავწექი, კედლისკენ შევბრუნდი და ორი დღე აღარ გადმოვტრიალებულვარ – საკუთარ თავს გავებუტე! „ნაციონალებს” ბევრ კითხვაზე აქვთ ჩემთან პასუხი გასაცემი, ჩემს დაზე, რომელმაც ძალიან მძიმე წლები გაატარა ციხეში. იქ მე ნორას დარდი მკლავდა, იმას ციხეში – ჩემი. როგორც კი ცხინვალში მიშამ ომის თამაში დაიწყო, შემოვუთვალე, ჩემი და გამოუშვით, მე ჩაგბარდებით-მეთქი, მაგრამ, არაო – შემომითვალეს ტელევიზიით. მერე კიდევ იყო ერთი-ორი შემოთავაზება, მაგრამ, ისეთ რამეს მთხოვდნენ, იმაზე ვერ წავიდოდი და ასე გავიდა კიდეც ის წლები. ისე მენატრება ჩემი    ხეობა, მთლიანად აფხაზეთი!.. ახლა კოდორში რომ მოვხვდე, სიხარულისგან შეიძლება დავიხრჩო.  
–  როგორ გაატარეთ  პატიმრობის თითქმის ერთი წელი? ამბობენ, ციხეში ავტორიტეტული პატიმარი იყავით. 
–   კამერის მაყურებელი ვიყავი, იმიტომ რომ, მარტო ვიჯექი, ჩემ გარდა არც არავინ იყო (იცინის). როცა კარანტინში შემიყვანეს,  უამრავი პატიმარი მოდიოდა ჩემს სანახავად, დიდი მხარდაჭერა და პატივისცემა ვიგრძენი მათგან. როცა საკანში გადავყავდი და კორპუსებს შორის გავდიოდი,  ზოგი როგორ მამხნევებდა, ზოგი – როგორ. ასე იყო წამოსვლისასაც – ციხიდან დიდი პატივისცემით,  სიყვარულითა და ოვაციებით გამომაცილეს პატიმრებმა. სხვათა შორის, როცა გიგი უგულავა საკანში გადაჰყავდათ, ისეთი ლანძღვა და ბრახუნი ატეხილა, რომ გავიგე,  შემეცოდა. ბიჭებს ვუთხარი, დირექტორს გადაეცით, გიგი ჩემს საკანში შემოიყვანოს-მეთქი. ყველა  დაინტერესდებოდა, ნეტავ რას იზამს კვიციანიო? თუმცა, არც არაფერს არ ვიკადრებდი,  მასთან  საუბარი კი, არ დაგიმალავთ და, მაინტერესებდა. პატიმრობა მე გამოცდილი მქონდა ახალგაზრდას, 27 წლის ასაკში, როცა ანდროპოვის პერიოდის საშინელ ციხეში გავატარე  ხუთი წელი. ამდენი არ მქონდა მოსჯილი, ერთი ქართველის დასაცვად ვიჩხუბე და ორი წელი კიდევ დამიმატეს.  მაშინ ციხეში სულ ტყუილად მოვხვდი – სოფელში ვცხოვრობდი და ჩემი ძმის მანქანის მოტაცებისთვის  დამიჭირეს, ჩემს ძმას მანქანას ხომ არ მოვტაცებდი? იქ ვიღაცეები არ ჩავუშვი, იქ კიდევ სხვა რაღაცეები იყო და ასე მოვხვდი ციხეში. სამი წელი გავატარე ზონაში, მერე მიმაგრებაში გავედი. ბრეჟნევი რომ მოკვდა, ათასობით ახალგაზრდა წაგვიყვანეს რუსეთში – მგონი, გეგმა ჰქონდათ ახალგაზრდების დაჭერის. ამ  გეგმაში მეც  მოვყევი – ქართული ციხიდან ვოლგოგრადში გადამიყვანეს.  იქ ისეთი საშინელი პირობები იყო, ახლა, იმ ციხის ფონზე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვიყავი. 1984 წელს, როცა ციხიდან გავთავისუფლდი,  დედამ ვერ მიცნო, ისე ვიყავი შეცვლილი. ძვალი და ტყავი ვიყავი, დედამ შემომხედა და გაიარა.  სხვათა შორის, მაშინაც თებერვალში დავბრუნდი სახლში და ახლაც; მაშინ 27 წლის ვიყავი, ახლა კი იმ ფაქტიდან 27 წლის შემდეგ მოხდა ჩემი გათავისუფლება, ასე მაქვს დაცდილი ეს თვე (იცინის).
– რას აპირებთ მომავალში,  დაუკავშირებთ კიდევ ცხოვრებას პოლიტიკას?
–  არა, ეს არაა ჩემს გეგმებში. ან, სად ვიყავი მე პოლიტიკაში? ჩემი პოლიტიკა იწყებოდა და მთვარდებოდა  კოდორში, თორემ, ცხოვრებაში არ მიფიქრია არც პოლიტიკაში მოხვედრაზე, არც გუბერნატორობაზე. არც სწავლა    მქონდა შესაბამისი, თვითონ ცხოვრებამ მოიტანა ყველაფერი. მერე   დათო თევზაძემ კიევში გამგზავნა სასწავლებლად და გენშტაბის აკადემია დავამთავრე წითელ დიპლომზე კახა თარგამაძის ჯინაზე (იცინის). იმის მერე დავინტერესდი ბევრი რამით.  ჩემს თავს უფრო ბიზნესში ვხედავ, ასეთი გეგმა მაქვს.   ორი შემოთავაზება უკვე მივიღე.
–  ამ საქმეში გამოცდილება გაქვთ. ბიზნესი ხომ ადრეც გქონდათ?
– დიახ,  ტყუილად ხომ არ ვიჯდებოდი, დევნილობის დროსაც კი ვცადე სამშენებლო ბიზნესის გაკეთება. საშუალებას კი არ მაძლევდნენ, მაგრამ, მე მაინც ვცდილობდი, ტენდერებს ვიგებდი, მაგრამ, სად იყო იქ ჩემი ადგილი?! აქ ყოფნის პერიოდში სასოფლო-სამეურნეო საქმით ვიყავი დაკავებული,  მაგარი ფერმა მქონდა. შრომა არასდროს მეზარებოდა, ბავშვობიდან ვშრომობდი. 2005 წელს წალკაში ისეთი ფერმა გავაკეთე,  იმ ფერმიდან გვინახავდა ჩემი და  მე და ჩემს ოჯახს.  კახეთშიც მქონდა ფერმა, ფიზიკურადაც ბევრს ვმუშაობდი.  ბონდო შალიკიანს ჩემი ადრინდელი ვალი ჰქონდა, იმ ფულით ცხვარი და კამეჩები ვიყიდე და გავამრავლე.  უჯარმაში 19 კამეჩი მყავდა; თერთმეტ ჰექტარზე – სიმინდი, ას  ჰექტარზე – ქერი, ხორბალი, შვრია, ჭარხალი  მქონდა მოყვანილი.   მოსავალი ავიღე, ვენახები ჩავყარე. აი, ასე ვიყავი მანამ, სანამ პოლიტიკას დამაკავშირებდნენ. ზუსტად არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ხომ იცით, ნათქვამია, არასდროს არ თქვა არასდროსო! ჩემს ცხოვრებაში, რატომღაც, ისე ხდებოდა, რასაც ვიტყიდი, ამას არ ვიზამ-მეთქი, სწორედ იმას მიპირისპირებდა უფალი, თუმცა,  ძალით არასდროს არაფერი გამიკეთებია, ყველაფერი თავისით აეწყო. არც ცუდი გამიკეთებია ვინმესთვის. თუ სადმე ფათერაკში გავეხვიე, სულ სხვის გამო ხდებოდა. მე მიყვარს ადამიანის დაცვა, პატარაობიდან ვიყავი სიმართლის დამცველი. მაშინ ისეთი ენერგიული და მოუსვენარი ვიყავი, ჩემთან ურთიერთობა იოლი არ იყო – არავის არ ვასვენებდი, მარტო ერთი ძმაკაცი მიძლებდა. ძალაც მქონდა – სულ ტურნიკზე ვვარჯიშობდი. 11 წლისა გაყინულ ჩხალთაში გადავხტი  ჩემი თანასოფლელი ქალის გადასარჩენად. პატარა ვიყავი, მარტო ვერ გამოვიყვანდი, მაგრამ, იქვე უფროსები იყვნენ და ვიფიქრე, იმათ მივცემდი სტიმულს.  ასეც მოხდა – ბოლოს სამივემ  ერთად ამოვიყვანეთ  თაჯი დეიდა წყლიდან და გადავარჩინეთ. თუმცა, ამ პატიმრობამ მაგრად შემცვალა: მოთმინება ვისწავლე, ფიქრი.  საკანში მარტოს რა უნდა მეკეთებინა? ვიხსენებდი ყველაფერს, ყველა დეტალს, სად რა როგორ იყო. საფიქრალი დრო კი მქონდა. ვვარჯიშობდი კიდეც, რომ ჯანი არ დამეკარგა. იმდენი ვიმუშავე საკუთარ თავზე და ისე შევიცვალე, ჩემი ცოლი ვერ მცნობს; ეს შენ ხარო? – მეკითხება, როცა ხვდება, რომ ადვილად აღარ ვბრაზდები, აღარ გამოვდივარ წყობიდან. ახლა ხასიათი  ბევრად უფრო მშვიდი გამიხდა,  ყველა ნეგატივი მოვიშორე, ახალი ცხოვრებისთვის მომზადებული გამოვედი.

скачать dle 11.3