რა საოცრება აღმოაჩინეს რეზო მიშველაძის ნოველებში და რატომ ურტყამდნენ ქუთაისში ჭიშკარს თავს ის და როინ მეტრეველი
2015 წელი საიუბილეოა რუსთაველის პრემიის ლაურეტისა და საქართველოს სახალხო მწერლის, რევაზ მიშველაძისთვის – მას 75 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მისი რჩეული ნოველების 25-ტომეული გამოიცა.
რევაზ მიშველაძე: ორმოცდაათის რომ გავხდი, ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ სამოცდათხუთმეტის ვერ გავხდებოდი, ახლა სამოცდათხუთმეტი ზღვარი მგონია. შექსპირი რომ ამბობს: „სხვა რაღა დარჩა – საუკუნო სიმშვიდე მხოლოდ”... ჩვენ გახლავართ იმერელი აზნაურები. მეთექვსმეტე საუკუნიდან მოიხსენიება ჩვენი გვარი ისტორიულ წყაროებში. მერე გავხდით მტკიცე სამღვდელოება, იმდენად, რომ, ბაბუაჩემის ბაბუის ბაბუიდან დაწყებული, შვიდი თაობა სულ მღვდლები იყვნენ. ბაბუაჩემის მამაც მღვდელი გახლდათ. ქუთაისიდან, სასულიერო სემინარია რომ დაამთავრა, გაგზავნეს მარტვილში მღვდლად. მარტვილში დაფუძნდა მღვდელი ალექსი მიშველაძე, ბაბუაჩემის, ესტატე მიშველაძის მამა და ჩვენც, იმერლები, ნელ-ნელა გავმეგრელდით. ბაბუაც და მამაჩემიც დაიბადნენ, უმშვენიერესი სოფელია მარტვილში, თარგამეული ჰქვია, თამაკონი, იქ ვიზრდებოდი მეც 7 წლამდე. თარგამეული ხონთან არის ახლოს და გადმოსახლებული იმერლები სახლობენ. მეგრული ძალიან კარგად ვიცი ახლაც.
მე ამის შემფასებლად ვერ გამოვდგები, მაგრამ, ჩემი კრიტიკოსები წერენ, ქართული კარგად იცის და უამრავი ახალი სიტყვა აქვსო თავის ნოველებშიო, იმდენად, რომ, ერთმა დიდებულმა ენათმეცნიერმა, თენგიზ სანიკიძემ, დაწერა წიგნი – „რევაზ მიშველაძის ენის ლექსიკა” და ამ წიგნს დაურთო მის მიერვე შედგენილი ლექსიკონი ჩემი ნოველებიდან ამოკრებილი სიტყვებით და, თქვენ წარმოიდგინეთ, 2 000 სიტყვა იპოვა, რომლებიც არ არის ჩიქობავას ლექსიკონში შეტანილი. ესე იგი, მე რომ გამიცოცხლებია, ზოგი ძველი ქართულიდან წამომიღია, ზოგი მე თვითონ შემიქმნია კომპოზიტი, ზოგიც მეგრულში ხმარებული, მეგრული ძალიან მდიდარი ენაა ლექსიკურად – ესენი ამომიღია. დედა და მამა პედაგოგები იყვნენ: დედაჩემი, თინა გველესიანი, ქართულის მასწავლებელი იყო. 7 წლის ვიყავი, ქუთაისში რომ გადასახლდა ჩვენი ოჯახი. მამამ ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში დაამთავრა ასპირანტურა და იქ მუშაობდა, სანამ თბილისისკენ დავქაჩავდი ჩემს მშობლებს.
– თბილისში როგორ გაგრძელდა მიშველაძეების ოჯახის ცხოვრება?
– მამამ დაიწყო მუშაობა პედაგოგიურ ინსტიტუტში, მე ვსწავლობდი უნივერსიტეტში; დავამთავრე, იქვე ჩავაბარე ასპირანტურაში, იქვე დავიცავი ხარისხები: საკანდიდატო, სადოქტორო და კათედრის გამგე ვიყავი უნივერსიტეტში მთელი 30 წლის განმავლობაში. სულ 45 წელი ვკითხულობდი ლექციებს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გაუგონარი დანაშაული მოხდა – მან უნივერსიტეტი დაარბია.
– წლების შემდეგ ისევ დაბრუნდით უნივერსიტეტში...
– უნივერსიტეტის რექტორმა პაპავამ დამაბრუნა უნივერსიტეტში მეცნიერ-თანამშრომლად. ლექციებს აღარ ვკითხულობ – არ მინდა, ჩემს აღზრდილ ასპირანტებსა და დოქტორანტებს ჩავუჯდე და ლექციები წავართვა. სულ ორი წელი ვიყავი უმუშევარი, მერე დამიძახა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დიდებულმა მეცნიერმა არჩილ ფრანგიშვილმა და მიმიწვია ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ახლაც ვხელმძღვანელობ კულტუროლოგიის მიმართულებას და, მესამე ადგილზე ვმუშაობ კიდევ – მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ვარ.
– ის დღე თუ გახსოვთ, როდესაც პირველად მოხვდით მწერალთა სახლში?
– მაშინ 16 წლის ბიჭი ვიყავი. ლადო მრელაშვილმა გამიყვანა მწერალთა კავშირის ბაღში. იქ უზარმაზარი ფიჭვის ხე დგას. ალბათ ახლა 200 წლის მაინც იქნება და მის ძირში ვხედავ ორ კაცს: ერთს ახურავს ჭილოფის ქუდი, შავი პიჯაკი აცვია, პორტფელი იღლიაში აქვს ამოჩრილი, და ისე ზის; წინ უზის ბოხოხისქუდიანი, როგორ შეუსაბამობადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, პიჯაკიანი, ჰალსტუხიანი, ევროპულად გამოწყობილი მოხუცი, მკაცრი, მიმინოსებური თვალებით. გალაკტიონ ტაბიძეა ერთი, კონსტანტინე გამსახურდიაა მეორე. სადაური ხარო? – მკითხა გალაკტიონმა. ქუთაისიდან-მეთქი. ქუთაისში სად ცხოვრობ, ძამიკოო? ვუთხარი, ნინოშვილის ქუჩაზე-მეთქი. ნინოშვილი, ბაკისუბანში... ვიმალებოდი მანდ, – მითხრა პოეტმა. ვის ემალებოდი, გალაკტიონ? – კონსტანტინე გამსახურდიას გამოკვეთილი მეგრული აქცენტი ჰქონდა. ვის ვემალებოდი და, ვინც მეძებდა, ძამიკო; შენ კონსპირაცია დრენზდენსა და ბერლინში გულაობა გგონია, ასე არ იყო, ვიბრძოდით ჩვენ, ძამიკოო, – გალაკტიონმა. მერე კონსტანტინე გამსახურდიამ მკითხა, რა გვარი ხარო. მიშველაძე ვარ, – მისი კეთილგანწყობა მინდოდა და, მეგრელი ვარ-მეთქი, დავძინე. გაიცინა, – არაფერი მეგრელი შენ არა ხარ, შენ გაქუცული იმერელი აზნაური ხარო. მე ვუთხარი, როგორ, თამაკონი, თარგამეული მარტვილთან... ვიცი, მაგ ჩასახლებული არიან იმერლები. ვყოფილვარ. ისე, თვითონ სოფელი უძველესია, თარგამოსის სახელთანაა დაკავშირებული...
მერე ისე წავიდა ჩემი ცხოვრება, რომ მომიწია მეგობრობა ბევრ ცნობილ ადამიანთან. ჩემი პირადი მეგობრები იყვნენ: ლევან სანიკიძე, რასაც ჰქვია განუყრელი მეგობარი, შოთა ნიშნიანიძე, ზაურ ბოლქვაძე, გურამ ფანჯიკიძე, მორის ფოცხიშვილი.
– რას გაიხსენებთ მათთან ურთიერთობდან?
– მე და ლევანი სულ ერთად დავდიოდით. პირველ რიგში, ოჯახში რომ შევიდოდით, უპირველეს ყოვლისა, მივდიოდით წიგნის თაროსთან – ყურადღებით განებირებული მწერლები ვიყავით ორივე. ა, ბიჭო, – ლევანი მეტყოდა, – რომ გაიძახი, შენზე უფრო პოპულარული ვარო; ა, შეხედე წიგნის თაროს – „უქარქაშო ხმლები,” „უქარქაშო ხმლები”, აბა, სადაა მიშველაძის ნოველები? (იცინის). 70 პროცენტში ოჯახებისა, რომ მივიდოდით, მისი წიგნიც იყო და ჩემიც: აგერაა, აგერაცაა, – ვეტყოდი. ზოგან ჩემი არ არის, ლევანის არის. ვაი ამ ჭამას, ახლა როგორ გამოვძვრე... ქალბატონო, დავუძახებდი დიასახლისს. დიასახლისს ხაჭაპურის ფქვილში აქვს ხელი დასვრილი. მოვიდოდა – გისმენთ, ბატონო. მიშველაძის ნოველები აქ არ არის? რავა არ არისო, – მიპასუხებდა, – მიშველაძე, მიშველაძე... სად წევიდა?! უი, მოუპარიათ. აი, – ვეუბნებოდი ლევანს, – ჩემს წიგნებს იპარავენ, შენი ქე ყრია აგერ შტაბელებად (იცინის). მაინც მაჯობე, შე ჯიბგირო, მაინც გამოძვერიო, – მეტყოდა ხოლმე ლევანი სიცილით.
ერთხელ, მე და როინ მეტრეველი, 60 წელი რომ შეგვისრულდა, ქუთაისში მიგვიწვიეს და ჩვენს მშობლიურ სკოლაში იუბილე გადაგვიხადეს. დილით, რომ დამთავრდა ბანკეტი, როინს ვუთხარი, წავიდეთ და ჩვენი სახლები ვნახოთ ქუთაისში-მეთქი.
ჯერ ჩემს სახლთან მივედით. მე 17 წლის ვიყავი, ის სახლი რომ გავყიდეთ და წამოვედით, მას შემდეგ 40 წელზე მეტია გასული. როინი ეუბნება ჩემი ყოფილი სახლის მაშინდელ მეპატრონეს, ჩვენ შაშიაშვილმა გამოგვგზავნაო (შაშიაშვილი იყო მაშინ ქუთაისის მერი). ამ სახლში არის დაბადებული რევაზ მიშველაძე, ჩვენი სახელოვანი მწერალი და ეს სახლი უნდა შევიძინოთ, რათა მასში მიშველაძის სახლ-მუზეუმი გაკეთდესო. მასპინძელს წაკრული აქვს თავი, ეტყობა მთელი ღამის ნაქეიფარია. ბატონო, მე ეს სახლი მიშველაძეებიდან არ მიყიდია. მაგენმა მიჰყიდეს, სინაურიძეებს და მე სინაურიძეებმა მომყიდეს, მარგველაშვილი გახლავართო. კი, მაგრამ, მაგას რა მნიშვნელობა აქვს, თქვენ გვითხარით, ფული გადაგიხადოთ ფულად თუ სხვაგან გიყიდოთ მაგიერი: – ეუბნება როინი. მომცემთ ახლა თქვენ ბინას სადღაცა „ზასტავაზე”, რვასართულიანში მეშვიდე სართულზე. ბატონო, მე რომ გითხრათ სიმართლე, ეს სახლი გადავაკეთე: უბორნია ზალაში გადმევიტანე, საძინებელი – სამზარეულოში... ასე რომ, ის სახლი ისეთი აღარ არის, მიშველაძეების დროს რომ იყოო. მაგას რა მნიშვნელობა აქვსო, – ვითომ თავისას არ იშლიდა როინი, – სურათები არსებობს და აღვადგენთ მაშინდელ განლაგებასო. ერთს გეტყვით ახლა მე თქვენ, გვითხრა მაგველაშვილმა, ეგერ ყიდის სახლს გიორგაძე, ჭასთან მეოთხე სახლია აქედან, იყიდეთ ის და კაცი ვერ გეიგებს მიშველაძე აქ ცხოვრობდა თუ – იქო. რა სისულელეს ამბობთო შეიცხადა როინმა, მაგაზე ხომ დაგვიჭერენო. შეწუხდა მასპინძელი. აბა, მაშინ, ბატონო, 17 წლის იყო მიშველაძე, რომ წევიდა აქედან. კაი მწერალიაო, იძახიან, მაგრამ მე მაგისი არაფერი არ მაქვს წაკითხული; აწი, იქანა, თბილისში გაუხსენით სახლ-მუზეუმი, იქ ჯობიაო. არაო, – მაინც თავის აზრზე იყო ვითომ როინი. მე სიცილს ძლივს ვიკავებ. უცებ მოგვკიდა მარგველაშვილმა ორივეს ხელი და სასტუმრო ოთახში შეგვიყვანა, იქ ბავშვი წევს აკვანში. მიგვითითა: ბატონო, შვილიშვილია ეს ჩემი, 4 თვისაა ჯერ. ახლა, სიტყვაზე ვამბობ, რა იცით ეს რომ გეიზრდება, მიშველაძეზე ნაკლები გამოვა?! თუ უფრო დიდი კაცი გამევიდა, სა ვეძებო ამის სახლ-მუზეუმი მერე მე?! უკვე აღარ შეიძლებოდა იქ გაჩერება, მე და როინი გამოვედით, ჭიშკრებს ვურტყამდით თავს სიცილით, მარტო ქუთაისელს შეეძლო, გამოსავალი ეპოვა ასეთი სიტუაციიდან.