რატომ უწუნეხს სომხეთი საქართველოს პროევროპულ პოლიტიკას და რატომ ვერ ხედავენ საქართველოს ფუნქციას რეგიონში
მაშინ, როდესაც საქართველო კვლავ ევროინტეგრაციის გზაზეა და გული ისევ მიუწევს „ნატოსკენ“, ჩვენი მეზობელი სომხეთი, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირება უყოყმანოდ გაცვალა საბაჟო კავშირზე, უკვე ევრაზიული კავშირის წევრიცაა 2015 წლის იანვრიდან. თუმცა ამ ღირსშესანიშნავი თარიღიდან მალევე გიუმრიში საზარელი ტრაგედია მოხდა – რუსმა სამხედრო მოსამსახურემ მთლიანად ამოწყვიტა ადგილობრივი ოჯახი. რასაც სომხეთში უკმაყოფილება მოჰყვა, ვინაიდან რუსეთმა დამნაშავის სომხური მართლმსაჯულებისთვის გადაცემაზე უარი თქვა. ასე თუ ისე, სომხეთში ანტირუსული განწყობები მატულობს, თუმცა არა იმდენად, რომ სომხურ პოლიტიკაში გარდამტეხი ცვლილებები შეიტანოს. როგორ მოჩანს ქართული პოლიტიკა სომხეთიდან არსებული გეოპოლიტიკური სარფთხეების გათვალისწინებით? – ამ საკითხზე სომეხ პოლიტოლოგ მანველ სარგისიანს გავესაუბრეთ, რომელიც იმავდროულად, სომხეთის სტრატეგიული და ნაციონალური კვლევების ცენტრის დირექტორია.
– როგორ შეაფასებთ საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას?
– მე საკუთრივ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალყურს არ ვადევნებ, მაგრამ რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილს: აქ ყველა ფიქრობს, რომ სომხეთსა და საქართველოს სერიოზული პრობლემები არ აქვთ და საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის კურსი, ასევე, „ნატოსთან“ თანამშრომლობა, განსაკუთრებულ პრობლემებს არ ქმნის სომხეთისთვის. სომხეთი თვითონაც თანამშრომლობს „ნატოსთან“. სომხეთს არც კომუნიკაციების მხრივ აქვს პრობლემა საქართველოსთან, თუმცა სტრატეგიული თანამშრომლობის სხვა მნიშვნელოვანი სფერო არ ჩანს.
– ამას აქვს ობიექტური მიზეზები: თქვენ ჩვენი ოკუპანტი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი ხართ და ჩვენ სხვადასხვა სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებში ვართ გაერთიანებულები.
– რა თქმა უნდა და საერთოდაც, საქართველოს არ აქვს გამოკვეთილი პოლიტიკა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან უსაფრთხოების საკითხებში. მაგრამ საქართველოს პრობლემები რუსეთთან არ პროეცირდება სომხეთზე, მით უმეტეს, რომ სომხეთს ბოლო წლებია, პრობლემები უჩნდება რუსეთთან. მათ შორის, სამხედრო ბაზის და იმის გამო, რომ რუსეთი ბოლო 2 წელია, ინტენსიურად ამარაგებს აზერბაიჯანს იარაღით. ეს სერიოზული პრობლემაა.
– პრეტენზიას არ უყენებთ ამის გამო რუსეთს? ევრაზიული კავშირის წევრიც კი ხართ.
– რა თქმა უნდა. რუსეთის, „ოდეკაბეს“ მიმართ უკმაყოფილება იზრდება, მაგრამ ეს ჯერ არ გადაზრდილა პოლიტიკაში. ვითარება გაამწვავა გიუმრიში მომხდარმა ტრაგედიამ, რადგან ბევრს მიაჩნია, რომ რუსეთი არც ისე კორექტულად იქცევა. ამიტომ დიდი პოლემიკაა საზოგადოებრივ დონეზე.
– პოლიტიკურ დონეზე?
– პოლიტიკურ დონეზე არა, რადგან ხელისუფლება ცდილობს, ყველაფერი მიაჩუმათოს და მხარს უჭერს რუსეთს. შეიმჩნევა, რომ სომხეთის ხელისუფლებას არ უნდა, შევიდეს პოლემიკაში რუსეთთან ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობის მიუხედავადაც. ეს ქმნის ანტისახელისუფლო იმპულსს.
– თქვით, რომ რუსეთი კორექტულად არ მოიქცაო, თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ რუსეთი შესაძლოა, იყოს კორექტული პოლიტიკური პარტნიორი?
– მრავალი წლის განმავლობაში ბევრი ფიქრობდა, რომ რუსეთი მეგობრული ქვეყანაა და, ფაქტობრივად, ერთაერთი ქვეყანაა, რომელთანაც, ისტორიულად, გვაკავშირებს მეგობრობა. ამას ყველა უწევს ანგარიშს. სომხეთის ბევრი მოქალაქე მუშაობს რუსეთში და აგზავნის ფულს. ეს ფული თითქმის თითოეულ ოჯახამდე მიდის.
– თქვენგან ხშირად ისმის მოსაზრება, რომ თურქეთი ეწევა ექსპანსიურ პოლიტიკას საქართველოსადმი და არ გჯერათ თურქეთ-საქართველოს მეგობრობის. თურქული ექსპანსია რით განსხვავდება რუსული ექსპანსიისგან?
– თურქები თქვენთან ყველაფერს შეისყიდიან.
– სომხეთში ხომ უკვე შეისყიდა რუსეთმა ყველაფერი, რაც შესასყიდი იყო?
– თქვენთან მთელ ქვეყანას შეისყიდიან. მაგალითად, მთელ ზღვისპირეთს. თქვენ ხომ ვერ იტყვით, რომ თურქეთს არ აქვს დიდი პრეტენზია?!
– რუსეთს არ აქვს პრეტენზია?
– რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც უკან იხევს, თურქეთი კი, პირიქით, აღორძინების ეტაპზეა, რუსეთი ჩვენ თვალწინ სუსტდება და ეს ძალიან არსებითი მომენტია.
– თქვით, რომ რუსეთი სუსტდება, ამით ხომ არ არის განპირობებული სომხეთის არჩევანი? რაკი რუსეთი მაინც სუსტდება, ჩავყვეთ ევრაზიულ კავშირში, რომ ისევე არ გავირთულოთ ვითარება, როგორც საქართველომ და უკრაინამო?
– რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ესმის, რა ხდება. ადამიანები დღევანდელი დღით ცხოვრობენ და იმედი აქვთ, რომ როგორმე თავისით გადაივლის პრობლემები. რა, საქართველოში სხვანაირადაა?! თქვენთან უფრო პრინციპული ხალხი ცხოვრობს?!
– არა, მე ეს არც მითქვამს და არც მიგულისხმია: სხვა რამ გკითხეთ: გამოდის, რომ სომხეთმა უფრო უსაფრთხო გზა აირჩია, თუ მაინც დასუსტდება რუსეთი, რატომ უნდა გავირთულოთ ცხოვრებაო.
– სომხეთში ისეთი სიტუაცია არ არის, როგორიც საქართველოში. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ, თუ სომხეთი ევროასოცირებას მოაწერდა ხელს და არ შევიდოდა ევრაზიულ კავშირში, აქ მოხდებოდა ის, რაც მოხდა საქართველოში ან უკრაინაში. სომხეთი განსაკუთრებული ქვეყანაა, რადგან მხოლოდ აზერბაიჯანული ფაქტორის გამო დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის. აზერბაიჯანი რუსეთისთვის უარყოფითი ფაქტორია. რუსეთისთვის თურქეთი ყოველთვის მტერი იყო. ახლა გამოჩნდა აზერბაიჯანი, რომელიც, ასევე, რუსეთის მტერია. რუსეთში მყოფ ადამიანებს კი ესმით, ვინ არის მტერი და ვისი მანიპულირება შეუძლიათ. საქართველოში იგივე ხდება. საერთოდ, საქართველო საინტერესო ქვეყანაა.
– კერძოდ?
– საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს მკაფიოობა.
– ანუ არ გჯერათ საქართველოს პროდასავლურობის სურვილის და ორიენტაციის?
– რა არის პროდასავლურობა?! ეს მხოლოდ ფრაზაა. მაგრამ რას ნიშნავს პროდასავლურობა? ასეთი კითხვა მაქვს.
– მე მეკითხებით?
– დიახ.
– დასავლური ღირებულებებით, დასავლური სტანდარტებით ცხოვრებას. მეტს რას უნდა ნიშნავდეს?
– ღირებულებები გასაგებია. სხვათა შორის, სომხეთს შესაძლოა, უფრო მეტი დასავლური ღირებულება აქვს, ვიდრე საქართველოს.
– კონკრეტულად?
– სომხეთი ცხოვრობს ევროპული ღირებულებებით. ჩვენ ასე ვიყავით ისტორიულად, მაგრამ ეს არ ეხება პოლიტიკას. რით გამოიხატება საქართველოს ევროპული პოლიტიკა? ეს ძალიან საინტერესო საკითხია. როგორ არის ფორმულირებული საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია?! მაგალითად, ყარაბაღს აქვს თავისი ფორმულირებული პოლიტიკა – ის უნდა იყოს დამოუკიდებელი, იარსებოს აზერბაიჯანის მეზობლად. იმას ვამბობ, რომ ევროპული ღირებულებები ერთია, კონკრეტული პოლიტიკა – მეორე.
– ესე იგი, თქვენ ვერ ხედავთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ჰქონდეს პროდასავლური პოლიტიკა?
– ადამიანებს აქვთ სურვილი, რწმენა, მაგრამ რა ფუნქციებს იღებენ ისინი თავიანთ თავზე ამისთვის?! რის გაკეთებისთვის არიან თანახმანი იმისთვის, რომ დაიცვან ეს დასავლური ღირებულებები? აი, ესაა ძალიან საინტერესო. მაგალითად, ისრაელმა თავის თავზე აიღო ფუნქცია, რომ დაიცავს აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს. მათ შექმნეს არმია, დაზვერვა, ანუ კონკრეტული ქმედებები ჩაიდინეს.
– ისრაელი გარშემორტყმულია მისადმი უკიდურესად მტრულად განწყობილი მეზობლებით. იმის თქმა გინდათ, რომ საქართველოსთვის, მაგალითად, სომხეთი ასეთივე მტრული სახელმწიფოა?
– მაგალითად, თქვენ, ქართველებს შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ რამე პრობლემა ჩრდილოეთ კავკასიაში?! შეგიძლიათ იქ შესვლა, თუ რომელიმე საველე მეთაური დაემუქრება თქვენს ინტერესებს?
– როგორ შევალთ, ის ხომ რუსეთის ტერიტორიაა და ის აკონტროლებს?
– აი, აქედან იწყება პრობლემა. ისრაელი აფრიკაშიც კი წყვეტს პრობლემას. საქმე ისაა, რა ფუნქციებს იღებს ქვეყანა თავის თავზე. ვინ ხართ თქვენ ამ რეგიონში?
– იმის თქმა გინდათ, რომ მხოლოდ ისეთი სახელმწიფო შეიძლება, იყოს დასავლურად ორიენტირებული, რომელსაც აქვს ძალა? და, თუ ისეთი არმია გეყოლება, როგორიც ჰყავს ისრაელს, ვერ გავხდები დასავლური ტიპის ქვეყანა?
– ჯერ ერთი, რატომ არ გყავთ ასეთი არმია და, მეორე, რატომ არ განსაზღვრავთ თქვენი სახელმწიფოს ფუნქციას საგარეო პოლიტიკაში. შიდა დემოკრატია არის სახელმწიფოს ღერძი და ეს ღერძი უნდა შექმნა, მაგრამ, ამავდროულად, სახელმწიფო უნდა ასრულებდეს რაღაც როლს მსოფლიოში. ის უნდა წყვეტდეს პრობლემებს. რა საკითხებს წყვეტს საქართველო?!
– ალბათ, ისეთსავე საკითხებს, რასაც სომხეთი წყვეტს.
– სომხეთი საერთოდ არაფერს წყვეტს. ნარდს ვთამაშობთ და ხაშს მივირთმევთ... სომხეთი ყარაბაღის ხარჯზე იძენს ფუნქციას. საქართველო კი ტურისტებს იწვევს. მაგრამ, როგორც სახელმწიფო არ წყვეტს არაფერს დედამიწის ზურგზე. იმისთვის, რომ საინტერესო გახდე მსოფლიოსთვის, რაღაც საკითხი უნდა გადაწყვიტო. მაგალითად, აზერბაიჯანი რაღაცას მაინც ფაფხურობს – შეიარაღებას ყიდულობენ, რის გამოც მათ სომხები ხანდახან სჯიან. ანუ ისეთ პრობლემებს ქმნიან სომხები, რომ მსოფლიო ამას ამჩნევს. საქართველო კი რითაა დაკავებული? აკეთებს ეს ქვეყანა რამეს ისეთს, რაც მის მერკანტილურ ინტერესებს სცილდება?! არ აკეთებს! ერთადერთი რუსეთთან აქვს კონფლიქტი. იკონფლიქტეთ რამდენიც გინდათ, მაგრამ ამით ხომ პრობლემები არ წყდება?!
– მე ბუნდოვნად მესმის, რა პრობლემის გადაჭრაა ყარაბაღის კონფლიქტის პერიოდულად გაღვივება, მაგრამ საქართველოზე გამავალი ენერგოპროექტები არ არის ფუნქცია?
– დაუკეტეთ აზერბაიჯანს მილსადენები და გახდებით მსოფლიო პოლიტიკაში ფაქტორი.
– რატომ უნდა გადავუკეტოთ? სულელები ვართ?!
– იმიტომ რომ ეს საჭიროა. მაგალითად, ერაყელ ქურთებს 20-30 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და, როდესაც ისინი რაღაც დონემდე მივიდნენ, დასავლეთმა გადაწყვიტა, შეეიარაღებინა ქურთების არმია, რადგან ერაყელმა ქურთებმა აჩვენეს მთელ მსოფლიოს, რომ შეუძლიათ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. ამიტომაც დაინტერესდა ქურთებით მსოფლიო. საქართველომ კი რა შესთავაზა მსოფლიოს?! მხოლოდ რუსეთთან კონფლიქტი. ეს არის ერთადერთი, რითაც საქართველო იპყრობს მსოფლიოს ყურადღებას. მაგრამ რაში გჭირდებათ რუსეთთან კონფლიქტი? თქვენი ამოცანაა, ამ სიტუაციაში თქვენი ფუნქციის მოგონება. რაც მეტად გააგრძელებთ რუსეთთან კონფლიქტს, მით ვერაფერს მიიღებთ.
– და თუ არ გავაგრძელებთ, რას მივიღებთ?
– არ ვიცი… მაგრამ, მაგალითად, სომხეთი წყვეტს საკითხებს – სჯის აზერბაიჯანს ყარაბაღის არმიის ხარჯზე, როცა საჭიროა, ალიევს ყურებში ურტყამენ.
– და რას აძლევს სომხეთს, როგორც თქვენ ამბობთ, „ალიევსთვის ყურებში დარტყმა“?
– არ ვიცი, მაგრამ თქვენ მსოფლიოს მხოლოდ ელაპარაკებით, არადა რაღაც საქმით უნდა დაკავდეთ. მაგალითად, გააგზავნეთ სპეცრაზმი უკრაინაში.
– ამ რჩევას, აზერბაიჯანისთვის მილსადენების გადაკეტვის არ იყოს, რატომ გვაძლევთ, რომ რუსეთმა შემდეგ დაგვბომბოს?
– რა გააკეთეთ, რომ დაგბომბეს და წაგართვეს, რაც წაგართვეს?! სომხეთი ასჯერ უარეს სიტუაციაშია, ვიდრე საქართველო. თავის დროზე არსებობდა ერთიანი სომხურ-ქართული სამეფო, შეიძლება ამაზე დალაპარაკება. შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მსოფლიოს კი უყვარს აქტიური, ინიციატივიანი ხალხი, რომლებსაც, თუ რამეს გააკეთებენ, ისინი დაეხმარებიან. სომხეთი და საქართველო კი არაფერს აკეთებენ და მხოლოდ წუწუნებენ. ეს მსოფლიოს არ აინტერესებს. დალაპარაკებაა საჭირო, მშვიდად, კომპლექსების გარეშე, მაგრამ ეს რთული ამოცანაა ჩვენი სახელმწიფოებისთვის, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოებები ძველმოდური და დაკომპლექსებულია.