რამდენი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის მეუღლეს, მარინე მესხს
2005 წლის 23 თებერვლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონსტანტინე კუბლაშვილი, 1973 წლის 30 მარტსაა დაბადებული ტყიბულში. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია). მისი შრომითი კარიერა 1995 წელს იწყება ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტად, თუმცა, 1996 წელს სამუშაოდ საქართველოს პარლამენტში გადავიდა იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის ჯგუფის მთავარ სპეციალისტად. 1997 წელს იმავე დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების გამგე გახდა; 1998 წელს, შრომითი საქმიანობა სწავლის გამო, შეწყვიტა და 2000 წლამდე ჰანოვერის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლობდა, ხოლო 2000 წელს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრიც გახდა. იმავე წელსვე გადაიყვანეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ და, იმავდროულად, სამინისტროს საპარლამენტო მდივანიც იყო. 2002-2004 წლებში „ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის” იურიდიული ფირმის იურისტად მუშაობდა. 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „განვითარებისა და რეფორმების ფონდის“ მეურვეთა საბჭოს წევრად, მოგვიანებით კი ფონდის დირექტორადაც დაინიშნა; 2005 წლის მარტიდან დღემდე კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა.
კონსტანტინე კუბლაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2000 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო როგორც იუსტიციის საბჭოს წევრმა. იმხანად კონსტანტინე კუბლაშვილისა და მისი მეუღლის, 1969 წელს ვანში დაბადებული მარინე მესხის ქონება შემდეგნაირი იყო: კონსტანტინე კუბლაშვილს ეკუთვნოდა საცხოვრებელი ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მესამე კვარტალში, მარინე მესხს კი – პერსონალური კომპიუტერი „ტოშიბა“. 1999 წლის განმავლობაში კონსტანტინე კუბლაშვილი ენისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრში მუშაობდა ლექტორად (დეკლარაციაში ბ-ნი კუბლაშვილის სახელფასო შემოსავლები მითითებული არ არის). მარინე მესხი კი – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სადაც მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 1 640 აშშ დოლარის ეკვივალენტი შეადგინა ლარში. მარინე მესხმა, ასევე, აიღო 3 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოდან.“
იმის გათვალისწინებით, რომ ბ-ნმა კუბლაშვილმა ხანგრძლივი ჩინოვნიკური გზა განვლო, მან ამ ხნის განმავლობაში უამრავი დეკლარაცია შეავსო (სხვა რომ არაფერი, უკვე 10 წელია, თავმჯდომარეობს საქართველოს უზენაეს სასამართლოს), თუმცა ჩვენ მის მიერ შევსებულ მხოლოდ პირველსა და ბოლო დეკლარაციას შემოგთავაზებთ, რათა დავინახოთ, თუ როგორ აისახა სახელმწიფო სამსახური მის მატერიალურ და ქონებრივ მდგომარეობაზე.
ბ-ნი კუბლაშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2014 წლის თარიღდება, რომელიც მან, ბუნებრივია, შეავსო როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე და 2002 წელს დაბადებული ქალიშვილი – ანა-მარიამი. კონსტანტინე კუბლაშვილის საკუთრება კვლავ ზემოხსენებული საცხოვრებელი ბინაა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სამაგიეროდ, გაზრდილა მისი მეუღლის უძრავი ქონება. კერძოდ, ქ-ნი მესხის საკუთრებაა: ბინა თბილისში, პეკინის ქუჩაზე (ფართობი – 190.00 კვ.მ), მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარედ (ფართობი –1 500 კვ.მ), მიწის ნაკვეთი ოზურგეთის რაიონის სოფელ შრომაში (ფართობი – 160 კვ.მ), მიწის ნაკვეთი მცხეთის რაიონის სოფელ წოდორეთში (ფართობი – 1 400 კვ.მ) და იქვე მდებარე საცხოვრებელი სახლი (ფართობი – 110.00 კვ.მ).
ბანკში დეპოზიტი მხოლოდ ანა-მარიამ კუბლაშვილს აქვს გახსნილი, რომელზეც 15 350 აშშ დოლარი ერიცხება, ხოლო დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ კონსტანტინე კუბლაშვილს ჰქონდა – 10 000 ლარი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში კონსტანტინე კუბლაშვილმა, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლო თავმჯდომარემ, 127 300 ლარი აიღო; მარინე მესხმა, როგორც ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა – 49 400 ლარი, ხოლო, როგორც თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების პედაგოგმა – 3 000 ლარი.
რაც შეეხება გასავალს, იქიდან გამომდინარე, რომ ბ-ნი კუბლაშვილის მეუღლე პარალელურად სწავლობს, მას 2013 წლის განმავლობაში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში სწავლა 2 250 ლარი დაუჯდა, ბინის სარემონტო სამუშაოები კი – 7 200 ლარი.