როგორ დაიცავს მომხმარებლის უფლებებს მომხმარებელთა ომბუდსმენი, როგორ დარეგულირდება ქუჩაში დადებული ხელშეკრულებები და რატომ არის ქვითარი პროდუქტის ყიდვისა თუ მომსახურების მიღების დამადასტურებელი ერთადერთი საბუთი
ისე მოხდა, რომ საქართველო იმ იშვიათი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც უბრალოდ არ არსებობს კანონი მომხმარებელთა უფლებების შესახებ. 2011 წლის მაისში, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოში ზემოხსენებული კანონი გაუქმდა და ის ჩაანაცვლა ორმა კოდექსმა: სურსათის უვნებლობისა და თავისუფალი მომიქცევის შესახებ. თუმცა სურსათის უვნებლობის კოდექსი მხოლოდ ნაწილობრივ იცავს მომხმარებელთა უფლებებს. ამ მიზეზით, ერთ წელზე მეტია, მიმდინარეობს მუშაობა კანონის ახალი ვერსიის შექმნაზე, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივ საფუძვლებსა და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკას. კანონმა მომხმარებელი არა მხოლოდ უვარგისი პროდუქციისგან უნდა დაიცვას, არამედ გამყიდველის მიერ შეუსაბამო პროდუქციის მიწოდებისგანაც. კანონპროექტში გაწერილია როგორც მომხმარებლის უფლებები, ისე მისი ვალდებულებები და არაკეთილსინდისიერი გამყიდველებისგან თუ მომსახურების გამცემებისგან დაცვის მექანიზმები. კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძეც, შესაბამისად, ამ თემაზე დეტალური ინფორმაციის მიღებას სწორედ მისგან შევეცდებით.
– სანამ უშუალოდ მომხმარებელთა უფლებების შესახებ შემუშავებულ კანონპროექტზე გადავალთ, მინდა, დავაზუსტო, ბოლოს და ბოლოს, კანონი სჯის რეალიზატორებს ვადაგასული საკვები პროდუქციის გაყიდვის გამო?
– ვადაგასულ პროდუქციაზე დაწესებულია საჯარიმო სანქციები: 200-ლარიანი ჯარიმაა მცირე ბიუჯეტიანი მაღაზიისთვის და 500-ლარიანი დანარჩენებისთვის. მეტიც, თავად ვადაგასული პროდუქტებიც ექვემდებარება ამოღებასა და განადგურებას. რაც შეეხება კანონპროექტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ: რამდენიმე ექსპერტმა განაცხადა, რომ ეს არის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შედეგი, თუმცა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელობით შეკრებილი ჯგუფი ამ საკითხზე ერთი წელია, რაც მუშაობს. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ასევე, ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებსაც აქვთ პირდაპირი თუ ირიბი შეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროსთან. ამ ჯგუფმა ერთობლივად იმუშავა უშუალოდ ბატონი ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით და დაიწერა ახალი კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ.
– რა არის ამ კანონის არსი?
– კანონში ჩონჩხად გამოყენებული იქნა ევროდირექტივები და გაეროს რეზოლუცია მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. საფუძვლად ჩაიდო მომხმარებელთა უფლებების გაეროს რვა ძირითადი პრინციპი, რომლებშიც გათვალისწინებულია, რომ მომხმარებელს აქვს ჯანსაღ გარემოში არსებობის, პრეტენზიის გამოთქმის, ეკონომიკური ზარალის ანაზღაურების, ჯანმრთელობის, თავისუფალი არჩევნის გაკეთების, საარსებო მინიმუმის ქონის უფლებებები, პროდუქციასა და მომსახურებაზე სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიღების უფლება. თან, ვინაიდან კანონპროექტის შემუშავების პროცესში მონაწილეობას ვიღებდით საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც, ვეცადეთ, კანონი დაფუძნებოდა რეალობას, ანუ გაგვეთვალისწინებინა ის პრობლემები, რომელთა გადაჭრის თხოვნითაც მოგვმართავენ მოქალაქეები.
– კერძოდ, რა გაითვალისწინეთ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის რეალობიდან?
– კანონპროექტში ჩადებულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება, იცნოს ბათილად ქუჩაში დადებული ხელშეკრულება; არის მუხლები, რომლებიც არეგულირებს შეცდომაში შემყვანი რეკლამის შედეგებს; რომ მომხმარებელს აქვს თავისუფალი და გააზრებული არჩევნის გაკეთების უფლება და მან უნდა მიიღოს სრული ინფორმაცია შესაძენი პროდუქციის შესახებ. მაგალითად, თუ მომხმარებელი შეიძენს ნივთს და შემდეგ, სახლში მისული, აღმოაჩენს, რომ ნივთი არ არის ისეთი, როგორიც მოეჩვენა მას მაღაზიაში, იმიტომ რომ იქ, მაგალითად, იყო ცუდი განათება და ზუსტად ვერ დაინახა ფერი, თუ შეძენილი ნივთი არ იქნება დაზიანებული, ნახმარი, მომხმარებელს თან ექნება სალაროს აპარატის ქვითარი ან სხვა თანხმლები დოკუმენტაცია, რითაც დაადასტურებს ნასყიდობას, მას უკვე შეძენილი ნივთი შეეძლება, გადაცვალოს სათანადო ხარისხისა და ფასის ნივთზე, ან ფასნამატით გადაცვალოს სხვა ნივთზე, ან უბრალოდ დაიბრუნოს თავისი კუთვნილი თანხა უკან. როგორც ეს ხდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. მე მივესალმები ამ მუხლს, თუმცა კანონპროექტში დაშვებულია გამონაკლისიც. ეს არ შეეხება ისეთ პროდუქციას, რომელსაც შენახვისთვის სჭირდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი და, ასევე, მალფუჭებად პროდუქტს. მაგალითად, შესაძლოა, მომხმარებელმა შეიძინოს მედიკამენტები, რომლის შენახვისთვის აუცილებელია გარკვეული პირობების დაცვა, ასეთი პროდუქციის დაბრუნებას ის ვერ შეძლებს, მაგრამ, სამაგიეროდ, მომხმარებელს უკვე შეეძლება იმ პროდუქციის დაბრუნება, რომელიც სანაცვლოდ შესთავაზეს.
– ჩვენს აფთიაქებში სერიოზული პრობლემაა, როდესაც ეუბნები ერთ პრეპარატს და გთავაზობენ მეორეს, შემცვლელს.
– თუ აფთიაქი თავზე მოახვევს მომხმარებელს შემცვლელ მედიკამენტს, კანონპროექტით მომხმარებელს უკვე შეეძლება თავისი უფლებების დაცვა. ასევე, კანონპროექტში ჩადებულია მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ეხება ხელშეკრულებებს, რომლებშიც არ არის გათვალისწინებული ჩვენი, მომხმარებლების უფლებები. ეს, ძირითადად, ეხება ბანკებთან თუ მონოპოლისტ კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, როგორიცაა წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის მომწოდებელი კომპანიები. ხელშეკრულებებში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებები და თუკი ის ისეა შედგენილი, რომ ცალსახად მხოლოდ ბიზნესოპერატორის ინტერესია გათვალისწინებული და უგულებელყოფილია მომხმარებლის უფლება, ანუ თანაბარი უფლებებით არ სარგებლობენ მომსახურების მიმღები და გამწევი, ასეთი ხელშეკრულება შეიძლება, ბათილად გამოცხადდეს და ეს ძალიან კარგია, რადგან დღეს ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. არსებული რეალობა ჯერჯერობით ასეთია: თუკი მომხმარებელმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ის შეცდომაში შეიყვანეს სხვადასხვა ხრიკის გამოყენებით სერვისის წარმდგენებმა, მომხმარებელი უძლურია, დაიცვას თავისი უფლება და ზარალდება. ძალიან კარგი სიახლეა ის, რომ კანონპროექტში ჩადებულია მუხლი, რის მიხედვითაც უნდა შეიქმნას მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანო ანუ მომხმარებელთა ომბუდსმენი, რომელიც დაექვემდებარება პარლამენტს ან პრემიერმინისტრს. ის შეასრულებს მედიატორის როლს მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის და, ასევე, დაიცავს მომხმარებლის უფლებებს სასამართლოში. ბუნებრივია, მომხმარებელს ახლაც აქვს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება, მაგარმ გაცილებით ეფექტიანი იქნება ეს მიმართვა, როდესაც საქმეში ჩაერთვება ასეთი მაღალი კომპეტენციის ორგანო.
– რა იგულისხმება ქუჩაში დადებულ ხელშეკრულებაში?
– თუ გახსოვთ ერთი პერიოდი ძალიან მოდური იყო ძვირად ღირებული პროდუქტების შეთავაზება ქუჩაში, რომელსაც თავზე ახვევდნენ მომხმარებელს. ან, როდესაც მოდიან თქვენთან სახლში და გთავაზობენ რაღაც მომსახურებას, ან მეტროში.
– და როგორ დარეგულირდება, კანონპროექტით, ეს საკითხი, ისეთივე წესით, თითქოს მაღაზიაში შემეძინოს?
– დიახ.
– ქუჩაში პროდუქციის შეძენაზე ვრცელდება ეს ნორმა?
– ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდეთ, რომ, საქართველოს კანონმდებლობით, გარე ვაჭრობა აკრძალულია და ქუჩაში ვაჭრობა უნდა აღკვეთოს საპატრულო პოლიციამ. არსებობს საჯარიმო სანქციებიც დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, პირველ შემთხვევაში – 50-ლარიანი, მეორე შემთხვევაში – 100-ლარიანი და თუ სისტემატურ ხასიათს იღებს ერთი და იმავე პირის მიერ ანალოგიური დარღვევა, სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთასაც კი. ანუ ასეთ პირობებში არანაირი ხელშეკრულების დადებას აზრი არ აქვს, რადგან გამოდის, რომ კანონის დამრღვევთან დებ ხელშეკრულებას. სახელმწიფო ერთადერთი არეგულირებს სურსათის სფეროს: აგებს პასუხს სურსათის უვნებლობაზე და დგამს რეალურ ნაბიჯებს, მაგრამ გარე ვაჭრობას სურსათის უვნებლობის სააგენტო არ აკონტროლებს, რადგან ეს მის იურისდიქციაში არ შედის. ეს არის სამართალდარღვევის ფაქტი და თავისთავად ვერ დაევალება, კონტროლი განახორციელოს.
– როდესაც პროფილაქტიკაში მიმყავს ავტომანქანა შესაკეთებლად...
– ის არის სერვისის შემომთავაზებელი, რადგან ნებისმიერი პროფილაქტიკა დარეგისტრირებულია საგადასახადოში და მასთან ურთიერთობა რეგულირდება კანონით. ის შესრულებულ სამუშაოზე უნდა იძლეოდეს სალაროს ქვითარს და ეს სალაროს ქვითარი არის ხელშეკრულების დადების დამადასტურებელი დოკუმენტი.
– უნდა გამოვტყდე, რომ არასდროს მოუციათ სალაროს ქვითარი პროფილიქტიკაში, თუმცა არც მე მომითხოვია, თუ გულახდილად ვიტყვი.
– სწორად თქვით, არც მე მომითხოვია არასდროს სალაროს ქვითარი და ჩვენი დანაშაული არის ის, რომ ამით ვაძლევთ უფლებას ბიზნესოპერატორს, ჩვენი უფლებები უგულებელყონ და დაარღვიონ, იმიტომ რომ საჭიროების შემთხვევაში ვერაფრით დავადასტურებთ სერვისის მიღებას, თუ არ გვექნება ქვითარი. ამიტომ, თუ, მაგალითად, მე ვარ სერვისის არაკეთილსინდისიერი მიმწოდებელი და თქვენ გადამიხდით თანხას ისე, რომ არ მომთხოვთ ქვითარს, შემიძლია, ვთქვა, რომ თქვენთვის არანაირი მომსახურება არ გამიწევია, თუ გამოთქვამთ პრეტენზიას ჩემ მიერ შესრულებულ სამუშაოზე და ვერაფრით დამიმტკიცებთ, რომ ჩემგან მართლაც მიიღეთ მომსახურება, თუ არ გაქვთ ქვითარი.
– ანუ ქვითარი არის ერთადერთი საშუალება, რაც გვაძლევს უხარისხოდ გაწეული სერვისის ან უხარისხო საქონლის მოყიდვის შემთხვევაში გასაჩივრების უფლებას? თუ ქვითარი არ გვაქვს, ვერაფერსაც ვერ დავადასტურებთ?
– რა თქმა უნდა. თუ ქვითარი არ გვაქვს, ჩვენ ვერ ვადასტურებთ იმას, რომ რამე შევიძინეთ ან მომსახურება მივიღეთ. გეტყვით მარტივ მაგალითს: ალბათ, წაწყდომიხართ შემთხვევებს, როდესაც გზის პირას გამოტანილი აქვთ ხორცი გასაყიდად. ვთქვათ, მე ვიყიდე ეს ხორცი და მან დამიზიანა ჯანმრთელობა. მაქვს უფლება, დასახმარებლად მივმართო სურსათის უვნებლობის სააგენტოს? რა თქმა უნდა, არა და რატომ: რადგან მე გამყიდველს არ მოვთხოვე ფორმა ნომერი ორი, მე არ დავრწმუნდი, რომ ის იყო კეთილსაიმედო ხორცი, დავინახე, რომ ყველანაირი წესის დარღევევით იყიდებოდა, მაგრამ მივეცი საშუალება, ჩაედინა უკანონობა და მივაყოლე მეორე უკანონობა – მე თვითონაც შევიძინე ეს ხორცი. ამდენად, არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, საჩივარი შევიტანო სურსათის უვნებლობის სააგენტოში, ვინაიდან მე იმთავითვე შევუწყვე ხელი კანონის დარღვევას.
– თითქმის ყველა დიდ თუ საშუალო სუპერმარკეტში მინახავს, როდესაც ფქვილი, შაქარი, პეჩენიები, თუ მსგავსი პროდუქტები შეფუთვის გარეშე დევს, რაც ნიშნავს, რომ მათ ეყრება მტვერი. სავაჭრო ობიექტს არ ევალება, რომ დაიცვას შეუფუთავი პროდუქტი დაბინძურებისგან?
– ეს მეორე უკიდურესობაა: როდესაც სურსათის უვნებლობის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფი თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მონიტორინგის ჯგუფი წაიღებს ამ პროდუქციას, ლაბორატორიაში შეამოწმებს და აღმოაჩენს, რომ დაბინძურებულია, ეს იწვევს ბიზნესოპერატორის გაკვირვებას. არადა, პროდუქტის არასათანადოდ შენახვა აზიანებს არა მხოლოდ მომხმარებელს, რადგან მან უვარგისი პროდუქტი იყიდა, არამედ ბიზნესოპერატორსაც, რომელმაც დაამზადა თუ შემოიტანა ეს პროდუქცია წესების დაცვით, მაგრამ იმის გამო, რომ რეალიზატორმა არ დაიცვა პროდუქციის შენახვის პირობები, ის გაფუჭდა. ანუ ამ შემთხვევაში რეალიზატორი აზარალებს მომხმარებლის ჯანმრთელობასაც და ბიზნესოპერატორის იმიჯსაც.