კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დამატებითი საფრთხე ემუქრება საქართველოს ისლამური ხალიფატისგან და როგორ მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე მათი კუთვნილი ნარკოტიკი, სახელად „ალაჰის ცრემლები“

თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში მსოფლიოს ყურადღება უკრაინის კონფლიქტისადმია მიპყრობილი, საერთო საფრთხე ისლამური ტერორისტული სახელმწიფოს სახით მოევლინა დედამიწას. იმდენად, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ ეს ტერორისტული წარმონაქმნი იარაღის ძალით უნდა განადგურდეს, რასაც მხარი თვით მუსლიმანური სახელმწიფოების ნაწილმაც კი დაუჭირა. ის, რაც საფრთხეა ცივილიზებული სამყაროსთვის, ბუნებრივია, საფრთხეა საქართველოსთვისაც; მაგრამ, გარდა ამ ზოგადი კონტექსტისა, გამომდინარე ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობიდან, დამატებით რა საფრთხეს შეიცავს საქართველოსთვის ხსენებული ტერორისტული წარმონაქმნი? – თემას პოლიტოლოგთან, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორთან, ვახტანგ მაისაიასთან ერთად განვიხილავთ.

– რაც შეეხება საფრთხეებს: საქართველო, გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, ძალიან ახლოსაა ისლამური ხალიფატის მიერ გამოცხადებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნისგან. და თურქეთი არის ერთგვარი შავი სატრანზიტო ხვრელი, საიდანაც გადაადგილდებიან მებრძოლები, ფინანსები, იარაღი და, ასევე, ხდება ნავთობპროდუქტების უკანონო ექსპორტი.
– კონტრაბანდას ეწევიან ტერორისტები?
– დიახ, სწორედ ნავთობის კონტრაბანდით ისლამურ ხალიფატში დღეში 3 მილიონი დოლარი შედის და ეს ხორციელდება სხვადასხვა სქემით.
– ვის ნავთობს აწვდიან და ვინ ყიდულობს მათგან ნავთობს?
– ისინი ამ ნავთობს მოიპოვებენ ერაყის მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც ბევრი სანავთობო ჭაბურღილია. ისლამურმა ხალიფატმა შექმნა საკმაოდ მწყობრი სახელმწიფო-ეკონომიკური სისტემა. ისინი ამუშავებენ ამ ჭაბურღილებს, რაშიც იყენებენ მონურ შრომასაც, თუმცა ეს არ არის მათი ერთადერთი შემოსავალი. ისინი თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში დარეგისტრირებული სხვადასხვა ფირმის მეშვეობით ახორციელებენ ამ ნავთობის ექსპორტს სხვადასხვა სახელმწიფოში. გააქვთ ცისტერნებით, კონტეინერებით, რომლებიც გარკეული ფირმების სახელზეა რეგისტრირებული და რომლებიც ამ ნავთობის რეალიზაციას ეწევიან საერთაშორისო ბაზრებზე. შემთხვევითი არ არის, რომ გასულ კვირას გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო სპეციალური დადგენილება ისლამური ხალიფატის დაფინანსების წყაროების შესახებ. ისლამური ხალიფატი შემოსავალს, ასევე, იღებს იარაღით უკანონო ვაჭრობიდან, მძევლების აყვანიდან და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ თანხის აღებიდან.
– იარაღი საიდან აქვთ?
– იარაღი იმდენი აქვთ, რამდენიც გაუხარდებათ. ასევე, მათი შემოსავლის წყაროა ნარკოტიკებით ვაჭრობა. იცით, რომ საქართველოც მოექცა ნარკოტრანზიტის შავ ზოლში და „თალიბანის“ ნარკოტიკი გადიოდა საქართველოს ტერიტორიის გავლით. ეს პირველად მე ვთქვი და დავასახელე კიდეც იმ ნარკოტიკის სრული სახელწოდება –  ეს არის სპეციფიკური ნარკოტიკი, რომელსაც უწოდებენ „ალაჰის ცრემლებს“.
– როგორი პოეტური სახელი დაურქმევიათ?!
– 2013 წლის ივნისში ჩვენს საგუშაგოს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, თავს სწორედ „თალიბანის“ ნარკოკარტელის ჯგუფი დაესხა, რადგან ჩვენი პოსტი იდგა მთავარ გზაზე, რომელიც ჰელმანის პროვინციას უკავშირებს კარაჩის პორტს, რომელიც მთავარი ნარკოსატრანზიტო მაგისტრალია. მიხეილ სააკაშვილის მინუსი ისიც იყო, რომ ჩვენი სამხედროები ჰელმანდის პროვინციაში, ხდებოდნენ არა მხოლოდ „თალიბანისა“ და „ალ-ქაედას“, არამედ ნარკოკარტელების დარტყმის სამიზნეც. იმის თქმა მინდა, თუ რამდენად მძლავრად მუშაობს ისლამური ნარკოტიკების ფაქტორი. ისლამური ხალიფატი არ არის მხოლოდ ტერორისტული ორგანიზაცია, ეს არის ქსელური გაერთიანება, ერთგვარი კოალიცია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე მძლავრ ორგანიზაციას. ამაში, უპირველსად, იგულისხმება „თალიბანი“, რომელიც გამოეყო „ალ-ქაედას“ ქსელს და შემდეგ უკვე ამ გაერთიანებას მიუერთდა 44 ისლამისტური გაერთიანება და ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ სხვადასხვა მიმართულებით. ბირთვი არის ისლამური ხალიფატი, რომელიც ეპიცენტრია ყველა იმ ოპერაციის, რომლებიც ხორციელდება ამ ალიანსის ეგიდით. მათ მიერვე განხორციელდა, „შარლი ებდოს“ ოპერაციაც.
საინტერესოა, რომ ისლმურმა ხალიფატმა გაააქტიურა თავისი მოქმედება კავკასიის მიმართულებით და ჩრდილო კავკასიაში დაიწყო თავისი კლასტერების შექმნა. მაგალითად, ასეთი კლასტერი უკვე შეიქმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე  – აფხაზეთში, სადაც არის ისლამური ხალიფატის 50-კაციანი იატაკქვეშა ორგანიზაცია. იმ მებრძოლების 60 პროცენტი, რომლებიც იბრძოდნენ კავკასიის ისლამური ემირატის ეგიდით,  უკვე გადავიდა უშუალოდ ისლამური ხალიფატის დაქვემდებარების ქვეშ და მათ ფიცი მისცეს ალ-ბაღდადს. სხვათა შორის, ისლამურ ხალიფატში ოფიციალურ ენად სამი ენაა გამოცხადებული: თურქული, არაბული და რუსული.
– რუსი პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები ისლამური ხალიფატის ხელმძღვანელობაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამ დროს იმას არ ითვლის, იქ რუსეთის რამდენი მოქალაქეა.
– ისლამურ ხალიფატში რუსეთის 2 500 მოქალაქე, მათ შორის, გარდა ჩრდილოკავკასიელებისა, არიან, ბაშკირელი თათრები. ქართული კლასტერი ყველაზე მცირერიცხოვანია –  300 ადამიანს ითვლის. აზერბაიჯანული კლასტერი –  500-კაციანია.
– სომხური არ იქნება.
– არა, არ არის, მაგრამ მძლავრი ჩერქეზული და დაღესტნური შემადგენლობაა. ჩრდილო კავკასია საკმაოდ სოლიდურადაა წარმოდგენილი ხალიფატში. გავლენიანი საველე მეთაურებიდან 5 ქართული წარმოშობისაა, თარხან ბათირაშვილის გარდა. იქ კიდევ არის საკმაოდ გავლენიანი საველე მეთაური, რომელიც ცოტა ჩრდილშია, მაგრამ, რეალურად, კავკასიის მიმართულებას, კავკასიიდან ახალგადმოსულ ჯგუფებს კურირებს. ფაქტობრივად, არის კავკასიური მიმართულების ამირა, ვგულისხმობ მუსლიმ მურად მარგოშვილს.
– ქისტია?
– რუსეთის მოქალაქეა, თუმცა დაბადებულია პანკისში, მაგრამ იზრდებოდა ჩეჩნეთში, მონაწილეობას იღებდა ჩეჩნეთის პირველ და მეორე კამპანიაში. გავლილი აქვს სპეციალური მომზადების ექვსთვიანი კურსი და 2-თვიანი კურსი პაკისტანში, „თალიბების“ ბაზაზე, მისი „ნიკნეიმია“ აბუ-ვალიდი და საკმაოდ ძლიერი ფიგურაა. სხვათა შორის, გამოჩნდა მეორე საკმაოდ ძლიერი ფიგურა –  ახმედ ჩატაევი, რომელმაც ახლახან ვიდეომიმართვა გაავრცელა და ჩრდილო კავკასიის რეგიონში  მოქმედ მებრძოლებს მოუწოდა, გადასულიყვნენ ხალიფატის მხარეს. როგორც ჩანს, მან ჩაიბარა კავკასიის მიმართულება და სწორედ ახმედ ჩატაევი იქნება კავკასიაში ისლამური ხალიფატის ქსელის ხელმძღვანელი. იცით, რომ ახმედ ჩატაევი იყო ლაფანყურის ოპერაციის მონაწილე და ცალკე საუბრის თემაა, რა ვითარებაში გაათავისუფლა ის სასამართლომ  და როგორ მოხვდა ისლამური ხალიფატის „ლიდერშიფში“. მეტიც, როგორ მოხვდა ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ გადარჩენილი 4 მებრძოლი ისევ ისლამური ხალიფატის შემადგენლობაში.
– ცნობილია ის თურქული ქალაქი, საიდანაც მებრძოლები გადადიან ერაყში, რომ მოხვდნენ ისლამურ ხალიფატში, როგორ მოძრაობს, თურმე, კონტრაბანდული ნავთობი, იარაღი, ნარკოტიკი. თურქეთის ხელისუფლება ამას ვერ აკონტროლებს თუ უბრალოდ არ აკონტროლებს?
– ეს მართლაც საყურადღებო საკითხია, თურქეთის ხელისუფლება ამას ერთგვარად ნეიტრალური მხარის პოზიციიდან უყურებს: ისლამური ხალიფატი ებრძვის ასადის რეჟიმს, რომელიც თურქეთისთვის თავიდან მოსაშორებელი, სისხლიანი რეჟიმია, რადგან ასადის რეჟიმი პირდაპირ ეხმარებოდა ქურთების მუშათა პარტიას, აძლევდა იარაღს, ბაზებს, უთმობდა კომუნიკაციებს და, ბუნებრივია, თურქეთი ხალიფატის მეშვეობით ერთგვარად ებრძვის ქურთულ სეპარატიზმს. ამასთან, ასადის ჩამოგდება ნიშნავს ირანის პოზიციის გაძლიერებასაც. თუმცა ისლამური ხალიფატი ისე რადიკალურად მოქმედებს, რაც კაცობრიობის ისტორიაში არ გაუკეთებია არც ერთ მოძალადე პოლიტიკურ ძალას: ცოცხლად დაწვეს სამხედრო პილოტი, დახვრიტეს ბავშვები სრულიად უმიზეზოდ, მასობრივად ანადგურებენ ბავშვებსა და ქალებს, რაც ისლამის ყოველგვარ ნორმას ეწინააღმდეგება. მეორე მხრივ, თურქეთი ისლამურ ხალიფატს შიშითაც უყურებს, იმიტომ რომ ისინი შეიძლება, ყველაფერზე წავიდნენ, თურქი დიპლომატებიც კი აიყვანეს მძევლად, ამიტომ მათ ერიდება თურქეთი, მით უმეტეს, რომ ხალიფატი უკვე მის საზღვართანაა მისული. არადა, ისლამური ხალიფატი საკმაოდ ძლიერ სამხედრო ძალას წარმოადგენს, მის რიგებში 100 000-მდე მებრძოლია. მათ აქვთ მძიმე შეიარაღებაც და ავიაციის კომპონენტიც. ეს არის კარგად ორგანიზებული, ასიმეტრიული სამხედრო ოპერაციებისთვის შექმნილი სამხედრო რაზმები და არავინ იცის, რა მიმართულებით დაარტყამენ. ასე რომ, ბუნებრივია, თურქეთი ცდილობს მოულოდნელი დარტყმების საშიშროების თავიდან აცილებას. რა თქმა უნდა, თურქეთი კოალიციის აქტიური წევრია, მაგრამ, იმავდროულად, ცდილობს, არ მოახდინოს კონფრონტაცია ისლამურ ხალიფატთან იმ მოსაზრებების გათვალისწინებით, რაც ჩამოვთვალე.
– თქვით, რომ საქართველოს, დაახლოებით, 300 მოქალაქეა წარმოდგენილი ხალიფატის არმიაში, 5 კი მაღალ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაშია. ეს ჩვენთვის ერთგვარი ლობია თუ, პირიქით, უფრო ხარისხიანად დანაყვის საფუძველი?
– გამოიყოფა ორი მიმართულება: ერთი, რომელიც საქართველოს განიხილავს, როგორც სატრანზიტო ტერიტორიას და არ აქვთ საქართველოსადმი მტრული დამოკიდებულება. მართალია, ხალიფატი ტერორისტული ორგანიზაციაა, მაგრამ იქაც არის ფაქტორი დანდობის ხარისხი. მაგრამ გამოჩნდა მეორე ჯგუფი, რომლებიც რადიკალურად არიან განწყობილები საქართველოსადმი და ყველაფერზე წავლენ, რომ საქართველოში რაღაც დესტრუქციული ქმედება განახორციელონ.
 – რა უნდათ, გავმუსლიმანდეთ, დავიხოცოთ თუ ფეხები ვუკოცნოთ?
– გახსოვთ ალბათ, თამაზ ჭიღლაძის განცხადებები, რომელიც ხალიფატის საველე მეთაურია. ის ამას არ იტყოდა, მის უკან რომ გავლენიანი ძალის მქონე არ იდგეს. მაგრამ არ მგონია, ეს მოდიოდეს თარხან ბათირაშვილისგან. ამ რადიკალური დაჯგუფებისთვის საქართველო არ წარმოადგენს დედასამშობლოს. მე ამ მიმართულებად მივიჩნევ ჩატაევ-ჭიღლაძის დაჯგუფებას. მათ, ორივეს, აქვთ პირადი მოტივები საქართველოსადმი. ეს საკმაოდ საშიში მომენტია და ჭიღლაძის განცხადებიდან ჩანდა ეს პირადი მოტივები.
– მაგრამ ძალიან უღირსი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა მან ამ მუქარით.
– ის დაიმუქრა იმ კონტექსტში, რაც მას შეეძლო. მან ორი მუქარა შემოგვითვალა და შეგვახსენა ლაფანყურის სპეცოპერაცია და საქართველოში მომხდარი რელიგიური დაპირისპირებაც გაიხსენა. ეს შემთხვევითი არ არის. ჭიღლაძის მუქარის მეორე დღეს მიმართა ახმედ ჩატაევმა ჩრდილო კავკასიელებს, რომ დამორჩილებოდნენ ისლამურ ხალიფატს. ამის გათვალისწინებით, უკვე შესაძლოა საქართველო გადაიქცეს შავ სატრანზიტო ხვრელად და ხალიფატმა საქართველოს გავლით განახორციელოს მებრძოლების ტრანზიტი და კავკასიური იმარატის გადმობირება საკუთარ მხარეზე. შემდეგ კი კავკასიური იმირატის საფუძვლეზე დაიწყოს აქტიური ქმედებები კავკასიის მიმართულებით. ანუ გახსნას მესამე ფრონტი. ამას გარდა, ისლამური ხალიფატის მებრძოლები უკვე გამოჩნდნენ ავღანეთშიც: თუმცა „თალიბანი“  მათი სტრატეგიული მოკავშირეა, ავღანეთში საკუთრივ ხალიფატის კონკრეტული ჯგუფები გამოჩნდნენ. ირანშიც მოქმედებს ხალიფატის ძლიერი დაჯგუფება, რომელსაც დაღესტნელი მეთაური ხელმძღვანელობს. შესაბამისად, ცენტრალური აზიის ათვისებაც დაიწყეს და ფერღანის ველზე გააქტიურდა მათი მომხრე ჯგუფები, ანუ ცენტრალურ აზიაშიც გაშალეს ფრონის ხაზი და ახლა კავკასიის ჯერიც მოვიდა. ჯერჯერობით ჩრდილოეთ კავკასიის იმირატის ხელმძღვანელობა მთლიანად არ არის გადასული ისლამური ხალიფატის შემადგენლობაში, მათი მხოლოდ 60 პროცენტი  გადავიდა, მაგრამ, თუ კავკასიის იმირატი გადავა, ხალიფატი დაიწყებს თავისი ბირთვის შექმნას ჩრდილოეთ  კავკასიაში.
– და ჩვენ, ფაქტობრივად, ალყაში ვექცევით.
– მაშინ საქართველო იქცევა სატრანზიტო შავი ხვრელის მოდელად. ჩრდილო კავკასიიდან შეეცდებიან ხალიფატის გავლენის გავრცელებას რუსეთის დანარჩენ ტერიტორიაზე –  20 მილიონი მუსლიმანის მხარდაჭერა სოლიდური ნიშაა. შემდეგ უკვე უკრაინა და ევროპის მიმართულება;  ანუ შესაძლოა, საქართველო გამოიყენონ, როგორც სატრანზიტო პუნქტი, სამხრეთიდან-ჩრდილოეთისკენ და აღმოსავლეთიდან –   დასავლეთისკენ. შემთხვევითი არ ყოფილა, როდესაც თავის დროზე, 2008-2012 წლებში, ფოთის პორტით დაინტერესდა საუდის არაბეთის კომპანიები და თვით ადნან ხაშინი, ცნობილი იარაღის უკანონო მოვაჭრე და „ალ-ქაედას“ ერთ-ერთი დამფინანსებელი. ამდენად, შემთხვევითი არ არის ჭიღლაძის, ანუ აჭარული კომპონენტი ხალიფატში, ესე იგი, ბათუმსაც ანიჭებენ დატვირთვას. ყველა ეს ფაქტორი, ერთად აღებული, ქმნის წინაპირობას, რომ ეს საფრთხე რეალურია.

скачать dle 11.3