სხვისი სისხლით
ანუ ღობეს ჩხირი
მაშინ, როდესაც გერმანიისა და საფრანგეთის მოქმედი პირველი პირები, ქ-ნი მერკელი და ბ-ნი ოლანდი, თვით მოსკოვში ეწვივნენ პრ. პუტინს უკრაინის საკითხზე მოსალაპარაკებლად, თუმცა მანამდე მოჰფინეს ნათელი საკითხს, რომ ევროკავშირი უკრაინას იარაღს არ მიაწვდიდა (იმიტომ რომ, სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი), საფრანგეთის ყოფილმა პრ.-მა და ჩვენი, 2008 წლის ომის მთავარმა საერთაშორისო ფიგურანტმა ბ-ნმა სარკოზიმ თავისი პარტიის ყრილობაზე გაგვიმხილა, რომ ყირიმმა რუსეთი აირჩია და ამიტომაც მას ვერ დავადანაშაულებთო. საკუთარი მოსაზარება კი შემდეგი არგუმენტით გაამყარა: „თუკი კოსოვოს გააჩნია უფლება, სერბეთისგან დამოუკიდებელი იყოს, მაშინ, როგორ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ ყირიმს არ აქვს უფლება, დატოვოს უკრაინა და შეუერთდეს რუსეთს.“
ლოგიკა ბებრულად რკინისებურია, მით უფრო, რომ, ბ-ნი სარკოზის აზრით, რუსეთსა და ევროპას შორის უთანხმოება ამერიკელების სურვილია, მაგრამ „ჩვენ არ გვინდა ახალი ცივი ომი ევროპასა და რუსეთს შორის.“
მის ამ ფრაზას ყრილობაზე თანაპარტიელთა მქუხარე ტაში მოჰყოლია, როგორც იმას, რომ უკრაინის ადგილი არც „ნატოშია“ და არც ევროკავშირში (რაც თავისთავად, ნიშნავს, რომ იმავეს ფიქრობს საქართველოზე).“
თუმცა იქვე არც ის დაუმალავს, რომ უკრაინამ, თურმე, ხიდის ფუნქცია უნდა შეასრულოს მოსკოვსა და ევროპას შორის, რაც იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, უკრაინის ერთი ნაგლეჯით (აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინა მაქვს მხედველობაში) რუსეთს მადას დაუოკებენ, დარჩენილით (ანუ დასავლეთ უკრაინით) კი რუსეთთანვე ბუფერს შეიქმნიან. –