დაცურებული
ანუ მცურავი ლარი
იმ მარტივი მიზეზით, რომ ამ ჩვენს ლარს მცურავი კურსი აქვს (ეს სუფთა ეკონომიკური ტერმინია და იმას ნიშნავს, რომ ლარი თავისუფალ ფრენაშია, თუმცა ამჟამად ამ ფრენამ ვარდნის სახე მიიღო), ისე ღრმად შეცურა, რომ ლამის გაღმა გავიდეს (იმედია, მთლად მარილზეც არა).
ოღონდ, ამ სამწუხარო რეალობის მიუხედავადაც, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვით, არც მეტი, არც ნაკლები, 23 მილიონ 192 ათასი ლარის მოგება მიიღეს. –
გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა ეს ამბავი ლარის დაცურებამდე. ასე, მაგალითად, 2014 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების მოგებამ იმავე ვალუტის ყიდვა-გაყიდვით 5 მილიონ 514 ათასი ლარი შეადგინა, ოქტომბერში კი – 5 მილიონი.
ეს მონაცემები მოწმობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ამ ჩვენი მშობლიური ბანკებისთვის ჟანგბადივითაა. თუ საკითხს რომაული პრინციპით მივუდგებით – დამნაშავე ის არის, ვინც ხეირობსო – გამოდის, რომ ეს ჩვენი ბანკები ხელს ითბობენ ჩვენს შეჭირვებაზე, თუმცა, თუ საკითხს საქართველოს კანონმდებლობით შევხედავთ, ისინი არაფერსაც არ არღვევენ.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ საბანკო სექტორი ის სფეროა, რომელიც ყოველთვის მოგებულია და, არ გამოვრიცხავ, რომ თვით მეორედ მოსვლითაც კი იხეირონ, მით უფრო, რომ ფული თვით ჯოჯოხეთსაც ანათებსო (ამ მცურავი ლარის დევნაში კი, ვატყობ, იმდენს დააგროვებენ, ბარე ათი ჯოჯოხეთი „გაანათონ“). –