მარადიული სიცოცხლის შანსი
ანუ „აგი ულვაში მომპარსე“
იმის გათვალისწინებით, რომ სრულიად საქართველოს ინტერნეტმომხმარებელი საზოგადოება აქტიურადაა ჩართული სოციალურ ქსელში, ან კი როგორ არ იქნება, უფრო ზუსტად, არ ვიქნებით, როდესაც ვირტუალურმა სივრცემ ჩვენი მოსაზრებების საჯაროდ გამოხატვის საშუალება მოგვცა, თან ისე, როგორც გაგვიხარდება?!
შესაბამისად, შესაძლებლობა ხელიდან არ გაგვიშვია და აწ უკვე არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის, მსოფლიოს პრობლემებს ვაწესრიგებთ, და მერე რა, რომ ხშირად დაახლოებით ასეთი პასოსით: „– თურქეთის პოლიტიკა რაღაც არ მომწონს ამ ბოლო დროს, ჩემო ილარიონ! – მაგი ისეთი ჟულიკია, თუ შეატყო, გაჭირდაო, ისევ გერმანიას გამოუცხადებს ომს. – გაჩერდი, კაცო! – აგერ ვარ მე და აგერაა გერმანია, აგი ულვაში მომპარსე, თუ ასე არ ქნას!“ –
ამასობაში კი „ფეისბუქმა“ ახალი ფუნქცია დააანონსა, რაც, სხვების არ ვიცი და, სახელდობრ, ჩვენ (თუკი სოციალური ქსელებისადმი ჩვენს ლტოლვა-ჟინს გავითვალისწინებთ) იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ავირჩიოთ „მემკვიდრე“ (ანუ, ფაქტობრივად, უგვირგვინო მეფეებადაც შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ თავი). მომხმარებელი თავად ირჩევს მემკვიდრეს „შავი დღისთვის“, რომელიც უფლებამოსილი იქნება, მომხმარებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მოქმედებები განახორციელოს მის „თაიმლაინზე“.
ასე განსაჯეთ, როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეეძლება, გამოაქვეყნოს პოსტი დაკრძალვის შესახებ და, თუმცა ვირტუალური მემკვიდრე ვერ შეძლებს, ნახოს იმქვეყნად გადასული მომხმარებლის პირადი მიმოწერა, სამაგიეროდ, შეძლებს ახალი მეგობრების დამატებას, პროფილისა და „ქავერის“ ფოტოების შეცვლას და ახალ მეგობრებთან პირად საუბარს.
ერთი სიტყვით, თუკი აქამომდე შესაძლებელი მხოლოდ პროფილის „გაყინვა“ იყო, აწ უკვე, როგორც კი სულს მიაბარებთ გამჩენს (100 წლის შემდეგ) ჩვენ მიერ არჩეული „მემკვიდრე“ შეუდგება დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
ჩვენ არ ვიცით, რამდენად შეამსუბუქებს სიკვდილ-სიცოცხლის დრამას ეს ნოვაცია, თუმცა ფაქტია, რომ ამიერიდან ჩვენი სახელის უკვდავყოფის საშუალებაც მოგვეცემა, სულაც, სახლიდან გაუსვლელად და, ასე განსაჯეთ, თვით იმქვეყნიდანაც კი.
P. S. „გერმანია რას უჩივა? – ორჯერ გადასცა რადიოთი, ავიღე სტალინგრადიო, მარა, იაპონიას მოატყუებს მაგი? ზემოთ რომაა, ერთი იმხელა მიწაშია.“