სამწუხარო დეჟავუ
„ამ ქალბატონს მე გავჩხრეკ“
იმ მარტივი მიზეზით, რომ რფ უკრაინაში საქართველოში აპრობირებული სცენარით მოქმედებს (თვით ხელშეკრულებების პათოსსაც კი არ ცვლის და, ბუნებრივია, არც შინაარსს), იმდენად, რომ სრული დეჟავუ გვაქვს.
შესაბამისად, უკრაინაშიც ისეთი „ღონიერი“ სეპარატისტები არიან (ჩვენებურების არ იყოს), რომ უპრობლემოდ ერევიან უკრაინის ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებს. ისიც ფაქტია, რომ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას იღებენ რუსი სამხედრო მოსამსახურეები, რაზეც კონფლიქტის დაწყებისთანავე განაცხადა რფ-ის პრ.-მა, სამხედროები შვებულებაში არიან და, ამიტომაც, სადაც უნდათ, იქ იქნებიან, ანუ იომებენო.
ამის მიუხედავადაც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართვა გაავრცელა იმ სახელმწიფოების გასაგონად, რომელთა მოქალაქეები უკრაინის არმიაში იბრძვიან, „შეწყვიტონ ეს მანკიერი პრაქტიკა“, რადგან მანამდე ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ხორვატი მოხალისეები უკრაინის არმიის რიგებში იბრძვიან.
რაკი ენას ძვალი არ აქვს, რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია: „მოვუწოდებთ ზაგრებსა და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებს, რომელთა მოქალაქეები გადაბირებული არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, შეწყვიტონ ეს უმსგავსობა, რაც მეტად აქტუალურია სწორედ ახლა, მინსკში მიღწეული შეთანხმების რეალიზაციის პერიოდში, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ვითარება დარეგულირდეს“.
დიახ, უნდა შეწყვიტონ, ვინაიდან, ამ ცოდვილ მზისქვეშეთში მხოლოდ რფ-ისთვის მოსაწონ სეპარატისტებს აქვთ მხარდაჭერის უფლება; მეტიც, საერთოდაც, არსებობის უფლება!