კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ახასიათებენ პროგრესულ პრორექტორად და ვინ არის მედიცინის დოქტორი, რომელმაც სტუდენტებთან ურთიერთობა პროფესიულ კარიერას ამჯობინა

მედიცინის დოქტორი, რომელმაც უარი თქვა პროფესიულ პრაქტიკაზე და სტუდენტებთან ურთიერთობა ამჯობინა – ეკატერინე სუხიშვილი სწორედ ამითაა გამორჩეული. ის იყო ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კოორდინატორი შიდა ქართლში. სწორედ ამ  პროექტის,  გაეროს დახმარების ფონდისა და  JSI-ის ხელშეწყობით მან ბევრი კეთილი საქმე გააკეთა ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით ამ რეგიონში. ექიმ ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ყველაზე მეტად „სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის” რექტორის მოადგილეობით ამაყობს, რომელიც მართლაც გამორჩეულია თავისი მიდგომებით სტუდენტებისადმი, კვალიფიციური ბაზითა და პროფესიონალი კადრებით.

 

მინი-დოსიე: სკოლა მედალზე დაამთავრა. პროფესიად ექიმობა აირჩია. ინტერნატურა მეანობაში – გორის სამშობიარო სახლში, ხოლო ორდინატურა – მოსკოვის მე-3 სამედიცინო სტომატოლოგიური უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრაზე გაიარა. მუშაობდა ექიმ-ორდინატორად მოსკოვის მე-15 კლინიკურ საავადმყოფოში.  დოქტორანტურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე,  აკადემიკოსების – ბატონ გურამ ბექაიასა და  ბატონ ნოდარ მითაგვარიას ხელმძღვანელობით გაიარა.  დისერტაცია 2013 წელს  დაიცვა და გახდა მედიცინის დოქტორი, „სუხიშვილის უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორი.
– როგორ მოხვდით უნივერსიტეტში რექტორის მოადგილედ და როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა სტუდენტებთან?
– მიუხედავად იმისა, რომ 1995 წელს ჩემმა მშობლებმა დააფუძნეს ეს უნივერსიტეტი, პირველად გორის მცირე აკადემიის სახელით, ხოლო 2003 წლიდან – „სუხიშვილის უნივერსიტეტის“ სახელით, თანამდებობა სახელდახელოდ,  მაშინვე არ მიმიღია. საკმაოდ გრძელი გზა გავიარე იმისთვის, რომ დღევანდელობამდე მოვსულიყავი. ვმუშაობდი გორის სამშობიარო სახლში ექიმ მეან-გინეკოლოგად და პარალელურად მშობლებს ვედექი გვერდში. ვიყავი ჯერ ლიცეუმის, შემდეგ – კოლეჯ „ამაგის” დირექტორი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ხარისხის განვითარების სამსახურის უფროსი და, ბოლოს, დღემდე, რექტორის მოადგილე სტრატეგიული განვითარების დარგში. პარალელურად დავაფუძნე რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი – „სოფია მკურნალი“ და საზოგადოებრივი კოლეჯი. მაგრამ, ჩემი საქმიანობა მარტო ამით არ შემოიფარგლება. მუდამ ვიყავი ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, გახლდით ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კოორდინატორი შიდა ქართლში; ამ პროექტის და, შემდგომ, „გაეროს დახმარების ფონდისა” და JSI-ის ხელშეწყობით ბევრი კეთილი საქმე გაკეთდა ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით შიდა ქართლში. ვარ ექიმ ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, რომლის ხელმძღვანელი პროფესორი, მედიცინის დოქტორი ნინა ჟვანიაა. ასევე, ვარ ორგანიზაცია ,,ქალთა მოძრაობის” წევრი და ასე შემდეგ.  ძნელია საკუთარ თავზე ლაპარაკი. სწორედ ამ გზის გავლამ განაპირობა ჩემი ასეთი წარმატება ყველა სფეროში, რომელსაც  ვემსახურები – განათლებასა და მედიცინაში.
– გვესაუბრეთ უნივერსიტეტის მიღწევებზე. ცნობილია, რომ მას დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. რას გვეტყვით თქვენ მიერ განვლილ გზასა და სამომავლო გეგმებზე?
– უნივერსიტეტის დაარსების შესახებ უკვე მოგახსენეთ. ოცი წელი არც ისე პატარა დროა იმისთვის, რომ მყარად დაიმკვიდრო ადგილი საგანმანათლებლო სივრცეში. ეს ოცი წელი სულ ია-ვარდით მოფენილი გზით არ გვივლია, იყო ბევრი სირთულე, წინააღმდეგობები, თუმცა, ბევრი სასიხარულო დღეებიც. უნივერსიტეტის საკუთრებაში და  მფლობელობაშია სამი კორპუსი: ორი გორში და ერთი – თბილისში, კეთილმოწყობილი აუდიტორიებით, წიგნების მდიდარი ფონდით, კომპიუტერული ცენტრებით, სპორტული დარბაზებით, სპორტული მოედნით, 300- კაციანი სააქტო დარბაზით, კაბინეტ-ლაბორატორიებითა და ასე შემდეგ. უწყვეტი ავტორიზაციის რეჟიმში ყოფნა 2003 წლიდან არც ისე ადვილია და ეს მე ძალიან მეამაყება. წარმატებები საზღვარგარეთ, ოქსფორდში მიღებული ჯილდო – ევროპის ხარისხის ნიშანი და ლაურეატის წოდება 2009 წელს; ჩვენი რექტორის, ბატონ ვალერი სუხიშვილის ევროპის რექტორთა კლუბის წევრად არჩევა მალტაში 2009 წელს; 5 საერთაშორისო კონფერენცია; 5 საუნივერსიტეტთაშორისო სტუდენტური კონფერენცია; შიდა საუნივერსიტეტო კონფერენციები, შეხვედრები, ღონისძიებები, საჯარო ლექციები, ყოველივე ამის  ორგანიზატორი კი ჩვენი უნივერსიტეტია. რა თქმა უნდა, ჩემი და ჩემი მშობლების ხელმძღვანელობითა და ფინანსური მხარდაჭერით. სამომავლო გეგმები ძალიან დიდია. ვაპირებთ ახალი პროგრამების დამატებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ახალი ტექნოლოგიების შემოტანას. ჩვენ მუდმივ ძიებაში ვართ და ეს ყველაფერი ხელს გვიწყობს, სულ უფრო წინ წავიწიოთ და ვიყოთ წარმატებულები. საქართველოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორები არიან: „საქართველოს ბანკი,”  სადაც 10 საუკეთესო სტუდენტი გადის ყოველწლიურად სტაჟირებას; „პრივატბანკი” – სტაჟირებითა და დასაქმების პერსპექტივით; ფარმაცევტული კომპანიები; „ქართუ ჯგუფი”, გორის მერია, საკრებულო, გამგეობა, სასამართლოები, საადვოკატო ფირმები, ტურისტული კომპანიები, კერძო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და, კიდევ იმდენია, რომ მათი  ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. ყველა ამ ორგანიზაციაში ჩვენი სტუდენტები გადიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით. უცხოელი პარტნიორები არიან: ტეხასის უნივერსიტეტის ერევნის ფილიალი, სადაც ყოველწლიურად იგზავნება 1-5 საუკეთესო სტუდენტი გაცვლითი პროგრამით, სადაც სწავლება და ყველანაირი ხარჯი ამ უნივერსიტეტის მიერ ფინანსდება; პოლტავის ეკონომიკისა და ვაჭრობის უნივერსიტეტი; კიშინიოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბაქოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი; ერევნისა და კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტები; ოქსფორდის უნივერსიტეტი; ნოტინგემის ტრენტის უნივერსიტეტი.
– ცნობილია, რომ კოლორიტული ქართული ოჯახი გაქვთ, მამათქვენი კი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორია. თქვენს ოჯახურ ტრადიციებზეც გვიამბეთ.
  – ჩემი ოჯახი ჩემი სიამაყეა. ოჯახური ტრადიციები ჩემი წინაპრებისგან მოდის. მამა – ვლადიმერ (ვალერი) სუხიშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორია, აკადემიის წევრი, მეცენატი, ცნობილი თამადა, გორის კოლორიტი. მიუხედავად თავისი ასაკისა, თანამედროვეობის  დიდი ხედვა აქვს, აზროვნებს პროგრესულად; სიახლეების ათვისების დიდოსტატია და, საერთოდ, უძლიერესი პიროვნებაა. დედას, რუსუდან გოხელაშვილს, ვუწოდებდი უდიდეს დიპლომატს – ესაა ადამიანი, რომლისგანაც უნდა ისწავლო ცხოვრება. 20 წელი იყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორი და ძალიან დიდი გამოცდილება აქვს განათლების სფეროში. მიუხედავად ჩემი ოჯახის დიდი ტრაგედიისა (ძმისა და ჩემი მეუღლის გარდაცვალება, რაც ჩვენი ოჯახისთვის ადვილი გადასატანი არ იყო), ჩემს მშობლებს შეუძლიათ ყველას შეუმსუბუქონ ტკივილი, გვერდში დაუდგნენ ჭირსა თუ ლხინში. ისინი არა მარტო ჩემი იმედები არიან, არამედ, ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანებისაც. მამას ძალიან უყვარს ვაზი და საერთოდ, უძლიერესი აგრონომია. წელიწადში 3 ტონა ყურძენს კრეფს. მისი ურთიერთობა ვაზთან – მთელი აკადემიაა. ჩვენ სოფელ მეჯვრისხევიდან ვართ და მამაპაპეულ მიწაზე ედემის ბაღი გააშენა. იქ ყოფნა ერთი სიცოცხლეა. ჩვენი ოჯახური ტრადიცია სტუმრის სიყვარული და მოფერებაა. მე ამაყი ვარ ჩემი ოჯახით. მყავს ორი არაჩვეულებრივი შვილი – ქალ-ვაჟი, რომლებსაც ძალიან ლამაზი ქართული ოჯახები აქვთ, და, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი – შვილიშვილი რუსუდანი, დიდი ბებოს სახელის გამგრძელებელი.
–     როგორ ფიქრობთ, რატომ გახასიათებენ სტუდენტები პროგრესულ და კვალიფიციურ პრორექტორად და მენეჯერად?
– პრობლემის გადაწყვეტა ხდება ურთიერთშეთანხმებით და დიალოგის საფუძველზე. მაქსიმალური ხელშეწყობაა ჩემგან – სულ ვცდილობ, რომ სწორედ ამ უშუალო დამოკიდებულებითა და დედაშვილური ურთიერთობებით ვიყო მათთან. სტუდენტს ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეუძლია ჩემთან ურთიერთობა და პრობლემების მოგვარება და, ვფიქრობ, ესაა გადამწყვეტი ფაქტორები.

скачать dle 11.3