რისთვის აპირებს ბრძოლას და ძმის რა ოცნების განხორციელებას გეგმავს ელენე ფოჩხუა და რაში უწყობს მას მეუღლე ხელს
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ელენე ფოჩხუა საზოგადოების წინაშე უკვე პროექტ „ორ ვარსკვლავში“ წარდგა, სადაც მისი მეწყვილე ჟურნალისტი გოდერძი შარაშია იქნება. იმ დიდი ტრაგედიის შემდეგ ელენესთვის ამ პროექტში მონაწილეობა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ, იგი დღემდე ცდილობს, აკეთოს ის საქმე და განახორციელოს ის მიზანი, რომელიც მას და მის ძმას – გიორგის წლების წინ ჰქონდათ დასახული. წარმატებას ვუსურვებ ელენეს და მიხარია, რომ ის ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ ცხოვრების რიტმს და მსმენელს თავისი ლამაზი ხმით დღესაც ხიბლავს. ვისაც ელენესა და გოდერძის მოსმენა პროექტის ბოლომდე უნდა, შეუძლია გაუგზავნოს ესემესი, ნომერზე: 95 201.
ელენე ფოჩხუა: მიხარია, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობ. ამის შემდეგაც გაგრძელდება ჩემი კარიერა – რაღაცეებს ვგეგმავ. მინდა, ჩემი ერთ-ერთი ძველი პროექტი გავაკეთო, მის შესახებ არაერთხელ გავაჟღერე და დღემდე ვერ განვახორციელე, ახლა კი აუცილებლად გავაკეთებ. არაერთი კონკურსის მონაწილე ვყოფილვარ, მაგრამ აქ არის საოცარი კომფორტი, თუნდაც პედაგოგებთან ურთიერთობაში, რეპერტუართან დაკავშირებით. 12 საათზე მაქვს რეპეტიცია და, არ იცით, როგორი სიხარულით მივდივარ. ძალიან კარგი გარემოა – მეგობრული და ჯანსაღი. რა თქმა უნდა, გამარჯვება ყველას უნდა, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება.
– რას იტყვი შენს მეწყვილეზე, გოდერძი შარაშიაზე?
– რომ მითხრეს, შენი მეწყვილე იქნებაო, დავთანხმდი, მოვედი და გავიცანი. 12-ზე რომ გვეწყება რეპეტიცია, ის ნახევარი საათით ადრე მოდის და მირეკავს, სად ხარო? ძალიან მონდომებული და ნიჭიერი ადამიანია. დღეს, მაგალითად, მესტიაშია წასული. ხან სად მიდის, ხან – სად, პლუს, ლექციებს კითხულობს, რეპეტიციებზე მოდის, ყველაფერს ასწრებს. რაღაც რომ შეეშლება, იმდენჯერ იმღერებს, სანამ არ გამოასწორებს. თან, ერიდება – ამდენჯერ რომ ვმღერიო, მაგრამ, მე მიხარია – ეს არის ჩემი პროფესია, საესტრადო მაქვს დამთავრებული ვოკალის განხრით. ეს არის ჩემი საყვარელი საქმე და ამაზე უარს არასდროს ვიტყვი. პირიქით, მიხარია, ეს ჩემთვისაც კარგია. სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ, ყოველდღე თუ არა, კვირაში ორჯერ მაინც გვქოდეს რეპეტიცია, შენი ბენდი გყავდეს. როცა მომღერალი საკუთარ თავზე მუშაობს, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.
– შენი მეუღლე ყოველთვის ხელს გიწყობდა, ალბათ, ახლაც ასეა.
– მეუღლეც და ბავშვიც ძალიან მიწყობენ ხელს: „დედა, დღეს ვისთან მივდივარ, ვისთან მტოვებ?..” „კარგი, დედა, შენ წადი, მე ჩავიცვამ...” მეუღლეც არ მყავს პრეტენზიული – არ მეუბნება, შენ რომ წახვალ, ჩვენ რა ვქნათ, რა ვჭამოთო. ყველაფერს ვახერხებ, ჩემი წასვლით ოჯახში არავის არაფერი აკლდება და მეც ყველანაირი ხელშეწყობა მაქვს. საბედნიეროდ, ამ მხრივ პრობლემა არასდროს მქონია. აქ ყოველ სამშაბათს ბანკეტივით გვაქვს – ყველანი ერთად მივდივართ. პირველ სამშაბათს სიცხე მქონდა, ძალიან ცუდად ვიყავი და ვიფიქრე, სახლში წავალ, რა მებანკეტება, ცუდ ხასიათზე ვარ, ცუდად ვარ-მეთქი. მაგრამ, ისეთი კარგი გარემოა ხოლმე – ერთმანეთს რჩევებს ვაძლევთ, განვიხილავთ საღამოს შედეგებს... მეუღლეს დავურეკე, რა ვქნა-მეთქი. აუცილებლად უნდა წახვიდე, არ უნდა დააკლდე იმ სიტუაციას, ბავშვს სძინავს და ამაზე არ იდარდოო. „ჯეოსტარის“ პერიოდში ჩემი ძმა მედგა სულ გვერდში. ახლა პირველ დღეს რომ დამირეკეს პროექტიდან, მითხრეს: ვინ მოგყავს გულშემატკივრად, სახელი და გვარი ჩამაწერინეთო, ძალიან ცუდად გავხდი. დაახლოებით 40 წუთი ჩემთვის დავჯექი და გამოვეთიშე ყველაფერს, ძალიან დავითრგუნე. სხვა დროში, წარსულში, ჩემი გულშემატკივარი ვინ უნდა ყოფილიყო, თუ არა ჩემი ძმა. არავინ არ მომიყვნია; გოდერძის ვუთხარი, შენ ვინც გინდა, ის მოიყვანე-მეთქი. ყოველი გამოსვლის დროს, რატომღაც, ბედნიერი ვარ, რადგან, ამ პროექტში მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გიორგისთვის ვარ. ჩემს კარიერას მხოლოდ და მხოლოდ მისთვის დავუბრუნდი, გავაგრძელებ, მისთვის ვიბრძოლებ და მის ყველა ოცნებას, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა, აუცილებლად გავაკეთებ. მას უნდოდა, რომ დიდი წარმატებისთვის მიმეღწია. რაც მთავარია, მინდა, შევასრულო, რასაც შევპირდი – პროექტი „12 ქვეყნის „იავნანა“, რომელიც გიორგისა და მისი მეგობრის პროექტი იყო. ის დარბოდა ამ ყველაფერზე. მერე ომი დაიწყო, შემდეგ – ფინანსური მხარეები, მერე ცუდი რაღაცეები შეგვემთხვა... სამი წელი გადის და, მე არ მაქვს იმის უფლება, გავჩერდე, არ გავაგრძელო ჩემი პროფესიით მუშაობა. მალევე გავედი სამუშაოდ, რადგან ვხედავდი, ყველაფერი ცუდად მიდიოდა – უძლური ვხდებოდი და, არ მინდოდა, ქუჩაში რომ გავივლიდი, ვიღაცას ეთქვა: ვაიმე, საცოდავი, საწყალიო – ამას არასდროს არავის ვათქმევინებ. განა იმიტომ, რომ, როგორ შეიძლება, მე ასე დამიძახონ, უბრალოდ, ამას ვერ ვაპატიებდი საკუთარ თავს და, ვიცი, რომ ეს ჩემს ძმას არ მოეწონებოდა. იმიტომ ვცოცხლობ, რომ ჩემი ყოველი ნაბიჯი მისთვის იყოს. პირველად რომ გავედი სცენაზე, ვთქვი: „ეს შენ, გიო!” ძალიან რთულია ჩემთვის. ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, თუნდაც ჩემს ქალაქში. როცა მუშობა დავიწყე, იქ ხან ქორწილი იყო, ხან კორპორაციული, ხან ტელევიზორით გამოვჩნდი... მე როცა სახლიდან გავდივარ, აბსოლუტურად სხვა ელენე ვხდები – ისეთ „სტოიკას“ ვიჭერ, თითქოს ბედნიერი ვარ. ყველა განიცდის შენს მდგომარეობას – მეგობარი, დაქალი... გვერდშიც გიდგანან, მაგრამ, დღეს შენი პრობლემები არავის უნდა, არავის სჭირდება. მე თვითონ ვქმნი საკუთარ თავში სამყაროს: ვიძინებ – წარმოვიდგენ, მღვიძავს – ვფიქრობ. როგორც რეჟისორი ქმნის თავის ნამუშევარს, მეც ასე ყოველდღე ვხატავ ჩემთვის ჩემს სამყაროს, ჩემს ცხოვრებას – ასეთი უნდა ვიყო, სხვა გზა არ მაქვს, ისე ცხოვრებას ვერ გააგრძელებ. როცა საშინელ რაღაცას გაიგებ და იმ წუთასვე არაფერი დაგემართება, ჩათვალე, რომ კედელს თავით გაარღვევ, გახვალ და სულ სხვა ადამიანი ხდები. არავინ თქვას, რომ მოკვდება. არავინ არ კვდება, პირიქით, უფრო ძლიერი ხდები. რა უნდა ვქნა – არ მემღერება, არ მეცეკვება, არ მეღიმება, მაგრამ, სხვა რა უნდა გავაკეთო? ღიმილიც კი თავიდან ვისწავლე. დღეს, შეიძლება, ტირილი მინდოდეს, წარსულს რომ ვიხსენებ. ძალიან რთულია, მღრღნის, როდესაც დილით და დაძინების წინ ვიხსენებ და ვფიქრობ იმაზე, თუ რა ხდებოდა იმ მომენტში ჩემი ძმის გონებაში – იქნებ დახმარებას ითხოვდა, მე კი იმ დროს სიცილით ვკვდებოდი?! ან, სამსახურში ვიყავი, ვერთობოდი, მას კი შველა სჭირდებოდა? – ეს დღემდე მკლავს... მაგრამ ამ ფიქრებს არ ვუშვებ ბოლომდე. ვფიქრობ, რომ ჩემი ძმა წასულია სხვაგან, მეც ოდესმე წავალ მასთან და შევხვდები. წავიდა დროებით და მეც იქ მივდივარ. ადრე რომ ამბობდნენ, სული მომეჩვენაო, რა თქმა უნდა, არ მჯეროდა, მაგრამ, ახლა მჯერა, რომ ეს უხილავი ჯაჭვი სულ არსებობს.
– გიორგის ამბავთან დაკავშირებით არის რაიმე სიახლე, რამე გაირკვა?
– არაფერია, თუმცა, ოჯახმა ვიცით, რომ აბსოლუტურად არაფრის გამოა გიორგი მოკლული. ხელახლა ვაპირებთ ყველაფრის გაკეთებას – ყველა უნდა დაიკითხოს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის – გიორგის მეგობარია თუ სხვა ვინმე. ვინც ადრე იყო დაკითხული, ყველა დაიკითხება, გამოიძიება. უბრალოდ, დროა საჭირო, თორემ, ყველა დაისჯება.
– ამ პროექტში შენი გამოსვლა მშობლებისთვისაც პატარა სტიმული იქნება.
– ვიცი, რომ ძალიან უხარიათ. ჩემს მშობლებს ძალიან უჭირთ; ვიცი, მათი გული არასდროს გამთელდება. ერთადერთი ბედნიერებაა, რომ ჰყავთ გიოს შვილი – ლუკა, რომელიც ძალიან ჰგავს მამას და, რომ გაიზრდება, გიოს დაემსგავსება. მაგრამ, არცერთ დედას არ უნდა შვილი იყოს უბედური, დაჩაგრული; ამიტომ, იმ ერთ დღეს, როცა შოუ გავა, გადმოერთვებინ და ნაწილობრივ გაიხარებენ. ღმერთმა ქნას, ფინალამადე მივიდეთ, რადგან, მსიამოვნებს ეს ყველაფერი.
– როგორი ბიჭია ლუკა?
– ლუკა 6 მარტს 4 წლის ხდება. თბილისში გადმოვიდნენ, ბაღში დადის, ერთად ვართ ყველანი. ძალიან კარგი ბიჭია: თბილი, მოსიყვარულე და მამას ჰგავს ძალიან.