რატომ ფიქრობს ზუმბა, რომ კარგ დროში ვცხოვრობთ და რატომ არის, მისი აზრით, ქართველი ერი ჯერ კიდევ ახალგაზრდა
ეროვნება: ქართველი
საცხოვრებელი ადგილი: თბილისი
პროფესია: მუსიკოსი
სამუშაო ადგილი: ფესტივალი „არტგენი“
დაოჯახებული: ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი
ზუმბა: ეროვნება – ქართველი სულის მდგომარეობაც არის, სტერეოტიპული ჩარჩოც და რაღაც განსაკუთრებულიც... ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია... და, კიდევ დავამატებდი იმას, რომ ქართველობა არის დროსთან ბრძოლაც.
– დროსთან ბრძოლა?
– დიახ. დრო მოიგონა ადამიანმა, ის ღმერთს არ შეუქმნია. ადამიანს კი აქვს თვისება, ყოველივე თავისი მოგონილის გარემოცვაში, ტყვეობაში მოექცეს. დრო არის ზუსტად ის საზღვრები, რომელსაც ვერ ერევი და მასთან ბრძოლაში ხარ სულ.
– ყველა ასეა თუ ქართველები მარტონი აღმოვჩნდებით ამ ბრძოლაში?
– ყველა ასეა, მაგრამ, მეტ-ნაკლებად. ჩვენ განსაკუთრებულად მძაფრად ვართ ამ ბრძოლაში ჩართული, რადგან, ვერ გაგვიგია, სად ვართ; საიდან მოვდივართ – ეს გადმოცემით რაღაცნაირად ვიცით; სად მივდივართ – ჯერ არ ვიცით... მოკლედ, დროში დაკარგულები ვართ, რა...
– ანუ, ვერ ჩამოვყალიბდით, რას ნიშნავს იყო ქართველი.
– ჩამოვყალიბდით, მაგრამ, საქმე ისაა, რომ ქართველობას ქმნიდნენ ერთეულები და მერე ერთი იბრალებდა ამას – მე მაინც ამ აზრზე ვარ; ოღონდ, იბრალებდა კარგი გაგებით. საუკუნეები სჭირდებოდა ერს, რომ იმ ერთი ქართველის შეგნებამდე თუ დონემდე მისულიყო. მაგალითად, შოთა რუსთაველისთვის დროს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ისეა მასში განზოგადებული. ყოველთვის აქტუალურია... ჩვენ კი სულ ძიებაში ვართ...
– ვეძებთ იმ ქართველს, რომელზეც ჩვენს ქართველობას ავაწყობთ?
– დიახ. ან ვეძებთ ასეთ ქართველს – გმირს, ან, თავად გვინდა, რომ ვიყოთ გმირი. ბუნებრივია, ეს არ არის ადვილი, რადგან, გმირობა გულისხმობს პასუხისმგებლობას, რასაც ჩვენ ხშირად გავურბივართ, გვეშინია საკუთარი თავის. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გამოგვივა. ვიღაცეებს, ერთეულებს ხომ გამოსდით?! მთავარი ის არის, რომ საკუთარი ფუნქცია გაიგოს ადამიანმა – თუ რატომ გამოუშვა ის ღმერთმა დედამიწაზე, რა მისია დააკისრა და, საერთოდ, სად მოხვდა. თუ ამას გაიგებ, მერე ეძებ უკვე გზებს თავის დამკვიდრებისთვის.
– რატომ მოხდა ისე, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი სტერეოტიპების ტყვეობაში მოექცა? მაგალითად, „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“, „ჩვენნაირი არავინ არის“...
– შეიძლება, გაგეცინოს, მაგრამ, მე ეს ყველაფერი ჩვენი არაკეთილმოსურნე სპეცსამსახურების ჩანერგილი მგონია (იცინის), იმიტომ რომ, „სამყაროს ჭიპი ვართ“ და „ჩვენა ვართ, რაცა ვართ“ – ეს ქართული ხასიათის დამახასიათებელი არ არის. გენეტიკურად ჩვენ ასეთები არ ვართ. გენეტიკურად ქართველი – შემოქმედია, რომელიც სულ ფასეულობებსა და საკუთარ თავთან ბრძოლაშია; ძიების პროცესშია მუდმივად და ეს ძალიან კარგია. ბევრი ჩვენზე ძლიერი ცივილიზაცია გადაშენდა და, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი არსებობის ისტორიის განმავლობაში სულ ვიბრძოდით ფიზიკურად გადარჩენისთვის, მაინც არ დავბერდით, მაინც ახალგაზრდა ერი ვართ; სახელმწიფოებრივად კი – ყველაზე პატარები ვართ.
– თუმცა, ჩვენ გვქონდა სახელმწიფო...
– გვქონდა და, მიმაჩნია, რომ დღევანდელი ჩვენი მდგომარეობაც არ არის ცუდი, პირიქით, კარგია... მოკლე პერიოდში ჩვენს თავზე ბევრმა უბედურებამ და ქარტეხილმა გადაიარა. ჩვენი წინა თაობა სულ იმას გვაძახებდა, თქვენ გაჭირვება და ომი არ გინახავთო... მაგრამ, ისე მოხდა, რომ ყველაფერი ვნახეთ – ომებიც ვნახეთ, კრიზისებიც ვნახეთ... ტვინში – გაჭირვება, ჯიბეში – გაჭირვება (იღიმება); სულიერი აღმავლობა, ეროვნულობის აღზევება, მერე დაცემა... ახლა საინტერესოა, დროის საცერში როგორ გაივლის ეს ყველაფერი და რა დარჩება. მე ვფიქრობ, რომ მაინც ძალიან კარგ დროში ვცხოვრობთ... უნდა შევძლოთ და ჩვენი ხელწერა დავატყოთ მას. მე მგონი, რენესანსის ეპოქა ახლა იწყება. გარდაქმნების დრო გავლილია. ახლა შედეგების მიღებისა და შრომის დროა. არ ვიცი, ეს ოპტიმიზმი საიდან მოდის, მაგრამ, მე ასე ვგრძნობ. ქართველობა არ არის თანამდებობა, ქართველობა არ არის ვალდებულება... ქართველობა არის სურვილი თავისუფლებისა. თუ გინდა, იყო ქართველი და, გინდა, იყო თავისუფალი – იქნები!
– ანუ, არ არის აუცილებელი, ეთნიკურად ქართველი იყო?
– არ არის აუცილებელი. ეთნიკურობას, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არა აქვს. ქართველი შეიძლება გახდე. შესაძლოა, ეს ცოტა ფილოსოფიური განზოგადებაა, მაგრამ, ჩვენ გვერდით არიან ქართველები, რომლებიც არც ეთნიკურად არიან ქართველები, არ დაბადებულან ამ კულტურაში, გაიზარდნენ სხვა ენაზე, მაგრამ, ჰქონდათ სურვილი და გახდნენ ქართველები. მე ვიცნობ ასეთებს და ვმეგობრობ მათთან.
– არის თუ არა ქართველი ბუნებით ზარმაცი?
– ალბათ, არის. თუმცა, იცით, კიდევ რა შევამჩნიე? – შეიძლება, წლები გავიდეს და ეს სიზარმაცე ცხოვრების ლაიტმოტივი იყოს, მაგრამ, ერთ წამში ჩაიდინოს გმირობის ტოლფასი საქციელი და ამ ერთ წამში ჩაეტიოს მთელი განვლილი წლები. მაქსიმალისტური თეორიაა, მაგრამ, რეალურად ხდება ასე.
– ქართველებისთვის ხომ არის დამახასიათებელი მაქსიმალიზმი?
– არის ნამდვილად, ამას ვერ გავექცევით. ბედნიერება იქნება, თუ ამას დავაღწევთ თავს და მაშინ უკვე შევძლებთ ღირებულებების სწორად შერჩევასა და უკეთესი „ნიშის“ დაკავებას. შევქმნით ახალს, შევქმნით კარგს და მივხვდებით, რეალურად ვინ ვართ. ზომიერების შეგრძნება ძალიან გვაკლია... ზომიერების შეგრძნებას თუ მივაღწევთ, ეგ უკვე მარადისობაა.
– ერთმანეთის სიყვარულისა და გატანის უნარი არ გვაკლია?
– არა, ეგ ნამდვილად არ გვაკლია. უბრალოდ, 41 წლის გადმოსახედიდან ვხედავ ასე, რა გზაც ჩვენ გავიარეთ და, ვნახეთ სამყაროს ნგრევაც (საბჭოთა კავშირს ვგულისხმობ); შეიძლება, ზოგჯერ ვეღარ ვამჟღავნებთ, თუმცა, ურთიერთის სიყვარული მაინც გენეტიკურია, უბრალოდ, პიროვნულობა გვაკლია. რაღაც საერთო ყალიბის ფორმატი მოვირგეთ, რაშიც კარგად ვგრძნობთ თავს. ზოგადი სახე ქართველისა დარღვეულია – შუაში გვაქვს სამოცდაათი წელი – სამოცდაათწლიანი წყვეტა – რომელმაც შექმნა „დარმაედი“, უსაქმური, „მაინც ყველაფერი კარგად იქნება“ ქართველის ტიპაჟი, როცა მანამდე ქართველი სულ ბრძოლასა და გაჭირვებაში იყო; ცალ ხელში ხმალი ეჭირა, აკვანს ხეზე კიდებდა და ისე მიდიოდა ყანაში, სათოხნად. სახელმწიფოებრიობას იცავდა, მაგრამ, უცებ, ეს ყველაფერი გაქრა და გააზარმაცა ამან... იმ სამოცდაათმა წელმა, კომუნისტურ-სოციალისტურმა ეპოქამ, მაქსიმალურად დაასვა დაღი ჩვენს გაფუჭებას, ჩვენი ფასეულობების გაფუჭებას. ახლა ამ ყველაფრის დაბრუნების პერიოდში ვართ და, მგონი, მალე მოხდება. დღეს ჩანს ამ ერის, ამ ქართველის, ამ საზოგადოების რეალური სახე... ჩანს, როგორია ჩვენი მსოფლმხედველობა მასობრივად. ის ცხრა წელი სიზმარი იყო... ოცნება მართლა იყო ის... სადღაც გავრბოდით, სადღაც გვეჩქარებოდა, რაღაც გვინდოდა... ფიზიკური ტემპი კი ჩვენი ცხოვრებისა არ გვაძლევვდა შანსს კარგი მომავლით ტკბობისას. ახლა უნდა დავფიქრდეთ. გმირების ძიება კი არ უნდა დავიწყოთ, ერთი ადგილი უნდა გავანძრიოთ. უნდა შევდგეთ ჩვენ თვითონ და, ტყუილია იმის მოლოდინი, რომ ვიღაც კეთილი ბიძია ასდოლარიანების შეკვრას ჩაგვიდებს – არ მოხდება ეს არასდროს, არ გამოვა, ასეთი ფორმულა არ არსებობს... თუ ხელი არ გაანძრიე, თუ ტვინი არ გაანძრიე და ჩვენი ცხოვრების მართვის სადავეებს თავად არ მოჰკიდე ხელი, სახელმწიფოს კი არა, ვერაფერს ვერ შექმნი. ქართველი კარგი იყო მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული... ღვინოა ძალიან კარგი შედარება ქართველობასთან: თუ ღვინის გაკეთებას ხელი არ შეუშალე შენი ბაქტერიული ჩარევით, ის თავის თავს თვითონ მიხედავს და კარგადაც მიხედავს. პრობლემა, იცით, რაშია? – გადაღების დროს ხელების დაბანა თუ დაგეზარება ან გადასაღებ შლანგს არ გარეცხავ.
– დუღილის პროცესში ვართ ახლა თუ გადაღების?
– (იცინის) ორივე ერთად: ძველის გადაღების პროცესში ვართ და ახლის დუღილის. ვნახოთ, აბა! თან, ვადა სადამდე გვაქვს, ეს არ გვიწერია – ქართველობას ვადა არა აქვს.