ქართველების მიერ შექმნილმა სოციალურმა ქსელმა – deehubs-მა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
თანამედროვე სამყარო სოციალური ქსელების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, თუმცა, უფრო მეტიც ყოფილა შესაძლებელი, რაშიც ორმა ქართველმა ახალგაზრდამ – გიორგი გურგენიძემ და ბაქარ მარუაშვილმა მთელი მსოფლიოს დარწმუნება გადაწყვიტეს. კრეატიული იდეითა და სოციალურ სივრცეში ახალი, თამამი სიტყვის თქმის სურვილით, ბავშვობის მეგობრებმა აქტიური მუშაობა დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყეს. მათ შექმნეს ახალი სოციალური პლატფორმა – deehubs, რომელიც სოციალურ სივრცეს რეალურ, ფიზიკურ სივრცესთან აერთიანებს და მისი საშუალებით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი აზრების, იდეების, ემოციებისა თუ ფოტოების ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენა პროექციისა და ელექტრონული ბილბორდების საშუალებით. ამის განსახორციელებლად მათ ჯერ თურქეთში მოუწიათ წასვლა, შემდეგ – დუბაიში, ბოლოს კი – სოციალური სამყაროს ცენტრში, ამერიკაში ჩავიდნენ და გზად თანამოაზრეებიც შეიძინეს. ასე რომ, თუ გსურთ, თქვენი გზავნილი ამერიკაში უამრავმა ადამიანმა ნახოს, გაგზავნეთ ის deehubs.com-ზე და მიუთითეთ საკუთარი მაილი, რომელზეც ცოტა ხანში მოგივათ თქვენი გზავნილის ფოტო იმის დასამტკიცებლად, რომ ის ნამდვილად წარდგა ფართო მასების წინაშე ამერიკის ქუჩებში. დასაწყისისთვის, პროექციის გაშვება მხოლოდ სიეტლში ხდებოდა, მარტიდან კი მომხმარებელს საშუალება ექნება, საკუთარი შეტყობინება 25 ყველაზე დიდ ქალაქში გაავრცელონ. უკვე შესაძლებელია შეტყობინებების ლოს-ანჯელესში, მაიამიში, ნიუ-იორკსა და სხვა ქალაქებში გაშვება. ამ კრეატიულ და მასშტაბურ იდეას გამოხმაურებაც შესაბამისი მოჰყვა და, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ დიდი ბუმი გამოიწვია. გარდა იმისა, რომ deehubs უამრავი ქვეყნიდან იღებს შეტყობინებებს, მას უდიდესი გამოხმაურება აქვს პრესის მხრიდან. მის შესახებ საუბრობენ და წერენ წამყვანი ტელეკომპანიები და ჯურნალ-გაზეთები. რამდენიმე დღის წინ მის შესახებ მსოფლიოში საუკეთესო ტექნოლოგიურმა ჟურნალმა The Next Web-მა დაწერა და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ამერიკის საელჩომ deehubs-ის შესახებ საკუთარ ვებ-გვერდზე დადო ინფორმაცია, რაც, ფაქტობრივად, მის აღიარებას ნიშნავს.