რა იმედებს ამყარებს კონსტანტინე მელაძე რუსულ „X ფაქტორში” გიორგი მელიქიშვილზე და როდის ნახავს მაყურებელი ამერიკულ-კახურ დუეტს
ქართველი მომღერალი გიორგი მელიქიშვილი უკვე ცამეტი წელია, რაც მოსკოვში ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში, ნელ-ნელა მიიწევდა წინ. პროექტებში იღებდა მონაწილეობას და საკუთარი ნიჭის წყალობით, ის ერთ-ერთი მოთხოვნადი მომღერალი გახდა რუსულ შოუ-ბიზნესში. მართალია, საქართველოში იშვიათად ჩამოდის, მაგრამ სამშობლოში, თავს მშვიდად გრძნობს. ამბობს, რომ აქ სულ სხვა სითბო და სიყვარულია.
გიორგი მელიქიშვილი: მართალია, რუსეთში ვცხოვრობ და შევეჩვიე აქაურ გარემოს, მაგრამ სულ ჩემი ქვეყანა მენატრება. თბილისის ქუჩებში რომ დავდივარ, დეჟავიუ მემართება. ორი წელი არ ვიყავი ნამყოფი და რომ ჩამოვედი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, ყანწი ვერ გამაგდებინეს ხელიდან (იცინის). იცით, როგორი გრძნობა მქონდა, თითქოს სტუმრად ჩამოვედი ჩემს ქვეყანაში და მეტკინა. თუმცა, ქუჩებში რომ გავიარე, ისევ გავითავისე გარემო და ასე მეგონა, ისევ ის სტუდენტი ბიჭი ვიყავი. ხალხი უფრო გულჩათხრობილი მეჩვენა, მაგრამ მაინც პოზიტიური ენერგია მოდიოდა მათგან. თბილისში რომ ჩამოვდივარ, ათი წლით უკან ვბრუნდები და მერე, მოსკოვში რომ ვბრუნდები, უფრო ახალგაზრდა ვარ. მოსკოვიდან წამოსვლისას ჩემი რუსი მეგობრები გამომეტირნენ, აუ, რა მაგარია გიო, ახლა იქ მწვადი, ხინკალი და კახური ღვინო დაგხვდებაო (იცინის). მართლაც, თერთმეტი დღე თელავში სუფრიდან არ ავმდგარვარ და ყანწი ხელიდან არ გამიგდია.
– როგორც ვიცი, მოსკოვიდან ჩამოსული მამუკა ონაშვილი და აჩი ფურცელაძეც იყვნენ თელავში.
– მართლია, მოსკოვშივე დავგეგმე, საქართველოში რომ ჩავალთ, ჩემებთან, თელავში უნდა ვიქეიფოთ-მეთქი და უნდა გენახათ, რა დღეში ჩავყარე (იცინის). მამუკამ ითამადა და ისეთი ამბები გაიხსენა, სიცილით დაგვხოცა. დავლიეთ, რა დავლიეთ და ვიმღერეთ, რა ვიმღერეთ!.. ავიკელით მეზობლები (იცინის). თან, ნასვამები მოვიდნენ ბიჭები და კახურ სუფრას რომ მიუსხდნენ, ვეღარ ადგნენ. ფურცელაძემ ვისკით დაიწყო, მერე გადავიდა კახურ ღვინოზე და ბოლოს ჭაჭით დაასრულა. ისე დათვრნენ, ჟამ-კარი აერიათ (იცინის). მამუკას ვინ შეეჯიბრებოდა სმაში, დაგვხოცა ღვინოში. საქართველოში, ბუხართან გატარებული ეს დღეები, არასდროს დამავიწყდება. „კლეტკიდან” გამოშვებული მგელივით ვარ ხოლმე ჩემს თელავში. ყველაფერი მეგემრიელება და მიხარია. ბიჭები კი ჩავკალი ღვინოში, მაგრამ ის დღეები ხომ დაგვრჩა კარგ მოგონებად.
– აქ რომ დარჩენილიყავი და რუსეთში არ წასულიყავი დღეს ვინ იქნებოდი?
– შეიძლება, ისევ მემღერა ხალხური სიმღერები და არა საესტრადო მუსიკა. ვიქნებოდი ღიპიანი, მოქეიფე ბიჭი. მოსკოვმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ეს ჩემი ბედი იყო. არასდროს მქონია ოცნებად უცხო ქვეყანაში წასვლა და იქ ცხოვრება. ეს სპონტანურად მოხდა და გამიმართლა. კულტურის ინსტიტუტში მეორე კურსს ვხურავდი, მეგობარმა რომ შემომთავაზა, მოსკოვში რესტორანი იხსნება და წამო, ფულს ვიშოვითო. ვიფიქრე, ზაფხულში, სამი თვით წავალ, ფულს გავაკეთებ-მეთქი და ეს სამი თვე, უკვე ცამეტი წელია, გრძელდება. პირად ცხოვრებაშიც გამიღიმა ბედმა. არაჩვეულებრივი ცოლი შემხვდა, რომელმაც ჩემს წარმატებაში უდიდესი როლი შეასრულა. დღეს გიორგი მელიქიშვილი შემდგარი ადამიანია. ჯერ იმის ნახევარიც არ გამიკეთებია, რაც ჩაფიქრებული მაქვს, მაგრამ ყველაფერი წინაა. ღმერთის წყალობით, შრომა არ მეზარება. როცა საქართველოში ხალხურ სიმღერებს ვმღეროდი, ოცნებად მქონდა, დიდ ესტრადაზე გამოსვლა. ეს ოცნება მოსკოვში ავიხდინე. ვერ გეტყვით, რუსეთში ვარსკვლავი გავხდი ეს კახელი ბიჭი-მეთქი, მაგრამ „ვოისის” შემდეგ, ნამდვილად გამეხსნა წარმატებებისკენ გზა. ხალხი მიცნობს, პატივს მცემს და ხშირად მიწვევენ კონცერტებზე. ეს ეტაპი გავიარე და ახლა ახალ, უფრო მასშტაბურ ეტაპზე გადავდივარ. თან, თეატრალურ აკადემიაში სამსახიობო ფაკულტეტსაც ვამთავრებ წელს. განსხვავებული ტიპაჟის გამო, რეჟისორები დიდ იმედებს ამყარებენ ჩემზე. ვნახოთ. ზოგადად, ეს წელი საკმაოდ წარმატებულად დაიწყო. ერთ-ერთ ცნობილ კომპანიასთან დავდე ხელშეკრულება, რომელსაც საკმაოდ დიდი გეგმები აქვს. კერძოდ, აპირებენ შერეულ, ეთნოკლუბურ, მეგაპროექტის გაკეთებას, რომელშიც ჩემი შესრულებული მელიზმებიც შევა. ეს რუსულად გაკეთდება, მაგრამ ქართული იდეა დევს მასში. გამოგიტყდებით და, ჩემი ყველზე დიდი ოცნება, სტივ უანდერთან დუეტის ჩაწერაა. წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნება, სტივის სოული და ჩემი ხალხურის შერწყმა. აი, ეს იქნებოდა ამერიკულ-კახური ნამდვილი „ჩახუჭუჭებული” დუეტი. იმედი მაქვს, მოვახერხებ ამას. ოცნებები ხომ ხდება?
– როგორც ვიცი, რუსული „X ფაქტორიდან” მიიღე მიწვევა.
– რუსეთში, „X ფაქტორი” პირველად ტარდება და მე მივიღე მიწვევა. ჟიურიში ოთხი მეგაპროდიუსერია, მათ შორის, კონსტანტინე მელაძე და ჩემზე დიდ იმედებს ამყარებენ. სხვათა შორის, ჩემმა დირექტორმა რომ მითხრა, შენი ანკეტა გავაგზავნე ამ პროექტშიო, შევწუხდი, ერთი კონკურსიდან გამიცნო ხალხმა და მეორე რაღა საჭიროა-მეთქი. მაგრამ, გავიარე შესარჩევი ტური, მოვეწონე და ახლა სერიოზულად ვემზადები გასამარჯვებლად. ეს პროექტი, საკმაოდ მაღალ დონეზე მზადდება და უფრო დიდი შანსია, პოპულარობისთვის, პროდიუსერების დასაინტერესებლად და უფრო მაღალ ეტაპზე გადასასვლელად რუსულ შოუ-ბიზნესში. ეს პროექტი ჩემთვის კიდევ ერთი შანსია და თუ კარგად ვაჩვენე თავი, ბევრი რამე შეიცვლება. თან, „X ფაქტორი” სატელევიზიო შოუა – რუსულ ტელევიზიასაც „დავიპყრობ” და „ტელეზვეზდაც” გავხდები (იცინის). გასული წელიც კარგი იყო ჩემთვის და ეს წელიც შემოთავაზებებით დაიწყო. საქართველოში დადებითი ენერგიით, იღბლითა და პოზიტივით დავიმუხტე და ამ ემოციებით ვაპირებ რუსეთში, მოსკოვის „დაპყრობას”. მართლა გულით ვეკდიები ჩემს საქმეს. ყველაფრის მიუხედავად, არ ვყრი ფარ-ხმალს და სულ წინ ვიხედები – მჯერა და ვიბრძვი. ეს კი წარმატებებისკენ გზას მიხსნის. ბრძოლა არ უნდა გეზარებოდეს, თორემ ცხოვრება ხომ ბრძოლის ველია და თუ მას დანებდი, ჩათვალე, წაგებული ხარ.
– საქართველოდან რა წაიღე რუსეთში?
– მოსკოვში ტყემლით, ჩურჩხელებით, ტყლაპებით, ყველით, ახალდაკლული ღორის ხორცითა და მურაბებით დატვირთული ჩავედი. გავშალე მაგარი სუფრა და გადავრიე ჩემი რუსი მეგობრები. პირში ვუყურებდი, ნეტავ, თითები არ ჩაიკვნიტონ-მეთქი (იცინის). აქ სხვანაირი გემო აქვს დედას გაკეთებულ მურაბებსა და ტყემლებს. ორი დღე გამიჭირდა. ვიფიქრე, ნეტავ, დავრჩენილიყავი-მეთქი. მერე შევეგუე რეალობას. დამიჯერეთ, ქართული ტემპერამენტი, გენეტიკა და ხასიათი ძალიან ჭრის რუსეთში. „X ფაქტორშიც” მე და კონსტანტინე მელაძე ქართულად შევუბერავთ და ეს რუსებისთვის სიურპრიზია. ქართველებს რუსეთში სხვა მუხტი, ენერგეტიკა და აქცენტი აქვთ. ეს ძალიან მოსწონს რუს მსმენელს. ქართული, ჯიგრული მუსიკა ყველგან მოსწონთ და ჩვენც, ქართველებიც, ვინც აქ ვართ, მაქსიმალურად ვცდილობთ, გასახელოთ. აი, თუ რუსულ „X ფაქტორში” გავიმარჯვე, ესეც საქართველოს დამსახურება იქნება და ამ გამარჯვებას თქვენ მოგიძღვნით, ქართველებს.