მოკალით ჩემი ქმარი
რესტორანში გრძელფეხება, ლამაზი ქალი შევიდა, ნახევრად ცარიელი დარბაზი მოათვალიერა და ერთ-ერთი მაგიდისკენ გაემართა. იქ ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცი ვახშმობდა. მან გაოცებით შეხედა ქალს და მაშინვე დააფასა მისი გარეგნობა.
– დაბრძანდით, – გაუღიმა.
– გმადლობ, – ქალი დაჯდა. ოცდაათ წლამდე ასაკის იქნებოდა. საკმაოდ თამამად გახსნილი პერანგი ეცვა და ლამაზი მკერდი ისე მოუჩანდა, კაცმა ამ დამატყვევებელ სურათს თვალი ძლივს მოსწყვიტა. მერე მზერა ქალის თითებზე გადაიტანა. ქალის ხელები საკმაოდ ბევრის მთქმელია – ასეთი შეხედულება ჰქონდა იმ კაცს, რომელსაც მოულოდნელი სტუმარი გამოეცხადა. მოხიბლა ქალის ნატიფმა თითებმა, რომელთაგან ერთ-ერთზე ძვირფასი ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა...
– მე მინდა, რომ ერთი ადამიანი მოკლათ, – პირდაპირ უთხრა ქალმა. მისი ჩაცმულობა აშკარად არ იყო პროვინციული ქალაქის ბინადარისთვის დამახასიათებელი.
– რა გნებავთ?
– ჩემი ქმარი უნდა მოვკლათ და ამაში ოცდახუთი ათას დოლარს გადაგიხდით.
– მომისმინეთ, მე კომერციულ გარიგებათა აგენტი ვარ. ადამიანის მოკვლა არ შემიძლია. ქალბატონო, თქვენ აშკარად მაგიდა შეგეშალათ.
– არაფერიც არ შემშლია. ამ ქალაქში ხომ რამდენიმე დღით ჩამოხვედით?
– დიახ.
– გამგზავრებას როდის აპირებთ? – ქალი მისკენ გადაიხარა და კაცს ისევ ჰქონდა ბედნიერება, ეხილა მისი მოშიშვლებული მკერდი... ცოტაც და ყველაფერზე თანახმა იქნებოდა...
– კარგი და ფული გაქვთ?
ქალმა გამიღიმა. ძვირფასი ტყავის ვეება, მოდური ჩანთა გახსნა და კაცს შიგ ჩაახედა. ჩანთა კუპიურების დასტებით იყო გატენილი.
– კი მაგრამ, ქმრის მოკვლა და ციხეში ჩაჯდომა რატომ გინდათ, თუ კი ამდენი ფული გაქვთ. გაექეცით მას და იცხოვრეთ ბედნიერად.
– ოცდახუთი ათასი დოლარი ბევრი არ არის. მას გაცილებით მეტი აქვს. თუ მოკვდება, ყველაფერი მე დამრჩება, დავიმსახურე კიდეც. აბა, რას იტყვით?
კაცმა მიიხედ-მოიხედა. ქალი ჩააცივდა:
– რისკი მინიმალურია. მე ამ რესტორანში ძალიან იშვიათად შემოვდივარ. არავინ მიცნობს, თქვენ – მით უმეტეს. თან, ამ ქალაქის დატოვებას აპირებთ. მოკალით ჩემი ქმარი და გაემგზავრეთ. ვინ გაიგებს, რომ ეს თქვენ ჩაიდინეთ?! ამ ქალაქის პოლიციას თქვენზე არაფერი აქვს. ერთმანეთს დავემშვიდობებით და ორივეს უზრუნველი ცხოვრება გვექნება. კაცი დაფიქრდა. გუნებაში წონიდა ქალის ნათქვამს და შემოთავაზებას...
– მითხარით, რა უნდა გავაკეთო, – თქვა და იგრძნო, რომ საერთოდ არ ღელავდა.
– მოგცემთ ჩემი სახლის მისამართს. კარს ღიას დავტოვებ... ჩემი ქმარი ზუსტად ღამის 11 საათზე ბრუნდება სახლში. თქვენ მას სასტუმრო ოთახში დაელოდებით. როგორც კი შემოვა, ესვრით, მოკლავთ, ფანჯარას ჩაამსხვრევთ და წახვალთ. მომენტალურად დატოვებთ ქალაქს. იარაღს გზაში სადმე გადააგდებთ.
– იარაღი არ მაქვს.
– მე მოგცემთ. 32-კალიბრიან „კოლტს“, ხუთი ათას დოლართან ერთად კარგი იარაღია, არ გიმტყუნებთ. დანარჩენს მაშინ მიიღებთ, როგორც კი ქმარს მომიკლავთ, იქვე ვიქნები, საძინებელ ოთახში. ათი წუთის მერე პოლიციაში დავრეკავ და განგაშს ავტეხ, ქურდმა ქმარი მომიკლა-მეთქი. ყველაფერი გასაგებია?
კაცმა ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ თავი დაუქნია.
– მშვენიერია. ფულს ჩემს მანქანაში გადმოგცემთ... იარაღსაც.
***
დათქმულ დროს კაცი სახლს მიუახლოვდა. გვერდითა სავარძლიდან რევოლვერი აიღო და უკან, ქამარში გაირჭო. თერთმეტის ოცი წუთი იყო. მანქანიდან გადავიდა და სიგარეტს მოუკიდა. ბოლომდე მოსწია. საკუთარი თავის უკვირდა. ძალიან მშვიდად იყო... კარი მართლაც ღია აღმოჩნდა, როგორც ქალი დაჰპირდა... დერეფანში შუქი არ ენთო. ქამარში იარაღი მოისინჯა და სასტუმრო ოთახში შეაბიჯა. იქაც ბნელოდა, მაგრამ ოთახში ორიენტირება მაინც მოახერხა. თუმცა, დიდხანს არ მოუწია სიბნელებში ყოფნამ. შუქი ერთბაშად აანთო და მეორე სართულის კიბეზე მან ჭაღარა, საკმაოდ ზორბა, ასაკოვანი მამაკაცი დაინახა, რომელსაც ნაცრისფერ პერანგზე შერიფის ვარსკვლავი უბრწყინავდა. მოულოდნელობამ ლამის შოკში ჩააგდო. ამაზე არ შეთანხმებულან. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ჭაღარას ხელში რევოლვერი ეჭირა, მსხვილკალიბრიანი, რომლის ლულაც დაუპატიჟებელ სტუმარს მუცელში ჰქონდა დამიზნებული. შიშმა ადგილს მიაჯაჭვა. ვერაფრით მიხვდა, რა ხდებოდა.
– თქვენ ხომ ჩემს მოსაკლავად მოხვედით! იშვიათი პუნქტუალურობაა... თანამედროვე ახალგაზრდებში ეს დასაფასებელი თვისებაა.
– მომისმინეთ... – კაცი დაბნეული აცეცებდა თვალებს. შერიფის ვარსკვლავი თვალს ჭრიდა. უცებ კიბის ზედა ბაქანზე ის ქალი გამოჩნდა, რომელმაც რესტორანში ქმრის მოკვლის ბრძანება მისცა. ქალი ღიმილით დაეშვა კიბეზე.
– ძვირფასო, მიდი და ფული გამოართვი, – უთხრა ქმარმა. რევოლვერის ლულა ისევ დამიზნებული ჰქონდა.
ქალიც მივიდა, ჯიბიდან საფულე ამოაცალა გახსნა და შიგ ჩაიხედა.
– მშვენიერია... აქ ხუთი ათასზე მეტია, – თქვა კმაყოფილი ღიმილით.
– რა თქმა უნდა, მეტია, გააპროტესტა „მკვლელმა“, – ჩემი სამი ათასი დოლარი. დამიბრუნეთ... და საერთოდ, ეს რა სპექტაკლია. თავს შერიფად რატომ ასაღებთ და საერთოდაც, რა ხდება აქ?
– კლარა ცოტას ერთობა, მეც არ ვუშლი... ცოლად რომ მომყვებოდა, პირობა მივეცი – ოღონდ ჩემთან იყავი და ყოველთვის ყველაფერს შეგისრულებ-მეთქი. პირობას ვუსრულებ. ქალების ამბავი ხომ იცი, რამდენიც უნდა მისცე ფული, მაინც საკუთარი უნდათ – პირადი ხარჯებისთვის. ეს მათ თავდაჯერებულობას სძენს.
– დეივ, ამჯერად ძალიან გაგვიმართლა! – წამოიყვირა კლარამ. თხელ, მოკლე პენუარში კიდევ უფრო ლამაზი და ვნებიანი ჩანდა. მაგრამ „დაქირავებულმა მკვლელმა“ მისი მომხიბვლელობის მიმართ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა.
– დამიბრუნეთ ჩემი სამი ათასი დოლარი, – ამოიხრიალა მან. შერიფმა თავი გადააქნია.
– შენს ადგილას მე ახლავე წავიდოდი და ბევრს არ ვილაპარაკებდი. ვერ ხვდები, რაში გაები?! შემიძლია, მოგკლა... შემიძლია, დაგაპატიმრო... ასეთია ცხოვრება. ძალაუფლებას ბევრი პლუსი აქვს. მე მიყვარს ჩემი ცოლი, ძალიან მიყვარს...
– ძვირფასო... სამი ათასი დოლარი... ფანტასტიკურია. ხვალ ვეგასისკენ ავიღებ გეზს. ცოტას გავერთობი. შეიძლება, გარდერობის განახლებაზეც ვიზრუნო...
– შენ იცი, ძვირფასო... მე მხოლოდ გამიხარდება, თუ კარგად გაერთობი, მაგრამ ჩემი ხუთი ათასი დოლარი დამიბრუნე.
– დეივ... – გაჭირვეულდა ცოლი.
შერიფი სავარძელში ჩაჯდა და ისე, რომ „სტუმრისთვის“ ლულა არ მოუცილებია, საყვარელი მეუღლე მის სახელურზე ჩამოსვა. ერთი ხელი კი წელზე შემოხვია... იდეალური წყვილი იყო, ვერაფერს იტყოდი... „დაქირავებული მკვლელი“ მიხვდა, რომ გაცლა სჯობდა. საშინლად იყო გამწარებული. ასე არასოდეს გაუბრიყვებიათ... მაგრამ ვერაფერს გახდებოდა. რევოლვერი იქვე, პატარა მაგიდასთან დადო და კარისკენ გაეშურა... მერე ერთბაშად შემოტრიალდა...
– მე მესმის შენი, შერიფო. ასეთი ლამაზი ქალისთვის რაზე არ წახვალ კაცი... აი, მე მკველელობის ჩადენაც კი გადამაწყვეტინა... ცოლ-ქმარმა ჯერ ერთმანეთს შეხედა გაოცებით, მერე კი – „მკვლელს“... ის სწორედ ამ მოულოდნელობის ეფექტით სარგებლობდა და სწრაფად აგრძელებდა ლაპარაკს... – თქვენ ფიქრობთ, მარტო ფულით მოვიხიბლე? არა... ასე მარტივად არ ყოფილა საქმე... გილოცავთ, იშვიათად მინახავს ასეთი სრულყოფილი სხეული, არც მახსოვს, ბოლოს ასეთი სექსი როდის მქონდა...
შერიფის მზერაში ველურმა ნაპერწკალმა იელვა... მომარჯვებული რევოლვერი ელვის უსწრაფესად შებრუნდა ქალის მომხიბვლელი მკერდისკენ... გასროლის ხმა „მკვლელმა“ უკვე მაშინ გაიგონა, როცა ბინიდან გასული კარს ხურავდა.