კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მიჰყიდა 30 მილიონ დოლარად მოსკოვის ოლიმპიური სოფელი ცნობილმა ქართველმა თაღლითმა არაბ შეიხს

ცნობილი თაღლითი, ვასო კედია საბჭოთა კრიმინალური სამყაროს ნამდვილი ლეგენდა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის კანონიერი ქურდი არ ყოფილა, საბჭოეთის ყველაზე ავტორიტეტული კრიმინალებიც კი პატივს სცემდნენ და ციხეში მოხვედრისას ქურდული ადგილი გარანტირებული ჰქონდა.

ფრიადოსანი

ვასოს მამა, სარდიონი, 1942 წელს სამამულო ომში დაიღუპა, ორი წლის შემდეგ კი, მისი დედა, ჭლექით გარდაიცვალა. 4 წლის ბავშვის აღზრდა მამიდამ, ელენე კედიამ ითავა, რომელიც თბილისში, სოლოლაკში იყო გათხოვილი და მასაც სამამულო ომში ჰყავდა მეუღლე დაღუპული.

27 წლის ულამაზეს ელენე კედიას მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავდა და ბევრი ღირსეული მამაკაცი სთხოვდა ცოლობას, ელენე კი გათხოვებაზე არ ფიქრობდა. მაგრამ ბოლოს მაინც გათხოვდა – 1947 წელს ვინმე ვახტანგ ერისთავს გაჰყვა ცოლად. ერისთავს პოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა და ჰოსპიტალში გამოკვლევებს იტარებდა. მომხიბვლელი პოლკოვნიკი ვახტანგ ერისთავი კი სინამდვილეში აპოლონ ცაგარელი იყო, თაღლითი რეციდივისტი, რომელიც პოლკოვნიკის ყალბი საბუთებით ცხოვრობდა, რადგან მილიცია ეძებდა. ცაგარელს კრიმინალურ სამყაროში „აკადემიკოსის“ მეტსახელი ჰქონდა და პატარა ვასიკოს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი სწორედ მან შეასრულა. ცაგარელი ძალიან ნიჭიერი, განათლებული ადამიანი იყო და არისტოკრატიული მანერებით ნებისმიერი ადამიანის მოხიბვლა შეეძლო. პატარა ვასიკო მას ძალიან უყვარდა და რადგან ბიჭი კარგად სწავლობდა ბევრ წიგნს აკითხებდა, მოუწოდებდა, სკოლაში კარგად ესწავლა, აპოლონს და ელენეს შვილი არ ჰყავდათ, რადგან ქალი უშვილო იყო. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ვასიკოს შვილივით ზრდიდნენ. რვაწლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, აპოლონ ცაგარელი, იგივე „აკადემიკოსი“, ერთ-ერთმა სოლოლაკელმა იცნო, რომელიც მასთან ერთად იჯდა ციხეში და დააბეზღა. ცაგარელი დააპატიმრეს, გაასამართლეს და რუსეთში ეტაპით გაგზავნეს, საიდანაც ის ცოცხალი აღარ დაბრუნებულა.

შურისძიება

„აკადემიკოსის“ დამბეზღებელი ვინმე ანზორ კურტანელი იყო. ის ეგრეთ წოდებულ ნავთის წერტში მუშაობდა გამყიდველად კიროვის ქუჩაზე, ერთ-ერთ სარდაფში.

ვასიკომ „ჩამშვების” ვინაობა რომ შეიტყო, მისი მოკვლა განიზრახა და ამის შესახებ თავის საუკეთესო მეგობარს, თანაკლასელს, ომარ ბერიძეს უთხრა (მოგვიანებით, ომარ ბერიძე, იგივე „ოქროსხელება“, საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ქურდი გახდა).

– მოვკლათ, მაგის დედაც... – უთხრა ომარმა ვასიკოს, – ღამით დავხვოსტოთ  და ყელი გამოვჭრათ ბნელ ქუჩაზე.

ძმაკაცებმა გეგმა დაისახეს, მაგრამ, ორდღიანი თვალთვალის შემდეგ ვასიკომ ომარს უთხრა:

 – სხვა იდეა მაქვს. ასე ხელით მოკვლა არ მინდა. 

– ეგ ტიპი კაცი კი არა, ბოზია, ბოზები კი უნდა დახოცო, – მიუგო ომარმა, – თუმცა, როგორც შენ იტყვი. ეს ბაზარი შენი გადასაწყვეტია და ყველაფერში გვერდში დაგიდგები. თქვი, რა იდეა გაქვს.

– პაკეტს დავუგდებთ და, თავისივე ღორობის გამო საკუთარ თავს თვითონ დასჯის.

– რა პაკეტს, ვერ ვხვდები!

– მოკლედ, მაგის პადვალში ჩახვალ, ნახევარ ლიტრ ნავთს იყიდი და, ისე იზამ, ვითომ საფულე შემთხვევით დაგივარდა და წამოხვალ. ის ნაბოზარი, რა თქმა უნდა, ბუმაჟნიკს არ დაგიბრუნებს და დედაც ეტირება. ფულის გარდა საფულეში ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე შუშის პატარა პუზირიოკი იდება. რომ გახსნის, ჰაერი მოხვდება და, რომც გადააგდოს, მაინც აფეთქდება, თვითონ კი მისავე ნავთით გაძეძგილ პადვალში გამოიბუგება. როგორია?

– პუზირიოკი რომ არ გადააგდოს და შეინახოს?

– მაშინ, ერთ საათში აფეთქდება – მას მერე, რაც პუზირიოკში ქიმიური პროცესი დასრულდება.

– საფულე რომ დამიბრუნოს?

– დარწმუნებული ვარ, არ დაგიბრუნებს.

ვასიკო მშვენივრად ერკვეოდა ქიმიაში და რამდენიმე ქიმიური ფხვნილისგან, რომლებიც მან მაღაზიაში შეიძინა, ძლიერი ფეთქებადი ნაერთი მოამზადა.

ომარი ნავთის წერტში ჩავიდა, ხუთიოდე წუთში კი ნავთით სავსე ბოთლით დაბრუნდა და კიროვის ქუჩის კუთხეში მომლოდინე ვასიკოს უთხრა:

– მართალი ხარ. იმ ბოზს თვალიც არ დაუხამხამებია, როცა ბუმაჟნიკი ტექნიკურად დავუგდე.

– ჰოდა, დედა ეტირება, – თქვა ვასიკომ და სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ჯერ საშინელი აფეთქების ხმა გაისმა სარდაფიდან, შემდეგ კი ცეცხლი და ცეცხლმოკიდებული ანზორ კურტანელი ერთად ამოიტყორცნა ტროტუარზე. 

ცეცხლმოკიდებულ კურტანელს გამვლელებმა უშველეს. მან მხოლოდ მცირე ხარისხის დამწვრობა მიიღო, თუმცა, შეიშალა და საგიჟეთში მოათავსეს. ექვსი თვის მერე კი ფსიქიატრიული კლინიკის სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. საქმე ისაა, რომ კურტანელს ორი მილიონი მანეთი დაეწვა, რომელიც სარდაფში ჰქონდა დამალული. სწორედ ამის გამო იყო ის დაპატიმრებული და 5 წელი იჯდა ციხეში. თუმცა, იმდენი მოახერხა, რომ დანაშაული აბსოლუტურად მართალ კაცს გადააბრალა, რომელიც სწორედ ამის გამო გაასამართლეს და დახვრიტეს.

„ცუღლუტი“, რომელიც ყველას უყვარდა

ვასიკო კედიამ საშუალო სკოლა დაამთავრა და წარჩინებული სწავლისთვის ოქროს მედალი გადასცეს. უნიჭიერესი ყმაწვილი მოსკოვში გაემგზავრა. მან თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში ბრწყინვალედ ჩააბარა მისაღები გამოცდები.

1961 წელს თბილისში საზაფხულო არდადეგებზე ჩამოსულ ვასიკო კედიას ცუდი ამბავი დახვდა: მისი ძმაკაცი, ომარ ბერიძე, ქურდობისთვის დააპატიმრეს და თხუთმეტწლიანი მუხლი მიუყენეს, რადგან, დაზარალებული „ცეკას“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო.

– უნდა ვუშველოთ ომარს, თორემ, მოკლავენ ეს ბოზები, – უთხრა ვასიკომ ძმაკაცებს, – ამ საქმეს მე ვითავებ და, ან გამოვიყვან, ან ამ ამბავს შევეწირები.

ვასო კედია ბრწყინვალედ ხატავდა და სანიმუშოდ ფლობდა გარდასახვის ხელოვნებას, ამიტომ, უპრეცედენტო ნაბიჯზე წავიდა: მან საკავშირო გენერალური პროკურატურის სპეციალურ ბლანკზე ომარ ბერიძის გათავისუფლების ბრძანება დაწერა, რომელსაც თავად საკავშირო გენპროკურორის, რუდენკოს ხელმოწერა ჰქონდა და, სპეცკურიერის უნიფორმაში გამოწყობილმა, პირდაპირ ორთაჭალის ციხეში მიიტანა. ბლანკი თავად ვასო კედიამ დაამზადა. რისკმა გაამართლა და ვასომ მეგობართან ერთად ციხის ტერიტორია დატოვა, ისინი ტაქსით თბილისის ვაგზალზე გავიდნენ. ძმაკაცები თბილისი-მოსკოვის მატარებელში ჩასხდნენ და საბჭოთა კავშირის დედაქალაქში გაემგზვრნენ.

თბილისში სულ მალე აღმოაჩინეს „პადლოგი“ და ბერიძეზე ძებნა გამოაცხადეს. დაზარალებული მაღალჩინოსანი ცოფებს ყრიდა, მილიციას ყოველმხრივ აჩქარებდა და ამ ზეწოლამ შედეგი გამოიღო: მაძებრებმა ვასიკო კედიას მიაგნეს და გაიგეს, რომ ძებნილი ბერიძე მასთან იმალებოდა. ისიც დადგინდა, რომ ბერიძის გაქცევა კედიას ორგანიზებული იყო, თუმცა, ძმაკაცების დასაპატიმრებლად რომ მივიდნენ, კედიამ და ბერიძემ გაქცევით უშველეს თავს და, ერთხანს მოსკოვში იმალებოდნენ, შემდეგ კი, საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში.

თავისი განსაკუთრებული ტალანტის მეშვეობით, 20 წლის ვასიკო კედია, რომელიც ქართულისა და რუსულის გარდა კიდევ ოთხ ენაზე: ფრანგულად, გერმანულად, ინგლისურად და ესპანურად ლაპარაკობდა, სხვადასხვა თაღლითურ კომბინაციას იგონებდა და ამით შოულობდა ფულს. 

– ქურდობა ჩემი პროფილი არ არის, ჩემო ომარ, აფერაზე საინტერესო და ჭკვიანური საქმე არ არსებობს, –  ეუბნებოდა ხოლმე ვასიკო ომარს.

1963 წლის ივლისში ომარ ბერიძე კიევში დააპატიმრეს. კრეშჩატიკზე ის ერთ-ერთმა ციხის ზედამხედველმა იცნო, რომელიც ორთაჭალის საპყრობილეში მუშაობდა. ომარ ბერიძე გაასამართლეს და 8 წლით ჩასვეს ციხეში. იმ პერიოდში, თბილისელი დაზარალებული მაღალჩინოსანი უკვე გადაყენებული იყო თავისი პოსტიდან და ბერიძეს ვერაფერი დაუშავა. ომარი გააციმბირეს და, 1971 წელს, საპყრობილიდან გათავისუფლების წინ, ის კანონიერ ქურდად აკურთხეს. ვასიკო კი ამ დროს უკვე ორი წლის პატიმარი იყო და გათავისუფლებამდე 2 წელი ჰქონდა დარჩენილი.

თითქმის 8 წლის ძებნილი ვასო კედია 1969 წელს ლენინგრადში დააპატიმრეს, სადაც მან  ერთ იაპონელ მილიონერს ზამთრის სასახლე მიჰყიდა, წინასწარ 30 ათასი მანეთი გამოართვა და მხოლოდ იმიტომ ჩავარდა, რომ ქუჩაში გულწასულ ფეხმძიმე ქალს დაეხმარა – ტაქსით საავადმყოფოში მიიყვანა. მილიციის ოპერჯგუფმა კედია მისაღებში აიყვანა, ოპერჯგუფი კი ტაქსისტმა გამოიძახა, რომელსაც ძებნილის სურათი ჰქონდა და მის შესახებ ორგანოებს შეატყობინა.

1969-1999 წლებში ვასო კედია, იგივე „ცუღლუტი,” ხუთჯერ იჯდა ციხეში, თუმცა მხოლოდ ათი წელი გაატარა იქ. მას ყოველთვის სანიმუშო საქციელისთვის ათავისუფლებდნენ, თანაც, აფერისტობისთვის კანონი დიდ სასჯელს არ ითვალისწინებდა.

ვასო კედიას „ცუღლუტი” პირველივე პატიმრობისას შეარქვეს და მომავალში ეს მეტსახელი საყოველთაო სიყვარულისა და აღტაცების საგანი გახდა. ვასო კრიმინალებსაც უყვარდათ და სამართალდამცველებსაც, რადგან, მილიციას არასდროს უქმნიდა პრობლემებს და, თუკი დანაშაულს დაუმტკიცებდნენ, აღიარებდა კიდეც... დანაშაულს კი, უფრო სწორად – აფერებს, ცუღლუტი ბრწყინვალედ გეგმავდა და უმაღლეს დონეზე ასრულებდა. მაგრამ, მილიციასაც კარგად ჰქონდა შესწავლილი მისი ხელწერა და, თუკი სადმე ვინმეს მაგრად გააცურებდნენ, იქვე მოიკითხავდნენ ხოლმე ცუღლუტს.

1980 წელს მოსკოვის ოლიმპიური თამაშები ორი დღის დაწყებული იყო, როცა ოლიმპიურ სოფელში სოლიდურად გამოწყობილი, სიმპათიური მამაკაცი გამოჩნდა. მას ერთ-ერთი არაბული სახელმწიფოს შეიხი ახლდა თან. სოლიდური მამაკაცი ცუღლუტი გახლდათ. ის არაბს მაღალჩინოსან პარტიულ მუშაკად წარუდგა და ოლიმპიურ სოფელს ათვალიერებინებდა. დათვალიერების მიზეზი კი მომავალი კომერციული გარიგება იყო, რომლის მიხედვითაც, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ არაბს, მთელი ოლიმპიური სოფელი უნდა ეყიდა. შეიხს ტერიტორია უზომოდ მოეწონა; ფასიც მისაღები იყო – 30 მილიონი დოლარი. ამიტომ, კომპანიონებმა მომავალი გარიგება ფეშენებელურ რესტორან „ინტერკონტინენტალში“ აღნიშნეს და ნომერში ასვლის წინ შეიხმა ცუღლუტს 100 ათასი მანეთი დაუტოვა და უთხრა:

– ეს თქვენი ჯილდოა იმისთვის, რომ ასეთი სარფიანი კონტრაქტი ჩამაგდებინეთ ხელში. ახლა კი სალოცავად უნდა წავიდე. ხვალამდე!

შეიხი სალოცავად ავიდა ნომერში, ცუღლუტმა კი აეროპორტისკენ გასწია, ყირიმში გაფრინდა და ერთი კვირა ზღაპრული დრო გაატარა, რაშიც 20 ათასი მანეთი დახარჯა. გარკვეული თანხა მან ქურდულ სალაროში გაგზავნა და არც რამდენიმე გაჭირვებული დავიწყებია.

არაბმა მხოლოდ ერთი კვირის მერე მიმართა მილიციას და „მურის“ ოპერებმა ცუღლუტი ოთხი დღის შემდეგ ოდესაში დააკავეს, მოსკოვში ჩაიყვანეს და შეიხთან დააპირისპირეს. არაბმა ცუღლუტი ვერ ამოიცნო, ამიტომ, ვასიკო კედია გაუშვეს. არაბმა კი 100 ათასი მანეთი დაკარგა და სამშობლოში ხახამშრალი დაბრუნდა.

 

скачать dle 11.3