მაფიის შვილობილი
ზვიადაური გამრეკელის სიტყვებმა გააკვირვა. მსგავსი შეკვეთებით ხშირად მოდიოდნენ „მეგაში“ მდიდარი ადამიანების ცოლები. ჩვეულებისამებრ, ასეთ დავალებებს რიგით თანამშრომლებს აძლევდნენ. სწორედ იმან გააკვირვა ვაჟა, რომ მსგავსი საქმის გამო იხმო ის ასე სასწრაფოდ გამრეკელმა.
– დიახ, ბატონო მერაბ. მერე?
– ალბათ, ფიქრობ, მერაბი ხომ არ შეიშალა, ასეთი წვრილმანის გამო რომ მეძახისო, ხომ? – გაეცინა გამრეკელს.
– არა, რას ბრძანებთ, – იუხერხულა ზვიადაურმა.
– აქ სხვა რამეშია საქმე. როგორც გითხარი, ბოტკოველის მეუღლე ძალიან ეჭვიანი ქალია. მას, თურმე, ჩუმად დაუყენებია სახლში ვიდეოკამერები იმ იმედით, რომ ქმარს საყვარელთან ურთიერთობაში გამოიჭერდა. სწორედ ეს ჩანაწერი მომიტანა ამ ქალბატონმა და ასე სასწრაფოდ ამიტომ დაგიძახე. კასეტა ორსაათიანია. მე ყურადღებით ვუყურე და მინდა, შენც ნახო.
– რა არის მასზე ჩაწერილი?
– ბოტკოველისა და ლარისას საუბარი. ისინი ბიზნესმენის კაბინეტში სხედან. ყავასა და ვისკის სვამენ და ერთი შეხედვით, ყოვლად უწყინარ თემაზე, ბიზნესზე საუბრობენ.
– თუ მხოლოდ საუბარია და მეტი არაფერი, ბოტკოველის ცოლმა რატომ იეჭვიანა და კასეტა რისთვის გადმოგცათ?
– როგორც გითხარი, ის ეთერი ცოტა ვერ არის. არ მგონია, რომ ლარისასთან მის ქმარს როდისმე ინტიმური კავშირი ჰქონოდეს. კასეტა იმიტომ მომიტანა, რომ თავისი მეუღლისა და უპირველესად, ლარისას გარეგნობა ეჩვენებინა. მაგრამ, ძაღლის თავი სულ სხვაგანაა დამარხული. ამ საუბრისას ბოტკოველი უსმან ბადალოვის ვინაობას ასახელებს და სწორედ ამან დამაეჭვა.
– რომელი ბადალოვის, ჩეჩენი საველე მეთაურის?
– ვფიქრობ, რომ სწორედ მის გვარს.
– ის ხომ რუსეთში ფედერალურ ძებნაშია? ამბობენ, რომ მას პანკისის ხეობაში სამხედრო ბაზა აქვს და თავის რაზმთან ერთად, თავისუფლად მოძრაობს აქეთ-იქით.
– ეგ მედლის ერთი მხარეა.
– მეორე მხარე?
– მეორე და მთავარი ისაა, რომ ბადალოვს პანკისში ნარკოტიკების ფაბრიკა აქვს, სადაც ჰეროინს ამუშავებენ.
– ეს მეც გამიგია.
– ვფიქრობ, ეს სიმართლეა და ამ საუბარში სწორედ პანკისში წარმოებული ჰეროინის ტრანსპორტირებაზეა ლაპარაკი.
– დავუშვათ, მასეა, მაგრამ ლარისა ამ ყველაფერთან რა კავშირშია?
– მოდი, ჯერ ჩანაწერს ვუყუროთ და ანალიზი მერე გავაკეთოთ, – უთხრა გამრეკელმა ზვიადაურს და ჩანაწერი ჩართო.
ორიოდე საათის შემდეგ, როდესაც ჩანაწერი დასრულდა, ზვიადაურმა გამრეკელს უთხრა:
– რომ არა უსმან ბადალოვის სახელის ხსენება და ჩვენი ინფორმირებულობა, უცხო ადამიანი ვერც კი მიხვდება, თუ რაზეა აქ საუბარი. ერთი შეხედვით, ბიზნესმენი პოლიტიკოსის ცოლს სთხოვს მის ქმართან შუამდგომლობას ბიზნესის ლობირებაში და ამაში წილს სთავაზობს. რა თქმა უნდა, არც ესაა კანონიერი საქციელი, მაგრამ საქართველოში ამას არავინ აქცევს ყურადღებას.
– რა ვიცი, ახალი მთავრობა პატიოსან მუშაობას გვპირდება.
– ვნახოთ, ბატონო მერაბ, ვნახოთ. თუმცა, ლარისას ქმარიც ხომ ახალი მთავრობის წევრია და თუ ის ნარკომოვაჭრეებთან და ბოევიკებთან გარიგებაზე წავა, რომელ პატიოსნებაზეა ლაპარაკი.
– გეთანხმები და ასე რომ არ მოხდეს, ამ საქმეში უნდა ჩავერთოთ და პროცესი ვაკონტროლოთ. ხომ წარმოგიდგენია, რა პოლიტიკურ მინუსში იქნება ქვეყანა, მსგავსი კავშირები რომ გაღრმავდეს?
– კი. რუსეთს კოზირი ექნება ჩვენ წინააღმდეგ და უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს ჩვენზე.
– გარდა ამისა, თუკი დიდი რაოდენობის ნარკოტიკები შემოვა საქართველოში და გაიყიდება, ჩვენს გენოფონდს უფრო მეტი ზიანი მიადგება.
– გეთანხმებით.
– ამიტომ ლარისა უნდა დაამუშავო და აიძულო, სრული ინფორმაცია მოგვაწოდოს. შეძლებ?
– შეძლებით კი შევძლებ, – თქვა ზვიადაურმა და ჩაფიქრდა, – ბატონო მერაბ, გავქაჩავთ კი ამდენს? უკეთესი ხომ არაა, რომ ეს ინფორმაცია ახალი მთავრობის უშიშროებას მივაწოდოთ და მათ მიხედონ საქმეს?
– არა, ვაჟა, – თავი გააქნია გამრეკელმა, – ჯერ ამათ სტრუქტურები არ აქვთ დალაგებული და ძველებს ამუშავებენ. თანაც, ახალ მთავრობაში რა ხალხია, არ ვიცით. ნდობის ფაქტორს ვგულისხმობ, ხომ ხვდები?
– დიახ. ვხვდები.
– ამიტომ, ჩემო ვაჟა, ჩვენ საინფორმაციო ბაზა უნდა მოვამზადოთ. რომ იტყვიან, სურათი შევკრათ და თუ დავრწმუნდებით, ახალი მთავრობა მართლაც პატიოსნად მუშაობს, მაშინ ამ საქმეს მათ გადავულოცავთ.
– თუ პატიოსნები არ აღმოჩნდნენ, მაშინ რა ვქნათ?
– მაგაზე არ მიფიქრია. მოვიფიქრებთ რამეს. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ საქმეს ხელი მოვკიდოთ და შენ უნდა მიხედო ამას. თანახმა ხარ?
– რა თქმა უნდა.
– ლარისაზე ზეგავლენის მოხდენას როგორ აპირებ. არ მგონია, რომ ხურდას საყვარლობაზე დაკერო. ბოლო-ბოლო იტყვის, ცილს მწამებთო და ქმარსაც დააჯერებს ამას. მით უმეტეს, რომ ხურდა მისი ქმრის ძმაკაცია და ბიზნესის წილში ჰყავს.
– ამით არც ვაპირებ მის დაკერვას.
– აბა, როგორ?
– იმ წაკლას ხურდასგან შვილი ჰყავს. მისი ოცი წლის ქალიშვილი როინ ჩანტლაძის, იგივე ხურდას შვილია.
– რას ამბობ?!
– კი, მასეა.
– საიდან იცი?
– თვითონ ჩანტლაძისგან.
– კი მაგრამ, ამის გამხელა რაში დასჭირდა?
– ალიბისთვის.
– ალიბისთვის?
– დიახ, ალიბისთვის. ხურდას საქმეს რომ ვიძიებდი, ერთ-ერთ ეპიზოდში ძარცვაში მონაწილეობის ბრალდება წავუყენე. ჩანტლაძემ ეს უარყო და მითხრა, იმ დროს გინეკოლოგთან ვიყავიო. ერთი სიტყვით, ხურდას რომ ლარისას დაფეხმძიმების ამბავი შეუტყვია, თავისი საყვარელი აბორტის გასაკეთებლად წაიყვანა. ექიმს უთქვამს, დაგვიანებულიაო. ხელი არ მოუკიდია მისთვის და მანაც გააჩინა.
– მერე და როგორ დაუმტკიცებ ამას ლარისას? იმ ექიმს მოუყვან მოწმედ?
ზვიადაურს გაეღიმა და გამრეკელს მიუგო:
– არა, ბატონო მერაბ. ეგ ჩვენს დროს იყო შეუძლებელი. ახლა კი უადვილესია. დეენემური შემოწმებით დავემუქრები. ვეტყვი, რომ ამ ინფორმაციას მის ქმარს მივაწოდებ და დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობაზე წამოვა.
– სულ ჩამოვრჩი ცხოვრებას, – ხელი ჩაიქნია გამრეკელმა და დამატა, – მეც მასე ვფიქრობ. კარგი აზრია. როდის შეუდგები საქმეს?
– დღესვე. რაღაც-რაღაცეებს გავარკვევ და შევხვდები.
– ძალიან კარგი. ბოტკოველის ცოლს კი დაველაპარაკები. ვეტყვი, რომ კასეტაზე კრინტიც არ დაძრას და ვიდეოკამერები ჩუმად მოხსნას. ბოტკოველმა რომ შემთხვევით აღმოაჩინოს თვალთვალი, საქმეც ჩაგვეშლება და იმ საცოდავ ეთერსაც დიდი საფრთხე შეიძლება, დაემუქროს. ქალს კი ერთი კვირის მერე ვეტყვით, რომ სულ ტყუილად ეჭვიანობდა და პატიოსანი ქმარი ჰყავს.
– დიახ. ასე ჯობია.
– ჯაბასგან რა ისმის ამერიკიდან?
– სამი დღის წინ დამირეკა და მიმახვედრა, რომ რაღაც საიდუმლო ბაზაზე მიჰყავთ ექვსი თვით სპეცმომზადებისთვის. კავშირზე რომ არ გამოვალ, არ ინერვიულოთო.
– ექვსი თვით?
– დიახ.
– ნეტავ, რატომ?
– არ ვიცი. ისედაც დაშიფრულად მელაპარა და ამდენს ვერ მეტყოდა, ან არ მითხრა.
– არ გითხრა? შენ ასე ფიქრობ?
– უბრალოდ, ვვარაუდობ. არა მგონია, რომ რამე სერიოზული საქმე მისცენ. ჯერ სტუდენტია და სრული კურსი არ აქვს გავლილი. თუმცა, ვინ იცის.
– მთავარია, მშვიდობა იყოს. არ ინერვიულო. ჯაბა ჩამოყალიბებული კაცია და არაფერი შეეშლება.
– ნინო ნერვიულობს ცოტას.
– დედაა და არ გაემტყუნება.
– ბატონო მერაბ, როგორც კი ჯაბა აკადემიას დაამთავრებს და ჩამოვა, ყველანი უნდა შევიკრიბოთ და მას სიმართლე ვუთხრათ. უფლება აქვს, ყველაფერი იცოდეს. სხვა წყაროდან რომ გაიგოს, შეიძლება, უარესიც კი იყოს მისთვისაც და ჩვენთვისაც.
– გეთანხმები. როცა ჩამოვა, ყველაფერი მოვუყვეთ.
– კარგი. წავალ ახლა მე და საქმეს მივხედავ, – თქვა ზვიადაურმა და გამრეკელის კაბინეტიდან გამოვიდა.
ვაჟა ზვიადაური სამი დღის განმავლობაში ცდილობდა ხელსაყრელი მომენტის პოვნას ლარისასთან პირისპირ დასალაპარაკებლად. მესამე დღეს მან ქალი ვაკეში, ერთ-ერთ ფეშენებელურ მაღაზიასთან მოიხელთა. ორმოციოდე წლის, ახალგაზრდულად, მოკლე კაბაში გამოპრანჭული, მუქსათვალიანი ლარისა საყიდლებით გამოდიოდა. ვაჟამ მას კარი გაუღო. გაუღიმა და უთხრა:
– ხომ არ მოგეხმაროთ, ქალბატონო?
– თუ არ შეწუხდებით, – მიუგო ქალმა და ვაჟას ტანსაცმლით სავსე პაკეტები შეაჩეჩა.
ზვიადაურმა პაკეტები სპორტული ავტომობილის უკანა სავარძელზე დაალაგა და საჭესთან მჯდომ ლარისას უთხრა:
– რა კარგად გამოიყურები, ძვირფასო.
– მკერავ, ბიჭუნი? – ირონიულად მიუგო ქალმა მუქსათვალიან ვაჟას და ძრავა ჩართო.
– ვერ მიცანი, ლარაჩკა?
– აბა, ერთი, სათვალე მოიხსენი, – უთხრა ლარისამ ვაჟას და ყურადღებით შეათვალიერა, – არ გინდა. მოხარშულს გიცნობ, შენ ძაღლი არ ხარ?
– არ გეკადრებათ ბილწსიტყვაობა, ქალბატონო. რაც არ უნდა იყოს, პოლიტიკოსის ცოლი ბრძანდებით, – ირონიით მიუგო ზვიადაურმა.
– თუ არ ვცდები, ვაჟა, ხომ?
– არ ცდებით.
– რა გნებავთ?
– შენთან საქმე მაქვს.
– რა საქმე უნდა ჰქონდეს მილიციელს პოლიტიკოსის ცოლთან? არ მცალია.
– სერიოზული საქმე.
– სერიოზული?
– დიახ, ძალიან სერიოზული.
– კარგი. მაშინ ჩემს ქმარს დავურეკავ და მასთან ერთად მითხარი.
– არ გირჩევ.
– მემუქრები?
– არა. უბრალოდ, არ მგონია, რომ შენს ქმარს ესიამოვნოს შენი და ხურდას ურთიერთობის ამბის მოსმენა.
ხურდას ხსენებაზე ქალი ოდნევ შეცბა. თუმცა, თავი მოთოკა და მიუგო:
– მაშანტაჟებ?
– არა. უბრალოდ, საქმე მაქვს, დრო კი ცოტაა. დრო ფულია.
ლარისამ ჩანთიდან ორასლარიანი ამოიღო. ზვიადაურს გაუწოდა და უთხრა:
– აი, გამომართვი. მეტი არ მაქვს. წაიღე და თავიდან მომწყდი. ნუთუ ფიქრობ, რომ ჩემს ქმარს ეტყვი, ხურდას საყვარელი იყოო და დაგიჯერებს? ეს რომ ჩემმა მეუღლემ გაიგოს, აგაორთქლებს.
– სულ სხვა რამის თქმას ვაპირებ ბატონი პოლიტიკოსისთვის და ეს რომ შეიტყოს, მე კი არა, შენ და ხურდას აგაორთქლებთ.
– მაინც, რა იცი ასეთი?
– ერთი მყუდრო კაფე ვიცი აქვე, იქ დავსხდეთ და ჩემს გეგმას გაგაცნობ.
– დაჯექი. წავიდეთ.
– მიდი და მოვალ. მეც მანქანით ვარ, – მიუგო ქალს ვაჟამ და თვალი ჩაუკრა, – ფრთხილად იარე, არ მომიტყდე. თუ ჭკვიანად მოიქცევი, ყველაფერი კარგად იქნება.
ათიოდე წუთის შემდეგ ზვიადაური და ლარისა მყუდრო კაფეში შეხვდნენ ერთმანეთს. მიმტანმა ორი ყავა და ორი წვენი მოიტანა. ქალმა კი ძვირად ღირებული სიგარეტი გააბოლა. ფეხი ფეხზე შემოიდო და ზვიადაურს უთხრა:
– აბა, ამოღერღე სათქმელი, შე შანტაჟისტო.
– ლარაჩკა, ლარაჩკა, არ გეკადრება ასეთი ვულგარიზმი. რაც არ უნდა იყოს, შენი მეუღლე პარლამენტის წევრია.
– სულ მალე მინისტრი გახდება, შინაგან საქმეთა მინისტრი, – სიამაყით თქვა ქალმა.
– მართლა? – გულწრფელად გაუკვირდა ზვიადაურს.
– ბოზი ვიყო, – ირონიულად ჩაეცინა ლარისას და ნაფაზი დაარტყა.
– რა ბოზი და ჩათლახიც იყავი, იგივე დარჩი, – ზიზღით თქვა ზვიადაურმა, – წესიერად დაჯექი და ხმას დაუწიე. ყურადღებას იქცევ და არ გაწყობს.
ლარისამ კაბა გაისწორა და თქვა:
– გისმენ.
– ჩანტლაძის საწოლიდან რომ გამოგათრიე, ალბათ გახსოვს.
– იტყუები, ცილს მწამებ! – მიუგო ქალმა.
ვაჟას გაეცინა და უთხრა:
– ნუ გეშინია. საუბარს არ ვიწერ. არ მჭირდება.
– მართლა?
– მართლა, მართლა. გახსოვს თუ არა?
– რა, მერე?
– კარგია, რომ გახსოვს. „პაშლი დალშე“, – ჩაურუსულა ზვიადაურმა, – შენმა პოლიტიკოსმა ქმარმა ის თუ იცის, რომ შენი უფროსი ქალიშვილი ხურდასგან გყავს?
ლარისას სახე ეცვალა და ცივმა ოფლმა დაასხა. ენა ჩაუვარდა და გაფითრდა. სამიოდე წუთის შემდეგ კი ვაჟას უთხრა:
– შენ რა იცი?
– ვიცი.
– ხურდამ გითხრა ხომ, იმ დამპალმა?
– ორივე დამპლები ხართ.
– კი, მასეა. რა მერე? – ზიზღნარევი ხმით ჰკითხა ლარისამ ვაჟას – ვერ დამიმტკიცებ.
– ისე დაგიმტკიცებ, როგორც ახლა მე შენ გელაპარაკები, – მშვიდად მიუგო ზვიადაურმა.
– მაინც, როგორ?
– სრულად მოგიყვე თუ მოკლედ გითხრა? – ირონიით ჰკითხა ვაჟამ.
– სრულად. მაინტერესებს, რას ბოდავ.
– ასე იყოს. შენს მეუღლესთან შეხვედრაზე ჩავეწერები და პარლამენტში, კაბინეტში რომ ვეახლები, ყველაფერს მოვუყვები. ბოლოს კი ვეტყვი, – ხურდას და უფროსი ქალიშვილის დეენემი გაასინჯოს ექსპერტიზას. ერთ კვირაში დადებით პასუხს რომ მიიღებს, იმას უკვე ვერ განვსაზღვრავ, რას მოიმოქმედებს.
– მოგვკლავს, – ამოილუღლუღა ლარისამ და ცარცის ფერი დაედო.
– ჰოდა, რომ არ მოგკლათ, მაშინ უნდა დამიჯერო და რასაც გეტყვი, ის გააკეთო.
– ამწუთას შემიძლია, ხუთი ათასი დოლარი მოგცე. ათმაგს კიდევ ათ დღეში მოგიტან. მეტი არ შემიძლია, – დაიკნავლა ქალმა.
– ფული არ მინდა.
– აბა, რა გინდა?
– უპირველესად, ყველაფერზე ზუსტი პასუხი. შემდეგ კი ვნახოთ.
– მკითხე, რა გაინტერესებს.
– ბიზნესმენ ბოტკოველს საიდან იცნობ?
– ჩემი ძველი ნაშაა.
– გასაგებია. უსმან ბადალოვს?
– უსმან ბადალოვს? – შეცბა ლარისა.
– კი.
– ზვიადაურო, რა გინდა? – კვლავ გაფითრდა ქალი.
– მე უკვე გითხარი, რაც მინდა. ბადალოვს საიდან იცნობ?
– მჟიმავდა, როდესაც ქმარს გროზნოში ვახლდი. გეცოდინება, ალბათ, დევნილი რომ იყო ერთი პერიოდი და ცოლ-შვილთან ერთად თბილისს გაერიდა.
– ბოტკოველს რა უნდოდა შენგან, თავის სახლში რომ გელაპარაკა?
– ეგ საიდანღა იცი?
– ვიცი. კითხვებს აქ მე ვსვამ.
– ჩემი ქმრისა და ბადალოვის გაცნობა უნდა.
– რატომ?
– არ ვიცი, ასე თქვა, საქმე მაქვს მათთანო.
– ლარისა, სიმართლე მითხარი, ხომ შევთანხმდით?
– რა გინდა, ზვიადაურო, გინდა, ყველა დაგვხოცონ?
– სამაგიეროდ, ბევრ ახალგაზრდას გადავარჩენთ. თქვი. გისმენ.
– რა ვთქვა, რაც არ ვიცი?
– რა ბიზნესზე გელაპარაკებოდა ბოტკოველი. თქვი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
– მომკლავენ, ყველაფერი რომ გასკდეს.
– არ გასკდება. თქვი. შენ თუ არსად წამოგცდა, მე არავისთან დამცდება. გისმენ.
– რად გინდა, ზვიადაურო. მეც შარში მხვევ და შენც თავს იღუპავ. ამას მირჩევნია, ისევ ჩემს ქმართან ჩამიშვა.
– ეს ჩაშვება არაა. მე ერის ინტერესებზე ვზრუნავ. თქვი.
– ბადალოვი ჰეროინს ამუშავებს პანკისში. მას იქ ფაბრიკა აქვს. ბოტკოველს უნდა, რომ ნარკოტრანზიტი საქართველოს ტერიტორიაზე თვითონ განახორციელოს და ბადალოვს შეუთანხმდეს. ჩემი ქმარი კი „კრიშად“ სჭირდება. კმაყოფილი ხარ ახლა?
– რას აპირებ?
– რას გულისხმობ?
– რას და, თანახმა ხარ, ასეთ კომბინაციაზე?
– ჯერ ჩემი ქმრისთვის არაფერი მითქვამს. მას უნდა შევუთანხმდე. ბადალოვს მე მაინც ვერ ვნახავ ჩემი ქმრის გარეშე და ეს შეხვედრა მან უნდა მოაწყოს.
– როგორ ფიქრობ, დათანხმდება შენი ქმარი?
– ვფიქრობ, რომ კი.
– როდის აპირებ თქმას.
– ალბათ, ხვალ.
– მაშინ, მოდი, ასე მოვიქცეთ. შენ შენს ქმარს ამ ყველაფერს ეტყვი და საუბარს ჩაიწერ. ჩანაწერს კი მე გადმომცემ. საერთოდ, შეეცდები, რაც შეიძლება, მეტი ინფორმაცია მოიპოვო და ყველაფერს მე მეტყვი.
– ნასედკობას მთავაზობ?
– ეს ნასედკობა არაა. შანსს გაძლევ, რომ შენი ცოდვები გამოისყიდო ღმერთისა და სამშობლოს წინაშე.
– უარი რომ ვთქვა?
– მაშინ, შენს საქმესაც გაიფუჭებ და ქმარსაც ავნებ. არ მგონია, რომ ნარკომოვაჭრე ხელისუფლებაში გააჩერონ. პირადად პრეზიდენტს მიუვა ეს ინფორმაცია და ის გადაწყვეტს.
– ეს რომ მან შეიტყოს, ყველას ქონებას ჩამოგვართვმევს და დედაბუდიანად ციხეში გამოგვამწყვდევს.
– მით უმეტეს. რას იტყვი. თანახმა ხარ?
– გარანტიები მჭირდება.
– რა გარანტიები?
– რა და, ჩემს ქმარს რომ არაფერი მოუვა.
– არ მოუვა. გამოვაძვრენთ.
– მაშინ, თანახმა ვარ.
– ძალიან კარგი. ხვალ აქვე შევხვდეთ და ჩამწერ აპარატურას მოგიტან. თან აგიხსნი, როგორ მოიხმარო.
– კარგი. წავედი.
– წადი, მაგრამ ჩემი მოტყუება რომ სცადო, იცოდე, კარგი დღე არ დაგადგება.
– არ მოგატყუებ. ნახვამდის, – თქვა ქალმა. სკამიდან წამოდგა და კაფედან გავიდა.
***
ზვიადაური კაფედან ოფისში დაბრუნდა და გამრეკელს უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა. ლარისა გოზალაძე „მეშოკში“ გვყავს და თანამშრომლობაზე დავითანხმე. ხვალ მოსასმენ აპარატურას გადავცემ, ყველაფერს ჩაიწერს და გადმოგვცემს.
– ძალიან კარგი. ესე იგი, ამ ნაძირლებს კონტროლზე ავიყვანთ.
– ჩანტლაძეც უნდა ვნახო და გადმოვიბირო. ორი ყური და თვალი გვეყოლება და ამ გარეწრებს უფრო უკეთესად გავაკონტროლებთ.
– კარგად მოგიფიქრებია. ხურდას გადმობირება ბევრად უფრო იოლი იქნება, ვიდრე იმ წაკლასი.
– მართლაც, რა წაკლა ყოფილა ეს ლარისა, – თავი გააქნია ზვიადაურმა, – ბოტკოველზე მითხრა, ჩემი ძველი ნაშააო. უსმან ბადალოვი კი, გროზნოში რომ ვიყავი, მჟიმავდაო.
– ასეთია ბოზის ცხოვრება. ხომ გაგიგონია, ღორი ტალახში წოლას ვერ მოიშლისო. ვერც ბოზს მოაშლევინებ ბოზობას.
– თქვენ ბოზი უძახეთ და კი მოიწყო ცხოვრება.
– რაც არ უნდა მოიწყოს, ბოზი ბოზად დარჩება. ტახტზეც რომ დასვა და დედოფლის გვირგვინი დაადგა, მაინც იბოზებს.
– ჰო, მართლა, ბატონო მერაბ, თურმე, ლარისას ქმარს შინაგან საქმეთა მინისტრად უპირებენ დანიშვნას.
– რას ამბობ, კაცო?! – შეცბა გამრეკელი.
– კი. მასეა. ლარისამ მითხრა.
– ძალიან ცუდია და არ უნდა დავუშვათ.
– როგორ?
– ჯერ არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს ნარკობარიგების მფარველი მინისტრი არ გახდეს. ხომ წარმოგიდგენია, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ასეთი შინაგან საქმეთა მინისტრი გეყოლება?
– დიახ, წარმომიდგენია.
გამრეკელი ჩაფიქრდა და პაუზის შემდეგ ზვიადაურს ჰკითხა:
– როდის აპირებ ხურდას ნახვას?
– ხვალ.
– შეხვდი, დაელაპარაკე და ეს ინფორმაცია გადაამოწმე. მე მგონი, მოვიფიქრე, როგორ უნდა აღვკვეთოთ იმ წაკლას ქმრის გამინისტრება.
– როგორ?
– ხურდას მეშვეობით.
– ხურდას მეშვეობით?
– კი. სწორედ მას გამოვიყენებთ ამ საქმეში. პრესას ინკოგნიტოდ მივაწვდით მასალებს ხურდას რეციდივისტულ საქმიანობაზე და ამას ყველა ჟურნალ-გაზეთი და ტელევიზია აიტაცებს.
– ახლა კი ყველაფერი გასაგებია, ბატონო მერაბ, – გაეცინა ზვიადაურს, – ხურდა ხომ პარლამენტში, კომიტეტში აპარატის უფროსია. თანაც, ლარისას ქმრის ბიზნესპარტნიორი. ამით მას კომპრომეტაციას გავუწევთ და პრეზიდენტი უარს იტყვის მის დანიშვნაზე.
– სწორედაც რომ მასეა, – თქვა გამრეკელმა.
– კი. მაგრამ, ლარისას ქმარმა რომ ამის გამო ხურდა მოიშოროს, მაშინ ხომ ინფორმატორს დავკარგავთ, ამასთანავე კი – მათზე კონტროლს?
– შეიძლება, უბრალოდ თანამდებობიდან გაუშვას, ისიც თვალის ასახვევად. დაშორებით კი არ დაშორდება. არ მგონია. შეიძლება, პირიქითაც კი მოხდეს. ხურდა მან მთლიანად შავ ბიზნესზე გადართოს და ეს უფრო გვაწყობს. თუმცა, რომც მოიშოროს, თავად ლარისა ხომ გვრჩება?
– პრინციპში, მართალი ხართ, – დაეთანხმა ზვიადაური.
– ერთი სიტყვით, შევთანხმდით. როგორც კი ხურდას დაამუშავებ, ჩემთან მოდი და ყველაფერი მომიყევი, – უთხრა გამრეკელმა ზვიადაურს და კაბინეტიდან გამოისტუმრა.
მეორე დღეს, ვაჟა ზვიადაური ჯერ ლარისა გოზალაძეს შეხვდა და ჩამწერ-მოსასმენი აპარატურა გადასცა, შემდეგ პარლამენტში მივიდა, სადაც შეხვედრაზე იყო ჩაწერილი და კომიტეტის თავმჯდომარის მისაღებში სკამზე ჩამოჯდა. ხურდამ ახალმოსული შეათვალიერა. მუქსათვალიანი ზვიადაური ვერ იცნო და ჰკითხა:
– თავმჯდომარესთან ხართ ჩაწერილი?
– დიახ, – მოკლედ მიუგო ზვიადაურმა.
– რა საკითხზე?
– პირადზე.
– კონკრეტულად? – კოპები შეკრა ხურდამ.
მისაღებში მარტო ზვიადაური და ხურდა იმყოფებოდნენ. ვაჟამ ხურდას გაუღიმა და მიუგო:
– ხურდასთან დაკავშირებით.
– რა ხურდასთან, ფულზე? – ვერ მიხვდა ხურდა და, – ჩვენი კომიტეტი არავის აფინანსებს.
– ფულზე კი არა, შენზე, შე ავაზაკო, – ირონიით უთხრა ხურდას ზვიადაურმა. სათვალე მოიხსნა და გააგრძელა, – ხურდა-ჯან, ვერ მიცანი?
ხურდა მიტკალივით გაფითრდა. კარისკენ გაიხედა და ზვიადაურს ხმადაბლა ჰკითხა:
– რა გინდა, აქაც არ მასვენებ?
– შენთან საქმე მაქვს.
– რა საქმე?
– პირადი.
– არ მცალია.
– მოიცლი. ახლა მე გავალ. ნახევარ საათში კი კაფეში გელოდები, – უთხრა ზვიადაურმა და კაფეს მისამართი უკარნახა.
– მაინც, რა გინდა, რას მერჩი? – ამოიკნავლა ხურდამ.
– თუ ჭკვიანად მოიქცევი, არაფერს გერჩი, თუ არა და, შენს თავს დააბრალე.
– კარგი, ნახევარ საათში მოვალ.
– აბა, ყოჩაღად. იცოდე, არ მალოდინო, – უთხრა ზვიადაურმა ხურდას. ადგა და პარლამენტიდან წამოვიდა. ნახევარი საათის შემდეგ კი, ხურდას უკვე კაფეში შეხვდა.
– რა საქმე გაქვს? – ჰკითხა ხურდამ ზვიადაურს.
– თბილად მოწყობილხარ, – გაეცინა ვაჟას, – პარლამენტში აპარატის უფროსობა სახუმარო საქმე არაა.
– ვიცი, – მიუგო ხურდამ.
– კიდევ რა იცი?
– ბევრი რამ, მაგრამ ეს შენ არ გეხება.
– აი, მე კი შენსავით ბევრი არ ვიცი. სამაგიეროდ, ისეთი რამ ვიცი, რისთვისაც შენ თავს მოგაჭრიან, რომ ვთქვა.
– მაშანტაჟებ? – ჩაეცინა ხურდას, – ვიცი, რასაც გულისხმობ, მაგრამ ეგ ოინი არ გაგივა.
– რას ვგულისხმობ?
– თითქოს ლარისას ჩემგან ჰყავს პირველი შვილი.
– მასე არ არის?
– რა თქმა უნდა, არა. გაგაბითურე მილიციელო. ასე ვთქვათ, გაჭამე. ალიბისთვის მჭირდებოდა და ჩემმა პაძელნიკებმა ის გინეკოლოგი მოისყიდეს. ასე რომ, ჩემგან კაპიკს ვერ მიიღებ და შანტაჟი ჩაგეშალა. ჩემსა და ლარისას ქმარს შორის ჩორტს ვერ ჩააგდებ.
– იქნებ არც შენს ლოგინში წოლილა ის კახპა?
– მაგას ვერ დაამტკიცებ.
– ამის დამტკიცებას არც ვაპირებ.
– აბა, რა გინდა?
– ლარისას ქმარს ერთ იდეას მივაწვდი.
– რა იდეას?
– ვეტყვი, რომ თავისი უფროსი ქალიშვილისა და შენი დნმ შეამოწმებინოს და გაარკვიოს, თუ ვისგან ჰყავს მის ცოლს პირველი შვილი.
ვაჟას სიტყვებზე ხურდა გაფითრდა. ხელები აუკანკალდა და ზვიადაურს უთხრა:
– რა გინდა ჩემგან?
– ჯერ ის მითხარი, ისევ ძველ აზრზე ხარ?
– არა.
– ესე იგი, მართალი ვარ.
– კი.
– ძალიან კარგი. ახლა საქმეზე გადავიდეთ.
– გადავიდეთ.
– მე მჭირდება ყველა ინფორმაცია, შენი ხაზეინის შავ-ბნელ საქმეებზე. მე შენ ახლა სპეცმოწყობილობას გადმოგცემ და ინფორმაციები უნდა ჩაიწერო, რათა დავრწმუნდე შენს კეთილსინდისიერებაში.
– გინდა, რომ თავი მომაჭრან?
– ისე ხომ, რას ამბობ, ლარისას ქმარი რომ სიმართლეს გაიგებს, ღირსების ორდენით დაგაჯილდოებს.
– ვერ შევძლებ. ძალიან საშიში საქმეა.
– შეძლებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს დაკარგავ.
– მაინც, რაში გჭირდება ეს?
– იმაში, ხურდა, რომ თქვენისთანა ნაძირლებმა კიდევ უფრო მეტი უბედურება არ მოუტანონ ხალხს.
– რას მერჩი. ჩემთვის ვარ. აღარ მინდა ციხე-ციხე თრევა და თბილ ადგილზე მოვჯექი.
– გული გინდა, ამიჩუყო? მართლა შენთვის რომ იყო, ხმასაც არ დავძრავდი. შენ კი, შე ნაბოზარო, ბევრად უფრო მეტს ახლა აშავებ, ვიდრე მაშინ, როდესაც პრისტუპნიკობდი. ბევრი რამ ვიცი თქვენზე და ამიტომაც მოგაკითხე. ან მთანხმდები თანამშრომლობაზე, ან შენს თავს დააბრალე.
– თანახმა ვარ.
– ხურდა, იცოდე, ჩემი მოტყუება არ გაბედო. მაინც გავიგებ და უკვე აღარ დაგინდობ.
– გასაგებია.
– ახლა კიდევ ერთი რამ...
– მეტი, რა გინდა? კიდევ რამე გინდა ამკიდო?
– კარგად მომისმინე.
– გისმენ.
– ვიცი, რომ შენს ნაბოზარ ხაზეინს პრეზიდენტი შინაგან საქმეთა მინისტრობას უპირებს.
– ეგ საიდანღა იცი? – გაუკვირდა ხურდას.
– ვიცი. ხომ გითხარი, ვერ მომატყუებ-მეთქი. მე კიდევ ბევრი რამ ვიცი.
– მერე?
– მერე და ის, რომ მისი გამინისტრება არ შეიძლება და ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
– ვინ თქვენ?
– ჩვენ – პატიოსანი, პატრიოტი ადამიანები.
– გასაგებია. შემდეგ?
– შემდეგ ის, რომ ამ საქმეში შენ გამოგიყენებთ.
– მე? – მხრები აიჩეჩა ხურდამ, – კი მაგრამ, როგორ? პრეზიდენტს ხომ არ ვეტყვი, არ დანიშნოო?
– არა. ჩვენ პრესა-ტელევიზიას შენ შესახებ მივაწვდით ინფორმაციებს. ისინი კი კამპანიას გააჩაღებენ და იტყვიან, რომ მინისტრობის კანდიდატს ნაძირალა კადრები ჰყავს. პრეზიდენტი რომ შეიტყობს ამას, აღარ დანიშნავს.
– მიჩალიჩებ, ზვიადაურო?
– დიდი-დიდი აპარატის უფროსობიდან მოგხსნას.
– მერე, კარგი საქმეა?
– მთლიანად შავ ბიზნესში გადაგიყვანს და სწორედ იქ გვჭირდები.
– რა შავ ბიზნესში?
– უსმან ბადალოვზე გსმენია რამე?
– მერე?
– გსმენია თუ არა?
– კი.
– ჰოდა, შენი დამპალი ხაზეინი სულ მალე მას დაუპაძელნიკდება. მას სწორედ შენ მიგამაგრებს და ძირითადად ამ ხაზით იმუშავებ ჩვენზე.
გაგრძელება შემდეგ ნომერში