ფლორის სამყაროში
კითხვა: მაქვს სხვადასხვა სახის კალანჰოე, თითოეულ მათგანს განსხვავებული მოვლა სჭირდება თუ ყველა იდენტურია?
პასუხი: კალანჰოე მართლაც ათასგვარი ფორმის, ზომისა და ფერის არსებობს. მათ შორისაა: ტომენტოსა, მანგინი, კალანდივა და სხვა. მიუხედავად ამ სახეობათა გარეგნული სხვაობისა, ყოველ მათგანს თითქმის ერთნაირი გარემო უხდება. ასე რომ, შეგიძლიათ, ყველა კალანჰოე ერთნაირ პირობებში გაზარდოთ.
კითხვა: ალოკაზიას ფოთლები სცვივა და სიმაღლეშიც არ იზრდება. ხომ ვერ მეტყოდით, რის ბრალია?
პასუხი: ეს მცენარე რთულად იზრდება, მას მუდმივად ტენი და სითბო სჭირდება. მისი დაკბილული და ლამაზად მოხატული ფოთლები 50 სანტიმეტრზე გრძელია. თუმცა, სიგრილეში ალოკაზიას ეს ფოთლები დასცვივა. ეცადეთ, მაღალ ტემპერატურაზე ამყოფოთ მცენარე, რომ ფესურიდან ახალი ფოთლები ამოუვიდეს.
კითხვა: რა რაოდენობის წყალს ითხოვს ტილანზია?
პასუხი: ამ მცენარეს ბევრი წყალი არ უყვარს. უფრო მეტიც, რბილი წყლით დანამვა მას საჭირო ოდენობის წყალს აწვდის. ზამთარში იშვიათად მორწყეთ. თვეში ერთხელ მიაწოდეთ 1:4 გაზავებული თხევადი სასუქი და მისთვის ეს საკმარისი იქნება.
კითხვა: რით მოვაშორო მტვერი მონსტერასა და კაქტუსს?
პასუხი: მონსტერას ჭუჭყი რბილი, სველი ნაჭრით ან გრილი შხაპით მოაშორეთ, კაქტუსის ეკლებს შორის კი – ფუნჯით ან ბამბიანი წკირით. თუ ამ სამუშაოებს ჩაატარებთ, თქვენი მცენარე უკეთ იგრძნობს თავს და მეტ სინათლესაც შთანთქავს.
კითხვა: როგორ გავზარდო სიმაღლეში სოლია?
პასუხი: ეს მცენარე ხვიარა უფროა, ვიდრე მცოცავი. თუ გსურთ, რომ სიმაღლეში გაიზარდოს, ბადეს ან მავთულის კარკასს უნდა ააყოლოთ. ის ზამთრის ბაღში შეგიძლიათ გამოიყენოთ მაღალი მცენარეების შიშველი ტანის დასაფარად.
კითხვა: გამძლეა თუ არა დავალია?
პასუხი: საერთოდ, გვიმრებს ნაზ და ტენის მოყვარულ მცენარეებად მიჩნევენ. თუმცა, ეს სახეობა მათგან განსხვავდება. ის უწყლობასაც იტანს და დაბალ ტენიანობასაც უძლებს. ეს ესპანური მცენარე თითქმის ნულოვან ტემპერატურასაც აიტანს. მართალია, ყინვაში ყლორტები სცვივა, მაგრამ ნამდვილად არ დაგაღალატებთ და სითბოში ახალს გამოიღებს.
კითხვა: მაქვს დიდი ხნის ციპერუსი, მინდა, რომ ახალი გავახარო. როგორ გავამრავლო?
პასუხი: ძველ ციპერუსს მოატეხეთ ყლორტი, ჩადეთ წყლიან ჯამში. წყალში ყლორტი ფესვს მალე გამოიღებს. უკვე დაფესვიანებული ყლორტი შეგიძლიათ, ტენიან მიწაში ჩარგოთ და ახალი მცენარეც მალე წამოიზრდება.
კითხვა: „მლოცველს“ სჭირდება თუ არა ზამთარში ხშირი მორწყვა?
პასუხი: მაღალ ტემპერატურაზე ის უხვად უნდა მორწყათ. ამ დროს მისი მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს, ხოლო როცა ტემპერატურა ეცემა, მორწყვა უნდა შეამციროთ. წყლის წვეთები ფოთოლს აუშნოებს, ამიტომ ზემოდან ნუ მორწყავთ. მას ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ ხოლმე.