კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული ნისიად

***

ვერიკო ცუდ ხასიათზე დაბრუნდა სახლში. რაღაცნაირად, დამძიმებული ჰქონდა გული და, როცა დაფიქრდა, მიხვდა, რომ ეს ყველაფერი თავისი ბრალი იყო.

„რამ გამომაშტერა, – გაიფიქრა და უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა შუბლი, – ჩემს წარსულზე და პირად ცხოვრებაზე უახლოეს მეგობრებთანაც კი არ ვლაპარაკობ და, იმ ერთი წუთის წინ გაცნობილ ადამიანებთან რა გულწრფელობა ამიტყდა?“

მერე უცებ საშინლად მოენატრა სერგი. საწერი მაგიდის უჯრიდან ძველი ალბომი ამოიღო და ბანკეტის სურათები ამოარჩია. მხოლოდ ერთ ფოტოზე იყვნენ ერთად გადაღებულები – სერგის ხელი ჰქონდა გადახვეული და, ლოყა ლოყაზე მიდებულები იცინოდნენ. ეს იყო ბოლო სახსოვარი, რაც პირველი, ყველაზე წრფელი და ყველაზე ალალი სიყვარულისგან დარჩა. ის სურათი რომ გადაუღო თანაკლასელმა, რამდენიმე წუთის შემდეგ გაიპარნენ. მერე კი მთელი მისი ცხოვრება სიბნელემ მოიცვა. იმ დღიდან, რაც ვერიკო მართლაც სასწაულად დაუძვრა სიკვდილს ხელიდან, პრაქტიკულად გასახსენებელიც არაფერი ჰქონდა, სკოლის წლების გარდა. მართალია, ორი წლის შემდეგ უნივერსიტეტშიც მოეწყო, მერე კარგი სამსახურიც იშოვა და, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ცხოვრებასაც დაუბრუნდა, მაგრამ, გამუდმებით გრძნობდა, რომ რაღაცნაირი მექანიკური გახდა. მისი ყოველდღიური მარშრუტი ერთნაირი იყო: სახლი-სამსახური-მაღაზია და, ძალიან იშვიათად – თავის ორ დაქალთან მცირეხნიანი ვიზიტი. იმ უბედურების შემდეგ გარკვეული დრო რომ გავიდა, კიდეც გაიცინა, დასასვენებლადაც წავიდა, დაბადების დღეზეც, კინოშიც და თეატრშიც, მაგრამ, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ეს ყველაფერი სხვის თავს ხდებოდა, თვითონ კი გარედან უყურებდა, ისე, როგორც არასაინტერესო ფილმს, როცა ზეპირად გახსოვს თითოეული კადრი ან ეპიზოდი და  წინასწარ იცი, რომ არაფერი საინტერესო არ მოხდება, თუმცა, იძულებული ხარ, უყურო, რადგან შენ ეს მოგისაჯეს. ერთი სიტყვით, ცხოვრება ვერიკოსგან შორს, მინის სქელი კედლის მიღმა მიედინებოდა. მართალია, ამ კედლიდან ყველაფერი ჩანდა, მაგრამ, იმ ყველაფრიდან, რასაც ხედავდა, არავინ და არაფერი არ იყო თავისი.

– მოხვედი, დედიკო? – ვერიკოს ოთახის კარი საკმაოდ სიმპათიურმა შუა ხნის ქალმა შემოაღო, – წიგნის კითხვაში ჩამეძინა და შენი შემოსვლა ვერ გავიგე. არადა, გელოდებოდი.

– რატომ ადექი, დედა?

– სინათლე დავინახე შენს ოთახში და ვეღარ შევიბრუნე ძილი, – ქალი გვერდით დაუჯდა შვილს, სურათებს დახედა და რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ, სერგის სახეს რომ მოჰკრა თვალი, ლამის ენა ჩაუვარდა. მერე ძალა მოიკრიბა და უკმაყოფილოდ ჰკითხა: – ისევ მის სურათებს დასცქერი? აღარ უნდა დაასრულო საკუთარი თავის ტანჯვა-წამება? მოკვდა ის საცოდავი ბიჭი, წავიდა ჩვენგან და, ბოლოს და ბოლოს, დაანებე თავი, მოასვენე სადაც არის! ვეღარ ხვდები, რომ იმის სულსაც აწუხებ და საკუთარ მომავალსაც ინგრევ?

– რა გინდა, დედა? – ძალიან ჩუმად, თითქმის უემოციოდ თქვა ვერიკომ და ალბომი დახურა.

– რა და, ლამის ოცი წელია, სერგი დაიღუპა, რით ვერ შეეგუე? შეიძლება, ახალგაზრდა, ლამაზმა ქალმა ასე დაიმარხოს და დაისამაროს თავი? იმას მაინც ვერაფერს უშველი, შენ კი დადიხარ პენსიონერივით... სარკეში მაინც ჩაიხედე და მიხვდები, რომ მალე მოხუცებულს დაემსგავსები. იმაზე მაინც არ გიფიქრია, სერგის თუ მოეწონებოდა შენი ასეთი საქციელი?

– დედა, დამანებე თავი, არა ვარ ჩხუბის ხასიათზე, – ისევ ჩუმად და აუღელვებლად უპასუხა ვერიკომ.

– არ გეჩხუბები, მინდა, რომ გამოგაფხიზლო.

– დედა, ოდესმე გიფიქრია იმაზე, რა უპირატესობა აქვს ადრე სიკვდილს? – დაფიქრებით ჰკითხა ვერიკომ და დედას მხარზე მიაყრდნო თავი.

– შენ სულ გაგიჟდი?! – შიშისგან იყვირა ქალმა, – რა გინდა, საბოლოოდ გამიხეთო გული? სულ აღარ გეცოდები? სანთელივით შემოგყურებ, შენ მეტი ვინ მყავს ამქვეყნად, შენ კი...

– რა გატირებს, დედიკო, რა იფიქრე? მე სულ სხვა რაღაც ვიგულისხმე, – შეწუხდა ვერიკო და აქვითინებულ დედას გულში ჩაეკრა.

– რა იგულისხმე, რა, შე სულელო გოგო! ეკლესიაში რომ დადიხარ ყოველდღე, არ გეუბნება შენი მოძღვარი, რომ ცოდვაა ასეთი აზრები?

– დედა, მე ის ვიგულისხმე, რომ, როცა ადამიანი ახალგაზრდა კვდება, ის სულ ახალგაზრდად რჩება ყველას მეხსიერებაში – ესაა ნაადრევი სიკვდილის პრივილეგია. მის ოჯახს, მეგობრებს თუ ახლობლებს ორმოცდაათი წლის შემდეგაც ისეთი ახსოვთ, როგორიც წავიდა ამქვეყნიდან, ანუ, ჯერ ისევ პატარა ბიჭი ან პატარა გოგო; ეს ახლობლები, შეიძლება, უკვე ღრმად მოხუცებიც კი არიან, ნაადრევად გარდაცვლილ ადამიანს კი ასაკი არ ემატება და, დაბადების დღეზე მის საფლავზე ხელჯოხებით, ყავარჯნებითა და ეტლებით მისულებს, აუცილებლად გაუელვებთ გულში წამიერი შური, როცა საფლავის ქვაზე მიკრული სურათიდან შემოსცინებთ სიყრმის მეგობარი – სამარადისოდ ჩარჩენილი ახალგაზრდობაში... – ვერიკოს სევდა ჩაუდგა თვალებში და კიდევ უფრო მიეხუტა დედას, – ამიტომ, კაცმა არ იცის, რა ჯობია: ადრე მოკვდე, რომ ყველას დაენანო, თუ, ძალიან გვიან, რომ ყველამ ამოისუნთქოს – ძლივს მოვიშორეთ თავიდანო.

ქალმა გაიფიქრა, ეს თუ არ შევაჯანჯღარე, შეიძლება სულ გაგიჟდესო და ტონი შეიცვალა – ცოტა დაყვავებით, ცოტა ხუმრობით და ცოტა მეგობრულად დაუტატანა:

– ნუ გადაიჭერი ფილოსოფიაში, ყოფნა-არყოფნის საკითხს მაინც ვერ გადაწყვეტ, ამიტომ, ჯობია, შენს მომავალზე იფიქრო, –  მერე შვილს შუბლზე აკოცა და უცებ დაინტერესებულმა ჰკითხა: – რა ხდებოდა დაბადების დღეზე, კარგი დრო გაატარე?

– დიდი ვერაფერი. უფრო სწორად, ცუდი.

– რატომ? – გაუკვირდა დედას, – ცუდ ხასიათზე იყავი და, შენებურად, მუდოსავით იჯექი?

– არა, – გაეცინა ვერიკოს, – პირიქით, ზედმეტად ვიაქტიურე, ზედმეტი ვილაპარაკე და, შედეგად, ერთ-ერთი სტუმრის აგრესიაც გამოვიწვიე.

– გოგოსი თუ ბიჭის?

– გოგოსი. ბიჭებმა ყურადღება გამოიჩინეს ჩემ მიმართ, იმ სულელმა კი იეჭვიანა.

– მართლა? – გაუხარდა ქალს.

– რა გიხარია? – ისევ გაეცინა ვერიკოს.

– რა და, ბიჭებმა რომ გაგიწიეს კავალრობა.

– რა კავალრობა, დედა, გეხვეწები, ნუ ფანტაზიორობ.

– ჰო, კარგი, – ქალი კმაყოფილი იყო, რომ შვილს ოდნავ მაინც გამოუკეთა გუნება და, გადაწყვიტა, „ტემპი“ არ დაეგდო: – არ გინდა, ჩაი დავლიოთ და ცოტა წავიჭორაოთ? ხომ იცი, როგორ მიყვარს შენთან ლაპარაკი... ხომ არ გეძინება?

– კარგი, ჩაიც დავლიოთ და ვიჭორაოთ კიდეც. ხვალ შაბათია და გვიან ავდგები. ახლა მაინც ვერ მოვხუჭავ თვალს, – ვერიკო მორჩილად გაჰყვა სამზარეულოში. თვითონ მაგიდასთან დაჯდა, დედამ კი ფუსფუსით მოამზადა ჩაი და ფინჯნებში დაასხა, მერე შვილს წინ დაუჯდა და ცნობისმოყვარედ ჰკითხა:

– ის თეა რას წარმოადგენს, წესიერი და პატიოსანი გოგოა? რამე ისეთს არ გადაგკიდოს...

ვერიკოს ისეთი სიცილი აუტყდა, თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა.

– რას იცინი, რა გკითხე ამისთანა?

– პატარა გოგოსავით გულუბრყვილო ხარ, ჩემო საყვარელო დედიკო, – ენა მოუჩლიქა შვილმა, – ვინ რას უნდა გადამკიდოს ამხელა ქალი? თეა ჩვენს სამსახურში ერთ-ერთი განყოფილების გამგეა. ახალგაზრდაა, მაგრამ, ძალიან ჭკვიანი. ზუსტად იცის, რა უნდა და ტანკივით მიიწევს მიზნისკენ.

– რას ნიშნავს – „ტანკივით“? შეუძლია, რომ ყველას და ყველაფერს გადაუაროს? – არ ესიამოვნა ქალს.

– გარკვეულწილად, ალბათ, ესეცაა, ანუ, შესაძლოა, მიზნის მისაღწევად უწევს კიდეც ვიღაც-ვიღაცეების პრინციპების არაფრად ჩაგდება, მაგრამ, მიაჩნია, რომ... – ვერიკო გაჩუმდა და გაეღიმა.

– რა მიაჩნია?

– უფრო ზუსტად რომ გაგაგებინო, მისსავე ფრაზას გეტყვი – მიაჩნია, რომ ყველამ თავის ბოზ მამიდას უნდა მოუაროს და სხვის პირად ცხოვრებაში ხელის ფათურის უფლება არავის აქვს.

– ასეთ ცუდ სიტყვებს ამბობს ახალგაზრდა, გასათხოვარი ქალი? – აღშფოთდა დედა.

ვერიკოს ისევ სიცილი აუტყდა.

– შენ რა ყველაფერზე სულელივით იცინი, რას ვამბობ სასაცილოს? ახლა გაიგე, რომ უწმაწური სიტყვების მოსმენა კაცისგანაც კი საშინელებაა და, მით უმეტეს – გაუთხოვარი გოგოსგან, თანაც, ამხელა სამსახურის განყოფილების უფროსისგან? ძალიანაც ნუ დაუდაქალდები, შენზეც არ იქონიოს გავლენა...

– დედა! – გაბრაზდა ვერიკო, – ისევ ათი წლის გგონივარ? ჯერ ერთი, თეას სულაც არ უყვარს უწმაწური სიტყვები, ის კი არა, ჟარგონებსაც კი ვერ იტანს.

– მაინც არ არის ლამაზი, რომ გასათხოვარი ქალი...

– რას დაიჩემე ეს „გასათხოვარი“! გასათხოვარი კი არა, მეოთხე წრეზე მიდის! – წამოსცდა ვერიკოს და მაშინვე ენაზე იკბინა, მაგრამ, უკვე გვიან იყო.

– რაო?! მეოთხე წრეზე?! ეს რა მითხარი?

– კარგი ახლა, ნუ გაიშალე თმა! იცოდე, არასდროს არაფერს აღარ გეტყვი! – დაემუქრა ვერიკო, – სამჯერ გათხოვდა, თორემ, ქუჩის ქალი კი არ არის, ძალიანაც წესიერი გოგოა?

– კარგი, კარგი, – მაშინვე დანებდა დედა, – უბრალოდ, ვერ ვეგუები დღევანდელ შეხედულებებს წესიერებასა და პატიოსნებაზე და, რა ვქნა! – მერე ღრმად ამოისუნთქა და ინტერესით ჰკითხა: – რატომ დაემართა ასე საწყალ გოგოს, სამივე ასეთი ნაძირალა როგორ შეხვდა?

– აბა, რა ვიცი, დედა, – ვერიკომ გადაწყვიტა, აღარ განეხილა სხვისი ცხოვრება თუნდაც დედასთან, მიუხედავად იმისა, რომ, იცოდა, მისი არცერთი სიტყვა არასდროს გასცდებოდა მათ სამზარეულოს.

– ისე, პრინციპში, ეს ევროპელები და ამერიკელები ნამდვილად არ ტყუიან ერთ რამეში, – ცოტა ხნის შემდეგ დაფიქრებით თქვა ქალმა და შვილს უცნაურად შეხედა. ვერიკოს ეუცხოვა მისი ასეთი მზერა. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს დედა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის თქმას, უფრო სწორად, გამხელას აპირებდა.

– რაში, დედიკო? – ვერიკო ისევ ჩაეხუტა დედას, რომ მის სითბოსა და ალერსს სათქმელი გაეადვილებინა.

– რაში და, დაქორწინებამდე კარგა ხნის განმავლობაში რომ აქვთ ინტიმური ურთიერთობა.

– მერე, შენი აზრით, რატომ არის ეს კარგი? – დაინტერესდა ვერიკო.

– იმიტომ, რომ, თუ ერთმანეთს სექსში ვერ შეეწყობიან, მშვიდობიანად დაშორდებიან და დაქორწინების შემდეგ აღარ მოუწევთ მხოლოდ ვალდებულებებისა და მოვალეობების გამო მთელი ცხოვრება ერთმანეთის ატანა, – ქალი ადგა და ფანჯრიდან გადაიხედა, რომ თვალებზე მომდგარი ცრემლი დაემალა, – თან, საწყალი ბავშვი აღარ შეეწირება მსხვერპლად მშობლების უიღბლო თუ უსიყვარულო ქორწინებას.

ვერიკომ იგრძნო, რომ დედა რაღაც ძალიან პირადულის, დიდი ხნის დამალული საიდუმლოს გამხელას ცდილობდა და, არ უნდოდა, დაეფრთხო. ამიტომ, სხვათა შორის თქვა:

– ისე, ეგ მეთოდი ძალიან კარგად აითვისეს ახლანდელმა გოგო-ბიჭებმა; იმდენად კარგად, რომ ამერიკელებსაც გაუსწრეს და ევროპელებსაც. ასე რომ, ცხოვრება წინ მიდის, ჩემო დედიკო.

– ჰოდა, ძალიანაც კარგი, მაგრამ, შენ რატომ ვერავისგან ვერაფერი აითვისე? – ქალმა გამომცდელად შეხედა შვილს და მერე დაყვავებით ჰკითხა: – დედიკო, მართლა არავინ გიყვარს ან არავის უყვარხარ?

– რაღა დროს ჩემი სიყვარულია, დედა? – თავიდან აიცილა ვერიკომ პასუხი, – თან, ხუთი წუთის წინ სულ სხვა აზრი გქონდა მორალზე და ასე უცბად რატომ გადაატრიალე „პლასტინკა“?

– არაფერიც არ გადავატრიალე, ძალიან დიდი ხანია, ასე ვფიქრობ; შენ კი, ძალიან გთხოვ, პასუხს ნუ გაურბიხარ.

– რა პასუხს, მიყვარს ან ვუყვარვარ თუ არა ვინმეს?

– ჰო.

– ხომ გიპასუხე, რაღა დროს ჩემი სიყვარულია-მეთქი?

– შენ რა გინდა, მართლა გამაგიჟო? რა, ოთხმოცი წლის ხარ?

– ბევრიც აღარაფერი მიკლია, – გაეცინა ვერიკოს.

– შენ, დედიკო, სასწრაფოდ ფსიქიატრთან მყავხარ წასაყვანი! – გაბრაზდა ქალი.

– თუ ფსიქოლოგთან?

– არა, ფსიქოლოგი ვეღარ გიშველის, ფსიქიატრი გჭირდება!

– დედა, შენ თვითონვე რომ ეწინააღმდეგები საკუთარ აზრებს, ვერ ხვდები?

– რა აზრებს ვეწინააღმდეგები, რას ვამბობ განსაკუთრებულს? რა არის იმაში უცნაური და გასაკვირი, რომ მინდა, ჩემმა ერთადერთმა შვილმა ცხოვრება აიწყოს და ბედნიერი იყოს? რატომ არ უნდა შეუყვარდე ვინმე კარგ, ღირსეულ მამაკაცს, რითი ხარ სხვა ქალებზე ნაკლები – გარეგნობით, ხასიათით, ინტელექტით, წრით თუ განათლებით? – ცრემლები მოადგა ქალს.

– დედა, შენ რა კოჯრის ნიავივით ხან აღმა უბერავ და ხან დაღმა? რაც ამ ნახევარი საათის განმავლობაში ეპითეტებით შემამკე, თუ კაცებსაც ასეთი აზრი შეექმნებათ ჩემზე, რომელი შემიყვარებს?

– რა ეპითეტებით? – შეკრთა ქალი.

– რა და, შენი თქმით, შენი ერთადერთი შვილი, რომელსაც სანთელივით შესცქერი, არის მუდო, გამოიყურება პენსიონერივით და სასწრაფოდ სჭირდება ფსიქიატრი... – ვერიკო შეეცადა, ამ სიტყვებში ხუმრობის ტონი შეერია, მაგრამ, მაინც გამოჟონა მსუბუქმა წყენამ და ქალმა ეს მაშინვე დაიჭირა.

– ჯერ ერთი, მე ის კი არ მითქვამს, რომ პენსიონერივით გამოიყურები, მე გითხარი, პენსიონერივით ცხოვრობ-მეთქი და ეს სულ სხვადასხვა რამეა; რაც შეეხება შენს დანარჩენ ბრალდებებს, უბრალოდ, მინდოდა, გამომეფხიზლებინე, ანუ, მიმეხვედრებინა, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ, ხალხს შვილები უკვდებათ და მაინც განაგრძობენ ცხოვრებას, ის კი არა, ბევრი თხოვდება კიდეც და ახალ ოჯახს ქმნის... – ქალმა ღრმად ამოისუნთქა, მერე წამოდგა და უჯრაში რაღაცის ძებნა დაიწყო.

– რას ეძებ? – ვერიკოს ისე შეეცოდა დედა, კინაღამ ტირილი დაიწყო.

– სიგარეტი მქონდა სადღაც და ვეღარ ვპოულობ, – ქალს ოდნავ აუკანკალდა ხმა.

– დაჯექი, მე მოგიტან ჩემსას, – ვერიკო გავიდა და კოლოფით შემოიტანა სიგარეტი, – თუ არ გეწყინება, მეც მოვწევ.

– მაინც ვერ დაანებე თავი, – უკმაყოფილოდ თქვა დედამ და კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო.

– კარგი, არ გვინდა წყენა და ცრემლები, – ისევ მოეფერა ვერიკო, – ჯობია, ის მითხრა, რატომ შეცვალე „პირველი ჩვენება“ და ასე უცებ რატომ გადაწყვიტე, რომ ქორწინებამდე სექსი მყარ და მტკიცე ოჯახამდე მიმავალი ყველაზე სწორი და გამართლებული გზაა?

– უცებ არ გადამიწყვეტია, უბრალოდ, არ ვამხელდი, რომ ასე ვფიქრობ, – ქალმა ღრმად ამოისუნთქა, მერე თავი ჩაღუნა და პატარა გოგოსავით დამორცხვებულმა თქვა: – ამას საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ... და, კიდევ, ჩემი უახლოესი მეგობრების გამოცდილებიდან...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3