ინტიმური საუბრები
ჩემი ბედნიერება ორ წელიწადში დასრულდა
იმით ვიყავი ამაყი, რომ ქმარს ხელისგულზე დავყავდი. რომ იტყვიან, სულს მიბერავდა და თვალებში შემომყურებდა. სულ იმას ცდილობდა, გავეხარებინე – სახლში ისე არ შემოვიდოდა, რამე საჩუქარი რომ არ მოეტანა ჩემთვის. ვიცოდი, რომ ძალიან ვუყვარდი, ამით უაღრესად ბედნიერი ვიყავი და, სანაცვლოდ, მეც არ ვაკლებდი არც ყურადღებას და არც სითბოს. მოკლედ, ისეთი შეხმატკბილებული ცოლ-ქმარი ვიყავით, გოგოები შურით სკდებოდნენ. ასე გრძელდებოდა თითქმის ორი წელი, ამ ახალ წელს კი ჩემი ქმარი თითქოს ვიღაცამ გამოცვალა: არანაირი საჩუქარი არ მოუტანია, მთელი 31 დეკემბრის დღე მოღუშულმა გაატარა და ზუსტად პირველის ხუთ წუთზე მარტო რომ გავიდა სახლიდან (სხვა დროს ყოველთვის ერთად მივდიოდით ხოლმე მეგობრებთან), ორი დღე და ღამე აღარც მოსულა და ერთხელაც არ დაურეკავს. მე რომ ვურეკავდი, არ მპასუხობდა, მერე კი საერთოდაც გამორთო ტელეფონი. სახლში 3 იანვარს დაბრუნდა ნაბახუსევი; ზედაც არ შემოუხედავს, მაშინვე დაწვა და დაიძინა. რომ გაიღვიძა, მერეც სულ უხასიათოდ იყო. თვითონ არ დამლაპარაკებია, მე თუ რამეს ვკითხავდი, მხოლოდ „ჰოს“ ან „არას“ ამბობდა. არც მეჩხუბებოდა, არც შენიშვნებს მაძლევდა, უბრალოდ, შეიძლება ითქვას, ჩემთან ყველანაირი კონტაქტი შეწყვიტა, ინტიმის ჩათვლით. არ ვიცი, რა ვიფიქრო. ხანდახან ეჭვი შემიპყრობს, ვინმე ხომ არ გაიჩინა-მეთქი, მაგრამ, სამსახურიდან დროზე ბრუნდება და შაბათ-კვირასაც სახლში ზის. მერე ვიფიქრე, სამსახურში ხომ არ აქვს რამე უსიამოვნება-მეთქი და მის ერთ მეგობარს დავურეკე ჩუმად, მაგრამ, იმან მითხრა, უსიამოვნება კი არა, პირიქით, მგონი, დაწინაურებას უპირებენ და, ალბათ, ხელფასიც მოემატებაო. ლოგიკურად იმ დასკვნამდე მივედი, რომ მის ასეთ საქციელს ერთადერთი მიზეზი უნდა ჰქონდეს: აღარ ვუყვარვარ, უჭირს ჩემ გვერდით ცხოვრება, მაგრამ, ვერ მეუბნება და იმიტომ იტანჯება ასე. თუ მართლა გადამიყვარა, არ ჯობია, პირდაპირ მითხრას და ყველაფერს წერტილი დაუსვას?! ერთი-ორჯერ თვალი შევასწარი, ისეთი სიბრალულით მიყურებდა, ვიღაც საცოდავს და უბედურს რომ შეხედავს ადამიანი. ამან უფრო მომიკლა გული. რა მჭირს შესაბრალისი? ან, რა შემეშალა ისეთი, ასე რომ ამომშალა გულიდან?
ცოტა ხანს კიდევ ვაცდი და, თუ არაფერი შეიცვალა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩავალაგებ ჩემს ნივთებს და წავალ სახლიდან; ან, იქნებ დალაპარაკება ჯობდეს? შეიძლება, მართლაც ჯობია, მაგრამ, არ ვიცი, შევძლებ თუ არა. ისიც არ მინდა, უხეში პასუხი მივიღო ან, სულაც, გული ამომიჯდეს, ტირილი დავიწყო და თავი დავიმცირო.
მოკლედ, დასრულდა ჩემი ბედნიერება და უხაროდეთ ახლა ჩემს შურიან მეგობრებს.
თეკლა, 26 წლის.
მამას ვერასდროს ვაპატიებ
უმამოდ გავიზარდე. მამაჩემის სურათიც კი არ მინახავს თვალით. არც მამის ნათესავებს არ შევუწახებივართ არასდროს. ვცხოვრობდით მე, დედა, ბებია და ბაბუა (დედის მშობლები). არცერთი არ ახსენებდა მამაჩემს, არც ავად, არც კარგად. როცა რომელიმეს გადავეკიდებოდი, მამა სად არის-მეთქი, გაზეპირებულივით მპასუხობდნენ, სანამ შენ გაჩნდებოდი, ავარიაში დაიღუპაო. მეტი არაფერი ვიცოდი მის შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვა მის ოჯახზე.
რომ წამოვიზარდე, ეჭვი გამიჩნდა, ალბათ, უკანონო შვილი ვარ, მამამ და მისიანებმა არ მცნეს და იმიტომ მიმალავენ-მეთქი. ისე ამიტანა ეჭვებმა, ჩუმად სულ გადავქექე დედაჩემის უჯრაში შენახული საბუთები და, სხვათა შორის, ჩემი მშობლების ქორწინების მოწმობა ვიპოვე. გვარი რომ მამის მქონდა, ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ, იმ მოწმობის პოვნამ ცოტათი დამიწყნარა თავმოყვარეობა. მერე კიდევ რამდენჯერმე გადავქექე სახლი – მინდოდა, მამაჩემის გარდაცვალების ცნობაც მეპოვა, მაგრამ ასეთ საბუთს ვერსად მივაგენი და ახლა ახალი ეჭვი ამიფუთფუთდა: რომ მამაჩემი ცოცხალია, მაგრამ, რაღაც ისეთი აქვს ჩადენილი, რომ არ მიმხელენ-მეთქი.
კიდევ უფრო რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ ქალებთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ, ერთ საღამოს ბაბუას გავყევი სათევზაოდ, რადგან, მარტონი რომ ვიქნებოდით, უფრო თავისუფლად დაველაპარაკებოდი.
ბაბუას არ უნდოდა თქმა, მაგრამ, რომ გადავეკიდე, იძულებული გახდა, ყველაფერი მოეყოლა. თურმე, დედაჩემი ნიშნობის შემდეგ გადავიდა მამის ოჯახში. ისე მოხდა, რომ ხელის მოწერა ცოტა შორს გადადეს. ამასობაში დედა დაფეხმძიმდა. ბებიაჩემს (მამის დედას) თავიდანვე არ ნდომებია დედაჩემი რძლად – ღარიბი ოჯახიდან არისო და სულს უმწარებდა, უნდოდა, დაეშორებინა ცოლ-ქმარი. რომ გაიგო რძლის ორსულობის ამბავი, იმ დღიდან დაუწყო შვილს ჩხიკინი – შენი ცოლი სხვისგან არის ფეხმძიმედო. იმანაც დაუჯერა და ორსული ცოლი კინაღამ ცემით მოკლა. სასწაული მოხდა და მუცელი არ მოეშალა. თავისმა მშობლებმა დედაჩემი, რა თქმა უნდა, მაშინვე სახლში წამოიყვანეს, მაგრამ, ბაბუას ძალდატანებით ხელი მაინც მოაწერეს – ბაბუაჩემს არ უნდოდა რაიონში ჭორაობა დაეწყოთ, ნოდარის გოგომ უკანონო შვილი გააჩინაო. ყოფილი დედამთილი მაინც შეეცადა, დედაჩემისთვის სახელი გაეტეხა და სოფლის ქალებთან ყვებოდა, ჩემი რძალი აღმა-დაღმა დატრაშუნობდა და ჩემი შვილი ძლივს ჩავაგდე გონებაში, რომ ეს ავხორცი ქალი სახლიდან გაეგდოო. ბევრი არ უჯერებდა, მაგრამ, ხომ იცით, როგორ იცის ჭორმა აგორება, თუმცა, ვინც დედაჩემს იცნობდა, იმ ქალს არცხვენდა და ეუბნებოდა, მადლობელი უნდა ყოფილიყავი, ამისთანა გოგო რომ ეღირსა შენს ოჯახს და შენს უსაქმურ შვილსო. მამაჩემი კი, იმის ნაცვლად, რომ დედამისი გაეჩუმებინა, რომ დალევდა, ბიჭებში ნიანგის ცრემლებს ყრიდა – ცოლი სიყვარულით შევირთე, თან ვყვებოდი, იმან კი მიღალატა და, უნდოდა, სხვისგან გაჩენილი ბავშვი ჩემთვის შემოეტენა, მაგრამ, არ გამოუვიდაო. მერე მამაჩემი რუსეთში თუ სადღაც წასულა სამუშაოდ, მაგრამ, ნათქვამია, ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო, – რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნებულა გაუბედურებული და რაიონში ქურდობა დაუწყია: ზოგს ფრინველს ჰპარავდა, ზოგს – საქონელს; თან ლოთობდა. მოკლედ, ნამდვილი არარაობა გახდა. ბოლოს დაიჭირეს და მშობლები იძულებულები გახდნენ, ბინა გაეყიდათ და სადღაც სოფელში გადასულიყვნენ, რადგან, ხალხმა ამოიძულა და იქ აღარ დაედგომებოდათ. მამაჩემი კი, ისიც აღარ გაუგია ბაბუას, გამოვიდა თუ არა ციხიდან.
ეს ამბავი რომ გავიგე, 16 წლის ვიყავი და ჩემებს გადავეკიდე, დედაჩემის გვარზე უნდა გადავიდე-მეთქი. მათი დათანხმება დიდად არ გამჭირვებია. დღესაც დედის გვარს ვატარებ. ახლა უკვე ზრდასრული კაცი ვარ. უმაღლესი დავამთავრე, სამსახურიც მაქვს და მალე ცოლის შერთვასაც ვაპირებ. ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ეს ყველაფერი, მაგრამ, მამაჩემის და მისიანების სახელის გაგონებაც კი არ მინდა. რომ მოვიდეს და მუხლებზე დაჩოქილმა მთხოვოს პატიება, ვერ ვაპატიებ – ვინც მე და დედა უარგვყო, ჩემგანაც უარყოფას უნდა ელოდეს.
ლევანი, 27 წლის.