თვალები – მთავარი კოზირი
შესაძლოა, ყველამ არ იცის ვიზაჟის „ოქროს წესი“: სახეზე უნდა გამოიკვეთოს ან ტუჩები, ან – თვალები. პროფესიონალი ვიზაჟისტები წელს უპირატესობას ანიჭებენ სულის სარკეს – თვალებს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია მოდური სიახლეები:
წარბები უნდა იყოს ხშირი, ბუნებრივად განიერი და აუცილებლად უნდა ემთხვეოდეს თმის ფერს. მხოლოდ მკვეთრ ქერათმიანებს (რაც წელს ძალიან მოდური ფერია) „ეძლევათ უფლება“, თმაზე ოდნავ უფრო მუქად შეიღებონ წარბები.
2015 წლის მოდამ ისევ დააბრუნა თვალების კუთხეებში „ისრები“, თანაც ნებისმიერი სიგრძისა და სისქის. მაგალითად, ზოგიერთი სახელგათქმული ვიზაჟისტი გვირჩევს, ორივე ქუთუთო „შემოვხაზოთ“ წვრილი შავი კონტურით და ეს ორი ხაზი კუთხეში „ისრით“ შევაერთოთ – ასე მზერა მომაჯადოებელი და საიდუმლოებით აღსავსე ხდება; ზოგს მიაჩნია, რომ თვალები უფრო მეტყველი და სხივიანი იქნება, თუ მხოლოდ ზედა ქუთუთოზე გავივკეთებთ ცოტა მსხვილ კონტურს და კუთხეში ზემოთ ახრილი „ისრით“ დავაგვირგვინებთ; ზოგის აზრით კი, შეგვიძლია, ცოტა „წავიცელქოთ“.: ზედა ქუთუთოზე წავისვათ ნაცრისფერი „ჩრდილი“ და გარე კუთხეებში ნეონისფერი „ისრები“ დავიხატოთ.
გრძელი და ხშირი წამწამები პოპულარული და მოდური იყო ყველა ქვეყანაში და ყველა ეპოქაში. 2015 წელს კი განსაკუთრებით აქტუალურია ეგრეთ წოდებული „თოჯინას მზერის“ ეფექტი. თუ ზომაზე მეტად მოკლე და მეჩხერი წამწამები გაქვთ და ყველაზე მაღალი ხარისხის ტუშიც ვერაფერს გახდება, გამოიყენეთ მისაწებებელი წამწამები, ზედა ქუთუთოებზე კი გაიკეთეთ განიერი შავი კონტური. უნდა გაიკეთოთ თვალის შიდა კუთხიდან გარე კუთხემდე და უნდა იმეორებდეს წარბის მოხაზულობას.
გარდა იმისა, რომ თვალები სულის სარკეა, მაკიაჟით შეძლებთ, მიაღებინოთ მათ თქვენთვის სასურველი გამომეტყველება: მხიარული, სევდიანი, ეშმაკური, გულუბრყვილო და ასე შემდეგ და სწორედ თქვენი მიუწვდომელი თუ ამოუცნობი მზერით დაიპყარით „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ გულები – ლამაზი თვალები ხომ ქალის მომხიბვლელობის მთავარი კოზირია.