კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: რამდენიმე ხანია, ლოყებზე მიჩნდება უცნაური ვარდისფერი ლაქები, რომლებიც ზოგჯერ რამდენიმე დღეში ქრება, ზოგჯერ კი ხანგრძლივად მაქვს. ხან მალამოები წავისვი, ხან მცენარეული ნახარშები, მაგრამ, შედეგი ვერ მივიღე. თქვენ რას მირჩევთ?
პასუხი: როგორც ვხვდებით, თქვენ არ მიგიმართავთ დერმატოლოგისთვის. თუ არ გვეცოდინება ზუსტი დიაგნოზი, გაგვიჭირდება კონკრეტული რჩევის მოცემა. თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს როზაცეასთან. ეს არის სისხლძარღვთა ლოკალური გაგანიერება, რაც, შეიძლება, გამოწვეული იყოს სანელებლებიანი, მჟავე, მწარე და ცხარე საკვებით; კლიმატური პირობებით; ჰორმონული ცვლილებებით; სტრესებით და ასე შემდეგ. თვითმკურნალობა შედეგს ვერ მოგიტანთ. მდგომარეობა რომ არ გაგირთულდეთ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
კითხვა: რა შემთხვევაში და როგორ უნდა გამოვიყენო კონსილერი?
პასუხი: კონსილერი შეუცვლელი საშუალებაა თვალების ქვეშ მუქი წრეების შესანიღბავად. მოვარდისფრო-ჩალისფერი კონსილერი ნიღბავს ყავისფერ წრეებს თვალების ქვეშ, მოყვითალო-ჩალისფერი კი – მოლურჯო წრეებს. ძალიან შესამჩნევი რომ არ გახდეს, ჯერ კონსილერი წაისვით და ზემოდან გადაისვის ტონალური კრემი.
კითხვა: ვარ 33 წლის. გამიჩნდა წვრილი ნაოჭები. რა არის ეს, სიბერის პირველი ნიშნები? როგორ მოვიქცე?
პასუხი: 30 წლის ზემოთ წვრილი ნაოჭების გაჩენა ბუნებრივი მოვლენაა, რასაც ხელს უწყობს მიმიკური სახე, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აღარ გაიღიმოთ. პირველ ყოვლისა, აქტიურად მოუარეთ სახეს; ნაოჭების დასაფარავად კი შეიძინეთ კანის ოპტიკურად გასწორების ეფექტის მქონე (მაგალითად, პერლამუტრის შემცველი) ტონალური კრემები – პერლამუტრის ნაწილაკები არა მარტო შენიღბავს წვრილ ნაოჭებს, არამედ კანს სასიამოვნო ბზინვარებას შესძენს.
კითხვა: რა უნდა გავითვალისწინო სადღესასწაულო მეიკ-აპის გაკეთების დროს?
პასუხი: უნდა გაითვალისწინოთ: თქვენი ასაკი, ფერები (ქერა ხართ, შავგვრემანი თუ წითური), სამოსი, ვარცხნილობა და, რა თქმა უნდა, ისიც, თუ რა სახის დღესასწაულზე აპირებთ წასვლას; გარდა ამისა, ვიზაჟი უნდა გააკეთებინოთ პროფესიონალს და, ამასთან, გამოიყენეთ მოდური ტენდენციები, რომ, არა მარტო ლამაზად, არამედ, თანამედროვედაც გამოიყურებოდეთ.