როგორ დაუკავშირა ნოდარ ანდღულაძემ მუსიკა რელიგიას და როგორ გააგიჟეს ის სვანებმა
„როცა მოცარტის სიმფონიას აფრიკის ფერმებში ასმენინებენ, წველადობა მატულობს. მეტალიკას როდესაც ისმენენ, ზიანდება სმენის ნერვი და ხდება ტვინის გადაგვარება. მსოფლიო ჰანგებიდან ქართულ სიმღერას ძნელად თუ დაუდგება რომელიმე... მოსკოვში ჩემზე იკითხა ბელგიის დედოფალმა ელისაბედმა: ეს მომღერალი იტალიიდან ხომ არ გამოიძახეთო.“
სამყარო ჰანგებითა და ბგერებით შეიცნო. მისი თავბრუდამხვევი კარიერა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება. აბესალომის, ტარიელის, მინდიას, ოტელოს, რადამესის მიღმა იდგა ადამიანი, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით ფლობდა დახვეწილ მუსიკალურ ფრაზირებას, არტისტიზმს, მის უკან კი, კიდევ უფრო საინტერესო, მთის სიყვარულით გაგიჟებული კაცი დგას პატარ-პატარა, ლამაზი ცხოვრებისეული ისტორიებით. ეს ნოდარ ანდღულაძის ჩანაწერებია. წაიკითხეთ, ძალიან მოგეწონებათ.
1933 წელს მოსკოვში წავედით საცხოვრებლად (მამაჩემი მიიწვია დიდმა თეატრმა). სამი დღე მიდიოდა მაშინ მატარებელი. ხუთ-ნახევარი წლის ვიყავი. სანამ ოთახს მოგვცემდნენ, სამ თვეს სასტუმრო „ნაციონალში” ვცხოვრობდით. ქირას დიდი თეატრი იხდიდა. მამამ გოგებაშვილის „დედა ენა” წამოიღო, მე რომ ქართული არ დამვიწყნოდა. ისე, ქართული მთაწმინდაზე (სადაც დავიბადე) შევითავსე ქართლელებისგან, ძირძველი ოჯახი იყო, გვარად ივანიშვილები... ვკითხულობდი „სამ მუშკეტერს”, „გველის პერანგს”, მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობებს. ბავშვობიდან მიყვარდა ვაჟა-ფშაველა, უცხოეთში რომ მივდიოდი მიმქონდა გალაკტიონი... ჩავედით მოსკოვში და ქართულად ხმა ვერ ამომაღებინეს. იქაც გერმანულ საბავშვო ბაღში დავდიოდი. მამა მცემდა, რატომ არ კითხულობ და ლაპარაკობ ქართულადო. ძალიან გაბრაზება იცოდა. მე სრული სერიოზულობით ვეუბნებოდი: იცით რა, მე თავში მაქვს კოლოფი და იქ მიწყვია ქართული. როცა ჩავალ თბილისში, ამ კოლოფს გავხსნი და ვილაპარაკებ ქართულად-მეთქი. ამის გამო მირტყამდნენ მაგრა... ბერიამ საოცარი რაღაცეები აღუთქვა მამაჩემს: 20 000 რუბლი მისცა, 80 000-იანი ბინა უყიდა და 8 000 ხელფასი დაუნიშნა. წამოვედით მოსკოვიდან და მოვხვდი ბახვში, გაბრიელ ქიქოძის სამშობლოში. თავში კოლოფით რუსულენოვანი კაცი ჩავედი გურიაში და დავიწყე საუბარი გურულად... პირველ ორ კლასში სამიანები მყავდა ქართულში, ცუდად ვლაპარაკობდი. ჩემი პირველი კითხვა მასწავლებლისადმი: როცა სკოლა დამთავრდება, რომელი საათი გამოვა?.. მას მერე სულ მაქვს იმის განცდა, რომ ქართული კარგად არ ვიცი...
1941 წელს მე-18 სკოლა ლაზარეთად გადააკეთეს. გავიყავით ვაჟები და გოგოები. ომი დამთავრდა და ჩვენც დავამთავრეთ სკოლა. ოქროს მედლები მქონდა და სექტემბერში უგამოცდოდ ჩამრიცხეს უნივერსიტეტში. მესამე სართულზე იყო ჩვენი ფაკულტეტის დეკანატი. მახსოვს, როგორ გაიოცა ერთმა გოგომ – ვაიმე, ამ ბიჭს სულ ხუთები ჰყავს! ფილოლოგიის ფაკულტეტის ლიტერატურული ნაწილი აღმოჩნდა დაბალ დონეზე, ვიდრე ჩვენ. ილიას „აჩრდილი” მქონდა ნათარგმნი რუსულ ენაზე. ერთი რომანი დავწერე. მერე აღარ მიხლია ხელი... ვაპირებდი ჟურნალისტიკაში წასვლას, მერე თავი შევიკავე. მინდოდა მწერლობა. ენათმეცნიერებაზე არ მიფიქრია. ჩვენ ილიაზე, ვაჟაზე, ჩეხოვზე აღზრდილები ვიყავით. უნდა გვეწერა მართალი. ამას კი ვერ შევძლებდით. ამათთან ბრძოლა გაჭირდებოდა. ჩემ წინ ჩაიარა 1937-მა... შემეშინდა თუ რა იყო, დავყარე ფარ-ხმალი. მართალი გამოვდექი: მერე უარესი დადგენილებები წამოვიდა. ზოშჩენკოები და პროკოფიევი გაანადგურეს. 1934 წელს უკვე მზად იყო დადგენილება შოსტაკოვიჩის წინააღმდეგ. იწყებოდა რეპრესიების ახალი ტალღა...
1946 წელს, პარადიდან რომ დავბრუნდი, მამაჩემს დავუსვი საკითხი (ცოტ-ცოტას ვმღეროდი ქალაქურს, ხალხური ნამდვილად არ ვიცოდი. მოწყვეტილი ვიყავი როგორც ენობრივად, ისე მუსიკალურად): თუ დიდი მომღერალი გავხდები, გადავალ კავკასიურზე, თუ არა – გავაგრძელებ ლიტერატურულ ჯგუფში ყოფნას-მეთქი. მაშინ გამსინჯა პირველად, პროფესიონალურად. მანამდე არ მოუქცევია ყურადღება სერიოზულად. ხმაც მახსოვს, როგორი ხმით ვიმღერე სავარჯიშო... საკმაოდ წკრიალა ხმით შევასრულე. მითხრა, ხმა გაქვსო. კარგად ვიცოდი ვოკალური, თეატრალური ამბები. სულ თეატრში ვიყავი, მამასთან... ჩანაწერებს ვისმენდით ხოლმე სახლში პატეფონზე. ერთი ბენდუქიძე იყო ზაჰესის ხიდის მშენებელი, ბორჯომის ქუჩაზე ცხოვრობდა. წითელი ხის ძვირფასი გრამაფონი ჰქონდა. სტადიონიდან რომ დავბრუნდებოდი, მათთან შევივლიდი და ჩანაწერებს ვისმენდი. ორი კურსი მქონდა გავლილი და ვხვდებოდი, რომ რაღაც არ იყო საკმარისი. ვიფიქრე: მეცნიერებას დავეუფლები ცოტა რომ ჭკუა გავიხსნა-მეთქი – ფსიქოლოგია ან ენათმეცნიერება... უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ, თითქმის ასპირანტების დონის ცოდნა გვქონდა... მერე საინტერესო რაღაც მოხდა: არ უნდოდა მამაჩემს ჩემი მეცადინეობა. რა წამებით მიმიღია გაკვეთილები, არავინ დაიჯერებს. თეატრის ინტრიგების გამო არ უნდოდა... არ უნდოდა, თეატრში რომ მივსულიყავი... სანამ მამაჩემმა ფეხი არ მოიტეხა, ჩემთან სერიოზული მუშაობა არ დაიწყო. ფეხი 7 სანტიმეტრით დაუმოკლდა...
ძალიან მაინტერესებდა ხასიათები, სახალხო ცხოვრება... დღემდე მაინტერესებს ქართველი კაცის პრობლემა ყველა ასპექტში: კულტურული, სოციოლოგიური, რელიგიური... არჩილ ოჩიაურს არ ვიცნობდი, სანამ ციხიდან არ გამოვიდა. ახალგაზრდობაში კარგი მონადირე ყოფილა... დაჭრა ჯიხვი და ზედ წაადგა, რომ მოეკლა. ისეთი თვალებით შემომხედა, ვეღარ დავახალეო. ჩამოვიდა სოფელში, დაფლა თოფი და მას მერე აღარ უნადირია... გურამ თიკანაძე და გურამ რჩეულიშვილი... რა კარგი ბიჭები იყვნენ! თიკანაძე სახლშიც გვიღებდა ხოლმე სურათებს... მიშა მესხის ფინტი ფოტო – დამცველი რომ ყირაზე ჰყავს!... გურამმა მითხრა: მე სვანეთში მივდივარ „ზარია ვასტოკას” რედაქციაში ადი, ამა და ამ მაგიდის უჯრაში დევს და წამოიღეო. ეს იყო ჩემთვის მისი ბოლო დანატოვარი. დაბეჭდა ის ფოტო, წავიდა და უკან ვეღარ ჩამობრუნდა... იმ პერიოდში გურამ რჩეულიშვილსაც ხშირად ვხვდებოდით. ჩვენზე ოთხი ხუთი წლით უმცროსი იქნებოდა და პატარად მიგვაჩნდა მე და გოგი ოჩიაურს...
ბოლო ხანებში, რომ ვაკვირდები, მუსიკის სულს (კარგი გაგებით) რელიგიურობასთან ვაკავშირებ. უამრავი ინტონაცია შევიძინე: ამისგან – ეს, იმისგან – ის... რა შედარებაა გალექსილი, ტრაფარეტული ენა! მთაშიც ვარჩევდი, რა იყო ღრმა და რა – ზედაპირული... კატალოგიზაცია მე არ მომიხდენია. რაც უფრო ღია იყო, მით უკეთესი. აბა, გაიარე შუაფხოდან არხოტამდე. ნახავ, რა სიმდიდრეა...
1950 წელს გავიცანი ალექსი ჭინჭარაული... მე ამ ცხოვრებისთვის არა ვარო – თქვა და წავიდა ხევსურეთში. მერე ისევ დაბრუნდა... კარგახანს ეცვა ჩემი შიგანგამობრუნებული პალტო. უკან წართმევა მინდოდა, მაგრამ ვეღარ წავართვი, ისე კარგად გამოიყურებოდა. თოთხმეტამდე ხევსური მაინც მოიყვანა ალექსიმ სპექტაკლზე. სპექტაკლის მერე შემომიტანეს კონვერტი. გავხსენი და მაშინვე ვიცანი ალექსის ნაწერი: „მე ერთი სათხოვარი მაქვს, ძვირფასო ნოდარ, ოტელო, დუნიის ბევრ ჭირ-ვარამზე ტყუილ-უბრალოდ მშფოთველო. ერთი კაი დიაცი მოძებნე, მონან ზე ზდევენ მონანსო, ცოლ მაიყვანე, სცენაზე რას დასდევ დეზდემონასო!” ვამაყობ, პირველი კაცი ვარ, ვინც ხევსურები წაიყვანა სვანეთში და სვანები – ხევსურეთში... ჯოკია ონიანმა სიყვარულით იმდენი მირტყა, სულ დამანგრია. ბოლოს ერთი ვაზა მოიტანეს და ღვინით აავსეს... იმ წლებში მოსკოვში მიხდებოდა ზურაბ სოტკილავას მაგიერ გამოსვლა. იმ ვაზაში ამოტივტივდებოდა ზურაბის სახე – თვალი ჩამიკრა!.. სვანეთში ვართ. ჟიხვის თვალი მომართვეს – ყველაზე საპატიო ეკუთვნისო... ტვლამპ – გამექცა ერთ მხარეს. დავაჭირე კბილი. ტვლუმპ – გამომექცა მეორე მხარეს. ჩუმად მოვახრეხე გადაგდება. სვანმა მეგობრებმა გამაშაყირეს!.. პასენკოვმა თქვა: სუყველაფერი წაშალა სვანეთმა, რაც საქართველოში ვნახეო...
ბიძაშვილი მყავს ნოდარ ანდღულაძე. ახლა პენსიაზეა, ჩვენს ოჯახშია გაზრდილი. ბევრგან მუშაობდა, ბოლოს – გენპროკურორის მოადგილედ. გარს ეხვია თავისი კოლეგები, მოსამართლეები, გამომძიებლები. როგორც კი მოხდება სვანების ჩხუბი, მე მომადგებიან: ნოდარ გვიშველეო! მე ჩემს მოგვარსახელე ბიძაშვილს მივმართავ... ერთი სიტყვით გავუჭირეთ საქმე... ერთხელ გოგი ოჩიაური ურეკავს: „ნოდარ, ხო იცი, ჩემი ბიძაშვილებია ჩამოსახლებული კახეთში. ერთი ანგელოზივით ბიჭია, ხუთი კაცი შემოაკვდა, უნდა გვიშველო!” დამანებეთ თავი! – ისმის ტელეფონში ყვირილი... მაშინ სხვანები სულ იურიდიულზე მიდიოდნენ. საოცარი ხალხია! ხვალ გამოცდაა, დღეს, ღამის 12 საათზე მოდიან, მოაქვთ კომისიის წევრების სია – აბა, ვის იცნობთო... ვინ უნდა გვენახა ღამე!..“