როგორ აღებს ვლადიმერ გომარელი ღვთის შემწეობით ნებისმიერი სეიფის კარს და რა სასწაული მოუვლინა უფალმა მას სამედიცინო შემოწმების დროს
ვლადიმერ გომარელი თვითნასწავლი, ზეციური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია, რომლის წინაშე ყველა ჩამკეტი სისტემა უძლურია. აღებს ნებისმიერ კარს, ეს იქნება: ბინის, სეიფის, მანქანის თუ სხვა. რაც მთავარია, ამ ყოველივეს სისტემის დაუზიანებლად ახერხებს. ბავშვობაში საერთოდ არ ფიქროდა, რომელ პროფესიას დაეუფლებოდა. ის ოთხჯერ გამოაცალა დედამ სიკვდილს ხელიდან. იყო ათეისტი, თუმცა უფალს არასოდეს მიუტოვებია. ადამიანი, რომელსაც ქართველი ლოქს-მასტერი შეიძლება, ვუწოდოთ, ენით აუწერელ სიღარიბესა და სივიწროეში ცხოვრობს. სახელოსნო, სამზარეულო, საძინებელი ყველაფერი ერთ ოთახში აქვს მოწყობილი. ავადმყოფობის გამო, ფეხზე დიდი ხნით ვერ დგება, ამიტომ მწოლიარე მდგომარეობაში უწევს მუშაობა. ამ ადამიანს ყველა უნდა იცნობდეს, ის არის მაშველი, რომელიც თითოეულ თქვენგანს შეიძლება, დასჭირდეს.
ვლადიმერ გომარელი: საქართველოში, კერძოდ, გურჯაანში დავიბადე. დედა ჩემზე იყო ფეხმძიმედ, მამა რომ გარდაიცვალა. მეთექვსმეტე შვილი ვარ ოჯახში. ჩემი დედმამიშვილები ნაადრევ ასაკში იღუპებოდნენ. მაშინ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. დიდი ოჯახიდან მხოლოდ ხუთი ბავშვი გადავურჩით სიკვდილს – სამი ძმა და ორი და. გოგონებმა საქართველოში შექმნეს ოჯახები, მე და დედა უკრაინაში წავედით. ორი ძმიდან, ერთი – პავლე, 18 წლის ასაკში გარდაიცვალა. თექვსმეტი შვილიდან დედას ოთხნი დავრჩით. ეს ყოველივე მარტივი გადასატანი არ აღმოჩნდა მისთვის – ფსიქოლოგიურად და სულიერად ძალიან მორყეული იყო. საქართველოში ქვრივ ქალს არაერთი მსურველი უჩნდება, ამიტომ დედამ გადაწყვიტა, უკრაინაში გადავსულიყავით საცხოვრებლად. ულამაზესი ქალი იყო, მაგრამ მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, არ გათხოვდა, ძალიან უყვარდა. მახსოვს, უკაინული ასოებით მასწავლიდა ქართულ სალაპარაკო ენას. დღეს რომ ცოცხალი ვარ, მისი და ღვთის დამსახურებაა. ოთხჯერ ისეთ სასიკვდილო ტრავმებს გადავურჩი, ექიმების შესაძლებლობებს რომ აღემატებოდა.
– რა შეგემთხვათ?
– პირველი, რაც შემემთხვა დამწვრობა იყო. ოთხი წლის ვიყავი, მდუღარე თათარათი სავსე, უზარმაზარი, ქვაბი გადმოვაპირქვავე და მთელ სხეულზე გადავისხი. ფაქტობრივად, ჩურჩხელად ვიქეცი. სასწრაფოს ექიმებმა თქვეს, რომ აზრი არ ჰქონდა ჩემს თბილისში გადაყვანას, ვერ მივაღწევდი საავადმყოფომდე. ეს რომ დედამ გაიგო, გული წაუვიდა. ამდენი შვილი დაასაფლავა და მეც ხელიდან ვეცლებოდი. ამ დროს მან უფლის ანგელოზი იხილა, რომელმაც უთხრა, რომ ახალი სხეული და ჯანმრთელი კანი მომეცემოდა. ამისათვის საჭირო იყო ელოცა, ყველა სასწაულმოქმედი ხატის კანდელის ზეთი და ნაკურთხი წყალი მოეტანა სახლში. ჩვილი ბავშვის შარდში უნდა გაერია ნაკურთხი წყალი და საფენები გაეკეთებინა ჩემთვის. დაიწყო მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი. თურმე, საფენებს რომ მადებდა კანს ხორციც მოჰყვებოდა და ძვლები მიჩანდა. ეს გადმოცემით ვიცი, მე არაფერი მახსოვს. უფალმა ახალი სხეული მაჩუქა, დამწვრობის კვალი საერთოდ არ მეტყობა. მეორედ სიკვდილს მეოთხე კლასში გადავურჩი. სკოლაში, შესვენების დროს ჯართით სავსე ორმოში ჩავვრადი და რკინას თავით დავეცი. სკოლის წინ საავადმყოფო იყო და სასწრაფოდ გადამიყვანეს. ყველა ქირურგი მეხვია თავს, არავინ იცოდა, რა შედეგით დამთავრდებოდა ოპერაცია. მაქსიმალურად ცდილობდნენ, სიცოცხლე შეენარჩუნებინათ ჩემთვის. საბოლოოდ გადავრჩი, მაგრამ დავსახიჩრდი ტვინით – მეხსიერების ცენტრი გამინადგურდა. ამის გამო, ორი წელი ვსწავლობდი მეხუთე კლასში, ხოლო სამი – მეექვსეში. ჯგუფში ყველაზე უფროსი ვიყავი, მასწავლებლებიც დატანჯულები მყავდა. ძალიან ბევრჯერ მიხსნიდნენ ერთი და იგივე მასალას, მე კიდევ, ერთ სიტყვასაც ვერ ვიმახსოვრებდი. ამაზე მთელი კლასი იცინოდა. ბოლოს, ძალიან აუტანელი გავხდი და სკოლიდან გამაგდეს. დედა გამუდმებით ლოცულობდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ აკრძალული იყო ეკლესიაში სიარული, დადიოდა წირვებზე და ჩემი ტანსაცმელი დაჰქონდა. ჩემგან მალულად წირვაზე ნამყოფ სამოსს მაცმევდა. ზეთის ცხებაზე ძალიან ვღიზიანდებოდი და ტანსაცმელზე რომ მცოდნოდა, უფრო ცუდი რეაქცია მექნებოდა. ჩემს წინაშე მედიცინა უძლური იყო. მეხსიერების აღდგენისთვის დედას კინოთეატრებში დავყავდი. ერთი და იმავე ფილმს იმდენჯერ მაყურებინებდა, ვიდრე პატარა მონაკვეთს არ მოვუყვებოდი. მესამედ 11 წლის ასაკში მეორე სართულიდან ჩამოვვარდი და კუდუსუნით ისე დავეცი, რომ ძვლები დამელეწა. გაუსაძლისი ტკივილები მქონდა, გონება მეკარგებოდა, დამოუკიდებლად არსებობა არ შემეძლო. თუმცა, ღვთის მადლითა და დედაჩემის რწმენით, საოცრება მოხდა და კვლავ გადავრჩი. ყველას უკვირდა, ჩემი დამსხვრეული ძვლები ოპერაციის გარეშე რამ შეკრიბა და შეახორცა. მეოთხედ უკვე ყინულზე ავსრიალდი და გვერდულად დავეცი, თირკმელი დამიზიანდა. დროთა განმავლობაში ჩაკეტილმა თირკმელმა ლპობა დაიწყო და პერიტონიტი განმივითარდა. ამის შესახებ დედამ არ იცოდა, ებრაელმა ექიმმა გამიკეთა ოპერაცია და გადამარჩინა.
– თქვენ ახსენეთ, რომ ზეთის ცხებაზე ცუდი რეაქცია გქონდათ... დედის მსგავსად, თქვენ არ იყავით მორწმუნე?
– არა, რა მორწმუნე, საერთოდ არ მწამდა ღმერთი, ათეისტი ვიყავი. ფაქტობრივად, დედაჩემს ეშმაკთან ჰქონდა შეხება, რომელსაც ისევე უნდოდა ჩემი განადგურება, როგორც ჩემი გარდაცვლილი ოჯახის წევრების. ერთადერთი, სიკეთის მჯეროდა. ებრაელი მინდოდა გავმხდარიყავი, ვინაიდან მათგან ბევრი სიკეთე მახსოვდა. ებრაელი თანამშრომელი მყავდა, მის სახლში რომ მივდიოდი, ისე მხვდებოდნენ, როგორც დიდ კაცს. სწორედ მათ შეძლეს ჩემში ადამიანური გრძნობების გაღვიძება. იმდენად დამაინტერესა ამ ხალხმა, მონათვლა გადავწყვიტე. წინადაცვეთის მიუხედავად, მაინც თანახმა ვიყავი. ეს გადაწყვეტილება მივიღე თუ არა, დედასგან მომივიდა წერილი, რომ მრტო რჩებოდა და უნდა ჩავსულიყავი. მეც დავემშვიდობე ყველას და წამოვედი. ვიდრე სკოლას დავამთავრებდი „ჯიბგირი“ ვიყავი. თუმცა, უფრო, გადარჩენისთვის ვიბრძოდი, ვიდრე ვქურდობდი. ძალიან გვიჭირდა, ხშირად ვშიმშილობდით. რომ ვთხოვდი ვინმეს მაჭამე-მეთქი, სასტიკ უარს ვიღებდი, ამიტომ ვიპარავდი. სკოლა რომ დავამთავრე, მშობელთა კომიტეტმა სხვადასხვა სახელოსნოში წამიყვანა ხელობის სასწავლებლად. თუმცა, არასად მიღებდნენ.
– გინდოდათ, რომ გესწავლათ?
– არა, უბრალოდ, სიტუაციას მივყვებოდი. ჩემი საბუთების გამო, არც ერთ სახელოსნოში არ მიმიღეს. ამ ყოველივემ ძალიან იმოქმედა. ბოლო დაწესებულებაში რომ მივედით და იქაც უარი მითხრეს, ავფეთქდი. ვიკითხე, სად იყო დირექტორი. თავიდან არ მიშვებდნენ, მაგრამ შემდეგ შევძელი მის კაბინეტში შესვლა. თან, ვფიქრობდი, თუ აქაც არ დამტოვებდნენ, ისეთი რაღაც უნდა გამეკეთებინა, რომ პირდაპირ ციხეში გადავეყვანე. ადამიანად არ მთვლიდნენ და ამ შეხედულებამ ფსიქოლოგიურად გამანადგურა. ავუხსენი დირექტორს ვინც ვიყავი, რაც მქონდა გადატანილი და რატომაც ვიყავი მსგავს სიტუაციაში. კაცი პატარა ბავშვივით ატირდა. მითხრა, რომ საკუთარი თავი გავახსენე და დახმარების ხელიც გამომიწოდა. წერა არ ვიცოდი და განცხადებაც თვითონ დამიწერა. ერთი პირობით ამიყვანა სახელოსნოში, თუ რამეს დავაშავებდი, მაშინვე ბავშვთა კოლონიაში გამიშვებდნენ. თუმცა, პრობლემაც იყო, უნდა გამევლო სამედიცინო შემოწმება და კომისიას მოეწერა ხელი, რომ ჯანმრთელი ვიყავი. წავედი შემოწმებაზე, შევდივარ ერთ კაბინეტში, მიწერენ ჯანმრთელია, მეორეში, მესამეშიც – იგივეს. ეს სასწაული იყო. არც ერთი ოპერაცია არ მქონდა გაკეთებული, ცალი თირკმელი დახურული მქონდა, ტვინი დაზიანებული და კიდევ ჯანმრთელად მთვლიდნენ. ვიფიქრე, ისევ დირექტორი დამეხმარა-მეთქი, მაგრამ, რომ ვკითხე, დაიფიცა, საერთოდ არ ჩავრეულვარ ამ პროცესშიო. ღმერთის ნება იყო, რომ დავრჩენილიყავი. ერთ თვეში ამირჩიეს მამასახლისად. ბევრი ხელობა მეხერხებოდა, მაგრამ მალევე მავიწყდებოდა. თან, ექიმები მიკრძალავდნენ, არ შეიძლება შენთვის მძიმე დატვირთვით მუშაობაო.
– მართლმადიდებელი როდის გახდით?
– უკრაინიდან საქართველოში რომ დავბრუნდი, ხაშურის რაიონში გამანაწილეს, მაგრამ ბინა არ მომცეს. წლების განმავლობაში ქირით ვცხოვრობდი დედასთან ერთად. შუშის ქარხანაში ვმუშაობდი. იქ გავიცანი იურა ქურდაძე, რომელმაც იცოდა ჩემი ავადმყოფობის შესახებ. მან მაიძულა, რომ მოვნათლულიყავი. მითხრა, რომ მონათვლის შემდეგ ყველაფერი გამივლიდა. დედის და მისი ხათრით მოვინათლე, თუმცა ღმერთი მაინც არ მწამდა. ერთ დღესაც რაიკომში გამომიძახეს საქმეზე. სახლში რომ დავბრუნდი, დედა დამწვარი დამხვდა. ღუმელში წყლის ნაცვლად ნავთი შეუსხამს. საავადმყოფოში უნდა დამეწვინა და უარი თქვა. მითხრა, რომ რასაც მე მიკეთებდა გურჯაანში, თათარით რომ ვიყავი განადგურებული, იგივე პროცედურას ჩაიტარებდა. ვიფიქრე, ჭკუიდან შეიშალა-მეთქი, მაგრამ უარიც ვერ ვუთხარი. დამწვრობიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, ოჯახის წევრები შეგვკრიბა და ბინტები მოიხსნა სახიდან. რომ დავინახე, ძირს დავეხეთქე და დიდება უფალს-მეთქი, ვიყვირე. ჩვილივით კანი ჰქონდა, დამწვარი საერთოდ არ ეტყობოდა. ეს შემთხვევა რომ არა, ალბათ, დღესაც ურწმუნო ვიქნებოდი.
– ბევრი ხელობა გაქვთ. ამჯერად ნებისმიერ ჩამკეტ სისტემას ხსნით, ამას როგორ ახერხებთ?
– საქართველოში რომ ჩამოვედი, პირველად, მაშინ გავხსენი სეიფი. სენსორზე დაყენებული სეიფი მომიტანეს. დაბლოკილი იყო. გასაღები, რომელიც ბლოკს ხსნიდა დაკარგული ჰქონდათ. 300 მანეთი შემომთავაზეს. ეს ცოტა ფული არ იყო, არადა მართლა არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეხსნა. სინამდვილეში ოქრომჭედელი ვიყავი და ჩემი თავის იმედი არ მქონდა. რაღაცნაირად გამეხსნა გონება და თითქოს ჩემი მეორე „მე“ ალაპარაკდა, რომელიც მითითებებს მაძლევდა, რა უნდა გამეკეთებინა. სეიფზე ვმუშაობდი მექანიკურად, ჩამესმოდა ხმა და მეც ვაკეთებდი. გავხსენი დაუზიანებლად, მხოლოდ ერთ ადგილზე გავხვრიტე. ამაშიც ღმერთი დამეხმარა. ამის შემდეგ, თუ რამე სისტემაა, არ არსებობს, ვერ გავაღო. ეს ღვთის შემწეობით გამომდის. ვინც მორწმუნეა, სჯერა ჩემი. ვაღებ ყველა კარს, მანქანას, სათავსოს. ხშირად ამას საკეტის დაუზიანებლად ვაკეთებ. ფაქტობრივად, მაშველის ფუნქციას ვასრულებ ისე, რომ არ ვარღვევ ოსტატის ეთიკის კოდექსს. ჩემნაირი სპეციალისტი საქართველოში არ არსებობს. თუ ვინმეს საკეტი ჩაეკეტება, მას „ბალგარკით“ ჭრიან, მე კიდევ დაუზიანებლად ვხსნი. ისეთ სასწაულებს მივლენს ღმერთი, რომ ეს მხოლოდ წმინდანს შეიძლება, დაემართოს და არა ჩემნაირ ცოდვილ კაცს.
– კიდევ რა სასწაული გადაგხდათ თავს?
– ბავშვი მყავდა ცუდად, მიკვდებოდა. სახლიდან ჭამდე მიწა უნდა გამეთხარა ნასოსი რომ ჩამერთო და წყალი მიმეწოდებინა სახლში. საშინელი მზე იყო და აღარ შემეძლო, არა და ჩქარა უნდა გამეკეთებინა. ავიხედე ცაზე და ღმერთო, როგორმე დამამთავრებინე ეს სამუშაო-მეთქი ვთხოვე. მაშინ ერთადერთი პატარა ღრუბელი გაჩნდა და ჩემს თავზე მანამდე იდგა, ვიდრე მუშაობა არ დავამთავრე. ყველაფერში მეხმარება უფალი. მისი დამხარებით მოვედი დღემდე. მარტო ვცხოვრობ. ექვსი წელია, მეორე მეუღლეს დავშორდი. ორჯერ დავიწერე ჯვარი და შვიდი შვილი მყავს.