რა მაგიური თვისებებით გამოირჩევა სახლში გახარებული ქოთნის ყვავილები და მოაქვს თუ არა უბედურება ქორწილში ნაჩუქარი სამკაულების გაჩუქებას
როგორც ჩანს, ჩვენი წინაპრები მეტად განსწავლულები იყვნენ მისტიკაში და ამიტომაც ითვალისწინებდნენ იმ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც დღემდე შემორჩა. როგორც დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი ცისნამი ამბობს, ამაში დიდი სიბრძნე და ცოდნაა ჩადებული, რომლებსაც ჩვენი წინაპრები მშვენივრად იყენებდნენ და წარმატებებსა თუ ბედნიერებასაც, ასეთი წესით, შედარებით მარტივად აღწევდნენ.
ცისნამი: ადამიანმა საკუთარი იღბალი თავად უნდა მართოს. ამ საკითხით უკვე დიდი ხანია, დაინტერესებული ვარ, ვიკვლევ წინაპართა მისტიკურ და ეზოთერიკულ ჩანაწერებს და სულ მალე ამ ჩანაწერების წიგნად გამოცემასაც ვაპირებ, რომლის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, ბევრ ჩვენგანს შეეცვლება წარმოდგენა მისტიკაზე, ბევრ გაუცემელ კითხვაზე მიიღებთ პასუხს და ბევრი ისეთი რამის გარკვევასაც შეძლებთ, რომელზეც საზოგადოებაში ღიად არ საუბრობენ.
– გამოდის, რომ მისტიკური ნიშნები და ზოგი წეს-ჩვეულება, რომლებიც წინაპრებმა შემოგვინახეს, ჩვენს ბედ-იღბალზე გარკვეულ გავლენას ახდენს?
– დიახ, მისტიკური ნიშნები და ზოგი წეს-ჩვეულება წინაპრებისგან შემონახული დაკვირვებებია და მათი ერთი ხელის მოსმით უარყოფა, ვფიქრობ, არასწორია. ჩემს წიგნში დასაბუთებული იქნება ისეთი ფაქტები, რომლებზე პასუხის გაცემაც ბევრ ჩვენგანს უჭირს ერთი უბრალო მიზეზის გამო – არ ვფლობთ მის შესახებ შესაბამის და სწორ ინფორმაციას. მართალია, ზოგი მინიშნება თუ წესი, შესაძლოა, არარეალურად და სულელურადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ, მათში ისეთი სიმართლის მარცვალია ჩადებული, რომლის დათესვის შემდეგ, მალევე მოიმკით შედეგს. როგორც გითხარით, არსებობს ძველი წეს-ჩვეულებები, რომელთა გათვალისწინებაც შესაძლო უბედურებებს აგაცილებთ თავიდან. ასეთი წეს-ჩვეულებები ძალიან ბევრია და მე ისინი ჩაწერილი მაქვს.
– შეგიძლიათ, ჩვენც გაგვანდოთ ისეთი წესები, რომელიც შესაძლო უბედურებას თავიდან აგვაცილებს და მშვიდად ცხოვრებაში დაგვეხმარება?
– რასაკვირველია, მაგრამ, ყველაფერს ვერ გეტყვით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ამას მთელი ჟურნალი არ ეყოფა. მაგრამ, რამდენიმეს კი გაგანდობთ. მაგალითად, ბევრმა არ იცის, რომ არ შეიძლება ნიშნობის ბეჭდის განათხოვრება, გაჩუქება ან გადადნობა – ამას, შესაძლოა, განქორწინება ან ღალატი მოჰყვეს. ასევე, არ შეიძლება დანისა და საპნის ხელიდან ხელში მიცემა, რადგან, გარდაუვალია ჩხუბი მიმცემსა და გამომრთმევს შორის. ასევე, არ ვარგა – ნაგვის ღამით სახლიდან გატანა, მზის ჩასვლის შემდეგ სახლის გამოგვა თუ ძმა გყავს, დაუშვებელია ორშაბათს და ხუთშაბათს ფრჩხილების დაჭრა და ბანაობა, რომ მის ჯანმრთელობას არ შეუქმნათ საფრთხე. ერთ ფაქტს მოგიყვებით: ერთი ჩემი მეგობარი გათხოვდა. ქორწილში ოქროს სამკაულები მიართვეს სტუმრებმა. მე მისი მეჯვარე და უახლოესი მეგობარი ვარ. გამანდო, მინდა დედამთილის და სტუმრების რამდენიმე ბეჭედი გადავადნო და მისგან ერთი ლამაზი სამკაული გავიკეთოო. ვურჩიე, არ გინდა-მეთქი, მაგრამ, არ დამიჯერა. ძალიან მოსიყვარულე და ლამაზი წყვილი იყო. ერთ დღესაც, მესტუმრა და მითხრა, ნაჩუქარი ბეჭდები გადავადნე და ერთი დიდი, მასიური ბეჭედი გავაკეთებინე ოქრომჭედელსო. ვუთხარი, არ ვარგა ქორწილში მორთმეული სამკაულების გადადნობა, გაჩუქება ან თხოვება-მეთქი, მას კი გაეცინა და მითხრა, შენ ბავშვობიდან ცრუმორწმუნე იყავი, მე ასეთი რამეების არ მჯერა, ჩემო საყვარელოო. მივხვდი, ახსნას აზრი არ ჰქონდა და გავჩუმდი. თან, ცოტა ჯიუტი ხასიათის გოგოა: ვინმე რამეს რომ ურჩევდა, ის მაინც თავის ჭკუაზე იმოქმედებდა და, რომ წააგებდა, მერე გაბრაზებით ამბობდა, იმან გამთვალა თავისი ჭკუის დარიგებითო. ჰოდა, მეც ვიფიქრე, მერე არ მითხრას, შენ გამთვალეო და გავჩუმდი – ხომ გაგიგონიათ, საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო.
– და ამ ფაქტს რა მოჰყვა?
– მოკლედ, არ დამიჯერა, გადაადნო ბეჭდები, გაიკეთა ერთი დიდი ბეჭედი და სულ თითზე ეკეთა. ერთი წელიც კი არ გასულა, რომ ქმარმა მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა, ერთ წელიწადში კი მეორე ცოლთან ბიჭი შეეძინა. ამაზე სულ გადაირია ჩემი მეგობარი, დღესაც კი დეპრესიაშია. რვა წელი გავიდა მას შემდეგ და დღემდე მსაყვედურობს – როგორ დამრთე ნება, ქორწილში ნაჩუქარი ბეჭდები გადამედნოო. სამწუხაროდ, ასე მოხდა და ამას ვეღარავინ შეცვლის. დღეს, დეპრესიაში მყოფი, სახლიდან არ გადის, ზის და ქოთნის ყვავილებს უვლის.
– ქალბატონო ცისნამი, ასაკოვანი ადამიანებისგან გამიგია, რომ ზოგიერთ ქოთნის ყვავილს განსაკუთრებული თვისებები გააჩნია და თუ მას ადამიანი კარგად მოუვლის და დააკვირდება, ისიც ადეკვატურად პასუხობსო. ეს მართლაც ასეა?
– ქოთნის მცენარე, რომელსაც ბინაში უვლიან, განსაკუთრებულ თვისებებს იჩენს, მაგალითად, ისეთ ბინაში, სადაც ოჯახური სიმშვიდე და სიმყუდროვე არ არის, ვერ ხარობს ქოთნის ია. ბარაქის ხე ჩვენს ფინანსებზე ახდენს გავლენას, ამიტომ, თუ მას სიყვარულით და სითბოთი მოუვლით, მოგცემთ მინიშნებას, როდის გექნებათ ფულის მოზიდვის მეტი შანსი. ამას კი მაშინ მიგანიშნებთ, როცა მცენარის ფოთლები მკვრივია. თუ მისი ფოთლები მოეშვა, მომჩვარდა და ცვენა დაიწყო, ესე იგი, ფულის ხარჯვის დროს მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ და, დიდი შანსია, ფინანსების შემოდინება სახლში შენელდეს. თუ ბარაქის ხეს ფოთოლი დასცვივდა, არ გადაყაროთ სანაგვე ყუთში, გაახვიეთ ქაღალდში და ჩაიდეთ სამუშაო მაგიდის უჯრაში – ის ხელს შეუწყობს თქვენს ნაყოფიერ კარიერულ და შემოქმედებით მუშაობას.
– გამოდის, რომ ბარაქის ხე წინასწარ გვამცნობს, როდის დგება კრიზისული პერიოდები ჩვენთვის?
– ასე გამოდის. თუ დამიჯერებთ, გირჩევთ, შეიძინეთ ქოთნის ბარაქის ხე და დადგით ის თქვენს ბინაში, მოუარეთ, დააკვირდით და თავადვე მიხვდით, რა გელით ფინანსების მხრივ – როდის დგება თქვენთვის სასიკეთო პერიოდი და როდის ჯობია ფულის დაზოგვა.
– ის თუ შეესაბამება სიმართლეს, რომ, თითქოს, ყველა ბინაში არის ადგილი, რომელიც სწორედ ფინანსებზეა ორიენტირებული და პასუხისმგებელი?
– ეზოთერიკულ ჩანაწერებში და პრაქტიკულ მაგიაში საკმაოდ საგულისხმო ინფორმაციაა ამის შესახებ. მაგალითად, ფინანსებზე პასუხისმგებელი ადგილები ჩვენს ბინაში შემოსასვლელი კარიდან მარცხენა კუთხეშია, დიასახლისმა ეს კუთხე განსაკუთრებით უნდა მოაწესრიგოს და მოაწყოს, თუ სურს, რომ ოჯახში სიმშვიდე, გაგება, სიმდიდრე და ბედნიერება იყოს. სასურველი არ არის ამ ადგილას ქურთუკების კარადის დადგმა, ფეხსაცმელების დაწყობა, საწვიმარი ქოლგის აყუდება-დაკიდება, ამა თუ იმ წვრილმანი ნივთების შესანახი ყუთის დადგმა. შესასვლელი კარის მარცხენა კუთხეში, სასურველია, დადგათ ცოცხალი დეკორატიული ხეების ქოთნები. ის ამ სახლში მცხოვრებ ადამიანებს ენერგიითა და სიყვარულით აავსებს; ხელს შეუწყობს ფულის შემოდინებას და აფერხებს ბოროტი ადამიანების ზემოქმედებას მათზე. თუ ბიზნესმენი, საქმიანი, აქტიური და დამოუკიდებელი ადამიანი ხართ, გირჩევთ, თქვენს საცხოვრებელ ბინაში ჯუჯა მცენარეებისთვის გამონახოთ ადგილი. ასევე, თუ საკუთარი სახლი გაქვთ, ძალიან კარგია, ეზოში დარგოთ ბროწეულისა და იასამნის ხეები – ისინი გაგიღვივებთ რომანტიკულობის, სიყვარულის უნარს; აგავსებთ მზის ენერგიით; დაგეხმარებათ ცხოვრებისეული პრობლემების ადვილად დაძლევაში; თავიდან აგარიდებთ უსიამოვნებებს, ებრძვის დეპრესიას და შიშებს. ეს რჩევები მე არ მომიგონია. როგორც გითხარით, ეს სიბრძნე უძველესი დროიდან მოდის და მას თავისი წინაპირობაც აქვს. ალბათ, დამეთანხმებით, მარტივი წესებისა და რჩევების გათვალისწინებით, ჩვენ, უბრალო ადამიანებს, არაფერი გვაკლდება, მიღებული დახმარება კი ყოველ ჩვენგანს, ამ დღევანდელ დაძაბულ ცხოვრებაში ნამდვილად გვჭირდება.