ექიმის რჩევები
კითხვა: თავზე მაქვს ცხიმგროვა („ჟირავიკი“). ხომ არ არის მისთვის საზიანო თმის შეღებვა?
პასუხი: თუ კანი დაზიანებული არ არის, თმის შეღებვა საშიშროებას არ წარმოადგენს. ყურადღებისთვის: ცხიმგროვა კანქვეშა, რბილი, მოძრავი წარმონაქმნია, რომელიც სასურველია, აჩვენოთ ექიმს და საჭიროების შემთხვევაში, ამოიკვეთოთ (ამბულატორიულად), რადგან დროთა განმავლობაში, არ არის გამორიცხული, მისი მალიგნიზაცია (ავთვისებიანად გარდაქმნა).
კითხვა: ვარ 22 წლის. გულის ეხოსკოპიაც გაკეთებული მაქვს და კარდიოგრამაც, დარღვევა არ მაქვს, არადა პერიოდულად ამოვარდნების შეგრძნება მაქვს. წამები სჭირდება, რომ ჩვეულ ფორმაში ჩადგეს. მაქვს გულმკერდის ოსტეოქონდროზი, ამის ბრალი ხომ არ არის? ან რა შეიძლება, იყოს მიზეზი?
პასუხი: მხოლოდ ამ სიმპტომებით ძნელია სავარაუდო დიანგოზზე მსჯელობა. გამორიცხული არ არის, ეს უფრო მეტად ვეგეტოდისტონიის შედეგი იყოს. ჩვენი რჩევაა, მიმართეთ ოჯახის ექიმს, რომელიც დაგეხმარებათ მიზეზების დადგენაში.
კითხვა: დაახლოებით 2 კვირაა ვარჯიში დავიწყე. როგორც ჩანს, ცოტა ზედმეტი მომივიდა დატვირთვა და გული მაქვს აჩქარებული 3 დღეა. თან, გულის რევის შეგრძნებაც მაქვს. რას მირჩევთ, ვარჯიში შევწყვიტო, თუ გაივლის თავისით?
პასუხი: ვარჯიში უნდა შეწყვიტოთ და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, მიმართოთ თერაპევტს ან კარდიოლოგს. მხოლოდ გამოკვლევების შედეგებიდან გამომდინარე, მიიღება გადაწყვეტილება დატვირთვაზე.
კითხვა: მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება ჩვეულებრივი, სახლში დამზადებული ძროხის მაწვნის მიცემა ჩვილისთვის 4-5 თვიდან? მყავს ახლობლები, რომელთაც ბავშვს მაწონის მიცემა ერთი თვიდანაც კი დაუწყეს.
პასუხი: ცნობილია, რომ ერთ წლამდე ბავშვებში ძროხის რძის მიცემა სასურველი არ არის, რადგანაც ბავშვების კუჭ-ნაწლავი ვერ ინელებს ძროხის რძეში შემავალ ცილას – კაზეინს.
კითხვა: მესამე ხარისხის სქოლიოზის დროს, ოპერაციის გაკეთებისას აუცილებელია ხარიხების ჩადგმა თუ ხარიხების გარეშეც შეიძლება გასწორდეს ხერხემალი (ოპერაციის შედეგად)? ოპერაციას გართულებები თუ მოჰყვება ასეთ შემთხვევაში, ეტლს ხომ არ მიეჯაჭვება პაციენტი?
პასუხი: ყველა ოპერაციას თეორიული გართულების რისკი აქვს. თუმცა, არსებობს გამოცდილება და სტატისტიკა, რის მიხედვითაც ეტლზე მიჯაჭვება არაა მოსალოდნელი. ოპერაციის გარეშე ხერხემლის გასწორება ვერ ხერხდება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი