ჭეშმარიტი სარწმუნოება
მოკრძალების გაკვეთილი
ეგვიპტის ერთ-ერთ მხარეში ახალგაზრდა გამგებელი დანიშნეს. ახალგაზრდა ოცნებობდა პირუთვნელად ემართა მხარე და გონიერებით გაეთქვა სახელი მთელ ქვეყანაზე. მაგრამ, პირველივე დღეს, როდესაც ხალხს სიტყვით მიმართავდა, ზურგს უკან ასეთი სიტყვები შემოესმა:
– ამბა მოსეს ის ვერ გაუტოლდება! მასზე გონიერი ჩვენს მხარეში არავინაა!
ამ სიტყვებმა ღრმად დაივანა ახალგაზრდა დიდებულის განდიდების მოყვარე სულში. ჭაბუკი ყოველდღე ამბა მოსეს დიდებაზე ფიქრობდა. ბოლოს გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო და პირადად ეხილა სახელმოხვეჭილი ბერი.
ჭაბუკ გამგებელს თან მსახურები ახლდნენ. მათ უდაბნოში გზა აებნათ. ჭაობებთან შავკანიან მოხუცს გადაეყარნენ, რომელმაც მათ გზა ასწავლა.
– ეთიოპიელო, გაგვიძეხი ამბა მოსეს სენაკისკენ! – უბრძანა მას ახალგაზრდა გამგებელმა.
– ვერც მე წამოვალ იქ და არც თქვენ გირჩევთ, ჯობია, შორს დაიჭიროთ თავი იმ ყაჩაღისგან. ამასთანავე, ამბა მოსე, ერთი ჩერჩეტი ვინმეა და მისგან სასარგებლოს ვერაფერს გაიგებთ, – უთხრა მათ მოხუცმა და ბუჩქებში გაუჩინარდა.
ჭაბუკი გამგებელი კარგ ხასიათზე დადგა, სიამე მოჰგვარა იმან, რომ თურმე ყველა არ განადიდებდა ამბა მოსეს.
მონასტერში მისული ჭაბუკის მხიარულება რისხვით შეიცვალა, როცა ბერებისგან შეიტყო, რომ ამბას ასავალ-დასავალი არ იცოდნენ. გამოდიოდა, რომ გამგებელმა ამხელა გზა სულ ტყუილად გამოიარა.
– რაც არის – არის! რა უნდა გავიგოთ თქვენი ამბებისგან ისეთი, თუ ღატაკი ყარიბიც კი, რომელიც ჭაობებთან შემოგვხვდა, მას აბრაგად და ჩერჩეტად მოიხსენიებს! – მძვინვარედ წამოიძახა ახალგაზრდამ.
– როგორ გამოიყურებოდა ის ყარიბი, რომელმაც ამბა მოსე ასე დაგიხასიათათ? – ჰკითხეს ბერებმა.
– ის იყო შავკანიანი, მაღალი ეთიოპიელი, ძველი, ღარიბული ტანსაცმლით შემოსილი, – მიუგო ახალგაზრდამ.
– ეს ხომ თავად ამბა მოსეა! – შესძახეს ბერებმა.
შემდეგ ერთ-ერთმა ბერმა დასძინა:
– ერთ დროს ამბა მოსე შავკანიანი მონა იყო. ის თავის ბატონს გაექცა და ყაჩაღობას მიჰყო ხელი. მაგრამ, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, რაც მან ყველაფერი მოინანია და უფალმა უხვად უწყალობა სიბრძნისა და გულთამხილავობის მადლი.
– დაუჯერებელია! აბა, რატომ უწოდა თავის თავს ჩერჩეტი? – ვერ იჯერებდა განდიდების მოყვარე ახალგაზრდა.
– ალბათ, თქვენთან შეხვედრას არიდებდა თავს. მან ჯერ კიდევ გუშინ გაგვაფრთხილა, რომ მონასტერში მოვიდოდა კაცი, რომელიც ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას და სხვისი სიბრძნის გამოძიებას შეეცდებოდა. შემდეგ კი დაგვარიგა, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს ვესაუბროთ, რომლებიც სულის ცხონების გზის მაძიებლები იქნებიან, – მიუგეს ბერებმა.
ამ სიტყვების შემდეგ ბერებმა თავიანთ სენაკებს მიაშურეს.
ჭაბუკ მმართველს კი ეს გაკვეთილი სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდა.