კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კავშირი აქვს ლადო სადღობელაშვილს შოპენთან და რატომ შეარჩია მან მიხეილ სააკაშვილის სამეზობლოდან ცოლი

„თავისუფალი თაობის” ლიდერს,  ლადო სადღობელაშვილს იმ დღეს შევხვდი, როცა ოფისში მორიგი აქციისთვის ემზადებოდა. საღამოს, ალბათ, დამიჭერენო, – მითხრა ამ მხრივ განსაკუთრებულმა რეკორდსმენმა. ყველაფერი კარგი ისე აგიხდეთ, როგორც  იმ დღეს „ახდა”  მის  მიერ დაანონსებული დაკავება. ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს. უკვე რამდენიმე წელია საპროტესტო ფლანგზე აქტიურობს, რასაც მის ირგვლივ უამრავი, სხვადასხვა ჯურის მითქმა-მოთქმა და ინტერპრეტაციები ახლავს. თუმცა ამ ხმებზე,  პოლიტიკურ გეგმებსა და კვერცხის ბიოქიმიურ თვისებებზე, პროფესიით ფიზიკოსი ლადო სადღობელაშვილი „სხვა ამპლუაში” თავად გიამბობთ. 

 

ლადო სადღობელაშვილი: პროფესიით ფიზიკოსი ვარ,  უფრო ზუსტად ბიოფიზიკოსი. უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე  კომაროვის დამთავრების  შემდეგ ჩავაბარე. დედაჩემი ფიზიკოსია  და როგორც ჩანს, მეც ოჯახური ტრადიცია გავაგრძელე. ერთხანს კერძო სკოლაში ფიზიკის მასწავლებელიც ვიყავი. ამას გარდა, ჯერ კიდევ მეთერთმეტე კლასიდან მყავდა კერძო მოსწავლეები. ბავშვები, რომლებიც მთაწმინდაზე ჩემს უბანში ცხოვრობდნენ,  წარმატებით ემზადებოდნენ ჩემთან. მათი დიდი ნაწილი ფიზიკის ფაკულტეტის  სტუდენტი გახდა. როდესაც მივხვდი, რომ ფიზიკა არააქტუალურია საქართველოში და ჩვენი პროფესიის ხალხს აქ გასაქანი არ აქვს. პროფესია შევიცვალე და მაგისტრატურაში გავაგრძელე სწავლა ეკონომიკურ-საბანკო პროფილით. იმ პერიოდში  ბანკში ვმუშაობდი, კორპორატიული სერვისის მომსახურების მენეჯერი გახლდით. თუმცა, ერთ დღეს ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპი დასრულდა და სულ სხვა განზომილებაში მოვხვდი. 

– ალბათ, ქართულ პოლიტიკას გულისხმობ. ბოლო რამდენიმე წელია, ქუჩის პროცესების ავანგარდში ხარ. რატომ, როგორ მოხვდი ამ დავიდარაბაში?

– ყველაფერი დაიწყო „თანასწორობის ინსტიტუტიდან”, რომელსაც ხელმძღვანელობდა ირაკლი კაკაბაძე. მეგობარმა მითხრა, არ გინდა, აქციაზე წავიდეთ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა გავაპროტესტოთო. ასე აღმოვჩნდი პირველ აქციაზე, რომელსაც მოჰყვა მეორე, მესამე. ვერ ვიტყვი, რომ გაგიჟებული ვიყავი ისე მომწონდა, როცა აქციაზე გვიჭერდნენ და დაპირისპირებებში ვხვდებოდით. თუმცა, შემდეგ უკვე ვიგრძენი ადრენალინი, დისკომფორტიც კი მქონდა ხოლმე, თუ დიდხანს გაგრძელდებოდა ისეთი პერიოდი, როცა  აქცია არ გვქონდა. წელიწად-ნახევარი ვიყავი „თანასწორობის ინსტიტუტში”. იმ პერიოდს დაემთხვა 7 ნოემბერი და ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა, რამაც გამოიწვია ჩემი ახლო კომუნიკაცია პოლიტიკოსებთან. 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში კი  კოკო გამსახურდიას პარტიიდან ვიყრიდი კენჭს მთაწმინდაზე. სიმართლე გითხრათ, პოლიტიკური ამბიციები არ მქონია. 21 წლის ბიჭისთვის ეს მეტისმეტი იქნებოდა. ამის შემდეგ მე წამოვედი ამ  ორგანიზაციიდან, რომელიც ძალიან მალე დაიშალა კიდეც. ახალგაზრდების პატარა ჯგუფმა გავაკეთეთ ორგანიზაცია „მამული, ენა, სარწმუნოება” და დავიწყეთ  სხვადასხვა ტიპის აქტივობები.  2011 წელს მაისის მოვლენების შემდეგ  დავტოვე  საქართველო და წავედი საფრანგეთში, სადაც სამი წელი ვიცხოვრე პოლიტიკური დევნილის მთხოვნელის სტატუსით. 

– დარჩენილიყავი, ბატონო, საფრანგეთში,  იქ არც პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოხვდებოდი და არც ამდენი ხმაური იქნებოდა შენ ირგვლივ. 

– ჩემი ცოლი სულ ამას მეუბნება,  დავრჩენილიყავით იქ, გვეცხოვრა  მშვიდად და წყნარადო. ბოლო პერიოდში, სანამ წამოვიდოდით საფრანგეთიდან,  „წითელ ჯვარში”  ვმუშაობდი, ნაწილობრივ ანაზღაურებად საველე ოფიცრის პოზიციაზე. მინდოდა, ასეთი მაღალი რეპუტაციის ორგანიზაციაში მუშაობა და გამოცდილების მიღება, მაგრამ ისე მომენატრა აქაურობა,  სამ წელსა და ცხრა თვეზე მეტხანს საფრანგეთში  ვერ გავძელი და ეს გადაწყვეტილება მივიღე მაშინ, როცა უფრო უკეთესად აგვეწყო ცხოვრება.  

– დაოჯახება  როდის მოასწარი, ბოლო წლები სულ აქციებზე ხარ. 

– აქციებსა და პაემანზე სიარული  პარალელურ რეჟიმში მიწევდა. ჩემი მეუღლე მთაწმინიდელია, ცხოვრობს ზუსტად იმ სახლში, რომლის გვერდითაც იმ დროს მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობდა. ძალიან ხშირად იყო, რომ  აქციის შემდეგ ჩემს მაშინდელ საცოლესთან ავდიოდი, ან პირიქით, მისი სახლიდან გამოვდიოდი მიშა სააკაშვილის სახლთან აქციაზე. ახლოსვე მოვძებნე საცოლე, გავიიოლე ცხოვრება (იცინის). ნათია კომპოზიტორია და სანამ დავქორწინდებოდით, კონსერვატორიაშიც ბევრი მატარა. სხვათა შორის,  ჩემი მეუღლე პროფესიულად და თავისი გატაცებებით  სულ სხვა სამყაროდანაა. მაგრამ, იქიდან გამომდინარე,  რომ ამდენი წელი ერთად ვცხოვრობთ, უკვე ნათიაც ჩათრეულია ამ ყველაფერში. ისევე, როგორც მე ვარ ჩათრეული მის მუსიკაში და კომპოზიციებში. მინდა გითხრათ, რომ მუსიკა ძალიან მიყვარს.

– არც შენ ყოფილხარ მწყრალად შოპენთან. შენს შესახებ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ათასგვარი  ხმა დადის შენი ორგანიზაციის დაფინანსებაზე, იმ ხალხზე ვინც, შენს უკან დგას და ვისთანაც არის შეთანხმებული „თავისუფალი თაობის” ყველა აქტივობა.  

– ეს ნაწილობრივ ჟურნალისტების დამსახურებაა, ნაწილობრივ იმ ძალების, რომელთა წინააღმდეგაც მიწევს ბრძოლა. იმას, რომ რუსეთუმეს და პუტინისტს მეძახიან, აქვს თავისი ახსნა. მე მაინც იმ მხარეს ვარ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგაა. შესაბამისად, რადგან ნაციონალური მოძრაობა  ხელოვნურად დასავლეთთან იგივდება, მეორე მხარე, ანუ მე,  გაიგივებული ვრჩები რუსეთთან, პუტინთან. თქვენ არ გაქვთ მოსმენილი ჩემი ფრაზები ევროპულ და ამერიკულ ორიენტაციაზე? რუსეთის იარლიყის მოწებება რთული არაა. მე ვიცხოვრე ევროპაში და ვიცი, რას ნიშნავს იქაური კომფორტი. ძალიან მინდა, ჩემი ქვეყანა იმ ქვეყანას დაემსგავსოს. მე რუსეთში არ მიცხოვრია, მაგრამ  ჩემი მშობლების თაობისგან ვიცი, რომ რუსეთი საცხოვრებლად, მათი განსხავვებული მენტალიტეტის გამო, ამაზრზენია. ჩვენ ამ მხრივ დიდ აცდენაში ვართ. ეს რა არის, უფრო „მძიმე” ჭორებიც მაქვს გაგებული საკუთარ თავზე. მაგალითად ის, რომ ცოლს ვღალატობ, რომ თურმე გეი ვარ. ადრე მქონდა რეაქცია ამ ხმებზე, ახლა აბსოლუტურად აღარ მაქვს.   ასეთი ხმების დაყრა ჩვეულებრივი ტაქტიკაა. მე მყავს მეგობრები სექსუალურ უმცირესობებში. მათი წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ პროპაგანდის წინააღმდეგი ვარ და ვიქნები კიდეც. ახლა უფრო სხვა თემები მაწუხებს. თუმცა, პოზიციები არ შემიცვლია – ისევ იმ პოზიციებზე ვდგავარ, მაგრამ  გავიზარდე და უფრო ზომიერი ვარ პოზიციების გამოხატვაში. მე გართულება მაქვს სამ პოლიტიკურ ჯგუფზე – ნაციონალურ მოძრაობაზე, რესპუბლიკელებსა და ალასანიას გუნდზე. ძირითადად, ეს სამი ჯგუფია ჩემი დარტყმის ობიექტი და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები.  რაც შეეხება შეთანხმებას, მე არავისთან არაფერზე არ ვარ შეთანხმებული. წეღან მკითხეთ კიდეც, მერამდენედ დაგიჭირესო? დღესაც დამიჭერენ, შეიძლება, ხვალ გამომიშვან, შეიძლება ხუთი-ათი დღე მომცენ. ეს მოსამართლის პრეროგატივაა. როგორ ფიქრობთ, ვინმეს შეიძლება ვუთანხმებდე, უნდა დამიჭირონ თუ არა? ან ის როგორ წარმოგიდგენიათ, ნაციონალების გავლენის ქვეშ არსებული სასამართლო მუშაობდეს  ოცნებაზე? ეს ხომ ლოგიკაში არ ჯდება.

–  იმდენი რამ არ ჯდება ლოგიკაში დღეს ჩვენთან, ეს რა გასაკვირია.  

–  ეგ მართლაც ასეა, მე ვუთანხმდები მხოლოდ ჩემს თანამოაზრეებს ამ ოფისში, სადაც  ჩვენ თვითონ ვაკეთებთ პლაკატებს. ჩვენ თვითონ ვგეგმავთ აქციების ყველა დეტალს.  როდესაც დადგება დრო, როცა უნდა შევუერთდეთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, ეს იქნება გათვლილი ხანგრძლივ ვადებზე. იქიდან გამომდინარე, რომ არ არის გამორიცხული, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე მივიდეთ, სავარაუდოდ, ჩემს მომავალ პოლიტიკურ გეგმებს საპარლამენტო არჩევნებს დავუკავშირებ. ის გუნდი, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ვერ ანგრევს პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობას. შესაბამისად, ამ ძალას გამაგრება სჭირდება. ვისთან ერთად და როგორ მოხდება ეს, რთული სათქმელია, რადგან ახლა ძნელია იმის თქმა, ვინ ვისთან ერთად შექმნის კოალიციას. თუმცა,  ის ზუსტად ვიცი, რომ  ქუჩის ეტაპი ჩემს ცხოვრებაში დამთავრდება. არა მგონია, ორ წელიწადში ისევ კვერცხი და საღებავი ვისროლო, ან აქცია მოვაწყო. 

– რა ჯდება დღეს  ერთი დიდი აქცია და  როგორ აფინანსებთ ამ აქციებს?

–   თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს აქციის მოწყობა რთულია? სულაც არა, 150-კაციანი აქცია მიჯდება 100 ლარი – კარგი ბუღალტერივით  მაქვს დათვლილი ყველა ხარჯი, მათ შორის, ტრანსპორტი, პლაკატები. აი, ეს პლაკატი ათი ლარი დამიჯდა.   ერთი თოფი შპალერის ნაჭერია და ქსეროქსიდან ამოღებული ასოები, რა ფული უნდა ამას?  

– და კვერცხი?.. რომლის „ექსკლუზივიც” ქართულ საპროტესტო აქციებზე ნამდვილად შენ გეკუთვნის? 

– არც კვერცხია ძვირი. საშუალოდ  ორი ლატოკი კვერცია საჭირო ერთი კარგი  აქციის მოსაწყობად, ესეც „ხარჯთაღრიცხვაში“ მაქვს შეტანილი.  არც კვერცხის ბიზნესი მაქვს და არც კავშირი – კვერცხის ქარხნის დირექტორთან.  აქციებისთვის ჩვენ თვითონ ვყიდულობთ კვერცხს, თუმცა  ამ პროდუქტის   ბიზნესი რომ მქონდეს, ამ გამოცდილებით კარგი რეალიზატორი კი  ვიქნებოდი (იცინის). კვერცხი  ჩემი საფირმო ნიშანია. ჯერ კიდევ 2011 წელს გამოვიყენეთ პირველად კვერცხი ერთ სოლიდურ აქციაზე. რით უნდა შეამკო ისინი? ქვას ვერ ესვრი და ტყვიას, რჩება კვერცხი, რომელიც თავისი ბიოქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, რთულად ირეცხება. მზიან ამინდში ყროლდება, ყოველ შემთხვევაში, თავის ეფექტს ქმნის. ნაციონალური მოძრაობის ოფისთან თუ მოხვდებით, ნახავთ, რომ ჩამორეცხვის მიუხედავად, შენობის კედელს დღემდე ატყვია ჩვენი კვერცხის კვალი. მიყვარს ეს უწყინარი  პროდუქტი, მიყვარს რუპორებიც. ჩემს რეზერვში ოთხი რუპორია, რომელთაგან სამი სულ მოქოქილია (იცინის).  ერთი რუპორი  ერთმა  ცნობილმა პოლიტიკოსმა  მაჩუქა და რელიკვიასავით ვუფრთხილდები. ერთ პატარა სიმბოლურ რუპორს ვეძებ, ბრელოკზე რომ დავკიდო და ვერსად მივაგენი (იცინის). ეს ყველაფერი მართლა ციდან კი არ მოდის, არიან ადამიანები, ვინც დროდადრო  გვეხმარებიან ხოლმე  ფინანსურად. ეს ის ხალხი, ვისაც არ უნდა, რომ ნაციონალები მობრუნდნენ და ისინი, ვისაც აინტერესებს ჩვენში  „ინვესტიციის”  ჩადება.  ეს არის და ეს.  ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს საქმეში დიდი ფულია საჭირო. მე  და ჩემს მეგობრებს ბევრი რამ სახლიდან  გვაქვს აქ მოტანილი  –  ტელევიზორი მოვიტანე, კარადა, ბევრი საყოფაცხოვრებო ნივთი. 

– დაპატიმრებების მხრივ, მგონი,  რეკორდსმენი ხარ.

– რეკორდსმენობის რა  გითხრათ, მაგრამ ბოლო პერიოდში 4-5 თვეში ერთხელ, ერთნახევარჯერ მიწევს დაპატიმრება. პირველად 2007 წელს დამიჭირეს. ერთხანს ვიცოდი სტატისტიკა, ახლა ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას.  დამიჯერეთ, დისკომფორტია, როცა პატრულის მანქანაში გიწევს საათობით ჯდომა და ახსნა-განმარტებების მიცემა, მით უფრო თუ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაგიყვანენ. ეს არც საამაყოა და არც საღადაო, პირიქით, კარგი იქნებოდა, არ ვიყო ასე ემოციური და არ დავაჭერინო თავი. მაგრამ, არ გამომდის, ამიტომაცაა, რომ სეზონზე  რამდენჯერმე ვხვდები იქ. შემოდგომის სეზონზე ჯარიმების რაოდენობაც გამეზარდა, ათას ლარამდე ავიდა.     

–  „კაპეზეში” „პერედაჩები” ვის მოაქვს?

–  ძირითადად მეგობრებს, ოჯახის წევრებს ვუკრძალავ იმ გარემოში მოსვლას. მათ ძალაუნებურად უწევთ ჩემი რთული ცხოვრების გაძლება. ნათია  ხშირად მეკითხება, რას მერჩიო. მაგრამ, რა ვქნა, ასე გამოვიდა. მე ყველანაირად ვცდილობ, რომ მათ თავიდან ავარიდო ის დისკომფორტი, რაც ჩემს ცხოვრებას ახლავს. ნათიას აკრძალული აქვს აქციებზე მოსვლა. სულ ვეუბნები, რომ ბავშვები ტელევიზორს მოარიდოს, რადგან სახლში დაბრუნებულს უფროსი შვილი, რომელიც ხუთი წლისაა, სულ მეკითხება: მამა, დღეს ხომ არ დაგიჭირეს? დედას  ვერ ავუკრძალე, ერთი-ორჯერ მოვიდა აქციაზე. ახლა ვთხოვ ხოლმე, რომ არ მოვიდეს,  რადგან  როცა ის ახლოსაა,  იმდენს ვერ გავბედავ, რამდენსაც გავბედავ მის გარეშე.  დედასთან ისე ვერც  შევიგინები, როგორც მის გარეშე. შესაძლოა, ფიზიკურ დაპირისპირებაშიც მოვყვე და დედის თანხლებით, ეს მორალურად იოლი არაა. ჯიკავ-ჯიკავი ნამდვილად არ მაკლია.  ფიზიკურად საკმაოდ გამძლე ვარ. ადრე რაგბისტი ვიყავი და როგორც ამბობენ, კარგი ფიზიკური მონაცემები მაქვს. ხუთი პოლიციელი მჭირდება გასაკავებლად. ჯერჯერობით მეტი ვერ მოვახერხე,  მაგრამ ცოტას ჩემით ვვარჯიშობ, ცოტას პოლიცია მავარჯიშებს და იმედია, ჩემი ფიზიკური მონაცემები და ჩემი გამკავებელი პოლიციელების რიცხვი მოიმატებს (იცინის).  

 

скачать dle 11.3