კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეუბნებოდა ლადო ბურდული რუსუდან ფეტვიაშვილს სახლის კედლის „დაჯღაპნაზე“ უარს და აპირებს თუ არა ის „ჰერმესის“ ცნობილი შარფების თავისი ნახატებით გაფორმებას

რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატები არასდროს მტოვებს გულგრილს და მათ გარემოცვაში ყოფნა არ მწყინდება, რადგან თითოეული ნახატიდან უზარმაზარი სიკეთე, სილამაზე, სიძლიერე, სიმშვიდე, სილაღე და სიყვარული მოდის. ამიტომ, ორმაგად კი არა, ასმაგად სამწუხარო და სამარცხვინოა, როდესაც უკვე რამდენიმე წელია, რუსუდან ფეტვიაშვილი და მისი არაჩვეულებრივი ნახატები ქალაქპროექტის შენობის ერთ პატარა ოთახს შეჰკედლებია. მხატვრის გალერეა კი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, ჯერჯერობით ვერ გარემონტდა. 

 

– ძალიან დიდხანს შემორჩით ამ ოთახს, რომლის სივრცეც თქვენთვის და თქვენი ნამუშევრებისთვის ძალიან პატარა და არაკომფორტულია.

– ნამდვილად ძალიან პატარაა, ვერ ვეტევი. როცა დიდ ნამუშევარზე ვმუშაობ, უკან დახევაც არ შემიძლია, ადგილი არ მაქვს, რომ შორიდან შევხედო. როცა ფიგურებს აკეთებ, დიდი მანძილია საჭირო, რომ არ შეგეშალოს. მთლიანობაში უნდა აღიქვა ის დიდი სივრცე, რომ კარგად განალაგო ფიგურები. თუმცა, უკვე ინტუიციით ვაკეთებ, მივეჩვიე. სტუმრებს ვერ ვიღებ, ყველას უარს ვეუბნები. რამდენჯერმე პაატა ბურჭულაძემ მითხრა, საელჩოებიდანაც მთხოვეს, მაგრამ უარს ვეუბნები. აქ მიღება სირცხვილია, ისეთი პირობებია. ვამბობ იმას, რაც სიმართლეა, რომ ჯერჯერობით რეკონსტრუქციაშია ჩემი გალერეა, რომელიც 2000 წელს გახსნა ბატონმა ზურაბ ჟვანიამ. მერე „არტოს” ბაღში აშენდა თოჯინების თეატრი, მიება გალერეა, მერიამ ააშენა, მაგრამ გარემონტება სჭირდება. კულტურის სამინისტროს გადასცა  და ახლა ველოდებით როდის დადგება ის ბედნიერი დღე, როცა თეატრის შენობასაც  ეშველება და გალერეასაც. მერიამ გამოგვიყო ეს ფართი, ოღონდ 8 თვით, მაგრამ დაახლოებით 2 წელია, აქ ვართ. დავრჩით და დავრჩით. თოჯინების ადმინისტრაცია და ჩემი ოთახია. მე და ჩემი მეუღლე იქაც ერთად ვიყავით და აქაც ერთად ვართ. 

– რთული ხომ  არ არის, სულ ერთად რომ ხართ? 

– დილით კი ერთად მოვდივართ, მაგრამ მერე ვიყოფით. მე ხშირად ღამის 12 საათამდე ვმუშაობ და მერე ერთად მივდივართ სახლში, ან სადმე, თუ დაღლილები არ ვართ. ანუ, მთელი დღე არ გვიწევს ერთმანეთის დანახვა. ისიც მიჩვეულია ასეთ რეჟიმს და მეც. შესაბამისად, ეს რიტმი ბუნებრივად შეერწყა და ერთმანეთს ხელს არ ვუშლით. 

– საკმაოდ დიდი ხანია, რაც ერთად ხართ.

– უხსოვარი დროიდან. 18 წლის ვიყავი მე და ის 22 წლის, როცა ერთმანეთი გავიცანით. მას შემდეგ ერთად ვართ. 25 წელია. 

– მაშინ რამ მოახდინა თქვენს ურთიერთობაზე გარდატეხა? 

– თავის დაბადების დღეზე დამპატიჟა და ეს იყო ჩვენს ურთიერთობაში გარდამტეხი. ლადო ბურდული მისი ბავშვობის მეგობარია, კლასელები არიან. მის სახლში, წყნეთში გადაიხადა დაბადების დღე. მეგობრები დაპატიჟა, დაახლოებით 20 კაცი და მეც დამპატიჟა. იქ მითხრეს, კედელი მოხატეო. ლადო კი აპროტესტებდა, „არ დამიჯღაპნო” კედელიო. მგონი, „დავუჯღაპნე“. მერე წყნეთიდან ჩვენ ორნი მარტო წამოვედით. მთელი გზა ვსაუბრობდით. მე არ მიჭირს ფეხით სიარული, ჩემს მეუღლეს, მით უმეტეს, ძველი მთამსვლელია. ახალგაზრდობაში უყვარდა მთაში სიარული. მის ძმას, ზურა ბადრიაშვილს დალაშქრული აქვს მწვერვალები. მოკლედ, ადვილად და მალე ჩამოვედით თბილისში. ფეხით სიარულმა, საუბარმა გარდატეხა მოახდინა ჩვენს ურთიერთობაზე. 

– მგონი, თქვენი გული ყველაზე დიდი მწვერვალია, რომელიც დაიპყრო.

– ჩემი გულის დაპყრობა ძალიან ადვილი იყო, რადგან მე შევამჩნიე პირველად და მომეწონა. მე გადავდგი პირველი ნაბიჯი. მე უფრო მომიწია მისი გულის დაპყრობა, ვიდრე მას. აშკარად მახსოვს, რომ ინიციატივა ჩემგან იყო.

– 25 წელი არ არის მცირე დრო. დღესაც, ამ თემაზე საუბრისას, თვალები  გიბრწყინავთ. საოცარი ემოციებით იხსენებთ. ამას  როგორ ახერხებთ? 

– 25 წელი ძალიან ბევრი დროა, საშინლად გრძელი. წლები ისე გავიდა, ვერც ვიგრძენი. რა თქმა უნდა, ურთიერთობაში არის სირთულეებიც, მაგრამ ორივეს ადვილად შეგვიძლია, ამ სირთულეების გადახარშვა. ვუთმობთ ერთმანეთს რაღაცეებს, თორემ ყველა ურთიერთობაშია საშინელი კრიზისები – ზოგი გარედან მოტანილი, ზოგიც შიგნიდან. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის სულერთია ეს კრიზისები, მძიმედ ვერ აღვიქვამ. დამოუკიდებლობას ვინარჩუნებთ ორივე. ერთმანეთს არ ვახრჩობთ ურთიერთობით და პიროვნულ თავისუფლებას ვინარჩუნებთ. თან, სულ ერთად ვართ: სახლში, სამსახურში, უცხოეთში. მგონი, ტყუპებივით ვართ. ბევრ თემაზე სერიოზული კამათი მოგვდის ხოლმე, ის სხვანაირად უყურებს, მე – სხვანაირად, მაგრამ ვიცი, რომ კარგი ადამიანია, კეთილი, კაცთმოყვარე, ღმერთი სწამს. ის ღირებულებები, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მიხარია, რომ ერთნაირი გვაქვს.

– აღნიშნავთ მნიშვნელოვან თარიღებს, მაგალითად, ერთად ყოფნის 25 წელს? 

– დაბადების დღესაც ძლივს აღვნიშნავთ. თარიღებზე ნერვები გვეშლება. ის, რომ რაღაც დღეა და საჩუქრები უნდა ვიყიდოთ, მაინცდამაინც არ გვიყვარს – რომანტიკას მოკლებულია ჩვენი ურთიერთობა. წვრილმანი რომანტიკა ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, თავისუფალი იყო, დიდი შინაგანი სივრცე გქონდეს. არ ჩაიკეტო, არ განსაზღვრო შენი მსოფლმხედველობა, ძალიან არ ჩაკეტო. აღქმის უნარი არასდროს არ უნდა დაკარგო. არაფრის სწავლა  არ უნდა დაგეზაროს. უნდა იყო უხვად მიმღები და გამცემი. შენს ნაჭუჭში არ უნდა ჩაიკეტო. 

– ამ ეტაპზე რაზე მუშაობთ?

– 2 გამოფენისთვის ვემზადები, ერთი იქნება გერმანიაში, ერთი – საფრანგეთში. როცა იმ ქვეყანაში არ ცხოვრობ და თანაც იმ ქვეყნის მოქალაქე ხარ, რომელიც მესამე რიგის ქვეყნებში მოიაზრება, ამის გამო ბევრ ხელშეკრულებაზე მომიწია უარის თქმა და ბევრი რამ იწელება. მათ სჭირდებათ, რომ მუდმივად იქ იცხოვრო. თუმცა ვიცი, კუს ნაბიჯებით მივიწევ, მაინც მივაღწევ იმას, რაც მინდა.

– რა არის თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი? 

– ბევრი მიზანი მაქვს. ყოფითი მიზანი ის არის, რომ სტაბილურობა შეინარჩუნო მსოფლიოში – მაღალ დონეზე ახვიდე და დასტაბილურდე. მერყევი არ იყოს შენი მიღწევა და ფინანასები. დამშვიდდე და შენი საქმე აკეთო. მე ხომ, ფაქტობრივად, სპონსორი არასდროს მყავს. ყველაფერს ჩემი ხარჯებით ვაკეთებ. ფულის შეგროვება ჩემთვის გამორიცხულია. ამის გამო სულ ნულზე ვარ. სპონსორი შენ თავად უნდა მოიძიო და ეს ჩემთვის მძიმე დატვირთვაა: ვიღაცას რაღაც ვთხოვო.  ამიტომ, ამას თითქმის არასდროს ვიყენებ. საკუთარ თავზე თავად ვარ პასუხისმგებელი. გარდა ამისა, მინდა, ისე გავიარო ჩემი ცხოვრება, რომ არაფერი დავკარგო. რაც უნდა დიდი მიზანი გქონდეს, არასდროს არ უნდა დაკარგო რაც ღირებულია – სიკეთე, სიყვარული, თანაგრძნობა, გულისხმიერება. 

– მახსოვს „ჰერმესთან” თანამშრომლობაზე იყო საუბარი. 

– საფრანგეთში „ჰერმესის” ოფისში დავტოვე ჩემი უზარმაზარი ნამუშევარი, განხილვის პროცესშია. ჩემი მეუღლის მეგობარმა, ფრანგმა მეცნიერმა, ჩვენს პატივსაცემად სცენაზე მოაწყო საღამო ქართული სამზრეულოთი. გემზე ქართული დროშა ასწიეს. პარიზული საზოგადოება მოიწვიეს და გაგვაცნეს. იქ იყო „ჰერმესის” მაღალი რანგის წარმომადგენელი, რომელმაც შემახვედრა მათ დიზაინერს. რაღაცეები ვაჩვენე, რაღაცეები თავიდან გავაკეთე. ის ნამუშევარი, რაც იქ დავტოვე, ძალიან მოეწონათ. თემაც მე შევარჩიე – საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი და ასევე, აბრეშუმის გზა. იმდენად მოეწონათ: გილოცავთ, შესანიშნავიაო. კონცეფცია დამაწერინეს. მეც დავწერე, რომ საქართველოს  საუკუნეების წინ როგორი კავშირები ჰქონდა ევროპასთან. მივწერე, რომ დავით აღმაშენებლი იყო გრალის რაინდი, ტამპლიერების ორდენის წევრი; ტამპლიერების ბერებში დავით აღმაშენებელს თავისი სახელი ჰქონდა; რომ მას დიდგორის ომში ეხმარებოდნენ რაინდები და თვითონაც ჯვაროსნულ ლაშქრობებში აგზავნიდა თავის რაინდებს. მათ იცოდნენ, რომ აღმოსავლეთში იყო ქართველი მეფე, რომელიც ქრისტიანობას იცავდა. ჩვეულებრივი ევროპის ნაწილი ვიყავით... სულ რომ არაფერი, ეს ინფორმაციაც რომ მივაწოდე, მნიშვნელოვანია ჩემთვის. 

 

скачать dle 11.3