როგორ აწამეს ერთ-ერთი პირველი ქართველი დისიდენტი ლიზიკო ქავთარაძე და რას შეახვედრა ის ბედისწერამ მეტეხის ციხეში
ლიზიკო ქავთარაძე ერთ-ერთი პირველი ქართველი დისიდენტი იყო, რომელმაც დახურულ გულაგებში უმძიმესი 28 წელი გაატარა. ის ცნობილ ქართულ ოჯახში დაიბადა, სამშობლოს თავისუფლებისათვვის ბრძოლა „მემკვიდრეობით” ერგო მამისგან, რომელიც ილია ჭავჭავაძის თანამოაზრე გახლდათ. ბედისწერამ კი მას შვილი მეტეხის ციხის საკანში „შეახვედრა”. როგორი იყო ლიზიკო ქავთარაძის მოწამეობრივი გზა, ამის შესახებ ცნობილ კინოდოკუმენტალისტს, პროფესორ გია ჭუბაბრიას გავესაუბრეთ. ის ლიზიკო ქავთარაძის დისშვილია და დეიდისა და მისი თანამებრძოლების ხსოვნას მიუძღვნა წიგნი – „28 წელი გულაგში”.
გია ჭუბაბრია: დეიდაჩემმა, ლიზიკო ქავთარაძემ, რომელიც ერთ-ერთი პირველი დისიდენტი ქალი იყო, საბჭოთა გულაგებში 28 წელი გაატარა. თქვენ არავითარი დანაშაული არ მიგიძღვითო, მოუბოდიშეს და ეს იყო რეაბილიტაცია საბჭოთა რუსეთში იმ მტანჯველი წლების „ფასად”, რაც იმ თაობის დისიდენტებს ერგოთ ხვედრად. ლიზიკო ქავთარაძე პატრიოტი და დიდი მოქალაქე იყო. ივანე ჯავახიშვილისა და ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ღირსეულმა მოწაფემ მთელი სიცოცხლე დევნასა და წამებაში გაატარა. ბოლოს სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს ყაზახეთში, ქალაქ კოკჩეტავში. საქართველოში ის ხრუშჩოვის „ოტტეპელმა” დააბრუნა, თუმცა იქამდე იყო დიდი მოწამეობრივი გზა. ლიზიკო პირველად დააპატიმრეს სოხუმში, 1928 წელს. მაშინ ის 23 წლის იყო და უკვე აქტიურად ჩართული საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ გამათავისუფლებელ მოძრაობაში. ის სოხუმში ვინმე გერმანელი ლექტორის, ვილიამ სპიროს დასმენის შედეგად დააპატიმრეს. იმ პერიოდში უშიშროების ორგანოები უფრო ლოიალურად აფასებდნენ დისიდენტურად მოაზროვნე ადამიანებს, 30-იან წლებში რუსეთისა და სხვა კუთხეების რჩეულმა ინტელიგენციამ დატოვა ბოლშევიკური რუსეთი და შორეული უნუგეშო ემიგრაციის გზას დაადგა. ლიზიკო ქავთარაძესაც შესთავაზეს, დაეტოვებინა ქვეყანა და გამგზავრებულიყო გერმანიაში, ან ამერიკაში, მაგრამ მან, როგორც მარო მაყაშვილმა, ბრძანა: სადაც ჩემს თანამემამულეთა სისხლი და ცრემლი იღვრება, მეც იქ უნდა ვიყოო! ამას მოჰყვა პატიმრობა, მეტეხის ციხე, სადაც ის ბედისწერის საოცარი კანონებით, იმავე საკანში მოხვდა, სადაც პატიმრობა მისმა მამამ, ქაიხოსრო ქავთარაძემ გაატარა. შვილმა იცნო მამის მიერ კედელზე დატოვებული წარწერა.
– რამდენადაც ცნობილია, ქაიხოსრო ქავთარაძე ილია ჭავჭავაძესთან იყო დაახლოებული, რომელიც აქტიურად ებრძოდა ბოლშევიკური რუსეთის მარწუხებს.
– პაპაჩემს, ქაიხოსრო ქავთარაძეს ასევე, საოცარი ცხოვრებისეული ისტორია ჰქონდა. ის საუკუნის დასაწყისში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. პაპა დაახლოვებული გახლდათ ილია ჭავჭავაძესთან. შემდგომ იყო მისი დამკრძალავი კომისიის წევრი. წიწამურის ტარგედიის შემდეგ პაპაჩემის განკარგულებაში გადავიდა ილიას არქივი და სახლი თბილისში, სადაც ლიზიკო და დედაჩემი გაიზარდნენ. ასეთ გარემოში გაზრდილი ლიზიკო ქავთარაძე სხვა გზას როგორ აირჩევდა?! ქაიხოსრო ქავთარაძის შესახებ რამდენიმე სიტყვით გეტყვით. ის იყო საქართველოსთვის თავდადებული ადამიანი, რომელმაც ასევე, ბევრი წელი გაატარა პატიმრობაში. „კეთილი” მეფე, ნიკოლოზ მეორე პაპას ხშირად გადაასახლებდა ხოლმე მის მიერვე არჩეულ ადგილებში. პაპა ირჩევდა როსტოვს, კრასნოიარსკს, იქიდან იპარებოდა და სახლში ჩამოდიოდა. პაპას ორი ქალიშვილი ჰყავდა – ლიზიკო და დედაჩემი მარიამ ქავთარაძე. საინტერესო ქალი იყო ბებიაჩემი – ოლღა გაბიტაშვილი – იმ პერიოდისთვის ცნობილი ექიმი-მეანი. მე მახსოვს, როცა ომის შიმშილობის დროს, ჩვენ თბილისიდან სოფელში გადავედით საცხოვრებლად, ძალიან ბევრი ბავშვი დაიბადა იქ, ჩემ თვალწინ, ბებიაჩემის დახმარებით. მახსოვს, როგორ აბარებდა ბებია სისხლს, რომ შვილისთვის, რომელიც უკაცრიელ ყაზახეთში იყო გადასახლებული, ამანათები გაეგზავნა.
– როგორი იყო ლიზიკო ქავთარაძის 28-წლიანი მოწამეობრივი გზის დასაწყისი მეტეხის ციხეში?
– როდესაც დაპატიმრებული ლიზიკო მეტეხის ციხეში მოათავსეს, ის უკვე იმდენად პოპულარული იყო, ციხეში მყოფ პოლიტპატიმრებს დემოკრატიული საქართველოს ჰიმნი – „დიდება” და მის ჰანგზე ლიზიკოს სახელი დაუმღერებიათ. ის მხოლოდ 18 წლის იყო, როცა პარტიულ დავალებებს ასრულებდა და პროკლამაციებს ავრცელებდა. თვითონ ხშირად იხსენებდა ხოლმე ერთ კურიოზს. 1924 წელს, როდესაც საქართველო აჯანყების ქარცეცხლს მოეცვა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ტარდებოდა ქართველი ინტელიგენციის შეხვედრა ამიერკავკასიის სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლებასთან. საღამოს თურმე სერგო ორჯონიკიძეც ესწრებოდა. 18 წლის ლიზიკოს იმ შეხვედრაზე პროკლამაციები უნდა შეეტანა და საღამოს მიმდინარეობის დროს დარბაზში გადმოეყარა. ის პროკლამაციებიანი ჩანთით იდგა ოპერის წინ და მოსაწვევის უქონლობის გამო, შესვლას ვერ ახერხებდა. ამ დროს თეატრის წინ გაჩერდა მანქანა და იქიდან ფილიპე მახარაძე გადმოვიდა. ლიზიკო მაშინვე მიჭრილა მასთან და უთქვამს, რომ შეხვედრაზე შესვლა და პროლეტარიატის დიდი ბელადების ნახვა სურდა. ფილიპე მახარაძეს მისთვის მოწყალების თვალით გადაუხედავს, ლიზიკო ოპერის შენობაშიც შეუყვანია და პროკლამაციებით სავსე ჩანთის შეტანაშიც დახმარებია. ლიზიკოს გამჭრიახობით, ფილიპე მახარაძე ანტიბოლშევიკური აქციის უნებლიე მონაწილე გამხდარა. დაპატიმრებული ლიზიკო ციმბირში, მდინარე ობის პირას მდებარე დასახლება, კოლპაშოვის კოლონიაში გადაასახლეს. ეს ადგილი დღემდე მიუწვდომლად ითვლება. იქ ზაფხულში მდინარით, ზამთარში კი, ძაღლებშებმული მარხილით შეიძლება ჩაღწევა. ამ უკაცრიელ და კოღოებით სავსე ტაიგაში გაატარა ლიზიკომ რამდენიმე წელი. 1936 წელს ის პირობით გაათავისუფლეს და საქართველოში დაბრუნების ნება მისცეს. მაგრამ, არც აქ შენელებულა მისი დევნა-შევიწროვება, რის გამოც ლიზიკო იძულებული იყო, ხშირად შეეცვალა საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი. 1940 წლის 15 მაისს, საღამოს, სოლოლაკში ჩვენთან მოვიდნენ „ჩეკას” „რაინდები” და მათ გადასახლებიდან ახლად დაბრუნებული დეიდა ხელმეორედ დააპატიმრეს. ჩხრეკა, სუკის აგენტების გაპრიალებული ჩექმები, გადმოყრილი წიგნები – ასეთია ჩემი ბავშვობის ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილებები. მახსოვს, ჩვენი სახლის კართან გაჩერებული „ემადინი” – ეს მანქანა დეიდაჩემის კატეგორიული მოთხოვნით გამოიძახეს. დეიდამ ხელზე ხელი მომითათუნა, შუბლზე მაკოცა და ჩვენ დავშორდით. მეორე თუ მესამე დღეს ორთაჭალის ციხის დარბაზში მოხდა ჩვენი შეხვედრა. ის საშინლად იყო ნაწამები მათრახებით, რომელსაც ბოლოში რკინის ბურთულები ჰქონდა. მოგვიანებით, დეიდა თავის მოგონებებში აღწერდა, როგორ აწამა ის ციხეში აქვსენტი რაფავამ; როგორ არ უჩანდა ბოლო ცეცხლის სეტყვას; როგორ ვერ გატეხეს ლიზიკო ქავთარაძე. „ბოლო არ უჩანს ბღავილს და ცეცხლის სეტყვას, ნადირებმა აიწყიტეს. სხეული ერთ მთლიან ტკივილად იქცა, დაბეგვილი ძვლების სიმწარე, დახლეჩილი ხორცის მდუმარება, გავარვარებულ თონეში ვიწვი” – წერდა იმ ღამის შესახებ ლიზიკო მოგვიანებით. 1955 წელს რაფავა და მეორე მწამებელი რუხაძე გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს. მერე გახდა ცნობილი, რომ, როცა მას განაჩენი გამოუტანეს, რაფავამ მაპატიეთო და შიშისგან თურმე ჩაისვარა. ამ სასამართლო პროცესს ცნობილი ქართველი ლევან გოთუაც ესწრებოდა. დეიდაჩემი მეტეხის ციხეში დიდხანს არ გაუჩერებიათ. ის მალე გადაასახლეს. ოჯახმა დაკარგა მისი კვალი. სამამულო ომის შუა წლები იყო, როდესაც ჩვენ შევიტყვეთ დეიდას ადგილსამყოფელი. ის ყაზახეთის დახურულ, აკმოლინსკის ლაგერში ჰყავდათ გადასახლებული. აკმოლა ყაზახურად თეთრ სამარეს ნიშნავს. დეიდას მოგონებების მიხედვით, ეს იყო ღვთისგან დავიწყებული ადგილი, სადაც ციხეც კი სანატრელი ხდებოდა გადასახლებულთათვის. „ვისაც ეტაპი განუცდია, მან იცის რა არის ოცნება ციხეზე. იქ ჩვენ ვართ ჩვენივე სამყაროში ჩაკეტილი, იქ კუნჭულს მიგიჩენს საკნის მამასახლისი. გახრეკილ ნარებზე დაოსებულ სხეულს მიაგდებ, ძონძებს წაიხურავ, საკუთარ თავთან დარჩები. აღარ გჯიჯგნიან, ყურში არავინ ჩაგწივის „დავაი, დავაი”. მოღერებულ კონდახს აღარ ხედავ, ჯაჭვის ღრჭიალი აღარ გესმის, ნაგაზები აღარ გიღრენენ, მაგრამ რჩება გზა სადგურიდან ციხემდე,” – წერდა მოგონებებში ლიზიკო. სამწუხაროა, რომ 1921-1952 წლებში 250 000 რჩეული ინტელიგენტი იქნა რეპრესირებული. ამის შესახებ საბჭოთა კავშირის პროკურორმა რომან რუდენკომ პირადად ჩემთან საუბარში განაცხადა.
– როგორი იყო ლიზიკო ქავთარაძის პირადი ცხოვრება? ჰყავდა ოჯახი, შვილები?
– მას პირადი ცხოვრება არ ჰქონია - გარეგნულად ძალიან მომხიბვლელმა ქალმა თავი გადადო სამშობლოსთვის. მისი შვილები იყვნენ ჩემი შვილები – რუსუდანი და ერეკლე. მე კარგად მახსოვს, როგორ მოინახულეს დეიდა თბილისში 1956 წლის „ოტტეპელის” შემდეგ სასწაულებრივად გადარჩენილმა ყოფილმა პოლიტპატიმრებმა – პერმის უნივერსიტეტის პროფესორმა ეკატერინე პრეობრაჟენსკაიამ და მისმა ვაჟმა ცეცილია (ლიოლია) კინიმ, რომელიც საბჭოეთის საგარეო მინისტრის, მაქსიმ ლიტვინოვის პირადი რეფერენტი იყო და რომლის ბედიც მეტად ტრაგიკულად წარიმართა; ასევე, ნესტორ იმნაიშვილმა, რომელიც სოფელ კოლპაშოვოში იყო გადასახლებული. იმ უკიდურესად გაჭირვებულ დროს მასთან მისი ერთგული მეუღლე ოლია მესხი ჩავიდა – მათ კოლპაშოვოში შეეძინათ ქალიშვილი თინა, რომელსაც საგანგებოდ ფეხქვეშ საქართველოს რუკას უფენდნენ, აქაოდა ქართულ მიწაზე აიდგას ფეხიო. ვინ მოთვლის რამდენი ასეთი თავდადებული ქართველის სისხლით იყო გაპოხიერებული ციმბირისა და კოლიმის მუდმივი გამყინვარების მიწა.
– როგორი იყო ცნობილი დისიდენტი ქალის ცხოვრების ბოლო წლები?
– ლიზიკო თბილისში დაბრუნდა 1956 წელს, ამნისტიის საფუძველზე. ყველა თბილისის ვაგზალზე ელოდა მატარებელს, რომლითაც ლიზიკო უნდა ჩამოსულიყო. მე გულმა ვერ მომითმინა და შემხვედრი მატარებლით გორში გავემგზავრე. ვაგონის ნომერი არ ვიცოდი, დეიდას სახე მისი ახალგაზრდობისდროინდელი ფოტოებით იყო ჩემთვის ცნობილი. სასწრაფოდ გავირბინე ვაგონის კუპეები და ჩემი ყურადღება მიიპყრო პატარა ტანის ქალბატონის ხელებმა, რომელიც დედის ხელებს ჰგავდა. ერთმანეთს უსიტყვოდ ჩავეხუტეთ. ერთად დავბრუნდით თბილისში. ის უკვე 50 წელს იყო გადაცილებული, გატეხილი ჰქონდა ჯანმრთელობა, თუმცა სულიერად ძალიან ძლიერი ქალი გახლდათ. რადიო სულ თავთან, საწოლთან ჰქონდა ჩამოკიდებული – ეს რადიო კოკჩეტავს უკავშირდებოდა და ძალიან უყვარდა. სამყაროს ამ რადიოს მეშვეობით ვუკავშირდებოდიო, ამბობდა ხოლმე. თბილისში დაბრუნებულმა ლიზიკომ მუშაობა დაიწყო თავისი სპეციალობით – იურისტ-ეკონომისტად და ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას – წერდა ესეებს, მოთხრობებს, თარგმნიდა ქართულიდან რუსულ ენაზე. მას არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია საზოგადოებრივი მოღვაწეობა, წერდა სტატიებს ეროვნულ პრობლემებზე. ლიზიკო ქავთარაძე ეროვნულ თვითშეგნებას აღვივებდა ახალგაზრდებში, 60-70-იან წლებში მისი ბინა, ფაქტობრივად, ეროვნული მოძრაობის არალეგალურ შტაბად იქცა. მან პოლიტიკურად აღზარდა ეროვნული მოძრაობის ახალი თაობა: გია ჭანტურია, თამარ ჩხეიძე, ირაკლი წერეთელი და კიდევ არაერთი გამორჩეული მოღვაწე, რომელთა დიდი ნაწილიც სათავეში ედგა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობას. სამწუხაროდ, ლიზიკო ვერც პირველად ნაზეიმებ 26 მაისს მოესწრო და ვერც ეროვნული მოძრაობის გააქტიურებას. ის გარდაიცვალა 1988 წელს. მისი გარდაცვალებიდან 12 დღის შემდეგ უნივერსიტეტის ეზოში ჩატარდა პირველი მიტინგი, რომელიც მალე ეროვნული მოძრაობის აზვირთებად იქცა, რაშიც ერთ-ერთი პირველი დისიდენტის, ლიზიკო ქავთარაძის როლიც უზარმაზარი იყო – ამ მოძრაობას ხომ წინ მისი მოწაფეები მიუძღოდნენ.