რამდენ მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლსა და ბინას ფლობენ მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის, ირაკლი შოთაძის მშობლები და მეუღლე
საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ირაკლი შოთაძე 1983 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო, რომელიც 2005 წელს დაამთავრა. მისი შრომითი საქმიანობა პროკურატურაში დაიწყო 2006 წლის მარტიდან. კერძოდ, აპრილამდე გენპროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სპეციალისტად; 2006 წლის აპრილიდან ივნისამდე გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და სასჯელის მოხდის კანონიერებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის სტაჟიორად; ივნისიდან ოქტომბრამდე კი – საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და იუსტიციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორად; ოქტომბრიდან დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პროკურორად დაინიშნა, სადაც 2009 წლის ივლისამდე იმუშავა; 2009 წლის ივლისიდან 2010 წლის სექტემბრამდეც რამდენიმე სამუშაო ადგილი გამოიცვალა – მთავარი პროკურატურა, ფინანსთა სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. 2010 წლის სექტემბრიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიწყო მუშაობა: 2013 წლის ივნისამდე – საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ; 2013 წლის ივნისიდან ნოემბრამდე, საერთოდაც, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსად; ხოლო 2013 წლის 21 ნოემბერს კი საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ დაინიშნა და დღემდე ამ თანამდებობაზეა.
მიუხედავად ხანგრძილივი ჩინოვნიკური სტაჟისა, ბ-ნმა შოთაძემ დეკლარაცია პირველად 2014 წლის იანვარში შეავსო, როგორც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1989 წელს დაბადებული ნინო გოტიაშვილი, მამა, 1949 წელს დაბადებული ჯემალ შოთაძე და 1953 წელს დაბადებული დედა – მანანა ბლაგიძე.
რაც შეეხება უძრავ ქონებას: ნინო გოტიაშვილის საკუთრებაა მიწის ნაკვეთი თეთრი წყაროს რაიონში, 1 092 კვ. მ. ფართობის და იქვე მდებარე საცხოვრებელი სახლი – 87 კვ. მ. ფართობის. ჯემალ შოთაძეს კი ეკუთვნის მიწის ნაკვეთი შემოქმედში (3 500 კვ. მ. ფართობის) თავისი საცხოვრებელი სახლით (140 კვ. მ. ფართობის) და ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე (56 კვ. მ.), ხოლო მანანა ბლაგიძის საკუთრებაა მიწის ნაკვეთი დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში (1 000 კვ. მ. ფართობის), მშენებარე ბინა მგალობლიშვილის ქუჩაზე (80 კვ. მ. ფართობის) და საცხოვრებელი ბინა თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე (100 კვ. მ. ფართობის). 2013 წლის განმავლობაში ნინო გოტიაშვილმა, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივ საკითხთა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს სპეციალისტმა, აიღო 14 779 ლარი; ხოლო, როგორც იმავე სამსახურის მეორე სამმართველოს გამომძიებელმა, 1 150 ლარი; ირაკლი შოთაძემ, როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, 22 881 ლარი, როგორც საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა, 51 362 ლარი, როგორც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, 2 თვეში, 6 760 ლარი; მანანა ბლაგიძემ, როგორც თსუ-ის კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა, 4 919 ლარი, როგორც „სანოფი-ავენტის” ჯგუფის საქართველოში წარმომადგენლობის ექიმმა, 1 010 ლარი.
2013 წელს მანანა ბლაგიძემ მგალობლიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის განვადებით ნასყიდობისთვის 20 000 აშშ დოლარი გადაიხადა (სულ ხელშეკრულების ღირებულება 52 000 აშშ დოლარია). ასევე, 2013 წელს ირაკლი შოთაძემ „ლიბერთი ბანკიდან“ ორწლიანი სამომხმარებლო სესხი აიღო – 16 500 ლარის ოდენობით.
2015 წლის დეკლარაციაში უცვლელია მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ოჯახის წევრთა და უძრავი ქონების ოდენობა.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში ნინო გოტიაშვილმა, როგორც შპს „ბი ეს ჯგუფის“ იურისტმა, 22 000 ლარი აიღო; ირაკლი შოთაძემ, როგორც მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, 91 044 ლარი; მანანა ბლაგიძემ, როგორც შპს „წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს” ექიმმა, 20 320 ლარი; ხოლო ჯემალ შოთაძემ, როგორც საქართველოს რკინიგზის ტექნიკური სამსახურის კონსულტანტმა, 9 520 ლარი.