კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩაენაცვლება ციხეში რეზინისას პოლიციური ხელკეტი, რამდენჯერ მცირდება პატიმრის საჩივრის განხილვისა და მისი სამარტოო საკანში მოთავსების ვადები

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება, რაც გულისხმობს აქამდე არსებული სისტემის არსებით შეცვლას. შესაბამისი კანონპროექტიც მზადაა და ცვლილებების შეტანა 40 სხვადასხვა კანონშიც იგეგმება. საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში კი მოსმენებიც დაიწყო. რა ცვლილებებს ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი და რატომ გახდა აუცილებელი მისი მიღება? – ჩვენს შეკითხვებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა კახიშვილი უპასუხებს.

 

– საკანონმდებლო ცვლილებების რა პაკეტს ითვალისწინებს თქვენი საკანონმდებლო ინიციატივა?

– ერთი კანონპროექტი სრულიად ახლებურად არეგულირებს სისტემის მოქმედებას და 40 სხვა კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები. სპეციალურად პენიტენციური სისტემის შესახებ დაიწერა კანონპროექტი, რომელიც დაარეგულირებს პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა უფლებმოსილებას, კომპეტენციასა და საქმიანობას. ასე რომ, ეს ნოვაციაა, მანამდე ასეთი ტიპის კანონი არ არსებობდა და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს როგორც ამ კანონპროექტს, ისე დანარჩენ 40 კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რითაც, ფაქტობრივად, მივიღებთ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებულ პენიტენციურ სისტემას.

– რატომ გახდა აუცილებელი ასეთი ძირეული საკანონმდებლო ცვლილებები, ამდენი ხარვეზი იყო ამ სისტემაში?

– რა თქმა უნდა, ხარვეზები იყო და რეფორმა მიმდინარეობს ორი კუთხით: ერთია, მართვის ეფექტიანობის გაზრდა და მეორე –  ადამიანის უფლებების დაცვის მეტად უზრუნველყოფა სისტემაში. ამ რეფორმის აუცილებლობა გაჩნდა, რადგან, სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში პენიტენციური სისტემა ერთიდან მეორე სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ გადადიოდა, რეალურად და არსებითად არაფერი შეცვლილა. ამდენად, საჭიროა კომპლექსური, ინსტიტუციური რეფორმების გატარება, რომ მივიღოთ ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებული, უპირველესად, კანონმდებლობა და ამის შედეგად –  თავად სისტემის მოდელი.

– რას შეცვლის ახალი კანონი დამტკიცების შემთხვევაში? იქნებ კონკრეტული მაგალითები მოიტანოთ.

–  კანონპროექტი, უპირველესად, ითვალისწინებს სასჯელაღსრულების დაწესებულების ლიკვიდაციას და მის ბაზაზე სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის შექმნას, ოღონდ საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსის გარეშე და ეს პენიტენციური დეპარტამენტი შევა სამინისტროს სისტემაში. ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს ეტაპობრივ დეცენტრალიზაციას, ანუ სამართლებრივი საფუძვლების შექმნას იმისთვის, რომ შემდგომში ციხეებს ეფექტიანი მართვის საშუალება მიეცეთ. დღეს ციხეს, ფაქტობრივად, არ აქვს დებულება და არც ერთი მისი თანამშრომლის უფლებამოსილება არ არის გაწერილი, რაც თავისთავად იწვევს გაუგებრობას და, ბუნებრივია, ვერ მოსთხოვ თანამშრომელს უფლებამოსილებით დაკისრებული მოვალეობის შესრულებას იმ ვითარებაში, როდესაც ეს არსად არ არის გაწერილი.

– შესაბამისად, ვერც იმას დაადგენ, გადაამეტა თუ არა მან უფლებამოსილებას?

– რა თქმა უნდა, რთულია შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება. ამას გარდა, სამინისტროსთან ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც შევლენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სისტემის პოლიტიკისა და საქმიანობის დაგეგმვაში.. დღეს სისტემაში მუშაობენ მხოლოდ ოფიცრები, ბუღალტრებსაც კი სამხრეები აქვთ, ამ კანონის მიღების შემთხვევაში კი, პენიტენციური დეპარტამენტი ორ ნაწილად გაიყოფა, ანუ იქნება პერსონალი სამხრეების ქვეშ, რომელთა მუშაობა უკავშირდება სასჯელის აღსრულებას და იქნებიან სამხრეების გარეშე თანამშრომლები, სამოქალაქო პირები, ანუ საჯარო მოხელეები, რომელთა საქმიანობაც არ უკავშირდება სასჯელის აღსრულებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა სასწავლო ცენტრის შექმნა, სადაც მოხდება თანამშრომელთა გადამზადება. მოგეხსენებათ, თანამშრომლები კონკურსის შედეგად შეირჩევიან, მაგრამ ამის შემდეგ ისინი შედიან დახურულ სისტემაში და არ აქვთ პატიმრებთან ურთიერთობის გამოცდილება და ცოდნა. ამიტომ, ახალი კანონპროექტით, ნებისმიერ პირს, რომელიც გაიმარჯვებს კონკურსში, მანამ სანამ შეუდგება უშუალო სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას, მივავლენთ ჩვენი სამინისტროს სასწავლო ცენტრში, სადაც გაივლის ორკვირიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას უშუალო უფლებამოსილების ფარგლებში. ამის შემდეგ ჩააბარებს გამოცდას და გამოცდაზე მიღებულ ქულებზე იქნება დამოკიდებული მისი ხელფასი. ეს კეთდება იმისთვის, რომ თანამშრომელმა მუდმივად იმუშაოს საკუთარ თავზე. ასევე, სიახლეა ის, რომ შეიქმნება მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელშიც შევლენ ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, რეჟიმისა და უსაფრთხოების სამსახურის ინსპექტორები. ისინი კომისიურად თითოეული განაჩენისა და პიროვნების შესწავლის შედეგად გაარკვევენ, თუ რომელ დაწესებულებაში უნდა მოიხადოს სასჯელი მსჯავრდებულმა.

– რომ ციხე ისევ კრიმინალების სამჭედლოდ არ დარჩეს?

– დიახ, ეს კეთდება იმისთვის, რომ სისტემამ მაქსიმალურად გაფილტროს კრიმინალური სუბკულტურის მატარებლები იმ მსჯავრდებულებისგან, რომლებსაც სურთ, რომ კანონის ფარგლებში მოიხადონ სასჯელი და დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. დღეს მსჯავრდებულებს ერთპიროვნულად ანაწილებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე, რაც მას არ აძლევს საშუალებას, სრულყოფილად შეისწავლოს თითოეული საქმე. მაშინ, როდესაც შესაძლებელია, პიროვნებამ ჩაიდინოს განსაკუთრებით მძიმე კატეგორის დანაშაული და არ იყოს კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი და ჩაიდინოს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და იყოს კრიმინალური სუბკულტურის აქტიური მატარებელი. ამიტომ საჭიროა, მივცეთ ადამიანებს საშუალება, ნორმალურ პირობებში მოიხადონ სასჯელი.

– ანუ კრიმინალური მენტალიტეტის მქონე, ანუ ქურდული ტრადიციების მატარებელი ადამიანები სასჯელს ერთმანეთის კამპანიაში მოიხდიან?

–  როდესაც ვამბობ, რომ გავცხრილავთ კრიმინალური სუბკულტურის მატარებელ მსჯავრდებულებს და ვსაუბრობთ სასჯელის მოხდის რეჟიმებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს მოვათავსებთ მაღალი რისკის დაწესებულებაში, სადაც მივცემთ საშუალებას, რომ ერთმანეთს „უყურონ“, თუ ამის სურვილი აქვთ, მაგრამ, ამავდროულად, მივცემთ საშუალებას, თუ უარს იტყვიან კრიმინალური სუბკულტურის მიმდევრობაზე, უფრო შეღავათიან პირობებში მოიხადონ სასჯელი, იმიტომ რომ პირობით, ვადაზე ადრე გათავისუფლება პირდაპირ კავშირში იქნება იმასთან, თუ რომელი ტიპის დაწესებულებაში იხდიდა მსჯავრდებული სასჯელს. ასევე, ამის მიხედვით დაიწერება მისი დახასიათებაც, რაც გავლენას იქონიებს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულის შეწყალებაზე.

ამას გარდა, დღემდე სასჯელაღსრულების სისტემაში არ არსებობს არანაირი სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მოქმედებას. უკვე მომზადდა მინისტრის სამართლებრივი აქტი, რომელიც დაარეგულირებს, თუ რამდენ ხანს უნდა ინახებოდეს ვიდეოჩანაწერები, ვინ უნდა იჯდეს მონიტორის აქეთა მხარეს, როდესაც ვიდეომონიტორინგით ჩატარდება ჩხრეკა და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა დაგეგმილი სოციალურ სამსახურში: სისტემაში დღესაც მუშაობენ სოციალური მუშაკები, მაგრამ ისინიც სამხრეების ქვეშ, ანუ ოფიცრები  არიან. ჯერ ერთი, სოციალური მუშაკები გამოვლენ სამხრეებიდან და ისინი გახდებიან სამოქალაქო პირები, მეორე ეტაპზე კი ვფიქრობთ, რომ სოციალური სამსახური გამოეყოს პენიტენციურ დეპარტამენტს და ცალკე დეპარტამენტად ჩამოყალიბდეს, რომ კორპორაციული ინტერესების კვეთა არ მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ უქმდება მუდმივმოქმედი პირობით, ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისია.

– რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

– დიახ, ამ გადაწყვეტილების გამო აჟიოტაჟი ატყდა პრესაში და ისეთი ინტერპრეტაცია გაკეთდა, რომ თითქოს ჩვენ ვაცხადებთ უარს მსჯავრდებულთა პირობით, ვადაზე ადრე გათავისფლებაზე, რაც ასე არ არის. პირობით, ვადაზე ადრე გათავისფლების საკითხს წყვეტენ ადგილობრივი საბჭოები, ანუ წარმოიდგინეთ, რომ საბჭომ განიხილა მსჯავრდებულის განცხდება და უთხრა უარი. საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა გაასაჩივრა სასამართლოში, სასამართლომ ძალაში დატოვა საბჭოს გადაწყვეტილება, მაგრამ, რადგან ამავდროულად არსებობს რაღაც ტიპის კომისია სამინისტროში, რომელსაც, დღევანდელი კანონმდებლობით, აქვს უფლება, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, წამოსწიოს საქმე და მიიღოს სასამართლოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რაც თავისთავად იურიდიული ნონსენსია.

– თუმცა შეწყალება კვლავ რჩება პრეზიდენტის პრეროგატივად.

– შეწყალებას ვერც შევეხებით, იმიტომ რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივა და დისკრეციული უფლებაა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ პირობით, ვადამდე გათავისუფლების საკითხი საჭიროებს მეტ ანალიზს, ამიტომ ევროკავშირთან ერთად ვაწარმოებთ კვლევას, რომელ ქვეყანაში რომელმა მოდელმა გაამართლა და ამის მიხედვით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. თუმცა ჩემი, როგორც ერთი იურისტის აზრით, პირობით, ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებიც უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს სასამართლომ. მაგრამ კვლევის დასრულების შემდეგ უფრო მზად ვიქნებით, ვისაუბროთ იმ მოდელზე, რომელზეც შევჯერდებით. ასე რომ, ბევრი სიახლეა გათვალისწინებული ამ რეფორმით, რომელსაც ვატარებთ და იმედია, მივიყვანთ ბოლომდე, რის შემდეგაც უკვე სტრუქტურული ცვლილებები დაიწყება სამინისტროში.

– რით შემსუბუქდება ამ რეფორმით მსჯავრდებულთა მდგომარეობა? რას გააუმჯობესებს მათთვის ეს რეფორმა?

– თავად პატიმრების მდგომარეობა შემსუბუქდება იმით, რომ 4 რეჟიმი იქნება, სადაც მსჯავრდებულებს ექნებათ სასჯელის მოხდის საშუალება. მათ ქცევასა და პიროვნებაზე იქნება დამოკიდებული, რომელ სარეჟიმო დაწესებულებაში მოიხდიან სასჯელს. გაძლიერდება მუშაობა მათი რესოციალიზაციის მიმართულებით, ასევე, დასაქმებაზე. ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ადამიანს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩნდება, რომ რამით დაკავდეს: საუკეთესოა სწავლა და მუშაობა. ამიტომ, ვფიქრობთ, შევქმნათ პირობები, რომ ამ ტიპის დაწესებულებებიდან ადამიანმა შეძლოს ოჯახის დახმარება და წლების განმავლობაში არ იყოს ოჯახის კისერზე. მეტიც, როდესაც ადამიანი ამ სისტემაშია და არაფრითაა დაკავებული, მაღალია რისკი იმისა, რომ უფრო მეტად ჩაერთვება კრიმინალური გავლენების ქვეშ. ამიტომ მოგახსენეთ, რომ მულტიფუნქციური კომისია შეისწავლის თითოეული მსჯავრდებულის საქმეს, რომ მაქსიმადურად გავთვალოთ ყველა რისკი.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, არ არის გათვალისწინებული კრიზისების მართვა სისტემაში და დღეს რომ რომელიმე ციხეში მოხდეს ბუნტი, კანონში არ არსებობს ამის დამარეგულირებელი ჩანაწერი. ამდენად, ჩვენი ცვლილებები ითვალისწინებს ციხეებში კრიზისის შექმნის შემთხვევაში ამ პროცესის საკანონმდებლო რეგულირებას. მკაცრად იქნება განსაზღვრული სისტემის თანამშრომელთა მოქმედება და გასატარებელი ღონისძიებები, რაც ყოველთვის იყო პრობლემა. ამავდროულად, მარტივდება ადმინისტრაციული წარმოება და მცირდება საჩივრის განხილვის ვადები.

– პატიმრის საჩივრის?

– დიახ, თუ დღეს ეს ვადა შეადგენს 90 დღემდე, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის მიღების ვადად განისაზღვრება 10 დღე. განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება ამ ვადის კიდევ 10 დღით გაგრძელება, ანუ საბოლოოდ, განისაზღვრება არაუმეტეს 20 დღისა, რაც ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია.

ასევე, 20-დან 14 დღემდე შემცირდება მსჯავრდებულის სამარტოო საკანში, ანუ კარცერში მოთავსების ვადა და გადაწყვეტილება უნდა იყოს მოტივირებული. ამის შესახებ უნდა იყოს ცნობილი მსჯავრდებულისთვის, რომ მას მიეცეს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება.

ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალში ჩვენ გვაქვს რეზინის ხელკეტი, მაგრამ ტესტირებამ გვიჩვენა, რომ რეზინის ხელკეტის დარტყმის ძალა აღემატება 60 კილოგრამს, რაც დახურული სივრცისთვის ძალიან ბევრია და ამიტომ რეზინის ხელკეტი შევცვალეთ პოლიციური ხელკეტით, რომელიც უფრო მოკლეა და, რა თქმა უნდა, დარტყმის ნაკლები ძალა გააჩნია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია განსაზღვრული იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა ამაღლდეს. მეტიც, კანონპროექტში ჩავდებთ დაცვის სპეციალურ ღონისძიებებს ჩვენი თანამშრომლებისთვის, ვისაც ემუქრება რაღაც ტიპის საფრთხე კრიმინალური ელემენტების მხრიდან. სახელმწიფო ვალდებული იქნება, დაიცვას ასეთი თანამშრომელი, რაც გაზრდის კრიმინალთან ბრძოლის მოტივაციას.

 

скачать dle 11.3