კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ურჩევნიათ დასავლეთსა და რუსეთს გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილება სისხლის ფონზე და რატომ მიაჩნიათ სტალინის, ჩერჩილისა და რუზველტის მეთოდები სირცხვილად

თითქოს 21-ე საუკუნეა და სრულიად დასავლეთმა სანქციებიც კი დაუწესა რუსეთს, რომ ცივილიზებულობის ჩარჩოებში დააბრუნოს მას შემდეგ, რაც რფ-მ დანარჩენ მსოფლიოს ის საერთაშორისო შეთანხმება გადაახია თავზე, რომლითაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტორობას კისრულობდა და აღმოსავლეთ უკრაინაში თითქმის აშკარად ეხმარება სეპარატისტებს და აგერ უკვე ორი ახალი „რესპუბლიკაც“ გამოაცხო „დნრ-ისა“ და „ლნრ-ის“ სახით. ამის პარალელურად, თითქმის იგივე სცენარი ვითარდება უკრაინაში, რაც რუსეთმა საქართველოში გამოიყენა გასული საუკუნის 90-იანი წლებით დაწყებული და თვით 2008 წლის აგვისტოთი დამთავრებული.  გნებავთ, 1992 წლის მოსკოვის შეთანხმებით დაწყებული, 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებაზე გავლით და 2008 წლის მედვედევ-სარკოზისად წოდებულით დასრულებული. მინსკის ჯგუფიც მივიდა ამას წინათ შეთანხმებამდე, რომ უნდა შეიქმნას ბუფერული ზონა და მხარეებმა შეიარაღება უნდა გაიყვანონ კონფლიქტის ზონიდანო და, რაც მთავარია, ყოფილ საბჭოთა სივრცეში სეპარატისტები ისეთი ღონიერები არიან, რომ ცენტრის ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებს ამარცხებენ. რა სპექტაკლი თამაშდება ჩვენ თვალწინ აწ უკვე დასავლეთის აშკარა მონაწილეობით თუ არა, დუმილით, რომელიც თანხმობის ნიშანია, – მოვლენებს აკაკი ასათიანთან ერთად შევაფასებთ.

 

– რა თამაშდება, რატომ ჰგავს ეს რუსეთის საქართველოსადმი გამოყენებულ სცენარს და, მიუხედავად ამისა, რატომ თანხმდება ამას დასავლეთი გულუბრყვილოდ?

– ჰგავს, რა თქმა უნდა. უბრალოდ, შეკუმშულია, ის, რაც ჩვენთან 90-იანი წლებიდან 2008-მდე პერიოდში მოხდა, უკრაინაში მოხერხდა, ჩატეულიყო რამდენიმე თვეში და არავინ იცის, კიდევ რა გაგრძელება ექნება, მაგრამ ცხადია, კარგი არაფერი. ეს საერთოდ ახასიათებს იმპერიების დაშლის პერიოდს. საბოლოო გარდაცვალებამდე, იმპერია, ხან კუდს მოიქნევს, ხან –  ფეხს, ხანაც თავს გაიქნევს და ვისაც აღმოაჩნდება მეტი გამჭრიახობა და მეტი გონიერება, ის, ასე თუ ისე, მზად ხვდება ამას და თავიდან აირიდებს ხოლმე უარყოფით შედეგებს. ბრიტანეთის იმპერიის დაშლასაც ახლდა ეს პროცესი. ამდენად, არაფერი ისეთი არ ხდება, რაც ისტორიამ არ იცის, უბრალოდ მათთვის, ვის თავსაც ეს ხდება, ჩვენ და უკრაინას ვგულისხმობ, მაინცდამაინც, სასიამოვნო არ არის.

– ასეთი მძაფრად სისხლიანი ფორმა რატომ მიიღო ამან? მაინც მოულოდნელი იყო 21-ე საუკუნისთვის შუა საუკუნეებრივი მეთოდებით მოქმედება.

– ფაქტობრივად, ეს ერთი ხალხია და მათ შორის იმაზე ნაკლები სხვაობაა, ვიდრე სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელ ქართველებს შორის. მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთიანი კულტურა, ერთიანი წარმოდგენები და, მიუხედავად დიდი განსხვავებისა, ბიბლია, „ვეფხისტყაოსანი“ და „ქართლის ცხოვრება“ საერთოა და ქაქუცა ყველგან გმირია, მაშინ, როდესაც სტეპან ბანდერა დასავლეთ უკრაინაში გმირია, აღმოსავლეთ უკრაინაში –  ბანდიტი. მეტიც, დასავლეთი უკრაინა არასდროს არანაირ ვითარებაში, თუ არ დაიპყრეს, არ იქნება რუსეთთან; აღმოსავლეთ უკრაინა კი არასდროს იქნება „ნატოს“  წევრი, აი, ევროკავშირის წევრობას კიდევ შეიძლება, დათანხმდეს. ამიტომაც მიიღო ამ დაპირისპირებამ ასეთი გავეშებული სახე. გაბოროტება დიდია და როგორც ჩანს, ორივე მხრიდან ამოცანაა, მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა, რომ ეს გამოიყენონ საპროპაგანდო მასალად და დათრგუნონ წინააღმდეგობის სურვილი და უნარი მოწინააღმდეგეში. სამწუხაროდ, სამოქალაქო ომები უცნაური სისასტიკით გამოირჩევა,  უფრო მეტითაც, ვიდრე ნაციებს შორის ომები. მაგალითად, რუსეთის სამოქალაქო ომი იყო უკოშმარესი ომი  და ამ ფონზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა უკრაინის პირველი ორი პრეზიდენტის სიბრძნე.

– კუჩმას და კრავჩუკს გულისხმობთ.

– დიახ. არც ერთი არ მიეკუთვნებოდა პოლიტიკურ ტიტანებს, მაგრამ ორივე ფრთხილად უდგებოდა მტკივნეულ საკითხებს. ყირიმელებმა რომ მოითხოვეს, ჩაუწერეს –  ყირიმი არის სუვერენული სახელმწიფო ერთიანი უკრაინის შემადგენლობაში; კუჩმა ყველანაირად უფრთხილდებოდა ორენოვნებას. ფრთხილ და პასუხისმგებელ ხელმძღვანელთაგან არც ერთი არ ეხებოდა იმ ბზარებს, სადაც შეიძლებოდა, ნაპრალები გაჩენილიყო. იანუკოვიჩს, მისი გონებრივი შესაძლებლობები აქედანაც ჩანს, როგორ უნდა მოეხერხებინა, რომ ევროასოცირებამდე მისული ქვეყნისთვის მოეხვევინებინა ასე უცებ?! ხომ გასაგები იყო, რით დამთავრდებოდა ეს?! ვიცით, რა მოსდის მანქანას, როდესაც მკვეთრად გაუხვევს გვერდზე და ადვილი წარმოსადგენი იყო, რა დაემართებოდა ქვეყანას, მაგრამ მეორე მხრიდანაც იყო გამწვავების ტენდენცია. იმის შემდეგ ქვეყანა ვეღარ დალაგდა. ამას მოჰყვა ყირიმი, დონბასი, არეულობა, დაპირისპირება და აი, შედეგიც.

– ჩვენ ვნახეთ, ევროპის ლიდერების საპროტესტო მარში საფრანგეთში მშვიდობიანი ადამიანების, ჟურნალისტების ტერორისტების მიერ დახოცვის გამო, მაგრამ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა  გაცილებით მშვიდად აღიქვეს იმავე ევროპელმა ლიდერებმა. არადა, გინდა, სეპარატისტს მოუკლავს მშვიდობიანი მოსახლე და გინდა, ტერორისტს –  ჟურნალისტი.

– და გინდა ხელისუფლებას დაუხოცავს ხალხი… უკრაინაში ხელს არ აკლებს არც ერთი მხარე, თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინის ცენტრალური ხელისუფლებისა და, საერთოდ, უკრაინისკენ ვართ, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მეგობარი ქვეყანაა. ახლა ვნახოთ მეთოჯინეები: დასავლეთი და რუსეთი. ამ ორმა ძალიან სერიოზულმა მოთამაშემ, რატომღაც, მოინდომა ამ ქვეყნის, ფაქტობრივად, მუქთად შეძენა. ორივე ამბობდა ერთსა და იმავე თანხას –  15 მილიარდს. ხომ გვახსოვს ეს ციფრები?!

– როგორ არა?!

– რუსეთი ამბობდა, 15 მილიარდს მოგცემთო და იმავე თანხას ასახელებდა დასავლეთიც. სინამდვილეში, პუტინი ფულს კი არ აძლევდა, უკრაინის ვალს, ანუ თამასუქებს ყიდულობდა. მაგრამ ორივეს მთლიანად უნდოდა უკრაინა და არავინ გაითვალისწინა, რომ ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა არაერთგვაროვანია, თუმცა ცხადი უნდა ყოფილიყო ორივესთვის, რომ ეს სიამოვნება 15 მილიარდი არ დაჯდებოდა. ერთი სიტყვით, ორივე ფიქრობდა, ვცდი, მუქთად მივიღო, თუ არადა, ნაწილი მაინც შემხვდებაო. აბა, ისე ხომ არ დასხდებოდნენ, როგორც ჩერჩილი, სტალინი და რუზველტი ისხდნენ და ინაწილებდნენ: ეს შენ, ეს –  მეო?! 

– რატომ ვერ დასხდებოდნენ?

– იმიტომ რომ, ეს არის სირცხვილი და იმპერიალისტური ეპოქის გადმონაშთი და ამას ჯობია, მოხდეს ომი, ხალხმა დახოცოს ერთმანეთი და შემდეგ მათ ფაქტი აღიარონ. აი, ეს ამბავი ხდება ახლა.

– რუსეთს ხომ მაინც დაუჯდა ეს თანხა უკრაინაში ომი? მართალია, ამბობს, რომ სეპარატისტები დამოუკიდებლად მოქმედებენო, მაგრამ ეს ხომ უკვე გავიარეთ, რაღაც საეჭვოდ ძლიერები აღმოჩნდებიან ხოლმე სეპარატისტები ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე.

– რუსეთის პოლიტიკა ირაციონალურია. უკვე კონტურებიც რომ არ ჩანს, იმ იმპერიის ნოსტალგია აქვთ. ჩვენ 800 წლის წინანდელ იმპერიას მივტირით და ვინმეს უკვირს, რომ ადამიანებს 20 წლის წინანდელი იმპერიის ნოსტალგია სჭირდეთ?! თან, რომელთა ლიდერიც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა უდიდესი ბოროტება იყოო. როდესაც საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღადგინა, მაშინვე ხომ ცხადი და გასაგები იყო, რასაც მოიმოქმედებდა?! ეს ხომ სიგნალი იყო ჩემთვის, რუსეთში მცხოვრებთათვის?! მაგრამ დასავლეთმა ჩათვალა, ითამაშოს, სამაგიეროდ, ჩვენი ბიჭი იქნება, ფული უნდა და თანამდებობა. კლუბში გვეყოლება და ასე თუ ისე დაემორჩილება ჩვენ მიერ დათქმულ თამაშის წესებსო. რუსეთი მოითხოვდა, მალტის შეთანხმების პირობები დაიცავითო, მაგრამ დასავლეთი არ აპირებდა იმ პირობების დაცვას. რუსეთს ეგონა, რომ მადლიერებას მაინც მიიღებდნენ ავღანეთის წინააღმდეგ დახმარებასა და სხვა რაღაცეებში, მაგრამ ყველამ ჩათვალა, რომ გლობალიზაცია ყვავის და რუსეთიც მიხვდა, რომ ამოცანა იყო რუსეთის ლოკალიზება. არადა ტერიტორიაა იმხელა, რომ ეს ამოცანა რთული შესასრულებელი იყო და ამის ლოკალიზაცია ვერ მოხდებოდა ბალტელების, ჩვენი და უკრაინის ხარჯზე. მოკლედ, ეს ამბავი ვერ მოესწრო თუ არ გამოვიდა. გვიან მიხვდა დასავლური პოლიტიკური ელიტა, რომ ეს ყველაფერი პუტინს იმისთვის კი არ სჭირდება, რომ საბჭოეთი აღადგინოს და ისტალინოს, არამედ იმისთვის, რომ ამის ილუზია შეუქმნას თავის ხალხს. ანუ პრობლემაა არა პუტინი, არამედ რუსი საზოგადოების განწყობები: მათი პატრიოტიზმი იმპერიული პატრიოტიზმია, ავია თუ კარგი, მათი იმპერიული პატრიოტიზმი სერიოზული პრობლემაა, ამიტომაცაა მათი პოლიტიკა ირაციონალური. ყირიმი გადააყლაპეს ჩვენ თვალწინ ერთი გასროლის გარეშე და საპასუხოდ 15 კაცს აუკრძალეს ამერიკაში ჩასვლა. შემდეგ რუსეთმა მოითხოვა უკრაინის ფედერალიზაცია და თავად ფედერალურად მოწყობილმა გერმანიამ თქვა, ეს არ ვარგა უკრაინისთვისო. არადა, ფედერალიზაციას რომ ვინმე დასთანხმებოდა, უკრაინაში ეს ამბავი არ იქნებოდა დღეს. საბოლოოდ, მაინც პროდასავლური ძალები გაიმარჯვებდნენ იანუკოვიჩის შემდეგ არჩევნებში და ქვეყანა ნელ-ნელა გადაეწყობოდა დასავლეთისკენ.

– რატომ არ დათანხმდა უკრაინის მაშინდელი ოპოზიცია და ახლა ხელისუფლება ფედერალიზაციას, თუ ეს უკრაინას გადაარჩენდა? ვინმე, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, უჩიჩხინებდა, რომ უკრაინის კონფლიქტს ის სახე მიეღო, რაც მიიღო?

– მე ვფიქრობ, ვიღაცას ხელს აძლევდა, გამწვავებულიყო ვითარება და რუსეთი გაშავებულიყო მთელი კაცობრიობის თვალში. პირდაპირ ვთქვათ: ჩვენს ომში ჩვენ გაგვყიდეს. აქ სანქციები მაინცაა, რუბლი დაეცა, ნავთობის ფასიც და საყოველთაო პროპაგანდაა რუსეთის წინააღმდეგ. ეს მინიმუმი მაინც კეთდება. ჩვენ მივიღეთ დასავლეთისგან ომის კომპენსაცია –  5 მილიარდი, იმიტომ რომ, მათი საქმე გავაკეთეთ, რუსები გავაშავეთ და მოვასინჯინეთ მათი ძალა. უკრაინა მაინც ევროპაშია გეოგრაფიულად და უფრო გამოიდეს მათ გამო თავი. ჩვენზე არა, რადგან ჩაითვალა, რომ აფხაზეთი, ცხინვალი, ანუ რაღაც გოჯები წაიღო რუსეთმა. სააკაშვილმაც იგივე თქვა, რამდენიმე სოფელი დავკარგეთო.

– მთავარსარდლისგან იმის მოსმენა, ქვაღორღიანი მიწა დავკარგეთ, გამოუსადეგარიო, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. 

–  ეს მისი ნათქვამი კი არ იყო, გაიმეორა. ხელი შეახოცეს სააკაშვილს, თორემ ომი, ფორმალურად, 1921 წელს დაიწყო, მანამდე კი 1801-ში. რუსეთმა 1920 წლის სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია და დღემდე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას ეს ომი არ დაუხურავს, მაგრამ შედეგი არ არის. თუმცა დასავლეთმა ფულით დაგვაჯილდოვა 2008-ში და, სხვათა შორის, ჩვენ კარგი ფასი გადაგვიხადეს – 5 მილიარდი, ამხელა უკრაინას თითოეული მხოლოდ 15-15 მილიარდს სთავაზობდა.

– ამ მოვლენების ფინალი როგორი შეიძლება, იყოს?

– გაყოფა, რომელსაც არ ცნობს დასავლეთი იმ იმედით, რომ, როგორც ბალტიისპირეთი არ ცნეს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, ერთხელაც იქნება ესეც იმავე შედეგს მოიტანს. საერთოდ, საბჭოეთზე აპრობირებული მეთოდია ნავთობის ფასის დაცემა, ვალუტის გაუფასურება და დღესაც ამ გზით მიდიან. ჩვენ კი, როგორც რუსები იტყვიან, „ზა ბორტომ“ ვართ და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშიც, თუმცა უკრაინა ფიზიკურადაა ცეცხლის ალში გახვეული და მას ცხადად ემუქრება დაშლა. ის, სამხედრო თვალსაზრისით, შესაძლოა, დიდი მოკავშირე არ იყო, მაგრამ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ყოველთვის მეგობრულად ვიყავით განწყობილები ერთმანეთისადმი, საბჭოეთამდეც კი. ჩვენი პირველი სიძე გიორგი რუსი არ ყოფილა, სწორედ კიევის რუსეთის მთავრის შვილმა შეირთო დემეტრეს ქალიშვილი ცოლად და იცოდა, რომ მეფის ქალიშვილს ირთავდა ცოლად. საბჭოეთშიც, სადაც კი იყო საშუალება, სულ ერთმანეთს ვგულშემატკივრობდით. რაღაცნაირად ჩამოყალიბდა ასე, გასაყოფი არაფერი გვაქვს, ხასიათიც ემთხევა და ამიტომ ჩვენთვის დიდი მხარდაჭერა იქნებოდა ერთიანი და ძლიერი უკრაინა, მაგრამ ეს აღარ იქნება. ერთი კი მოხერხდა, რომ ევროასოცირების შეთანხმებით სწორედ უკრაინის გამო გადმოდგა ევროპამ ჩვენკენ ნაბიჯი. ყველას შესთავაზეს და ჩვენ დავთანხმდით მხოლოდ.

– ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ მოვყვეთ ისევ იმპერიის ნამსხვრევებში?

– რუსეთი ასე არ გაჩერდება და ჩვენ ახლა სერიოზული საფიქრალი გვაქვს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ. როგორი ბედნიერები იყვნენ რუსები, ყირიმი ხომ მაინც დავიბრუნეთო. დონბასიც რომ დაიბრუნონ, იმის ილუზიას მაინც შეიქმნიან, რომ რაღაც მოკბიჩეს. აფხაზეთითა და ცხინვალითაც კმაყოფილები იყვნენ ჩვენთან ომის შემდეგ. ამიტომ რუსეთი ამ პოლიტიკას გააგრძელებს ირაციონალური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. მათ მიაჩნიათ, თუ აქ არ ექნებათ საყრდენები, დაკარგავენ ჩრდილოეთ კავკასიას და ეს მართლაც ასე იქნება. თუმცა ვხედავთ, როგორ იქცევიან ისინი სომხეთში, რადგან იციან, რომ სომხეთს მათ იქით გზა არ აქვს და ეს ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყოს. აქ არის კიდევ ერთი ემოციური კატეგორია: თუ ჩვენ რუსეთთან არ ვართ, ვინ გამოდის ამხანაგი სტალინი, ყველაზე დიდი რუსი იმპერატორი?! დამპყრობელი, არა?! აბა, როგორ? რა უნდა უთხრან თავიანთ ბავშვებს? რომ ქვეყანას მართავდა ვინმე სტალინი, ხომ ნახავენ, რომ ის ვიღაც სტალინი გვარად ჯუღაშვილი იყო?! ხომ გაარკვევენ, რომ ქართველი იყო?! თითქოს არაფერი, მაგრამ რუსეთს ჩვენთან მიმართებაში ეს მომენტიც აქვს, ამიტომ ჩვენმა მთავრობამ სერიოზულად უნდა იმუშაოს დასავლეთის, განსაკუთრებით, სტრატეგიული კვლევის ცენტრებთან, რომ მოიძებნოს ისეთი მოდელი, რომელიც რაღაც მოჩვენებით სახეს შეანარჩუნებინებს პუტინს ქვეყნის შიგნით. სანქციების მათ არ ეშინიათ, მართლაც გაუძლებენ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ პუტინი არ არის გორბაჩოვი და ასე ადვილად არ დათმობს ამას, ამიტომ დასავლეთმა მას რაღაც სახე უნდა შეუნარჩუნოს.

 

скачать dle 11.3