„დააფარე, არ გაცივდეს“
მისალმებულები იმას, რასაც არ ესალმებიან
რაკი უკრაინის სამხედრო თეატრის სცენაზე ვითარება დაიძაბა და, შეიარაღებულ პირებს ვინ ჩივის, მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლიც ბლომად დაიღვარა, ძლიერნი ამას სოფლისანიც გამოჩნდნენ ავანსცენაზე. და თუკი აქამომდე მხოლოდ მოარული ხმები გვაიმედებდა, რომ, შესაძლოა, დასავლელ მოკავშირეებს უკრაინა იარაღით მოემარაგებინა, გასულ კვირას, მაგალითად, „ნატოს“ ჯარების მთავარსარდალმა ფილიპ ბრედლოვმა იმედიანებს ცივი წყალი გადაასხა და ბრძანა, რომ აშშ-ის ან რომელიმე დასავლური ქვეყნის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდებამ, შესაძლოა, რუსეთის აგრესიული რეაქცია გამოიწვიოსო (ანუ ჩრიდლოატლანტიკური ალიანსის მოქმედების პრინციპი ანეკდოტურია: „დააფარე, დააფარე, არ გაცივდესო“ – ).
და ამთავითვე გამორიცხა კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა, თუმცა იქვე დიდსულოვნად განაცხადა, რომ უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს (ჰქონია, მაშ?!). ამის პარალელურად, „ნატოს“ სხვა წევრები სახალხოდ ეწინააღმდეგებიან უკრაინისთვის იარაღის გადაცემას; მეტიც, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი არც იმას მალავს, რომ მისი ქვეყანა უკრაინის „ნატოში“ გაწევრიანებას არ მიესალმება.
ბ-ნი ოლანდი უფრო შორსაც წავიდა და ისიც გაგვიმხილა, რომ ეს განცხადება მან რუსების გასაგონად გააკეთა (რომლის კონტექსტი, თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, დაახლოებით ასეთია: თქვენ დაეხმარეთ ლუგანსკელ და დონბასელ სეპარატისტებს, ჩვენ კი კიევს იარაღსაც არ მივაწვდითო). საპასუხოდ, ბ-ნი ოლანდის ამ განცხადებას მოსკოვი რფ-ის პრ.-ის თანაშემწის, ვინმე იური უშაკოვის ბაგეებით გამოეხმაურა – ჩვენ მივესალმებით იმას, რასაც თქვენ არ მიესალმებითო.
რაკი დღესავით ნათელია, რომ თვით ამ ოცდამეერთე საუკუნეშიც აქტუალურია სამწუხარო შეგონება: „პატარა კაცსა დიდ კაცთან როდის გასვლია მართალი“, ისღა დაგვრჩენია (ჩვენ, პატარებს), დიდებს მთლად სიკვდილამდეც არ ვაცემინოთ თავი.