გულის მომგებები
ანუ ჯაყო ბობოქრობს
რაკი თითქმის უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოში „ნატოს“ საწვრთნელი ცენტრი განთავსდება, ამიტომაც, მაღალ-მაღალი სტუმრებიც ხშირ-ხშირად ჩამოდიან და ჩვენც ვფაციფუცობთ, როგორც ჭეშმარიტ მასპინძელსა და პარტნიორს შეჰფერის.
მაგრამ, რატომღაც, ცხინვალში გამოყვეს ფეხი ამ ჩვენებურმა სეპარატისტებმა, კერძოდ, გასულ კვირას „იუჟნაია ოსეტიას“ თვით „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ განაცხადა შემდეგი: „ნატოს“ გადაწყვეტილება, ჩაატაროს სამხედრო წვრთნები საქართველოში და შექმნას სამხედრო სასწავლო ცენტრი, კავკასიის რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს (არადა, იმაზე მეტი დესტაბილიზაცია რაღა უნდა იყოს, შიდა ქართლს რომ „იუჟნაია ოსეტიად“ გამოაცხადებ?!).“
მეტიც, სეპარატისტი „მინისტრი“ ამატებს, ეს დესტაბილიზაცია „ნატოს“ არაწევრ სახელმწიფოებს აიძულებს, საქართველოსა და მისი მოკავშირეების მხრიდან აგრესიის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს (ანუ, ჯაყო, ზედაც, გვემუქრება).“
სავსებით გასაგებია, რომ ცხინვალი რფ-სთან შეთანხმების გაფორმებას ელის და კბილებიც უკაწკაწებთ, ვიდრე მოსკოვიდან მიღებულ დაფინანსებას ჯიბეებში დაიბანდებენ. აქედან გამომდინარე კი, თვით მზის ამოსვლას გააპროტესტებენ, თუ საჭირო შეიქნა და, თანაც, ყურებზეც გაივლიან.